ქვეყნის მართვის ბერკეტები ხალხს უნდა დაუბრუნდეს

მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ძირითადი კანონის მოთხოვნის მსგავსად, საქართველოში დღეს მოქმედი1995 წლის 24 აგვისტოს რედაქცისს კონსტიტუციის თანახმად - „1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. 2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“ [მუხლი 5,1-2].

თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მთავარი სახელისუფლო ბერკეტების საკუთარ ხელში კვლავ შენარჩუნებაზე მაფიქრალმა მ. სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერმა „ნაცმოძრაობამ“, 2010 წ. განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებათა გზით, საპრეზიდენტო უფლებამოსილებათა უმეტესი ნაწილი პრემიერ მინისტრის ინსტიტუტისადმი გადაამისამართა.

იმ დროისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგი მექანიზმი მოქმედებდა:

 - „1. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ:

ბ) პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს;

გ) არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს“ [102,1 - ბ), გ)].

ორივე ასეთი შემთხვევისას - „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ“ [102,2].

საბოლოოდ - „ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი“ [მუხლი 102,3].

რეფერენდუმის გზით, საქართველოს მოქალაქეთა მიერ, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, საერთო სახალხო განხილვისათვის საჭირო ერთთვიანი ვადა აღარ არის საჭირო, რამეთუ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად - „რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა“ [მუხლი 28,2].

იქვე მოცემულია, რომ - საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“ [მუხლი 28,3].

პრემიერ მინისტრის რანგში ქვეყნის სათავეში განუსაზღვრელი ვადით ყოფნის მოიმედე მ. სააკაშვილმა, 2010 წელს განხორცილებული საკონსტიტუციო რეფორმის მყარად შენარჩუნების მიზნით, თავის მორჩილ საპარლამენტო უმრავლესობას, 2011 წ. 27 დეკემბერს, კონსტიტუციური ცვლილების შემდეგი მექანიზმი მიაღებინა - „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი“ [მუხლი 102,3].

აღნიშნულის პარალელურად, რეფერენდუმის გზით საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების მექანიზმის კონსტიტუციურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, „რეფერენდუმის კანონი“-ს 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში, დაფიქსირებული ერთთვიანი დროითი რეგულაციის ნაცვლად, უნდა განხორციელებულიყო, ხსენებული „სამთვიანი ვადის“ შემოტანით შექმნილი ახალი სამართლებრივი მოთხოვნის გამათვალისწინებელი ცვლილება.  

ასეთი რეგულაციის შემოღების გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილებისათვის - სამთვიანი ვადის შემოღებამ, საქართველოს მოსახლეობას წაართვა - რეფერენდუმის გზით მიღებული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების უფლება.

შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის ქონის შემთხვევაში, მ. სააკაშვილსა და მის მხარდამჭერ „ნაცმოძრაობას“,გარანტირებული ექნებოდათ საკუთარ თავზე მორგებული საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით თავის ნებაზე ემართათ ქვეყანა.

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი, ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, სწორედ ზემოთქმულის გამოსწორებას ისახავდა მიზნად. კერძოდ, კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბებულიყო:

„საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე:

ა) კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“.

აღნიშნული ცვლილებით შემოთავაზებული ჩანაწერი: „კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კონსტიტუცია“, საკანონმდებლო გარანტიას იძლეოდა, რომ რეფერენდუმზე გამოხატული საქართველოს მოსახლეობის ნება შეუფერხებლად ასახულიყო ქვეყნის ძირითად კანონშიც.

2017 წ. 6 მარტს გამართულ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე აღნიშნული საკითხის დეტალურად წარმოჩენის მიუხედავად, 2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის დეპუტატებმა, დაეყრდნენ რა კომიტეტის აპარატის იურისტის [დ. კუპრეიშვილი] მიერ მომზადებულ უარყოფით დასკვნას,უარი თქვეს ჩვენს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადების გაზიარებაზე.

კერძოდ, კომიტეტის მიერ 2017 წ. 7 მარტით დათარიღებულ პასუხში ვკითხულობთ:

„საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წ. 6 მარტს განიხილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით [N2361, 19. 12. 2016].

განსახილველად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილებების შეტანა „რეფერენდუმის შესახებ“ კანონში, რომლის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი - „საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“ - ავტორის აზრით ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტს: „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი“. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ შემოთავაზებულია „რეფერენდუმის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგი რედაქცია:

„საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე:

ა) კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“.

 

კომიტეტმა არ გაიზიარა საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი ნორმა ითვალისწინებს კონსტიტუციის გადასინჯვის შემთხვევას, რომლისთვისაც დადგენილია შემდეგი პროცედურა: პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო - სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.

2. რაც შეეხება რეფერენდუმის შედეგებს, „რეფერენდუმის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირაა მითითებული: „რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა“. აქედან გამომდინარე რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას არ სჭირდება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის დაწესებული პროცედურები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა განსახილველად წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიზანშეუწონლად მიიჩნია მის საფუძველზე კანონპროექტის მომზადება.

პატივისცემით

დავით მათიკაშვილი

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე“ [წერილის N2841/3-124].

 

როგორც ვხედავთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სათანადოდ ვერ/ანდა არ გაერკვა საკითხის არსში. კერძოდ, იმაში, რომ ხსენებული კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების ასრულების მექანიზმში [„საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“ - მუხლი 28,3] - დაფიქსირებული ერთთვიანი ვადა, ვეღარ უზრუნველყოფს საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას, რამეთუ ამ უკანასკნელისათვის კონსტიტუციაში - სამთვიანი დროითი რეგულაციაა გათვალისწინებული.

ამდენად, მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მსგავსად, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არსებულ საკანონმდებლო რეგულაციაზე დაყრდნობით, აგრძელებს, რეფერენდუმის მეშვეობით, საქართველოს მოსახლეობის მიერ შესაძლო გამოხატული ნების სამართლებრივი გზით უგულებელყოფის ტენდენციას.

სწორედ მათდა გასაგონად გვინდა განვაცხადოთ - ქვეყნის მართვის ბერკეტები ხალხს უნდა დაუბრუნდეს!..

წინამდებარე წერილის დასასრულს კი გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლესიასტე 3,1], და რომ თითოეულ ჩვენთაგანს დაგვიდგება საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე პასუხისგების ჟამი. ამიტომ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

14 მარტი 2017 წ.