„კრემლი ულტიმატუმებით გველაპარაკება“

 „ნეზავისიმაია გაზეტას“ სპეციალურმა კორესპონდენტმა

ანდრეი კარაულოვმა 5 მარტს თბილისში

ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზვიად გამსახურდიას

 

- რამდენად გცალიათ ჩემთვის?

- მე მგონია, თხუთმეტიოდე წუთს.

- უზენაესი საბჭოს პრესცენტრში ტელევიზორი დგას. სანამ თქვენ გეახლებოდით ჩვენ - მე და ჩემმა ქართველმა კოლეგებმა ახალი ამბების სატელევიზიო სამსახურის მორიგი გამოშვება ვნახეთ. ოსეთით დაიწყეს. არა მარტო გვიამბეს, გვიჩვენეს კიდეც - მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდება აქ. რას ფიქრობთ ხოლმე როცა ეკრანზე ასეთ სიუჟეტებს ხედავთ? რას გრძნობს ასეთ წუთებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე?

- იცით რა, საქართველოს წინააღმდეგ ომია გაჩაღებული, ნამდვილი ომი ყველა თვალსაზრისით. ომი - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აშკარა ომი ანუ შეიარაღებული თავდასხმა. შემდეგ: ომი, რომელიც საქართველოს გამოუცხადეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ნამდვილი საინფორმაციო ბლოკადაა. ტელევიზია, რადიო, და მოსკოვში გამომავალი თითქმის ყველა გაზეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მხოლოდ ისე ლაპარაკობს, როგორც კრემლს სურს. მეორე ბლოკადაა ენერგეტიკული, გაზი, ელექტრობა, სასურსათო მომარაგება. ანუ როგორც ხედავთ, ყოველგვარი საშუალებებით გვეომებიან. ჰოდა, რაკი ომია, რაღა უნდა გვიკვირდეს? მით უმეტეს, თუ ასეთი ბარბაროსული იმპერია გვეომება. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსური კონფლიქტი - ეს მოსკოვის სადამსჯელო ოპერაციაა. მე ვუთხარი გორბაჩოვს, აშკარად ვგრძნობთ, რომ ცხინვალში ყველაფერი ბალტიისპირელი სცენარით ვითარდება, ოღონდ საქართველოში ინტერფრონტი არ არის. აქ იგი წარმატებით შეცვალეს ოსი ექსტრემისტებით. საბჭოთა არმიის რეგულარული ნაწილები მათ იარაღით ამარაგებენ და ყოველნაირად ეხმარებიან. ისინი აქ ქირაობენ, ტყვიამფრქვევებს, სნაიპერებს, რაკეტებს, უახლეს ტექნიკას, ყოველგვარ საჭურველს, აძლევენ ყველაფერს, რაც გნებავთ. ჰოდა, ისინიც ომობენ. რა უნდა მოსკოვს? საქართველოში თავისუფალი არჩევნები გაიმართა, კომუნისტური წყობილება დაემხო და ხელისუფლება შეიცვალა. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო. სწორედ მის წინააღმდეგ ომობენ. რა მიზანი აქვს ცენტრს? უწინარეს ყოვლისა ის, რომ სამაჩაბლო მოსწყვიტონ საქართველოს.

ჯერ წინადადება მოგვცეს სამ დღეში საგანგებო წესები შემოგვეღო აქ. ეს ჩვენ მიუღებლად ჩავთვალეთ. ახლა, როგორც ჩანს, მალე გამოვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც თვითონ შემოიღებს ამ საგანგებო წესებს როგორც ეს ყარაბაღში იყო და სამაჩაბლოს გამოაცალკევებს საქართველოსაგან. ესე იგი, ულტიმატუმი წამოგვიყენეს. მე პირადად გორბაჩოვმა წამომიყენა ეს ულტიმატუმი მართალია ზეპირი, მაგრამ მაინც ულტიმატუმია. ხელი მოაწერეთო სამოკავშირეო ხელშეკრულებას, თორემ ის რაც სამხრეთ ოსეთში ხდება, უარეს ფორმებში გაგრძელდებაო. აი ასე მოკლედ და ნათლად.

- თქვენ რა უპასუხეთ.

- რასაც ვფიქრობდი. რაც მაგას არ გამოუვა და ეს ქართველი ერის პოზიციაა.

- მაგრამ თუ ასე განაგრძეს, ომი იქნება.

- იქნება, რა თქმა უნდა. იქნება სანამ იმპერია არსებობს, ყველანი ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.

- მერედა, სად არის გამოსავალი, ბატონო ზვიად?

- მსოფლიოსთვის არის გამოსავალი? კაცობრიობისათვის? თუ არის მაშასადამე ჩვენთვისაც იქნება. ერთადერთი გამოსავალია თავი დავაღწიოთ ამ იმპერიას, მეტი არაფერი.

- ლანდსბერგისთან თუ გილაპარაკიათ?

- ველაპარაკე მაგრამ რას გვიშველის?! თვითონაც ამ დღეშია.

- ელცინთან?

- არც იმას აყრია კარგი დღე. უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ რატომღაც ჩაიშალა.

- მაშასადამე, თქვენი აზრით, კატასტროფული ვითარებაა?

- ძალიან მძიმე, ძალიან. ახლა საქართველოში მიღებულია კანონი გარდამავალ პერიოდზე. ასეთი პერიოდი აუცილებელია და, მაინც არ დავყოვნდებით. ახალ პოლიტიკურ სტრუქტურებს დავამტკიცებთ. რაიონებში პრეფექტებს დავნიშნავთ, რეფორმებს განვახორციელებთ, მივიღებთ კანონებს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობის, საკუთრების, მიწის, სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაციის, ეროვნული გვარდიის შესახებ და ბევრ სხვას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე და გვწამს მისი.

- ხალხი მხარს გიჭერთ?

- დიახ. სხვაგვარად როგორ იქნება? განა ხალხი ვერ ხედავს თუ რა ხდება? ვერ ხედავს საქართველოს ოს ექსტრემისტებთან ერთად როგორ ებრძვიან საბჭოთა არმიის ნაწილები? ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს. როგორ უგზავნიან იარაღს, როგორ აძლევენ რაკეტებს.

- ცხინვალში ელექტრობა არ არის. ქალაქის სამშობიარო სახლში მინუს ექვსია, განა ეს შეიძლება ბატონო ზვიად?

- ენერგეტიკოსებმა ცხინვალს გაფიცვა გამოუცხადეს. რატომ? იმიტომ, რომ ქალაქში არის ქარხნები, სადაც ექსტრემისტებს იარაღს უმზადებენ. როგორ შეგვიძლია გაფიცვა ავკრძალოთ? მაგრამ კიდევაც რომ მოგვეთხოვა, კიდევაც რომ შეგვეძლოს ელექტროენერგიის ჩართვა ცხინვალის მოსახლეობა ისეა აბობოქრებული - რომ სულ ერთია გამორთავს. მაგრამ როგორც კი ოსი ექსტრემისტები შეწყვეტენ აშკარა ბანდიტიზმს, განიარაღდებიან, ცხოვრება სწრაფად ჩადგება თავის ჩვეულებრივ კალაპოტში, გარწმუნებთ.

- მაშასადამე, მოსკოვიდან დიალოგის საშუალებანი ამოიწურა?

- რაღა თქმა უნდა, ამოიწურა. გორბაჩოვი ერთადერთ ულტიმატუმს გვთავაზობს - ხელი მოაწერეთო სამოკავშირეო ხელშეკრულებას. არ მოაწერთ და ვაი თქვენიო. აი ასეთი ურთიერთობა გვაქვს.

- რა აზრისა ხართ შევარდნაძის გადადგომაზე?

- ეს კრემლის ნაბიჯი იყო. როგორც ყოველთვის შენიღბული და ძალზე ეშმაკური იმ მიზნით, რომ შევარდნაძე დემოკრატიისათვის წამებულად წარმოედგინათ. იგი და გორბაჩოვი. ესაოდა ასეთი ნაბიჯი რეაქციულმა ძალებმა გადაადგმევინესო. ჰოდა, გაუკეთეს ასეთი „იმიჯი“ ორივეს. სინამდვილეში კი, მე მგონია, ყოველივე ეს კრემლს იმისათვის სჭირდებოდა, რომ ერთი მხრივ დაეშოშმინებინა სამხედრო და რეაქციული ძალები, მეორე მხრივ კი ისევ და ისევ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლისათვის დაებრალებინა ყველა შეცდომა და მარცხი საგარეო პოლიტიკაში. ეს თამაშია.

- კეთილი. თქვენ როგორ გგონიათ, შევარდნაძე როდისმე დაბრუნდება საქართველოში?

- არა მგონია.

- აქ რამდენადმე იგრძნობა მისი გავლენა?

- ნულოვანი.

- როგორ სიტუაციაშია კომპარტია?

- პრაქტიკულად აღარ არსებობს. ხალხი მხარს არ უჭერს. ზუსტად ასე შეიძლება ითქვას: იგი აღარ არსებობს.

- მაშ რატომ აღარ იძლევა პარტია თავის შენობას? როგორ გგონიათ, კარგად გაიგეს ის რაც მოხდა? თუ მაინც რაღაცის იმედი აქვთ?

- ძნელი სათქმელია. ალბათ იმედი აქვთ. რაც შეეხება შენობას ეს მოსკოვის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ამბავია. ასეთი საკითხი უკვე დამდგარა, თანაც - არაერთხელ. კომუნისტები გვეუბნებიან ხალისით მოგცემდით შენობას, მაგრამ სსრკ იმუქრებაო, ეს სახლი თავისად მიაჩნიაო. შენობა კი ძალზე სჭირდება მინისტრთა საბჭოს ნორმალური მუშაობისათვის. ხედავთ რა ხდება: მოსკოვს ვერ გაუბედია, მოსკოვს ვაჟკაცობა არ ჰყოფნის იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიაროს: საქართველოში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია აღარ არსებობს, რომ იგი პოლიტიკური გვამია, თუმცა ჩვენდამი დაპირისპირებას მაინც არ იშლიან. ყველაზე არ ვამბობ. მათ შორის სხვადასხვაგვარი ადამიანები არიან. არიან მეცნიერები, აკადემიკოსები. აბა, ამათ რა ეკომუნისტებათ? ფორმალურად კომუნისტობენ. ამ პარტიაში იმიტომ შევიდნენ, რომ იძულებული გახდნენ.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ინტელიგენციასთან?

- ინტელიგენციასთან კარგი, ინტელიგენცია პარლამენტშია, მის უმრავლესობას შეადგენს. მაგრამ არიან ზოგ-ზოგი ინტელიგენტები პოლიტიკურ სარბიელზე ხელმოცარულნი ახლა გაბოროტებულნი არიან ჩვენს წინააღმდეგ და ამიტომ იცავენ „მხედრიონის“ კრიმინალებს. აი, მაგათთან კი არ გვაქვს კარგი ურთიერთობა. „მხედრიონის“ ბანდები აქ, საქართველოში, პირდაპირ ეხმარებოდნენ კრემლს. შავნაბადას ინციდენტი სხვა არა არის რა, თუ არა, ვითომდა, შეიარაღებული აჯანყების ინსცენირება. სცენარი მოსკოვში დაიწერა და „მხედრიონის“ ხელმძღვანელობა, იგივე ჯაბა იოსელიანი რომ არ დაგვეპატიმრებინა საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო საგანგებო წესები. აი ეს არის ცენტრის მიზანი.

- თქვენს უკანასკნელ პრესკონფერენციაზე გვაგრძნობინეთ, რომ გამორიცხულად არ მიგაჩნიათ დააპატიმრონ გიორგი ჭანტურია. ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული კონგრესისა - პარლამენტგარეშე ოპოზიციისა, რომელშიც რამდენადაც ვიცი, ორმოცამდე პარტიაა გაერთიანებული. ამის პასუხად დასავლეთში წერენ, რომ საქართველოში თქვენი გამარჯვების შემდეგ პირადი ძალაუფლების რეჟიმი მყარდება -ახლადმოვლენილი დიქტატორიაო. თუ იცით რამე ამ პუბლიკაციებზე?

- ყოველივე ეს კრემლის ჭორებია. აი ასე ვიტყოდი და კიდევ კრემლის პროპაგანდა. მათი აგენტები გვყავს საქართველოში.

- როგორ უყურებთ ამას?

როგორ უნდა ვუყურებდეთ? როგორც მტრის ხრიკებს. კრემლს საქართველოში ძალზე ბევრი აგენტი ჰყავს. ძალზე ბევრი არიან აქედან, თბილისიდან გაქცეული მოსკოველი ქართველებიც. საქართველოს მოღალატეები. აი მაგათი ნახელავია ეგ. მათ კი ხელს უწყობენ შევარდნაძე, მგელაძე, ფოფხაძე და სხვა პარტიული ფუნქციონერები - ყოფილნი და ამჟამინდელი.

- თქვენ როგორ ურიგდებით ამ „აგენტების“ თქვენთან ყოფნას?

- ვურიგდებით? არავითარ შემთხვევაში. ყოველ ნაბიჯზე ვამხელთ.

- თუ გაქვთ ამ მხილებათა კონკრეტული მაგალითები?

- მე მგონია ჩვენში ზოგ-ზოგები სამართალში მიეცემიან ცილისწამებისათვის. ცილისწამება პოლიტიკური დანაშაული არ არის, არამედ სისხლის. მართლებრივია, თუ მე ვიტყვი, რომ თქვენ კაცი მოკალით და ამას გაზეთში დავბეჭდავ. თქვენ შეგიძლიათ სასამართლოში მიჩივლოთ. ჰოდა, ჩვენ ვუჩივლებთ სასამართლოში - ზოგიერთებს. და იცით რატომ? აი, ბეჭდავენ თითქოს ჩვენ მღვდელი მოგვეკლას. არ კი ასახელებენ ვინ, რომელი მღვდელი მოვკალით. როგორ გგონიათ, ამისათვის სასამართლოში არ უნდა მივცეთ? რაც შეეხება ჭანტურიას, მისი მოქმედება არ ჰგავს პოლიტიკოსისას და ეს არაერთხელ მითქვამს საჯაროდ. ჭანტურიას პარტია „მხედრიონის“ ბანდებს შეეზარდა. მისი პარტია თავით ფეხებამდე შეიარაღებულია. მისი წევრები უკვე დაპატიმრებული არიან ქურდობისათვის, ყაჩაღობისათვის, ავტომობილების გატაცებისათვის. ასეთ ადამიანებს პოლიტიკურ მოღვაწეებს ვერ ვუწოდებთ. მაშ როგორ? აქ პოლიტიკით ნიღბავენ სისხლის სამართლის დანაშულს. მოვა დრო და დავამტკიცებთ, რომ მათი „ეროვნული კონგრესის“ არჩევნები ფალსიფიცირებული იყო - და დავამტკიცებთ დოკუმენტურად რეფერენდუმით. სახალხო რეფერენდუმს მოვაწყობთ და შევიტყობთ მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა მისცა ხმა არჩევნებში. მაშინ ყველანი მიხვდებიან, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილი იყო. რაც შეეხება „მხედრიონს“, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეურიგდება შეიარაღებულ ფორმირებათა საქმიანობას, რომლებიც მთავრობას არ ემორჩილებიან. ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ეს შესაძლებელი იყოს. მით უმეტეს ბანდიტური დაჯგუფებებისა, რომლებიც პირდაპირ თავზარს სცემენ მოსახლეობას. ჯაბა იოსელიანის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, იძულებითი ღონისძიებაა. მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის.

თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ. ოთხჯერ ვიყავი პატიმრობაში. ჩემთვის ადვილი როდია კაცის დაპატიმრება. ვიცი რა არის სატუსაღო და რეპრესიები, მაგრამ მთელი ხალხი ფეხზე დადგა და გვაიძულა, დიახ გვაიძულა, საქართველოში წესრიგი დაგვემყარებინა.

- მე კი აი რას ვფიქრობ, ბატონო ზვიად, რატომღაც მგონია, რომ ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებასთან ერთად შეიძლება გადახრა მოხდეს მეორე მხარეს. აი, სტურუაც არ დგამს თბილისში „სამ დას“, არამედ ინგლისში მიდის.

- ეს მისი ჭირვეულობაა. სტურუას სურს დასავლეთი საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში იყოს. თორემ ჩვენში ყველა პირობაა, ყველა. ჩეხოვისთვისაც და კიდევ ვისთვისაც გნებავთ. ვინ არის ჩვენში რუსული კულტურისა და რუსული ლიტერატურის წინააღმდეგი? ჩვენში რუსული არმიის, რუსული ბლოკადის წინააღმდეგი არიან. დიახ, მე არაფერი მაქვს ჩეხოვის საწინააღმდეგო.

- როცა საქართველოს მიმართეთ მესხეთელი თურქების საკითზე, თქვენ ბრძანეთ, „არ დავუშვებთ არც ერთი ეთნიკური თურქის ჩამოსახლებას“ და კიდევაც ვიბრძოლებო ამ ადამიანების თურქეთში რეპატრიაციისათვის, ამავე დროს პარლამენტის ტრიბუნიდან დღენიადაგ ამბობთ, საქართველოსათვის უცხოაო ეთნიკური სიძულვილი. როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ეს ორი რამ?

- არა, საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსახლებულები (და სხვა არაქართველებიც) ძალზე ხშირად ფრიად აგრესიულად იქცევიან მკვიდრი ქართველი მოსახლეობის მიმართ. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფის პირდაპირი ცდებიც კი არის, საკუთარ მიწა-წყალზე მკვიდრი ქართული მოსახლეობის შევიწროება ნებისმიერი საერთაშორისო ნორმით დანაშულია. განა მოსათმენია, ქართული მიწების მიტაცება, უნებართვო მშენებლობა? არ არის რომ საქართველოში ქართველებს უკანონოდ უნგრევენ სახლებს? განა ეს შესაწყნარებელია?

ასევე ჩვენ არ გვსურს უკონტროლოდ შემოვუშვათ ჩვენს ტერიტორიაზე მრავალი ათასი უცხო მოქალაქე. ამას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იზამს. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს მოქალაქეობის კანონი. საქართველოში ჯერჯერობით ასეთი კანონი არ არის. მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 35 პროცენტი ისედაც არაქართველია.

ჩვენთვის ე.წ. „თურქი მესხები“ უცხოელები არიან. ამასთანავე დარწმუნებული ვარ, როგორც კი კრემლის ჩარევა შეწყდება, საქართველოში ეთნიკური პრობლემები სწრაფად მოგვარდება. ისევ და ისევ, თითქმის ყველაფერი კრემლზეა დამოკიდებული. ანუ იმაზე, უარს იტყვის თუ არა კრემლი ჩვენს წინააღმდეგ ომზე. აი მთავარი მიზეზი და თუ არ იტყვის უარს, მაშინ დასავლეთი, იმედი მაქვს, ათქმევინებს უარს მოსკოვს აგრესიულ ავანტიურისტულ პოლიტიკაზე.

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის ხომ არ მიგიმართვთ?

- დიახ. ამ ორიოდე დღის წინ, ჩვენ მსოფლიოს ყველა მთავრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციებს მივმართეთ.

- თუ არიან მოსკოვში პოლიტიკოსები, რომელთა იმედი გაქვთ? ნურავის დაასახელებთ, პირდაპირ გვითხარით - ჰო თუ არა?

- პოლიტიკოსები... საეჭვოა... არიან ადამიანები. ზოგიერთი დეპუტატი. კიდევ რამდენიმე კაცი, მაგრამ არა წამყვანი ფიგურები.

- გორბაჩოვი ხშირად გირეკავთ?

- კი.

- როგორც თანასწორი თანასწორთან ისე ლაპარაკობთ თუ მაინც... როგორც პრეზიდენტი ისე გირეკავთ?

- არა. პირიქით. ყოველთვის ცდილობს ისე... ტაქტიანად მელაპარაკოს, მაგრამ იცით, მაინც მუდამ ისმის ფრაზები, თუ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერთ ცუდად გექნებათ საქმე არა მარტო სამხრეთ ოსეთში, არამედ აფხაზეთშიც. თქვენთვის ეს კარგი არ იქნებაო.

- თუ ასეა, მართლაც ულტიმატუმი ყოფილა.

- ულტიმატუმი დიახ. მაგრამ ამას ისე ამბობს ხოლმე, ვითომ ხუმრობით.

- კარგი ხუმრობაა.

- თითქოს ვერც ჩაეჭიდები სიტყვას ისე იტყვის ხოლმე... აი... ვითომდა მთლად სერიოზულად არა. კი არ მიბრძანებს, არამედ დაახლოებით ასე. აი, ხედავ რა მდგომარეობა შეიქმნა იქ. ჰოდა კიდევ უფრო გაუარესდება. მოიფიქრეთ, იქნებ მოაწეროთ ხელი. გეგონება თანაგიგრძნობსო.

- მართლა უნდა აქ საქართველოში ჩამოსვლა?

- რა ვიცი, ამბობს მინდაო.

- მერედა, როგორ შეხვდება ხალხი?

- ვშიშობ, რომ ძალზე ცუდად.

- ზუსტად 15 წუთი გავიდა ბატონო ზვიად. მაგრამ თუ გცალიათ განვაგრძობდი.

- კეთილი.

- როგორ გგონიათ, გორბაჩოვს აქვს მომავალი?

- იცით... იქნებ აქვს კიდეც. ისეთი მოხერხებული კაცია, მე მგონია შეიძლება ამ სიტუაციიდანაც გამოძვრეს. მაინც - ძალზე მარჯვე კაცია. დიდი დიპლომატია.

- თქვენ მართლა აღთქმული გაქვთ „კრემლის ზღურბლს გადააბიჯოთ მხოლოდ როგორც თავისუფალი საქართველოს მოქალაქემ“?

- დიახ. არ გადავაბიჯებ. აზრი არა აქვს. მე არ შემიძლია იქ ვიყო ასეთი პირობით - აი - მონა, აი - ბატონი.

- მაგრამ მაშინ ხომ გეტყვიან: რაკი ასეთ პოზიციას დაადექით, თქვენ თვითონ შლითო გორბაჩოვთან დიალოგს.

- დიალოგს კეთილი ნება სჭირდება და არა ულტიმატუმები.

თუ გორბაჩოვთან თავის საშინაო პოლიტიკას გადახედავს დიალოგი იქნება.

- მაგრამ იქნებ საქართველომ მაინც მოაწეროს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

- ჩვენი ხალხი დამოუკიდებლობისათვის იბრძოლებს. დამოუკიდებლობის აღგენისათვის აი ახლა რეფერენდუმს მოვაწყობთ. ერთადერთი კითხვა იქნება. გსურთ თუ არა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენა საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? ამას ვკითხავთ ყოველ კაცს. ყოველს და ჩვენი ხალხი მკაფიოდ და ნათლად იტყვის ჰოს ან არას. რა შუაშია სამოკავშირეო ხელშეკრულება? რომელ „კავშირზეა“ ლაპარაკი. ჩვენ არასოდეს არავითარ კავშირში არ შევსულვართ, ძალით შეგვიყვანეს. მაშ როგორ შეგვიძლია ჩვენ თავი საბჭოთა კავშირის წევრებად ჩავთვალოთ?

- საქართველოს დამოუკიდებლობის სახელმწიფო აქტი ხელმოწერილია 1918 წლის 26 მაისს. საქართველო რუსეთს გამოეყო და ამისთვის ლენინი არავის არ დაუმუნათებია.

შემდეგ 1921 წელს საქართველოში სამხედრო გადატრიალება მოხდა და საქართველო - უკვე ძალად „გასაბჭოვდა“. მიუხედავად ამისა, ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, საქართველო და კავშირი შეეხორცნენ ერთმანეთს. ახლა უკვე შეუძლებელია ამ კვანძის გაჩეხვა ისე, რომ ზიანი არ მიადგეს არც ერთ და არც მეორე მხარეს. მესმის, რომ გორბაჩოვმა 9 აპრილისა და სამხრეთ ოსეთის ამბების შემდეგ მოიმდურა ქართველი ხალხი. ბევრი რამის პატიება შეუძლებელია, მაგრამ თუ ისეთი კაცი იქნა, როგორიც ელცინია, იქნება საქართველოს აღარც დასჭირდეს გამოყოფა? გორბაჩოვს ნუ დავუკარგავთ ამას, ახლა დღენიადაგ იმეორებს: მეტი სუვერენიტეტი, კიდევ უფრო მეტიო...

- დიახ, სიტყვით. მაგრამ როგორც კი გადავწყვიტეთ ეროვნული გვარდია, საკუთარი შინაგანი ჯარები შეგვექმნა მოსკოვიდან მუქარა დაიწყო: არ გაბედოთო და ასე შემდეგ. აი ასეა. ახლა მას შემდეგ, რაც გორბაჩოვმა თავაზიანად გამაფრთხილა - მოემზადეთ აფხაზეთში შეიძლება ოსეთის მსგავსი ამბები მოხდესო, ირკვევა: აფხაზეთში 250 შეიარაღებული მედესანტე ჩამოსულა და პანსიონატში დაბინავებულა. ეს რა, პროვოკაცია არ არის? როგორ შევხედოთ ამას?

- მაშასადამე, მოსკოვი პირდაპირ გაიძულებთ რომ ეროვნულმა გვარდიამ საპასუხო მოქმედება დაიწყოს?

- არა მგონია. ეროვნული გვარდია ჯერ არ არსებობს. მეომარი არა გვყავს. შინაგანი რაზმი და მილიცია - ეს არის და ეს.

- ცოტანი არიან?

- დიახ, რა თქმა უნდა.

- რატომ არ გამოაქვეყნებთ დოკუმენტს, რომელზეც ლაპარაკი იყო 29 თებერვლის პრესკონფერენციაზე? მაშინ თქვენ ბრძანეთ ოსი ექსტრემისტების ხელმძღვანელები ჩოჩიევი და კულუმბეგოვი მოსკოვის უშიშროების თანამშრომლები არიანო და „ამას ადასტურებს შინაგან ჯარებში მიღებული საიდუმლო შიფროგრამა მოსკოვიდან, რომელიც შინაგან ჯარებს პირდაპირ უბრძანებს გაათავისუფლონ კულუმბეგოვი ნებისმიერი საშუალებით და წაიყვანონ მოსკოვში“. სად არის ეს შიფროგრამა? რატომ არ დაიბეჭდა გაზეთებში?

- დიახ, ეს უნდა გაკეთდეს. სადმე მივაგნებთ ამ დოკუმენტს.

- და მაინც, როგორ დაუშვა მოსკოვმა რომ სწორედ თქვენ აგირჩიეს საქართველოში?

- ძალიანაც არ უნდოდა, ძალიან... ყველაფერი იღონა. აი, ამისთვის სჭირდებოდა ჯაბაც და ყველა დანარჩენიც... საქართველოში ისინი მეხუთე კოლონას წარმოადგენენ და მათ ავალებდნენ ჩაეშალათ ჩემი სააარჩევნო კამპანია. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იყო, როგორც ყველგან კეთდება ხოლმე. მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ხალხმა არ დაუშვა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ხალხმა მხარი დამიჭირა.

- მაინც რას შვრებოდნენ ისინი?

- რას? ყველაფერს! საქართველოში 12 ათასი კაცი შეაიარაღეს და მზად იყვნენ ყველანი დაეგლიჯათ. იარაღს კი სუკი და სამხედროები აძლევდნენ ფარულად სხვისი ხელით.

- ამის დამტკიცებაც შეიძლება?

- დამტკიცდება. აუცილებლად. ყველაფერი იქნება.

- არ გეშინიათ, რომ შეიძლება მოგკლან?

- ძალიანაც, შეიძლება, ყოველდღე მემუქრებიან: ამას გიზამთო, იმას გიზამთო, წერილებსაც მიგზავნიან, ტელეფონითაც მირეკავენ. ერთი სიტყვით, არაფერს არ თაკილობენ.

- როგორ ცხოვრობთ ასეთ ატმოსფეროში?

- ნორმალურად. მივეჩვიე.

- ნორმალურად?

- განა მთელი ცხოვრება ასე არ გავატარე? მთელი ცხოვრება.

- რას იტყოდა დღეს კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს მომავალზე? თქვენს პოზიციაზე? იმ პოლიტიკურ კურსზე, რომელიც მისმა შვილმა გამოაცხადა?

- მამაჩემი ჩემი სულიერი მოძღვარი იყო. ყოველთვის ესმოდა ჩემი. ცხადია, მიფრთხილდებოდა. არ უნდოდა, რომ რეპრესიების მსხვერპლი გავმხდარიყავი, გავეციმბირებინეთ და ასე შემდეგ. როცა გარდაიცვალა, ჯერ არც კი გაცივებულიყო, შინ გვესვენა, რომ ნაცნობი პროკურორი მეწვია და გამაფრთხილა, რამე იღონეო, რადგან, ალბათ, მამაშენის დაკრძალვამდე დაგაპატიმრებენო. თუ წინანდელი ცეკას მდივნები - კახიანი, მამულია, მგელაძე და სხვები კონსტანტინე გამსახურდიას საქვეყნოდ ებრძოდნენ, შევარდნაძე მას, ჩვენს ოჯახს, შეფარვით ებრძოდა და ამას ადასტურებს უამრავი დოკუმენტი, უამრავი მოწმე. ის, რაც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დატრიალდა, უკვე ყველამ იცის. 14 დღიანი ჩხრეკა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას სახლში მოაწყო შევარდნაძის მითითებით სუკის ორმოცამდე თანამშრომელმა, დარბევას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩხრეკას, რომლის დროსაც უამრავი უნიკალური ხელნაწერი და წიგნი მოისპო და დაიკარგა. ხოლო კალამი, რომელსაც მამაჩემი ხუმრობით „გენერალს“ უწოდებდა, რადგან ამ კალმით იყო დაწერილი ყველა მისი დიდი ნაწარმოები, სუკის თანამშრომლებმა მოიპარეს და შერჩა კიდეც შევარდნაძის დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს. აი ასე იყო.

- რამდენი ენა იცით?

- რამდენი? სამი - ევროპული, ძველბერძნული. ლათინურად ვკითხულობ. ცოტ-ცოტა ესპანურად და იტალიურადაც, ოღონდ ლექსიკონით.

- ძველბერძნული რატომღა, თვითონ ენამ გაგიტაცათ?

- არა, მე ხომ ფილოლოგი ვარ. ვთარგმნიდი ჰომეროსს, პირადად ვიცნობ ავერინცევს. ერთადაც კი გვიმუშავნია ტექსტებზე.

- ჰოო?

- ჰო, რა თქმა უნდა ძველ სლავურ ტესტებზე. ძალზე მწყინს, რომ მოსკოველი ინტელიგენციის წრეში ახლა ნაირ-ნაირი ჭორები ვრცელდება. ბევრს ეშინია კიდეც ჩვენთან ჩამოსვლა. ხმები დადის მანდ ხალხს ხოცავენ, თანაც რუსებსო, შემზარავი ქაოსი და სამოქალაქო ომიაო. ყველაფერი ეს განზრახ კეთდება. ამ ჭორებს სუკი და საკდესი ავრცელებენ. სრული საინფორმაციო ბლოკადაა პრესაში. პროტესტებს ვაცხადებთ, წერილებს ვუგზავნით, მაგრამ არ აქვეყნებენ. აი მათი სინდისი და მათი სიმართლე. გადახედეთ ცენტრალურ გაზეთებს. ხედავთ ამ სურათს? „აქ ოდესღაც სკოლა იყო“. კი არ აწერენ, რომ ეს ქართული სკოლა იყო. გესმით? ვიღაცას კი უთუოდ ეგონება: რაკი სამხრეთ ოსეთია, მაშასადამე ოსური სკოლა იქნებოდაო. ოღონდ, სინამდვილეში, პირიქით არის. აი, ასეთი მეთოდები აქვთ. თანაც წერენ თითქოს ჩვენი დეპუტატი ვიღაც ავაზაკებთან ერთად თავს დასხმია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინას და დაურბევია. ასახელებენ დეპუტატს, ასეთი დეპუტატი კი არ არსებობს. გვარები არ ემთხვევა. განა ეს ცილისწამება არ არის? აი, როგორი მეთოდებით გვებრძვიან.

- მაშასადამე, მზად ხართ ბოლომდე ამ გზით იაროთ. თუ სიტუაცია მაინც უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონათ და იქნებ შინაგანად რამდენადმე ყოყმანობთ?

- არა. მზად ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირს. მოსკოვს დათმობა არ სურს, ჩვენ კი, მით უმეტეს, არ დავთმობთ!

- დღე-ღამეში რამდენ საათს მუშაობთ?

- სულ ცოტა 12 საათს, ზოგჯერ თოთხმეტსაც.

- საღამოობით რამეს წერთ?

- თუ მოვასწარი. უპირატესად ჩემს იმ წიგნებს ვასწორებ, რომლებიც ახლა გამოდის. აქაც ბევრი სამუშაო მაქვს. მაგრამ ახლა ხელოვნებისათვის არ მცალია. ხომ ამბობენ: როცა ზარბაზნები გრიალებს მუზები სდუმანო. ასეთია ვითარება.

- როგორ მიმდინარეობს დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობა. რა მოგცათ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი მოადგილის ვიზიტმა?

- ძალზე ბევრი რამ. ჩვენ დასავლეთთან პატიოსანი და პირდაპირი დიალოგის მომხრენი ვართ. ეს ჰაერივით გვჭირდება. ახლა ამერიკაში ზოგიერთი სენატორი აცხადებს, კრემლს საქართველოს არ მოვასპობინებთო, ამას არ დავუშვებთო, მათ შორის, ვიცით, არიან ადამიანები, რომლებმაც ბუშს წერილი გაუგზავნეს და მოსთხოვეს დაგვიცვას, არ დაუშვას საქართველოში მეორე ვილნიუსი.

- კიდევ ორი კითხვა: მაინც როგორ აფასებთ ელცინის მომავალს? რა მოხდება რუსეთის ამ საგანგებო ყრილობაზე?

- ვხედავ, რომ რუსეთის პარლამენტში დრამატული სიტუაციაა. არ ვიცი იქ ვინ ვის მოერევა. ისე, ძალზე შემაშფოთებელი ნიშნები ჩანს.

- რატომ არ დააპატიმრეს პატიაშვილი 9 აპრილისათვის?

- იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი შემწყნარებელია და ყველას ყველაფერს პატიობს. ქართველები ბოღმიანი ხალხი არა ვართ. აბა მიაქციეთ ყურადღება: შემზარავი 9 აპრილის შემდეგ თბილისში არავითარი სიძულვილი არ იგრძნობა რუსეთისადმი. საერთოდ არ იგრძნობა არც სხვა ერების მიმართ, ვიღას ახსოვს პატიაშვილი, თუმცა, მან დანაშაული ჩაიდინა და ამისათვის დაისჯება კიდევაც, მაგრამ ხალხს ეს არ ეჩქარება.

„ნეზავისიმაია გაზეტა“

7 მარტი, 1991 წ.“

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№52 (72), გვ. 1; 16 მარტი, 1991 წ.].