საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

 

საარჩევნო გაერთიანების

ზვიადის გზა - უფლის სახელით“,

თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო გიორგი!

მოგახსენებთ, რომ თქვენს მიერ 2016 წლის 3 ივნისს გამოცემული ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02]; რომლის საფუძველზეც: საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღად - 2016 წლის 8 ოქტომბერი დადგინდა,

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38-ე, 45-ე და 113- მუხლების მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა, რამეთუ:

არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს, და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59- დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

თავის მხრივ, 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] 59-ე დღე - 23 ოქტომბერზე მოდის;

შესაბამისად, თქვენს მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბრის დადგენა:

ერთის მხრივ - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლით გაწერილ დროით რეგულაციებთან მოდის წინააღმდეგობაში, და შესაბამისად უკანონო ქმედებას წარმოადგენს; ხოლო

მეორეს მხრივ - არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისათვის არათანაბარი პირობების შექმნის გამო ქმნის - არასამართლიან საარჩევნო გარემოს.

აღნიშნულის თაობაზე ჯერ კიდევ 2016 წლის 6 აპრილს თქვენს კანცელარიაში ჩაბარებულ თქვენდამი განკუთვნილ „ღია წერილში“ {ჩაბ № 1/7219] მოგახსენეთ.

 

ბატონო გიორგი!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1],

თქვენს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ მიღებული განკარგულების [№03/06/02] გამო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკური სუბიექტები, დღეის მდგომარეობით, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას თანაბარ პირობებში წარმართონ წინასაარჩევნო კამპანია; რამეთუ:

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე 2016 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა, და -   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად - 2016 წლის 8 ივნისი გამოცხადდა.

[იხ. http://www.cesko.ge/uploads/other/33/33940.pdf].

2016 წლის 8 ივნისის მდგომარეობით - საარჩევნო რეგისტრაციის უფლების მისაღებად ცესკოში - ოცდაათამდე პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა შეტანილი განაცხადი, რომელთაგან მხოლოდ 5 საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა გავლილი საარჩევნო რეგისტრაცია.

გარდა ამისა, თქვენს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ მიღებული, ანუ უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის [№03/06/02] ძალაში შესვლამ გამოიწვია დამატებით საბიუჯეტო ხარჯები. კერძოდ:

- 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებით ორთვიანი საარჩევნო კამპანიის მთლიანი ხარჯი - 34 371 400 ლარს შეადგენდა.

- წინასაარჩევნო კამპანიის 8 ივნისიდან დაწყების გამო, ცესკოს მიერ 2010 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა დადგენილება [№31/2016] - „2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის შემდეგაც საარჩევნო კამპანიის ხარჯი მიმდინარე ეტაპისათვის - 38 136 230 ლარით განისაზღვრა.

[იხ.https://matsne.gov.ge/ka/document/view/3306138].

ამდენად, დღეისათვის სახეზე გვაქვს - 3 764 840 ლარის ოდენობის დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი.


ბატონო გიორგი! 

ყოველივე ზემოთქმულით სახეზეა თქვენს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, რომლის შედეგადაც:

1. სახეზე გვაქვს - თქვენს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლით გაწერილი ვადების გაუთვალისწინებლად გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი:  ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.];

2. თავის მხრივ, - თქვენს მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: ბრძანებულება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.], - 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აძლევს - „უკანონო არჩევნების“ სტატუსს;

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.] საფუძველზე დანიშნული „უკანონო არჩევნების“ ჩატარების შედეგად, ქვეყანას ეყოლება - უკანონო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო [პარლამენტი].

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად - „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.


ბატონო გიორგი!

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 21 ივნისს, საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, საქართველოს მთავარი პროკურატორის სახელზე შეტანილ იქნა მოთხოვნა, რათა - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, თქვენი როგორც - საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოგიწოდებთ - გააუქმოთ თქვენს მიერვე მიღებული ბრძანებულება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.], და

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღად გამოაცხადოთ 23 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში მოქცეული თქვენთვის სასურველი ნებისმიერი დღე.

თქვენს მიერ ჩვენი წინადადების გაზიარების ფაქტი, უდავოდ აისახება საქართველოს პროკურატურის მიერ თქვენს წინააღმდეგ [სავარაუდოდ] აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მასალებში.

თქვენი სურვილის შემთხვევაში [საქმესთან დაკავშირებული მასალების არსში უკეთ გაცნობის მიზნით] მზად ვართ თქვენთვის სასურველ დროს თქვენთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა.

 

პატივისცემით:

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

 

21 ივნისი, 2016 წ.

ჩაბ. № 1/12820