საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის

ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია

ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის

1991 წლის 10 აპრილს

ეს ბატონ ზვიად გამსახურდიას პირველი პრესკონფერენცია იყო მას შემდეგ, რაც უზენაესმა საბჭომ მიიღო აქტი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. დღეს, მკითხველს ვთავაზობთ საუბრის ძირითად მომენტებს.

- როგორ შეხვდა კრემლი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე?

- ჯერჯერობით დეზინფორმაციის ნიაღვარმა იმატა, და მეტი არაფერი. ავრცელებენ ხმებს, თითქოს მე აჭარის ავტონომიის გაუქმება გამომეცხადებინოს. და ეს იმ დროს, როცა სრულიად მკაფიოდ და საქვეყნოდ ითქვა და დაიბეჭდა კიდეც, რომ აჭარის ავტონომიის ბედი იქაურმა რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს.

- რესპუბლიკის სტატუსის შეცვლამ, როგორც ჩანს, ცენტრთან ურთიერთობის ფორმაც უნდა შეცვალოს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ამბებს, რომლებიც ამ ბოლო ხანს ხდება სამაჩაბლოში...

- გუშინ იქ ყოვლად აღმაშფოთებელი ამბები მოხდა. სოფელ ოქონაში საბჭოთა ჯარები თავს დაესხნენ ქართველ მილიციელებს. განაიარაღეს და დააპატიმრეს ოცზე მეტი კაცი, რომლებიც ჯერაც არ გაუთავისუფლებიათ. ქართული მილიცია განაიარაღეს თამარაშენშიც. ჯარები ერედვშიც შეცვივდნენ, მაგრამ იქ მილიცია არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ პროკურორის ოთახი დაარბიეს. წაიღეს იმ ოსი ბანდიტების საგამოძიებო ნივთმტკიცებანი, რომლებმაც ხალხი დაწვეს. იყო ისეთი ფაქტებიც, როცა არმია ცეცხლს უშენდა მშვიდობიან მოსახლეობას. იგი ნამდვილი აგრესორივით იქცევა და უხეშად არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, პროტესტს გავუგზავნით.

- როგორია თქვენი პოლიტიკური პროგნოზი უახლოესი მომავლისათვის?

- ახალ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, რომ შიდა ქართლის ამბებზე ინფორმაციასთან ერთად მოსკოვიდან სხვა ახალი ამბებიც მოდის. მაგალითდ, სსრკ-ს შინაგან საქმეთა მინისტრმა პუგომ გამოგვიგზავნა დეპეშა, რომელშიც ნათქვამია, თითქოს „უკანონო“ იყოს ჩვენი შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის შექმნა; იგი იმოწმებს სსრკ პრეზიდენტის ბრძანებულებას უკანონო სამხედრო ფორმირებათა დაშლის შესახებ. ერთი სიტყვით, დიდმასშტაბიან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. არც პირდაპირი ინტერვენციაა გამორიცხული.

- ცენტრის რეაქცია რომ ნეგატიური იქნებოდა, ამას ლაპარაკი არ უნდა. რა შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ, რა რეზერვები გვაქვს?

- ნებისმიერ ოკუპირებულ ქვეყანას, მით უმეტეს სსრ კავშირში შემავალს, ერთადერთი რეზერვი აქვს - ცენტრის პოლიტიკას მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა. დასავლეთ საქართველოში რკინიგზაზე, საზღვაო პორტში, საკავშირო დაქვემდებარების საწარმოებში უკვე დაიწყო გაფიცვა, შეიძლება აეროპორტების მუშაობაც შეწყდეს. ჩვენი მოთხოვნები ყველამ იცის - გაიყვანონ ჯარები შიდა ქართლიდან. იმედი ვიქონიოთ, რომ ყოველივე ეს ცენტრს აიძულებს ჩაუფიქრდეს თავის საქციელს.

- როგორ აფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელშიც გამოთქმული იყო სურვილი, რომ საქართველოსა და საბჭოთა კავშირს შორის წამოჭრილი პრობლემები დემოკრატიული გზით გადაწყდეს.

- კარგი ამბავია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბატონ ჯორჯ ბუშს გავუგზავნე დეპეშა, რომლითაც ვატყობინებდი, საქართველოში შეიარაღებული ინტერვენცია მზადდება, უხეშად, იარაღით ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში-მეთქი. ეტყობა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამ დეპეშაზე რეაქცია უნდა იყოს. ჩვენი ერთდერთი იმედი დასავლეთია - მხოლოდ დემოკრატიას ძალუძს ჩვენი დაცვა.

- თქვენი აზრით, როდის მიაღწევს საქართველო სრულ დამოუკიდებლობას?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის მზად კრემლი დაიწყოს მოლაპარაკება და რამდენად მალე იტყვის უარს იმ დიქტატის პოლიტიკაზე, რომელსაც დაჟინებით ადგას. ცხადია, დასავლეთის პოზიციაზეც. რაც უფრო ხშირად დაუთმობენ ყურადღებას საქართველოს, როგორც, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა ქნა, მით უფრო მეტი გარანტიები იქნება იმისა, რომ მალე მივაღწევთ სრულ დამოუკიდებლობას და საოკუპაციო ჯარების გაყვანას.

- როგორ ეკიდება ეგრეთ წოდებული ოპოზიცია დამოუკიდებლობის აქტს? და კიდევ, როგორ გამოეხმაურა ამას აფხაზეთის ოფიციალური ხელისუფლება?

- ეგრეთ წოდებული ოპოზიციისგან ჯერჯერობით არავითარი ნოტა არ მიგვიღია. რაც შეეხება აფხაზეთს, თავად არძინბა სოხუმში არ ბრძანდება. აი, მისმა მოადგილემ - ქართველმა კი მომილოცა. საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე რეაქცია დადებითია აფხაზთა შორისაც. მით უმეტეს, რომ დარწმუნდნენ - ავტონომიის შენარჩუნების კონსტიტუციურ გარანტიებში.

- რამდენად დაეხმარება ბრძოლაში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი?

- უდავოდ დაეხმარება. თუნდაც იმით, რომ ნებისმიერ თავისუფალ ქვეყანას უნდა ჰყავდეს თავისი პრეზიდენტი, სახელმწიფოს ხელმძღვანელი, ეს აუცილებელი პირობაა.

- რა არის პარიზში გიორგი ხოშტარიას ჩასვლის უმთავრესი მიზანი?

- ჩასვლის მიზანია ქვეყნებს გააცნოს მართალი ინფორმაცია ჩვენში მიმდინარე პროცესებზე. გარდა ამისა, კონტაქტები დამყარდება საფრანგეთის ოფიციალურ წრეებთან.

- როგორ არის დასავლეთის სახელმწიფოთა მხრივ ეკონომიკური დახმარების საქმე?

- პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მნიშვნელოვან კრედიტებს მოველით, სხვაგვარადაც დაგვეხმარებიან.

- ხომ არ შეიძლება უფრო დაწვრილებით გვითხრათ წამოწყებულ გაფიცვაზე?

- რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, მისი გაფიცვა დამბლას დასცემს საჭოთა კავშირის რკინიგზის დიდ ნაწილს - ადლერიდან დონის როსტოვამდე. ბათუმისა და ფოთის გაფიცვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქედან გააქვს საბჭოთა კავშირს საექსპორტო ნავთობი და ქვანახშირი.

- ამას წინათ, ლიტვა ზოგიერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა. მაგალითად, ადამიანის უფლებების დეკლარაციას და ა.შ.

- მაგას ჩვენც აუცილებლად ვიზამთ.

- დღეს, სრულიად აშკარაა ბორის ელცინისა და მიხეილ გორბაჩოვის დაპირისპირება. როგორ გგონიათ, რით დამთავრდება ეს?

- ეგ დაპირისპირება მალე ელცინის გამარჯვებით დამთავრდება. ცენტრი სულ უფრო კარგავს თავის მნიშვნელობას. თუ რაღა თქმა უნდა, მემარჯვენე ძალებმა რაიმე გადამწყვეტი არ იღონეს, ვთქვათ, სამხედრო გადატრიალება. ან, თუ გორბაჩოვი რომელიმე რეაქციონერმა არ შეცვალა.

- როგორ უყურებთ იმას, რომ, თურმე, საბჭოთა კავშირში საშუალო ხელფასი ექვსი დოლარი ყოფილა?

- ჩვენ ყოველნაირად ვცდილობთ დავაჩქაროთ ეროვნული ვალუტის შექმნის პროცესი.

- ბალტიისპირა რესპუბლიკებში მიიღეს კანონები ეროვნულ უმცირესობათა შესახებ. რა კეთდება ამ მხრივ საქართველოში?

- კანონი მზადაა და მალე გამოვიტანთ განსახილველად.

- გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნდა ბორის ელცინის დეპეშა, რომელშიც ნათქვამია, საქართველოში დაამახინჯესო ყაზბეგში შეხვედრის შედეგები. თქვენ რას იტყოდით ამაზე?

- ჩემთვის ეს გაუგებარია. ელცინს გავუგზავნე საპასუხო დეპეშა, რომელშიც ვწერდი, „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ საბჭოური წყაროების ინფორმაციას ნუ დაეყრდნობით-მეთქი, რეალური ფაქტების საფუძველზე ერთხელ კიდევ დავუმტკიცე, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთში სწორედ ქართველ მოსახლეობას ესხმიან თავს. ამის შემდეგ, რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ტელეფონით ვესაუბრეთ. კვლავ დადასტურდა, რომ კარგად გვესმის ერთმანეთისა. ამ ცოტა ხნის წინათ ინტერვიუში მან კვლავ დაადასტურა, რომ, რაზეც ყაზბეგში მოვრიგდით, ძალაში რჩება.

- როგორ გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები?

- ეს იქნება საყოველთაო სახალხო არჩევნები.

- როგორ დაახასიათებდით ელცინს?

მისთვის პოპულიზმის დაბრალება კრემლიდან, მისი ხელმძღვანელობიდან მოდის, რომლებიც ხალხს სძულს. ეს შურია. ხალხი კი უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ არავის შეიყვარებს. ელცინი სადა, გულღია კაცია, განსაკუთრებით საუბრის დროს, უბოროტოა, არავითარი დიქტატორული მიდრეკილებანი არა აქვს. პატიოსანი კაცია, მაგრამ როგორც ჩანს, მის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ჯიუტად მოითხოვენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მის ბუნებას არ შეესაბამება. სხვათა შორის, ამას ადასტურებს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობის ჩარევაც საქართველოს საქმეებში, გორბაჩოვისადმი მიმართვაც, რომელშიც სთხოვდნენ წესრიგი დაემყარებინათ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. მიმართეს გორბაჩოვს, რომლის გადადგომასაც თვით ელცინი მოითხოვს?! პარადოქსია!

- საქართველოს ახალი კონსტიტუციის შექმნისას თუ დაეყრდნობით დასავლური ქვეყნების კონსტიტუციებს?

- ალბათ, არ იცით, რომ ჩვენში უკვე მიღებულია დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია? სწორედ ის დაედება საფუძვლად ახალ კონსტიტუციას.

- დღეს ცხინვალში ბრძანდება გენერალი შატალინი. ხომ არ გიცდიათ მასთან დიალოგი? და კიდევ: საძრახისად ცნობილ კიმ ცაგოლოვს თქვენთან მოლაპარაკება მოუსურვებია. თქვენ რას იტყოდით?

- თავად შატალინს არ სურს ჩვენთან არავითარი კონტაქტები, მაშასადამე, არც ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს. საერთოდ კი ადრე იყო ჩემთან. განაცხადა, თქვენ მართლი ხართ, კონფლიქტი ოსმა სეპარატისტებმა წამოიწყესო. გამიკვირდა კიდეც, ახლა კი სხვაგვარად მოქმედებს, მაშასადამე, ახალი ინსტრუქციები მიუღია. რაც შეეხება ცაგოლოვს, ეგ ლიდერი არ არის. ეგ გენერალი, უფრო სწორედ, გაფილოსოფოსებული ექსტრემისტი, კარგს არაფერს აკეთებს, ადამიანთა მცირე ჯგუფი უჭერს მხარს და მასთან მოსალაპარაკებელი არაფერი მაქვს. იქ ოსთა რამდენიმე დაჯგუფებაა და ერთმანეთში დავობენ, გავლენის სფეროები ვერ გაუყვიათ.

- საქართველოს დამოუკიდებლობისათვის აუცილებელია გორბაჩოვის კრახი, თუ სხვა ვარიანტებიც არსებობს, მაგალითად, მოლაპარაკება?

- მოლაპარაკების არავითარი საშუალება არა გვაქვს, მით უმეტეს, რომ ცენტრი კვლავ დიქტატის პოლიტიკას ადგას. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ იმპერიისა და გორბაჩოვის კრახი ახლოა - აი, ეს იქნება საქართველოს ფაქტობრივი თავისუფლების დასაწყისი.

- შეიძლება თუ არა ლაპარაკი საბჭოთა კავშირთან ეკონომიკურ ომზე და შეძლებს თუ არა საქართველო ასეთ ომში გამარჯვებას?

- საქართველოში დემოკრატიული არჩევნები სწორედ ეკონომიკურ ომში გამარჯვების შემდეგ გაიმართა, როცა რკინიგზა ჩაიკეტა ადლერიდან როსტოვამდე. ცენტრმა მხოლოდ იმ გაფიცვის შემდეგ დათმო პოზიციები და დაუშვა ჩვენში დემოკრატიული არჩევნები. დღეს კი, რა თქმა უნდა, გვაწუხებს, რომ ნებსით თუ უნებლიედ, გარკვეულ მიზეზთა გამო, ზარალს მივაყენებთ სომხეთს. ჩვენ გავაფრთხილეთ და ბოდიში მოვუხადეთ ბატონ ტერ-პეტროსიანს. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ აზერბაიჯანიც და თვით ყაზახეთიც, მაგრამ განსაკუთრებით სომხეთი დაზარალდება. მაგრამ რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არა გვაქვს, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობაა. მაშასადამე, უნდა გავუძლოთ. ისე კი ვიტყვი, გაფიცვის დაწყება ჩვენი ბრალი არ არის. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ხალხის წარმომადგენლებისა, კერძოდ, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ორგანიზაციების საგაფიცვო კომიტეტებმა შემოგვთავაზეს.

- როგორ გესახებათ გორბაჩოვის პოლიტიკური პორტრეტი?

- გორბაჩოვმა გარდაქმნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ საკუთარი ხელისუფლების განმტკიცება უნდოდა, ეს არის მთავარი. ძალაუფლების გულისთვის არაფერს არ თაკილობს. მიხვდა, დაინახა რა კრახიც მოელით მას და მის იმპერიას, სწორედ ამიტომ გაითამაშა „გარდაქმნის“ სპექტაკლი.

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციებიდან პასუხი ხომ არ მიგიღიათ თქვენს მიმართვებსა და პეტიციებზე?

- სამწუხაროდ, ჯერ არა, ჯერჯერობით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხოლოდ აზია-აფრიკის ქვეყნებისათვის არსებობს და არა საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხებისთვის. ჩვენთან კონტაქტებს ისე აფასებენ, როგორც საბჭოთა კავშირის საშინაო საქმეებში ჩარევას.

- როგორ გამოეხმაურნენ კუზბასელი მუშები დახმარებას, რომელიც ამას წინათ გაუწიეთ?

- მადლობის დეპეშებს ვიღებთ. მხარი დაგვიჭირეს და მიაჩნიათ, რომ საერთო მიზანი გვაქვს - ბრძოლა კომპარტიის მონოპოლიის წინააღმდეგ და არსებული დანაშულებრივი სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ.

- გამოითქვა იდეა, რომ მოეწყოს მიერთებული სახელმწიფოების კონფერენცია და შეიქმნას ამ რესპუბლიკების საკოორდინაციო საბჭო...

- დიახ, არის ასეთი იდეა. კიშინიოვში უნდა გამართულიყო შეხვედრა, მაგრამ გადაიდო.

- როგორ გამოეხმაურა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი?

- გუშინ მოგვილოცა“.

[გაზ. „რესპუბლიკა“|№14/47, გგვ. 3; 16 აპრილი, 1991 წ.].