საქართველოს პარლამენტის

მორიგი არჩევნების დანიშვნის საკითხის განმარტებისათვის


1. წინათქმა

კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობილი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც, უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითად კანონს - კონსტიტუცია წარმოადგენს.

საქართველოში დღეისათვის მომქმედი კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით:

„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.

სახელისუფლო ვერტიკალთა შორის უმთავრეს სტრუქტურასთან მიმართებაში იქვე ვკითხულობთ - „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

საქართველოს კონსტიტუციით: საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა - 4 წლითაა განსაზღვრული [იხ.მუხლი 49], და - „საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 73,2].

თავის მხრივ, არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები - საქართველოს ორგანული კანონის„საქართველოს საარჩევნო კოდექსითაა“ დარეგულირებული.

ამ უკანასკნელის მიხედვით, ზოგადად არჩევნები, არის - „...საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა“[მუხლი 2-ა]; და რომ არსებობს - „...მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები“ [მუხლი 2-დ]. თითოეული ამათთაგანის თაობაზე, იგივე კანონის მე-2 მუხლი, ასეთ განმარტებას იძლევა:

დ.) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;

დ.) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო“.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია, „საქართველოს კონსტიტუციისა“ და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა მიხედვით, გამოვიკვლიოთ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებული საკითხები.

 

2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე

საარჩევნო სუბიექტები

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის...“ [მუხლი 50,1].

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლი,  პარტიების თაობაზე ასეთ რეგულაციას იძლევა:

„უ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცესკოს მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;

უ 1) კვალიფიციური პარტია (გარდა ამ კანონის 51-ე მუხლის მიზნებისა) – პარტია, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს“.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად - „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით)“ [მუხლი 30,2].

ამდენად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა მიხედვით მოქმედი ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოში გაივლიან რეგისტრაციას, სამ პირობით ჯგუფად იყოფიან:

1. სახელმწიფო დაფინანსების მქონე, ანუ კვალიფიციური პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის საქართველოს პალამენტში ჰყავს თავისი წარმომადგენელი [დეპუტატი];

 2. სახელმწიფო დაფინანსებსი მქონე, ანუ კვალიფიციური პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის საქართველოს პალამენტში არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი [დეპუტატი]; და

3. სახელმწიფო დაფინანსების არმქონე, ანუ არაკვალიფიციური პოლიტიკური გაერთიანება.

 

3. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისათვის

საჭირო პროცედურა და მისი ვადები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით - „არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“ [მუხლი 36,1]. 

ამავე კანონის 113-ე მუხლის თანახმად - „1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში...

ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას“.

ამდენად, არჩევნების დანიშვნის დროისათვის, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლის მქონე პოლიტიკური გაერთიანებისათვის, საარჩევნო რეგისტრაციის უფლების მისაღებად, ცესკოში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა,არჩევნებამდე 57-ე დღეს იწურება;

ხოლო, არჩევნების დანიშვნის დროისათვის, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლის არმქონე - კვალიფიციურ თუ არაკვალიფიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს, საარჩევნო რეგისტრაციის უფლების მისაღებად, ცესკოში განცხადებით  მიმართვის ვადა - პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე აქვთ მიცემული.     

ამ უკანასკნელ პირობით ჯგუფში შემავალ პოლიტიკურ გაერთიანებებს, საპარლამენტო არჩევნების უფლების მისაღებად, კანონის მიხედვით შემდეგი პროცედურის გავლა ევალებათ:

- „ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არა უგვიანეს ცესკოში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს“ [მუხლი 113,5];

„ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული განცხადება და საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღის ვადაში“ [მუხლი 113,8];

- „პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ იგი არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს“ [მუხლი 113,9];

ამდენად, არჩევნების დანიშვნის დროისათვის საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლის არმქონე კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო მხარდამჭერთა სიის წარდგენის ვადა, კანონის მიხედვით, ასე აქვთ განსაზღვრული - „მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი“.

შემდგომი პროცედურა, იმავე კანონის მიხედვით ასეა განსაზღვრული - „პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში...“ [მუხლი 38,5], ანუ - „თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა“ [მუხლი 113,10].

ამდენად, მთლიანად, პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურა, ხსენებული 15 აგვისტოდან ათვლით აღებული 10 დღიანი ვადის გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნების წლის - 25 აგვისტოს მთავრდება.

ყოველივე ზემოთქმულს თუ შევაჯერებთ, იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის არ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად:

- საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის მისაღებად, უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ ცესკოს - პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე [იხ. 113-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი];

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი კანონით დადგენილი ოდენობისამომრჩეველთა სიების წარდგენის ბოლო ვადაა - 15 აგვისტო [იხ. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტი];

- წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის ცესკოს ეძლევა 10 დღიანი ვადა [იხ. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი], რომელიც 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს გამოკვეთავს;

- საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა კი, არჩევნების თარიღამდე არა უგვიანეს 59-ე დღეს უნდა დასრულდეს, რამეთუ იმ შემთხვევაში, როდესაც: „...მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ...“ [იხ. მუხლი 113,10].

ამდენად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვა, რომ - იმ პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის არ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს, და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59-ე დღეს უნდა წარმოადგენდეს. 


4. საქართველოს პარლამენტის

მორიგი არჩევნების ჩატარების დრო

როგორც ვნახეთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, იმ პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის პარლამენტში არ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საარჩევნო რეგისტრაციის ვადა მთავრდება, საარჩევნო წლის - 25 აგვისტოს, რომელი თარიღიც, ამავდროულად, არჩევნებამდე არაუგვიანეს - 59-ე დღეს უნდა წარმოადგენდეს.

ამდენად, არჩევნების დღემდე 59-ე დღის, საარჩევნო წლის 25 აგვისტოსთან თანხვედრის აუცილებლობა, ზუსტად გამოკვეთავს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საძიებელი დღის ე.წ. - ქვედა მიჯნას, და ესაა, საარჩევნო წლის - 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] აღებული 59-ე დღე, ანუ - 23 ოქტომბერი. 

ამასთანავე, „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 50,21]. აღნიშნულით გამოკვეთილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი.

ზემოთქმულის პარალელურად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით -  „მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“ [მუხლი 6], მაშინ:

მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, საარჩევნო წლის: 23 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბრამდე აღებულ ნებისმიერ დღეს.


5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების

თარიღის გამოცხადების დრო

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა და ამ მუხლის  მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას“ [მუხლი 731,1], რაც გულისხმობს დამატებითი ხელმოწერის დატანას დოკუმენტზე, რომელიც უკვე ხელმოწერილია. ამდენად, კონტრასიგნაცია ხორციელდება ხელმოწერილი დოკუმენტის დადასტურების ან ავტორიზაციისათვის.

ამდენად, დღეს მომქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 731 მუხლის თანახმად:

„4. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას და მის დათხოვნას კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, აგრეთვე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან სესიის მოწვევას;

5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში.

6. კონტრასიგნაციის შემთხვევაში სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას“.

აქ ხსენებული მე-80 მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, თუკი - „...პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 80,7].

ქვეყნის ძირითადი კანონი ითვალისწინებს იმ შემთხვევასაც - „თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან მესამოცე დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე. პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან მესამოცე დღეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე“ [მუხლი 50,3].

ჩვენს მიერ განსახილველი - საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღის გამოსაცხადებლად მისაღები სამართლებრივი აქტი, მიეკუთვნება იმ დოკუმენტთა რიცხვს, რომელთა ძალაში შესასვლელად პრემიერ მინისტრის თანხმობაა საჭირო.

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ვკითხულობთ - „1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. 2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 108,1-2].

ამ შემთხვევაში, არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ მინისტრს კონტრასიგნაციისათვის.

პრემიერ მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

თუ მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანუ:

ერთის მხრივ - პრეზიდენტის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან, პრემიერ მინისტრისათვის გადასაცემად განკუთვნილი არაუგვიანეს - ორი დღისა და კონტრასიგნაციისათვის საჭირო 10 დღიანი ვადის; ხოლო

მეორეს მხრივ - პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საარჩევნი რეგისტრაციის პროცედურის, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59-ე დღეს დამთავრების აუცილებლობის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნად, რომ:

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, მიღებულ უნდა იქნეს არჩევნებამდე არაუგვიანეს: 2 + 10 + 59 = 71 დღით ადრე, რაც, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების: 23 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბრამდე ვადაში ჩატარების აუცილებლობიდან გამომდინარე, არაუგვიანეს საარჩევნო წლის: 13 აგვისტოდან - 20 აგვისტომდე პერიოდზე მოდის.

 

6. საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების

თარიღის გამოცხადების თაობაზე მიღებული სანართლებრივი აქტის

კონტრასიგნაციის შესრულების დრო

მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, როგორც ზემოთაც აღინიშნა, არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ მინისტრს კონტრასიგნაციისათვის; და რომ - პრემიერ მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არაუგვიანეს 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თაობაზე გამოსაცემი სამართლებრივი აქტის მიღების, ზემოთ უკვე დადგენილი ვადებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ თანხმობის გამოხატვის შემთხვევაში, აღნიშნული სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციის პროცესის დასრულების:

ა) ქვედა მიჯნა, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, ანუ, როდესაც - პრეზიდენტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივ აქტს მიიღებს 13 აგვისტოს და პრემიერ მინისტრს გადუგზავნის არაუგვიანეს 14 აგვისტოს, მაშინ პრემიერ მინისტრის მიერ კონტრასიგნაციისათვის გამოყოფილი მე-10 დღე  - 24 აგვისტო იქნება ;  ხოლო

ბ) ზედა მიჯნა, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, ანუ, როდესაც - პრეზიდენტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივ აქტს მიიღებს 20 აგვისტოს და პრემიერ მინისტრს გადუგზავნის არაუგვიანეს 21 აგვისტოს, მაშინ პრემიერ მინისტრის მიერ კონტრასიგნაციისათვის გამოყოფილი მე-10 დღე - 31 აგვისტოზე მოდის.

 

7. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების

ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების დრო

წინასაარჩევნო კამპანიის თაობაზე მსჯელობა - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ დაცულ „ტერმინთა განმარტებით“ [მუხლი 2] გვინდა დავიწყოთ, სადაც დაკონკრეტებულია საარჩევნო კამპანიისა და მასში მონაწილე სუბიექტთა შინაარსობრივი მხარე. კერძოდ:

წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა“ [მუხლი 2-ჰ];

როგორც ვხედავთ კანონი გამოყოფს - „საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა“ და  „საარჩევნო სუბიექტის“ ცნებას. მათი კანონისმიერი განმარტება ასეთია:

„ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში;

რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი“ [მუხლი 2].

 კანონმდებელის მიერ იქვე განმარტებულია, თუ რას ნიშნავს - „პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით“ [მუხლი 2].

ამდენად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე - საარჩევნო სუბიექტი.

უშუალოდ საარჩევნო კამპანიის საკითხები, დეტალურადაა გაწერილი  ამავე კანონის მე-6 თავის „წინასაარჩევნო კამპანია“-ს შვიდ მუხლში. ესენია: მუხლი 45. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია); მუხლი 46. სააგიტაციო მასალა; მუხლი 47. ამომრჩევლის მოსყიდვა; მუხლი 48. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა; მუხლი 49. საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა; მუხლი 50. მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები; მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა.

კერძოდ, კანონის 45-ე მუხლში ვკითხულობთ:

1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით. 2. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ...“.

მაშასადამე, წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის] დაწყებისათვის საჭიროა:

1. გამოქვეყნებულ იქნეს - არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტი; და

2. გამოკვეთილი იყოს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე სუბიექტები, რომელთა კატეგორიას მიეკუთვნება:

ა) „საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში“ [მუხლი 2-ჟ];

ბ) „საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი“ [მუხლი 2-რ];

ამავე კანონის მე-4 და მე-13 თავებში. დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საკითხი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე სუბიექტთა გამოვლენის ვადებს ეხება. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობით:

- „საარჩევნო სუბიექტები რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენენ სათანადო დოკუმენტაციას“ [მუხლი 36,2];

- „1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში...“ [მუხლი 113];

- „...თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა 3 დღე (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) საბუთების სრულყოფისთვის. შესწორებული საბუთების შემოწმება და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში...“ [მუხლი 36,3];

ამდენად, იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღისათვის თავისი წარმომაგენელი ჰყავს საქართველოს პარლამენტში:

- არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოში განცხადებით მიმართვის უფლება აქვთ, მხოლოდ - არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნებამდე 57-ე დღისა [მათი საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაცია მთავრდება, განცხადების წარდგენიდან: ა) მინიმუმ 2 დღეში, რაც არჩევნებამდე 55-ე დღეზე მოდის; ან ბ) მაქსიმუმ 7 დღეში, რაც არჩევნებამდე 50-ე დღეს უწევს]; შესაბამისად

- საარჩევნო კამპანიის დაწყების უფლება აქვთ მხოლოდ არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან მათ მიერ ცესკოში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ.

იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის არ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში:

- საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის მისაღებად, უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ ცესკოს - პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე [იხ. 113-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი];

- საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი კანონით დადგენილი ოდენობის ამომრჩეველთა სიების წარდგენის ბოლო ვადაა - 15 აგვისტო [იხ. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტი];

- წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის ცესკოს ეძლევა 10 დღიანი ვადა [იხ. 38-მუხლის მე-5 პუნქტი], რომელიც 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს გამოკვეთავს;

- მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს, და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59- დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

 როგორც ზემოთაც აღინიშნა - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1].

შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მქონე ყველა სუბიექტისათვის თანასწორი უფლებებით სარგებლობის გარანტიის შექმნის მიზნით, პარლამენტის მორიგი არჩევნების საარჩევნო კამპანია არ შეიძლება დაიწყოს საპარლამენტო არჩევნების წლის 25 აგვისტომდე, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59- დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10].   

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა, რომ:

ერთის მხრივ - საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მიღებულ სამართლებრივ აქტთან მიმართებით, პრემიერ მინისტრის მხრიდან კონტრასიგნაციის პროცესის დასრულებისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; ხოლო

მეორეს მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე...“ [მუხლი 45,1].

შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნა, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში  - 25 აგვისტო;  ხოლო

ბ) ზედა მიჯნა, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში - 1 სექტემბერი იქნება.

 

8. დასკვნის მაგიერ

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის დასასრულს, ყოველივე ზემოთქმულის შეჯერების შედეგად, ასეთ ზოგად სურათს ვღებულობთ - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად:

1. ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, განცხადებით მიმართავენ ცესკოს თავმჯდომარეს - პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა [იხ. მუხლი 113,1-ა];

2. იმ პოლიტიკური გაერთიანებებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის არ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში:

- საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის მისაღებად, უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ ცესკოს - პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე [იხ. 113-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი];

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი კანონით დადგენილი ოდენობისამომრჩეველთა სიების წარდგენის ბოლო ვადაა - 15 აგვისტო [იხ. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტი];

- წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის ცესკოს ეძლევა 10 დღიანი ვადა [იხ. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი], რომელიც 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს გამოკვეთავს;

- მთლიანობაში,   საქართველოს   პარლამენტის  არჩევნებში   მონაწილეობის   უფლების   მისაღები,  ანუ   რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა იწყება - საარჩევნო წლის იანვარს, და მთავრდებაიმავე წლის - 25 აგვისტოს,

 რომელიცამავე დროსარჩევნებამდე არაუგვიანეს 59- დღეს   უნდა   წარმოადგენდეს  [იხმუხლი 113,10];

არჩევნების დღემდე 59- დღის,  საარჩევნო   წლის   25  აგვისტოსთან   თანხვედრის   აუცილებლობა, ზუსტად გამოკვეთავს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საძიებელი დღის .. - ქვედა  მიჯნას, და ესაასაარჩევნო წლის - 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] აღებული 59-   დღე,   ანუ - 23 ოქტომბერი;

- მორიგი საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე, გამოკვეთილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი;

- მაშასადამე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, საარჩევნო წლის: 23 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბრამდე აღებულ ნებისმიერ დღეს;

- საქართველოს პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, მიღებულ უნდა იქნეს არჩევნებამდე არაუგვიანეს 71 დღით ადრე, რომლის მიღების:

ა) ქვედა მიჯნა: არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 13 აგვისტო იქნება, ხოლო

ბ) ზედა მიჯნა:  არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, 20 აგვისტოზე მოვა.

 - პრემიერ მინისტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაცია უნდა განხორციელდეს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, რომლის

ა) ქვედა მიჯნა: არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 24 აგვისტო,  ხოლო

ბ) ზედა მიჯნა:  არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, 31 აგვისტო იქნება;

- კონტრასიგნაციის პროცესის დასრულებისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულებიდან გამომდინარე, ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნა, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო, ხოლო

ბ) ზედა მიჯნა, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი იქნება.

 

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

სპიკერი,

სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი