„ვამაყობ ჩემი ქვეყნით!“

ძელი რა წყალთა ჩაგდო,

იცოდე, არ დასძირავსა.

რადგან მის რწყვითა აღზრდილა,

ამისთვის ვერ გასწირავსა“.

სულხან-საბა ორბელიანი

სულის თავისუფლება, გონების დაუოკებლობა კეთილდღეობა კი არა, მიზანია, რომლისკენაც ადამიანები ისწრაფიან და რომელსაც უკომპრომისო ბრძოლაში ძალზე იშვიათად აღწევენ. ამ ბრძოლაში ყალიბდება პიროვნება, ანუ ის, ვის კისერზედაც თავისი დამოკლეს მახვილი აღიმართება. სწორედ ამიტომ სული ჭეშმარიტ თავისუფლებას მხოლოდ მაშინ ეზიარება, როცა ახალ, უფრო დიდ პასუხისმგებლობას იტვირთებს.

დაუშვა დაუშვებელი, მოითმინო მოუთმენელი - გმირობაა. გმირობა თავისუფლებას გულისხმობს, ხოლო თავისუფლება - დიდი ადამიანის ასკეტიზმს. ძალა? ძალა სიმამაცისა და გონიერების შერწყმაა. თავისუფალი სული, დაუოკებელი გონება, გმირობა და ძალა, კომპონენტებია, რომლებიც პიროვნებას ქმნიან, პიროვნება კი მხოლოდ ადამიანთა საკეთილდღეოდ უნდა იღწვოდეს.

დიახ, პიროვნება სიკეთეს უნდა თესავდეს, ოღონდ ერთი, სიკეთეს რომ ვინმეს უზამს, სამაგიეროს მოსთხოვს; მეორე არ მოსთხოვს, მაგრამ სამუდამოდ მოვალედ დაიგულებს; მესამე, გარკვეული აზრით თავის სიქველეს მალე ივიწყებს და განუსჯელად განაგრძობს სიკეთის ქმნას. ნეტავ, ყველა ასეთი ვიყოთ. და ბოლოს, ვინც განსაკუთრებით ბეჯითია წვრილმანებში, დიდ საქმეს ვეღარ ეჭიდება. ხოლო ის, ვინც დიდ საქმეს ეჭიდება, ბევრს სძულდება, რადგან ვერ ართმევენ იმას, რაც ყველა დანარჩენს მისდამი პატივისცემით მსჭვალავს.

ძვირფასო მკითხველო, დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია ბატონი ზვიად გამსახურდია. ჩვენს ინტერვიუში საუბარი არ იქნება არც პოლიტიკაზე, არც ეკონომიკაზე, არც სამომავლო პროგნოზებზე. ჩვენი მიზანია უფრო ახლოს გაგაცნოთ ზვიად გამსახურდია, როგორც პიროვნება, ოღონდ, ერთი თხოვნა გვექნება: დავარღვიოთ ტრადიცია და არაორდინალურ პიროვნებებს დავუმეგობრდეთ არა იმისთვის, რაც მათ შეუძლიათ მოგვცენ, არამედ იმისთვის, რაც ჩვენ შეგვიძლია მათ ვუწილადოთ.

- ბატონო ზვიად!

მამაჩემისგანაც და უფრო ხანდაზმული ადამიანების წრეშიც ხშირად მსმენია ერთი ამბავი: 1957 წელს, უნივერსიტეტის პირველკურსელებისათვის რუსული ენის პედაგოგს, ბატონ გიორგი მდივანს თავისი თავი რუსულ ენაზე წარუდგენია. წამომდგარა ერთ-ერთი სტუდენტი და მოუთხოვია, მას ეს ქართულად გაეკეთებინა... იმ დღიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა. რა აკავშირებს პირველკურსელ ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თვმჯდომარეს ზვიად გამსახურდიას?

- პირველად რომ დამაპატიმრეს, ჩვიდმეტი წლის, მე-11 კლასის მოსწავლე ვიყავი. ჩემი საქმე ასაკოვან „გამობრძმედილ“ გამომძიებელს ჩააბარეს. როდესაც საქართველოს თავისუფლებაზე, იმპერიიდან თავის დახსნაზე, ეროვნულ აღორძინებაზე ჩემი შეხედულებები მოისმინეს, ბევრი იცინეს. ბოლოს მითხრეს, გეტყობა, რომ ბავშვი ხარ, დარწმუნებული ვართ, ასაკთან ერთდ ჭკუაც მოგემატება, გონს მოეგები და ასეთ რაღაცეებზე ფიქრს სამუდამოდ თავს დაანებებო. თქვენ კარგად იყავით და ოთხმოცი წლისაც იგივეზე ვიდარდებ-მეთქი, - არ ჩამოვრჩი „უფროსებს“. მართალი მითქვამს! აგერ 52 წლის გავხდი და ზუსტად ისე მწყურია საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, როგორც მაშინ!

ჩემს სიყმაწვილესთან, ალბათ, უპირველესად ეს მაკავშირებს.

- წარმოუდგენელია, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს მაშინ ხელისუფლების თავში მოქცევაზე გეფიქრათ. მით უმეტეს, კარგად უწყოდით, რომ დასჯის გარდა არაფერი გელოდათ.

- მართალს ბრძანებთ, ხელისუფლების თავში მოქცევაზე არასოდეს მიოცნებია, არც მდომებია. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემი საქმიანობისთვის მხოლოდ დავისჯებოდი. ჩემი დღევანდელი თანამდებობაც მხოლოდ ვითარებამ განაპირობა. ერის ნებამ განსაზღვრა. ამ სავარძელში ჯდომას არასოდეს ვესწრაფოდი და ეს ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმაც კარგად იციან.

- წარსულში თქვენი დევნის ამბავი ყველამ კარგად იცის, მაგრამ კონკრეტული ფაქტები უცნობია. იქნებ მოკლედ მოგვითხროთ, თუნდაც თქვენს პირველ პატიმრობაზე, გადასახლების წლებზე.

პირად არქივში ჩემი დევნისა და შევიწროვების ზღვა მასალა დამიგროვდა. ამ მასალას უეჭველად გამოვამზეურებ. პატიმრობაში, გადასახლებაში ყოფნისას ნანახს, გადატანილს ხალხი შეიტყობს. ჩემს გატეხვას იმპერია ყოველნაირად ცდილობდა. არაფერს არ თაკილობდა, რათა მრწამსი შემეცვალა, ბრძოლაზე ხელი ამეღო. მართალია, ტაქტიკური თვალსაზრისით გარკვეული უკანდახევები მქონდა, მაგრამ ჩემი იდეალებისთვის არასოდეს მიღალატია, ბრძოლა არ შემიწყვეტია და საქართველოს მომავალზე ფიქრი არასოდეს გადამიდვია.

- ჰომო ლიბერ - თავისუფალი ადამიანი, როგორია იგი თქვენთვის?

- თავისუფლება მეტაფიზიკური მცნებაა და ბევრი მას საკუთარი თავის მიღმა ეძიებს. თავისუფალი ადამიანი კი სინამდვილეში ისაა, ვინც სინდისის წინაშე მართალია. სინდისის კარნახით ცხოვრობს, იღწვის და გარემოებებს თუ სხვის დიქტატს არ ეპუება. ასეთ ადამიანს ვერაფერი დაიმონებს, იგი მუდამ თავისუფალია.

- ხალხში მოარული ერთ ნახევრად სიმართლე, ნახევრად ანეკდოტი მინდა მოგიყვეთ: მოქეიფე ქართველებს სანუკვარი სურვილის სადღეგრძლოს თქმა გადაუწყვეტიათ. ზოგმა ქონება ინატრა, ზოგმა ულამაზესი ქალები. ბოლოს სუფრასთან მჯდარი ერთი სომეხი გახსენებიათ და მისთვისაც უკითხავთ, რას ინატრებდიო. საქართველოს დამოუკიდებლობასო! - უთქვამს მას. ეს სარკაზმი არ გაშინებთ?

- ჰმ, სომეხი მეგობარიც ბევრი გვყავს და ნაკლებად მოკეთეც, რაც შეეხება ქართველს, ასეთები, ჩემი ღრმა რწმენით, ცოტანი არიან, და თუ არიან, ისინი სუფთა ქართველები არ იქნებიან.

- 1990 წელს, არჩევნების წინ, ერთი თქვენი დავალება შევასრულე. მუშაობის პროცესი კარგად მახსოვს. თქვენი მაქსიმალური მომთხოვნელობა და სიმკაცრე ბევრ თქვენს მომხრეს ხომ არ აშინებს? ანუ უფრო მეტიც, ბევრ ერთგულსაც ხომ არ გაკარგვინებთ?

- მომთხოვნელობას რაც შეეხება, ჭეშმარიტებასთან ახლოს ხართ. სიმკაცრისა კი რა მოგახსენოთ. ჩემი სიმკაცრე უფრო ვიზუალურია. პირიქით, იცით, სიმკაცრე კიდეც მინატრია. აუცილებელ სიმკაცრეს ხშირად ვერ ვიჩენ და ამ მიზეზით ბევრი რამ წამიგია... განსაკუთრებით უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ყოფნისას.

- საქართველოს დღევანდელი და 1918-1921 წლების მდგომარეობის მსგავსებაზე ბევრს ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპული სხვაობა ისიცაა, რომ ნოე ჟორდანიას მთავრობა ათეისტური იყო.

- გეთანხმებით, ნოე ჟორდანიას მთავრობის უმთავრესი შეცდომა ის იყო, რომ მარქსისტული ათეიზმი ირწმუნა, უღალატა ილიას ჭეშმარიტი ღვთისმოსაობისა და პატრიოტიზმის გზას. ამან დაღუპა საქართველოს პირველი დამოუკიდებლი რესპუბლიკა, ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მსოფლმხედველობა შეურყია. მე მათ გზას სიმბოლურად „ბარაბას გზა“ ვუწოდე.

- უნივერსიტეტის სტუდენტები, როგორც ჩანს, „პირველების“ სტუმრობას შეეჩვივნენ და, რამდენადაც ვიცი, უკანასკნელი უსიამოვნო ექსცესის ერთი მიზეზთაგანი ის იყო, შეხვედრაზე ზვიად გამსახურდია რატომ არ მოვიდაო.

- სტუდენტების ერთი ჯგუფის განწყობას მთელ უნივერსიტეტს ნუ მივაწერთ. ეს ჯგუფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ კულტს ნერგავს. მას სათავეში ზოგიერთი ლექტორი უდგას, რომლებსაც მოსკოვის ჯაშუშებს ვუწოდებთ. მათი მიზანია ჩვენი ახალგაზრდები კრიმინალებად და ნარკომანებად აქციონ, ასეთები ხომ ნაკლებად საშიშნი იქნებიან მოსკოვისთვის. ახალგაზრდების გახრწნას, გადაგვარებას არავის დავანებებთ. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში „კანონიერი ქურდების“ და მაფიების ადგილი არ არის. დავით აღმაშენებლის და რუსთაველის ქვეყანაში ისინი ვერ იბოგინებენ.

- გამომცემობა „საქართველომ“ გამოსცა ბოდლერის თქვენეული თარგმანი. ეს კონკრეტული ავტორისადმი სიმპათიაა, თუ იმ ლიტერატურული მიმდინარეობით „გახელება“ (ტოლსტოის შექსპირი „ახელებდა“), რომელსაც ბოდლერი ეკუთვნის?

- რაც შეეხება ბოდლერს, ეს ახალგაზრდობის დროინდელი თარგმანებია. მე ისინი დავხვეწე და გამოვეცი, რათა ხალხს ჩემი, ასე ვთქვათ, ლიტერატურული ბიოგრაფიის კიდევ ერთი ფაქტი სცოდნოდა. ბოდლერი სიმბოლისტების სულიერი მამა იყო, ხოლო სიმბოლიზმმა რა გამოძახილი ჰპოვა ქართულ ლიტერატურაში, ყველას კარგად მოეხსენება. გარდა ამისა, მინდოდა მკითხველი ამ შესანიშნავი ავტორის სულიერ სამყაროს გასცნობოდა.

- დაისტამბა აგრეთვე თქვენი წიგნი, რომელშიც გენიალური „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად ახლებურადაა წაკითხული. პროფესიონალ ლიტერატორებთან საუბარში წინასწარი ვარაუდიც გამოითქვა, რომ იგი ისეთივე რევოლუციური იქნება, როგორც თავის დროზე იოანე -ზოსიმეს „ქებაის“-ს ახლებური გააზრება.

- ჩემს ნამუშევარზე მე თვითონ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მიზანი მართლაც რევოლუციური მქონდა. სასურველი იქნებოდა, რომ ამ წიგნთან დაკავშირებით რუსთველოლოგებმა თავიანთი აზრი გამოთქვან.

- „მთვარის მოტაცების“ რეალური მსოფლმხედველობა საკვანძო მომენტში გამოჩნდა: „ახალი ხელისუფლების“ წარმომადგენელი საკუთარი ხელით კლავს მამას... დიდოსტატს იგი შეაცვლევინეს. ეს პირველი და უკანასკნელი ძალადობა არ ყოფილა.

- „მთვარის მოტაცების“ საკვანძო მომენტი - „ახალი ხელისუფლების“ წარმომადგენლის მიერ საკუთარი მამის მოკვლის ეპიზოდი, მამაჩემის უკითხავად შეცვალეს. ყველაზე აღმაშფოთებელი სწორედ ეს იყო. ავტორის დაჟინებული პროტესტებიც არ იღეს ყურად. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით ამ წიგნის პირვანდელი სახით გამოცემა.

- თქვენი ბიბლიოთკის უძვირფასესი წიგნი დაგვისახელეთ.

- ჩემი ბიბლიოთეკის უძვირფასესი წიგნია ბიბლია, სახარება, იესო ქრისტე.

- უცხოელს საქართველოში უპირველესად რის ნახვას ურჩევდით?

- უცხოელს საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, თბილისის, ქუთაისისა და გელათის შემდეგ, ჩვენი წმინდა ადგილების დათვალიერებას ვურჩევდი.

- ბატონი მერაბი, მისივე თქმით, თქვენი „ქრისტესმიერი ძმა“, მოახლოებულ ... დღეს, როგორ მოგილოცავდათ?

- მერაბი რომ ცოცხალი ყოფილიყო, საქართველოში დღეს სულ სხვა ვითარება იქნებოდა. მერაბი ძალზე დააკლდა ეროვნულ მოძრაობას, მთელ საქართველოს და ყველაზე მეტად - მე, დიახ, ყველაზე მეტად - მე.

- გაგვიმხილეთ რაიმე ისეთი, რაც ჟურნალისტებისათვის ჯერ არ გითქვამთ.

- რა გაგიმჟღავნოთ? იმპერია სამაჩაბლოში ჯარის შემოყვანას, ახალ სისხლისღვრას გეგმავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ დავუშვათ. მაპატიეთ, რომ სასიხარულოს ვერაფერს გეუბნებით.

ესაუბრა

დავით დემეტრაშვილი“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№69 (89), გვ. 8; 9 აპრილი,1991 წ.].