საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის

მართვა-გამგეობის დებულება

(მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ

1995 წლის 18-19 სექტემბერს.

მცხეთა, სვეტიცხოველი)

 

თავი II

საქართველოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის

საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი

§2. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას.

§5. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

§6. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა.

§10. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ემხრობა კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე).

§16. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებებს პირველად ხელს აწერს კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე), შემდეგ კრების წევრები უპირატესობის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა განხილულ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

§18. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის მოწვევის ადგილს ირჩევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე).

თავი III

საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება

§1. საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებას იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

 

თავი IV

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

§4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

§5. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.

§6. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.

§7. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.

§8. საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.

§9. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.