სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე
წ ე ს დ ე ბ ა
(ახალი რედაქცია)
1. ზოგადი დებულება
1.1 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე არის დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული, თვითმმართველობაზე დაფუძნებული თანამოაზრეთა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და მოცემული წესდების შესაბამისად.
1.2 კავშირი წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, აქვს - სიმბოლო (ლოგო), მრგვალი ბეჭედი, ბლანკი, საანგარიშსწორებო ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში (მათ შორის სავალუტო) და სხვა ატრიბუტიკა.
1.3 კავშირის დევიზია: „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“.
1.4 კავშირის ჰიმნია: „მუმლი მუხასა“.
1.5 კავშირის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება I მ/რ, II კორპ., V სად., ბინა 95.
2. მიზნები და ამოცანები
2.1 კავშირი ზრუნავს იმისათვის, რათა საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით, სრულად ასახავდეს ქართული ეროვნული ცნობიერებიდან გამომდინარე იდეალებს.
2.2 კავშირი გმობს ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და თავისი მიზნებისათვის იბრძვის მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით.
2.3 კავშირი ესწრაფვის საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას, მასში დემოკრატიული სტრუქტურების დამკვიდრებასა და სახელმწიფო მართვაში მონაწილეობას.
3. კავშირის წევრი
3.1 კავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი 18 წელს მიღწეული საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, განურჩევლად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, რომელიც აღიარებს კავშირის წესდებასა და პროგრამას, იხდის საწევრო შენატანს და არ არის სხვა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი.
3.2 მოქალაქის მიღება კავშირში ხდება საკუთარი განცხადების საფუძველზე, პირველადი ორგანისაციის წევრის რეკომენდაციით, პირველადი ორგანიზაციის საერთო კრების მიერ.
3.3 მოქალაქე, რომელსაც კავშირის წევრის რეკომენდაცია არა აქვს, კავშირის წევრად, საკუთარი განცხადების საფუძველზე, მიიღება კანდიდატის სტატუსით _ სათათბირო ხმის უფლებით და ითვლება კავშირის თავისუფალ წევრად.
3.4 კავშირის თავისუფალი წევრის კავშირის პირველადი ორგანიზაციის წევრად მიღება ხდება არა ნაკლებ 3 თვის გასვლის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის რეკომენდაციის საფუძველზე.
4. კავშირის წევრის უფლება-მოვალეობანი
4.1 კავშირის წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნას კავშირის ნებისმიერ არჩევით ორგანოში;
ბ) იქონიოს თავისი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე;
გ) მოითხოვოს ინფორმაცია კავშირის პოლიტიკურ და სხვა სახის საქმიანობის შესახებ;
დ) შექმნას ფრაქცია კავშირის ორგანიზაციის შიგნით;
ე) დატოვოს კავშირი განცხადების საფუძველზე, მიზეზის დასახელებით ან მის გარეშე;
კავშირის თავისუფალი წევრი არ სარგებლობს `ა~ და `დ~ პუნქტებით განსაზღვრული უფლებებით.
4.2 კავშირის წევრი მოვალეა:
ა) იცავდეს მოქმედ კანონმდებლობას, კავშირის წესდებასა და პროგრამას;
ბ) ასრულებდეს კავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
გ) იხდიდეს საწევრო შენატანს.
4.3 კავშირის წევრი, რომელიც დაარღვევს წესდების მოთხოვნებს, ირიცხება კავშირის წევრობიდან. პირველადი ორგანიზაციის მიერ მიღებული წევრის გარიცხვის გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან, მას შემდეგ, რაც მას დაამტკიცებს კავშირის ლასკარი.
კავშირის თავისუფალი წევრის გარიცხვა ხდება პირველადი ორგანიზაციის მიერ, ხმათა უბრალო უმრავლესობით.
5. კავშირის სტრუქტურული აგებულება
5.1 კავშირი შედგება თავისუფალი წევრის, პირველადი და რეგიონალური ორგანიზაციებისაგან.
5.2 კავშირის პირველადი ორგანიზაციის წევრთა საორიენტაციო რაოდენობაა არანაკლები სამისა.
5.3 კავშირის რეგიონალური ორგანიზაცია არის პირველადი ორგანიზაციების ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც აერთიანებს სულ ცოტა 10 პირველად ორგანიზაციას. რეგიონალური ორგანიზაციები ირჩევენ თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და ხაზინადარს.
5.4 კავშირის რეგიონალური ორგანიზაციები თვითმმართველობის პრინციპზეა აგებული. კავშირის ფინანსების სამი მეოთხედი რჩება რეგიონალური ორგანიზაციის ანგარიშზე.
6. კავშირის ხელმძღვანელი ორგანო
6.1 კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა სათათბირო, რომელიც მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ. სათათბიროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კავშირის ლასკარის გადაწყვეტილებით ან რეგიონალური ორგანიზაციების საერთო რიცხვის 1/3 მოთხოვნით, არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.
6.2 კავშირის სათათბირო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა 2/3. გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
6.3 კავშირის სათათბირო:
_ განიხილავს წესდებასა და პროგრამას, ხმების 2/3-ით შეაქვს მასში ცვლილებანი და დამატებანი;
_ ოთხი წლის ვადით ირჩევს:
ა) კავშირის უმაღლეს თანამდებობის პირს _ ლასკარის თავმჯდომარეს, რომელიც ერთპიროვნულად წარმოადგენს კავშირს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) ლასკარის თანათავმჯდომარეებს;
გ) კავშირის სარევიზიო კომისიას, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით;
დ) ლასკარის წევრებს;
_ ისმენს და ამტკიცებს ლასკარის ანგარიშს;
_ განიხილავს კავშირის პოლიტიკურ კურსს და საარჩევნო პროგრამას;
_ იხილავს კავშირიდან გარიცხული წევრების აპელაციებს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს.
6.4 სათათბიროს სხდომებს შორის პერიოდში კავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა ლასკარი, რომელიც მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. ლასკარის რიგგარეშე/საგანგებო სხდომის მოწვევა ხდება თავმჯდომარის ან ლასკარის წევრთა 1/3-ის ინიციატივით, ერთი კვირის ვადაში. ლასკარის სხდომის გადაწყვეტილება სავალდებულოა კავშირის ყოველი წევრისათვის.
6.5 კავშირის ლასკარი:
_ კოორდინაციას უწევს კავშირის სათათბიროს გადაწყვეტილებათა განხორციელებას;
_ ხელმძღვანელობს კავშირის წევრთა მიერ წესდებისა და პროგრამის დაცვა-განხორციელებას;
_ კოორდინაციას უწევს რეგიონალური ორგანიზაციების საქმიანობას;
_ აწყობს და წარმართავს საარჩევნო კამპანიას;
_ ამტკიცებს ხელისუფლების არჩევით ორგანოებში დეპუტატობის კანდიდატთა საბოლოო სიებს;
_ განიხილავს კავშირის წევრის გარიცხვის საკითხს;
_ განაგებს ფულად სახსრებს;
_ ლასკარის თავმჯდომარის არყოფნის, ან მის მიერ მოვალეობის დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლასკარის თავმჯდომარის რეკომენდაციით, ან ლასკარის გადაწყვეტილებით, ლასკარის თანათავმჯდომარეებიდან ერთ-ერთს ირჩევს ლასკარის თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლად;
_ ლასკარი იხილავს სხვა საკითხებსაც.
ლასკარი გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა აქვს ლასკარის თავმჯდომარეს.
6.6 კავშირის სარევიზიო კომისია, რომელიც შედგება სათათბიროზე არჩეული თავმჯდომარისა და არანაკლებ ორი წევრისაგან, უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უმრავლესობით.
სარევიზიო კომისიის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა კავშირის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია.
6.7 კავშირის სათათბიროს დელეგატებს რეგიონული და პირველადი ორგანიზაციები ირჩევენ კონფერენციებზე, შეფარდებით 5:1 -ზე (ყოველი ხუთი წევრიდან ერთს).
7. კავშირის ფინანსები
7.1 კავშირის ფულადი სახსრები შედგება საწევრო შენატანებისაგან და საქართველოს რესპუბლიკის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებისაგან.
7.2 კავშირის ფინანსებს, სათათბიროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა საფუძველზე, განაგებს კავშირის ლასკარი, საფინანსო განყოფილების მეშვეობით.
7.3 კავშირის საფინანსო საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. კავშირის შექმნა და ლიკვიდაცია
8.1 კავშირის შექმნა და მისი წესდება-პროგრამის მიღება ხდება კავშირის პირველ სათათბიროზე, რომელსაც დამფუძნებელი ეწოდება.
8.2 კავშირის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან კავშირის სათათბიროს გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში და დადგენილი წესით.
8.3 კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.
9. კავშირის სიმბოლიკა
9.1 კავშირის სიმბოლო (ლოგო) შესრულებულია შავ-თეთრ ფერებში და წარმოადგენს ორ წრეში ჩახაზულ ჯვარს, რომელიც ეყრდნობა შიდა წრეზე დამაგრებულ დედამიწის სიმბოლოდ მოაზრებულ სამ რკალს.
ჯვრის ჰორიზონტალურ მკლავში წარმოდგენილია სასწორის ორი პინის (ჯამის) დამაკავშირებელი ღერძი.
ჯვრის ვერტიკალური მკლავის შუაში გადის გარეთა რკალის დამაკავშირებელი ვერტიკალური ღერძი.
9.2 კავშირის ბეჭდის ცენტრში მოთავსებულია კავშირის სიმბოლო, რომლის გარშემომწერი ორი წრის ქვედა ნახევარწრეში ჩაწერილია კავშირის სახელდების ერთი ნაწილი, კერძოდ: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“.
ბეჭდის გარშემომწერი ორი წრის ზედა ნახევარწრეში ჩაწერილია: „უფალია ჩვენი სიმართლე“.
9.3 კავშირის ბლანკის ქუდის ჩვენგან მარცხენა მხარის ზედა კუთხეში მოთავსებულია კავშირის სიმბოლო (ლოგო), რომლის ქვემოთაც წარმოდგენილია ნომრისა და თარიღის დასატანი ნიშნები.
კავშირის ბლანკის ქუდის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულია მუქ ოთხკუთხედში ჩაწერილი განათებული წრე, რომლის ცენტრშიც, სულიწმიდისა და მშვიდობის არსის შემცველი, ჰაერში მოლივლივე მტრედია გამოსახული. ამ სიმბოლოს ქვემოთ კავშირის საკონტაქტო ინფორმაციაა წარმოდგენილი.
ბლანკის ამ ორ სიმბოლოს შორის მოთავსებულია კავშირის ქართული სახელდება:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“.
ბლანკის ქუდის ქვედა ნაწილში მოთავსებულია კავშირის - რუსულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი სახელდება:
Союз Востоновления Справедливости Глас Народа:
Господь наше Праведность.
Union recovery justice voice of the people:
The Lord our righteousness
ბლანკის ქუდის ქვეშ, ტექსტის დასატანი ნაწილის მთელ მონაკვეთზე, დატანილია კავშირის სიმბოლოს (ლოგოს) ჭვირნიშანი.