საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ქალბატონო თამარ!

- ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ: 2016 წ. 5 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებისა; და

- მეორეს მხრივ 2016 წ. 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის ერთობლივ შეხვედრაზე მიღებული შეთანხმების შედეგების გავრცელების შემდეგ,

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების სავარაუდო თარიღად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შერჩეულია - 2016 წ. 8 ოქტომბერი.

გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო თარიღად - 2016 წ. 8 ოქტომბრის დადგენა,  წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე და 113-ე მუხლების მოთხოვნებთან.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ გაწერილი დროითი რეგულაციების თანახმად:

1. ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, განცხადებით მიმართავენ ცესკოს თავმჯდომარეს - პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა [იხ. მუხლი 113,1-ა];

2. იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის არ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში:

- საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის მისაღებად, უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ ცესკოს - პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე [იხ. 113-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი];

- საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი კანონით დადგენილი ოდენობის ამომრჩეველთა სიების წარდგენის ბოლო ვადაა - 15 აგვისტო [იხ. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტი];

- წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის ცესკოს ეძლევა 10 დღიანი ვადა [იხ. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი], რომელიც 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს გამოკვეთავს;

- მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს, და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59-ე დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

- არჩევნების დღემდე 59-ე დღის, საარჩევნო წლის 25 აგვისტოსთან თანხვედრის აუცილებლობა, ზუსტად გამოკვეთავს მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საძიებელი დღის ე.წ. - ქვედა მიჯნას, და ესაა, საარჩევნო წლის - 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] აღებული 59-ე დღე, ანუ - 23 ოქტომბერი;

- მორიგი საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე, გამოკვეთილია მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი;


ქალბატონო თამარ!

- „საქართველოს კონსტიტუციის“ 50-ე მუხლის მე-21 პუნქტის;

- საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის; 45-ე მუხლის პირველი პუნქტის; 108-ე მუხლის 1 და 2 პუნქტების; 113-ე მუხლის: 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე მე-9 და მე-10 პუნქტების; და

- საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მუხლი 73-ის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით:

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, საარჩევნო წლის: 23 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბრამდე აღებულ ნებისმიერ დღეს;

აღნიშნულიდან გამომდინარე, მორიგი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებული დროითი რეგულაციები შემდეგი სახისაა:

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, მიღებულ უნდა იქნეს არჩევნებამდე არაუგვიანეს 71 დღით ადრე, რომლის მიღების:

ა) ქვედა მიჯნა: არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 13 აგვისტო იქნება, ხოლო

ბ) ზედა მიჯნა:  არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, 20 აგვისტოზე მოვა;

 

2. საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაცია უნდა განხორციელდეს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, რომლის

ა) ქვედა მიჯნა: არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 24 აგვისტო,  ხოლო

ბ) ზედა მიჯნა:  არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, 31 აგვისტო იქნება;

 

3. კონტრასიგნაციის პროცესის დასრულებისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულებიდან გამომდინარე, ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნა, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო, ხოლო

ბ) ზედა მიჯნა, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი იქნება. 


ქალბატონო თამარ!

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავისი იურიდიული სამსახურის მეშვეობით, შეძლებს:

1. სათანადო დონეზე გაერკვეს მომქმედი საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებში, და

2. დროულად მიაწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერ მინისტრს, მათ მიერ კანონთან შესაბამისობის მქონე სამართლებრივი აქტის მიღების უზრუნველსაყოფად.

ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენს წინაშე აღარ დადგება მოქმედი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მიღებული სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების აუცილებლობა.

დანართი:

კრებული: „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის საკითხის განმარტებისათვის“ [ავტ. მიხეილ (გელა) სალუაშვილი, თბ. 2016 წ.] - 16 გვ.

 

პატივისცემით:

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი