„დამყარდება კეთილმეზობლური ურთიერთობა“

ინტერვიუ გაზეთ „თურქიას რედაქტორს

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 

1991 წლის 30 მაისის ინტერვიუ, რომელიც მან მისცა თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ცენტრალური გაზეთის „თურქიას“ რედაქტორს

ევროპის დეპარტამენტის ხაზით ბატონ ბილალ ქოჩაკს და

ეკონომიკურ მიმომხილველს ბატონ ენგილ სენოლს

ამა წლის 30 მაისს

 

- ბატონო პრეზიდენტო, გაზეთ „თურქიას“ რედაქციის ყველა წევრის სახელით მაქვს პატივი მოგესალმოთ და მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. ასეთი უზარმაზარი უპირატესობით გამარჯვება არჩევნებში შესანიშნავია. თქვენ ჭეშმარიტად სახალხო გმირი ბრძანდებით. ბევრი წამება და გაჭირვება გადაიტანეთ, არ შეშინდით საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, დიდი გზა გამოიარეთ და ღირსეულ ადგილას მოხვედით. ჩვენ ეს გვსმენია თურქეთში და ახლა თვალნათლივ დავრწმუნდით. გმადლობთ, რომ მოიცალეთ და დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ვეცდებით დიდად არ მოგაბეზროთ თავი. გვინდა ჩვენი საუბარი ერთგვარად ნაწილებად დავყოთ: იგი შეეხება მსოფლიოს პოლიტიკურ სიტუაციას, საბჭოთა კავშირს და საქართველოს დღევანდელ დღეს.

შარშან პარიზის ცნობილი შეხვედრის შემდეგ, სადაც 55 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობა შეიყარა, საბოლოოდ შეწყდა „ცივი ომი“. კიდევ უფრო გამოიკვეთა პოლიტიკური შერბილების პროცესი. თქვენ როგორ აფასებთ მსოფლიოს დღევანდელ ვითარებას და საბჭოთა კავშირის პოზიციას?

- მართალია, დღეს ვითარება შეიცვალა. მსოფლიოს პროგრესული საზოგადოებრიობის ძალისხმევით საღმა აზრმა იმარჯვა. საბჭოთა კავშირი უფრო რეალისტური პოლიტიკის გზაზე დააყენეს (მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის დაშლა, გერმანიის გაერთიანება და ა.შ.), მან შეწყვიტა „ცივი ომი“. ახლა ქვეყნის შიგნით წამოიწყო იმ რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. ეს „ცივი ომი“ ნამდვილ ომშიც კი გადაიზრდება ხოლმე კავშირის სხვადასხვა წერტილებში, რაც გამოიხატება საბჭოთა ჯარების თავდასხმებით რესპუბლიკებზე. უშუალო შეიარაღებული ჩარევის ნათელი მაგალითია ბალტიისპირეთის და კავკასიის რეგიონალური კონფლიქტები. მოსკოვი პირდაპირ აგრესიას მიმართავს საქართველოს წინააღმდეგ ჩრდილოეთ საქართველოში, ანუ ყოფილ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქში. გრძელდება მუქარა კანონიერად არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ. თუ ბრეჟნევის დოქტრინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ძალით დამორჩილება და მათზე დიქტატი იყო, გორბაჩოვის დოქტრინა შინაკავშირის ქვეყნების ძალით დამორჩილებაა. აი, ასეთია დღეს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური კურსი. ცენტრის ძალები ცდილობენ სამხედრო ძალით ჩაახშონ დემოკრატია და დამონებული ერების სწრაფვა თავისუფლებისაკენ.

- როგორ ფიქრობს ბატონი პრეზიდენტი, ნუთუ უკან დაბრუნებას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- დიახ, უკან ტოტალიტარიზმისაკენ დაბრუნება სურთ, რისთვისაც თავგამოდებით იბრძვის ე.წ. საბჭოთა პარლამენტში საკმაოდ მძლავრი ფრაქცია „სოიუზი“. იგი სისხლიანი რეპრესიების მომხრეა დემოკრატიის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ.

- 70 წლის განმავლობაში კომუნისტური რეჟიმით ცხოვრობდა ქვეყანა. თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, მთელი შეგნებული ცხოვრება იბრძოდით ამ რეჟიმის წინააღმდეგ. რა შეგიძლიათ გვითხრათ „კომუნიზმის“ შესახებ, რა არის ეს „კომუნიზმი“? საერთოდ, როგორ აღიქვამთ სიტყვა „კომუნიზმს“?

- როგორც ყოველგვარი სიცრუის და სიყალბის სიმბოლოს! რაც შეეხება თვითონ კომუნიზმის თეორიას, ეს არის უდიდესი საფრთხე კაცობრიობისათვის, მისი მომავლისათვის. „კომუნიზმი“ ნიშნავს ყოველგვარი დემოკრატიის, ყოველგვარი ეროვნული თვითგამორკვევის განადგურებას, იგი ანტიკულტურული და ანტიადამიანური, დემონური მოძღვრებაა.

- დღეს კრემლი ინიღბება დემოკრატიული ლოზუნგებით, ვითომცდა „პერესტროიკით“ და „გლასნოსტით“, მაგრამ კვლავ იგივეს განაგრძობს, რასაც აკეთებდა წინა პერიოდის მთავრობა.

ბოლო ექვსი წელია მთელი მსოფლიოს პრესა გორბაჩოვზე, „პერესტროიკაზე“ და „გლასტნოსტზე“ ლაპარაკობს და თქვენი აზრით, ეს მაინც „ნიღაბია“? და კიდევ, იგივე საბჭოთა პარლამენტში რუსი დემოკრატებიც ამბობენ, რომ კომუნიზმით რუსული შოვინიზმი ინიღბება და ბოგინობს. თქვენც ამას ბრძანებთ?

- სრული ჭეშმარიტებაა. რასაკვირველია - ნიღაბია. ვინაიდან მსოფლიოში კომუნისტურ იდეებს, ტოტალიტარიზმს საბოლოოდ გაუტყდა სახელი. ამიტომ მოიგონეს საბჭოთა წყობის ეს ახალი ფორმები „პერესტროიკა“ და „გლასტნოსტი“, რაც არაფერ სიკეთეს არ აძლევს დაპყრობილ ერებს. კრემლი ისევ აგრძელებს თავის შოვინისტურ და დამპყრობლურ პოლიტიკას და ისიც სწორია, რომ რუსული შოვინიზმის ნიღაბია ეს ყოველივე. დღეს ჯარები გერმანიიდან და ჩეხოსლოვაკიიდან მოჰყავთ ჩვენთან, ვითომდა ადგილი არა გვაქვს და რა ვქნათო. აღმოსავლეთი ევროპა დაკარგეს და ეხლა ეს ერები უნდათ შეინარჩუნონ მონებად. აი გორბაჩოვის დოქტრინის პრაქტიკული განხორციელება.

- გორბაჩოვსა და ელცინს თუ ადარებთ ერთმანეთს? ამბობენ, ელცინი გორბაჩოვის მიმდევარია, ოღონდ გაცილებით რეაქციულიო?

- ძალიან ძნელია ამის თქმა, სანამ ელცინი არჩევნებს არ დაამთავრებს, სანამ არ გაიმარჯვებს და არ გამოკვეთს თავის პოლიტიკურ კურსს, გორბაჩოვის პოლიტიკა კი, ეს იგივე ძველი ლენინურ-სტალინური იმპერიალისტური პოლიტიკაა, ოღონდ შელამაზებული ამ ე.წ. „პერესტროიკით“ და „გლასტნოსტით“, ვითომცდა უფრო დემოკრატიული სამოკავშირეო ხელშეკრულებით და ა.შ. საბჭოთა კავშირი მსოფლიოში უკანასკნელი იმპერიაა, რომელიც უკვე ირღვევა. ექვს რესპუბლიკას და მათ შორის გამოკვეთილად საქართველოსაც სურს თავისი დამოუკიდებლობის აღდგენა.

- შემდგომი მოვლენები როგორ გესახებათ?

- ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მსოფლიო როგორ დაეხმარება ამ რესპუბლიკებს, რამდენად სცნობს მათ მისწრაფებათა კანონიერებას, დამოუკიდებლობას.

- მოლდავეთში მოხდა ამ ექვსი რესპუბლიკის წარმომადგენელთა შეხვედრა. რას გვეტყოდით იქ მიღებულ გადაწყვეტილებებზე?

- დიახ, გაიმართა ამ ექვსი რესპუბლიკის ეროვნულ მოძრაობათა წარმომადგენლების შეხვედრა, გადაწყდა, რომ იყოს მოქმედებების მეტი კოორდინაცია, მეტი ურთიერთგაგება და დახმარება კოლონიური, იმპერიალისტური რეჟიმის აგრესიული პოლიტიკისაგან თავდაცვაში.

- ეს ექვსი რესპუბლიკა რაიმე ოფიციალური ხელშეკრულების დადებას ხომ არ აპირებს?

- ჯერ ამას წინ უნდა უსწრებდეს ექვსი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე.

- ეს ბლოკი, თქვენი აზრით, კრემლის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნება?

- საბრძოლველად - არა. თავდაცვისათვის - კი. მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ კავშირურთიერთობა იქნება კულტურულიც, ეკონომიკურიც, ის კი არა, როცა გავალთ, საბჭოთა კავშირთანაც გვინდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა.

- 7 წამყვან კაპიტალისტურ ქვეყანას სურს ვალუტით (ლაპარაკია მილიარდობით დოლარზე) დაეხმაროს გორბაჩოვს. ნუთუ ასეთ მძიმე მდგომარეობაშია დღეს საბჭოთა ეკონომიკა?

- ძალიან მძიმე ვითარებაა. და ეს იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი არ ანებებს თავს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერების ცდებს. კვლავაც უნდა, რომ წამყვანი მილიტარისტული ქვეყანა იყოს. სამხედრო ძალის მეშვეობით ჰქონდეს ჰეგემონია მსოფლიოში. ეს მილიარდებიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შენარჩუნებისათვის უნდათ, თან ხალხის ეკონომიკური მდგომარეობაც კატასტროფულად რომ არ დაეცეს და შეინარჩუნოს შინაგანი სტაბილიზაცია.

- წითელ არმიას და სუკ-ს იგივე ძალა აქვთ, რაც უწინ?

- არმიას რასაკვირველია აქვს, სუკი კი პოლიტიკურ ცხოვრებაში ისე აშკარად და აქტიურად ვეღარ ერევა, უფრო სწორად, ღიად, ვეღარ ერევა, თუმცა, რა თქმა უნდა, მძლავრ ფაქტორს წარმოადგენს ტოტალიტარიზმის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში.

- ისევ საქართველოს მინდა დავუბრუნდეთ. შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ თარიღი, როდის განთავისუფლდება საქართველო?

- ასეთი თარიღის დასახელება შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია 9+1 რესპუბლიკის მიერ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ხელმოწერის თარიღზე. მათ პოზიციაზე ექვსი „ურჩი“ რესპუბლიკის მიმართ.

- ბატონო პრეზიდენტო, როგორი მმართველობითი და ეკონომიკური სისტემა გსურთ დღეს საქართველოში?

- მხოლოდ დემოკრატიული. საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ის კიდევ დაიხვეწება. საქართველოს ჰყავს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც აქტიურ როლს ასრულებს. მათში 10 პარტიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

- კომუნისტური პარტიაც?

- დიახ, მაგრამ ამ პარტიას არავითარი პოლიტიკური ძალა აღარ გაააჩნია. ხალხმა ზურგი შეაქცია მას.

- თურქეთი, მოგეხსენებათ, საქართველოს მეზობელი ქვეყანაა. იგი 10 წელია გადავიდა თავისუფალ საბაზრო-ეკონომიკურ სისტემაზე. ჩვენი აზრით, სწორედ დღეს, როდესაც იწყება საქართველოს ბრძოლის ახალი ეტაპი თავისუფლებისათვის, ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის, ჩვენ კი ვიცით, რას ნიშნავს თავისუფალი საბაზრო-ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლა, რაკი თვითონ გავიარეთ დაახლოებით ასეთივე გარდამავალი რთული ეტაპი დემოკრატიზაციის გზაზე, როგორ უყურებთ მეზობელ თურქეთს და რას მოელით სასიკეთოს მისგან? შეიძლება თურქეთი თქვენთვის ევროპაში გასასვლელი კარი გახდეს?

- ეს ნამდვილად ასეც უნდა იყოს. მეზობელი ქვეყნები ვართ ტრადიციულად მეგობრობით დაკავშირებულნი და ჩვენს შორის საუკეთესო ურთიერთობა ყველა დონეზე უნდა აღდგეს. მოსკოვის იმპერიული ძალები ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილ-მეზობლური ურთიერთობის დამყარებას, რისთვისაც ყოველგვარ დეზინფორმაციას ავრცელებენ როგორც აქ, ასევე თურქეთში, მაგრამ რამდენადაც თურქეთს ვთვლით ევროპულ სახელმწიფოდ, ჰელსინკის ხელშეკრულებაზე ხელმომწერ ქვეყნად, ამდენად იგი საიმედო პარტნიორად მიგვაჩნია.

- ისარგებლებთ თუ არა თურქეთის გამოცდილებით თავისუფალ საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასასვლელად?

- რასაკვირველია. აუცილებლად მოვიწვევთ ექსპერტებს.

- თუ არ ვცდები, ამ ცოტა ხნის წინ თქვენთან ჩამოვიდა თურქეთის ელჩი სსრკ-ში?

- დიახ, გვეწვია. ჩვენ საუბარი გვქონდა მომავალი ურთიერთობების განვითარებაზე ყველა დონეზე.

- გყავთ თუ არა კადრები და არის თუ არა ბაზისი, რათა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს?

- ალბათ ცოტა გაგვიჭიანურდება ეს პროცესი, ვინაიდან სანამ მთლიანად არ გამოვეყოფით საბჭოთა კავშირს, სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა გაგვიჭირდება. მოგეხსენებათ ჯერ კიდევ ნაწილი ვართ მთელი საკავშირო ეკონომიკური სისტემისა. ამ გზაზე თურქეთის მხრივ უდიდესი დახმარება იქნებოდა საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური ცნობა და ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება.

- უცხოურ კაპიტალდაბანდებაზე რას ფიქრობთ?

- რასაკვირველია ინვესტიციებს ფართოდ გავუღებთ კარს. ცხადია გარკვეული საიმედოობის გარანტიით, კანონიერად, სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნებით.

- საქართველოში ხშირად ვაწყდებოდით ამერიკულ დროშებს. რა ურთიერთობა გაქვთ ამ სახელმწიფოსთან, თუ იღებთ მისგან რაიმე დახმარებას?

- კარგი ურთიერთობა გვაქვს. სწორედ ამ დღეებში მიმდინარეობს მოლაპარაკება ჯორჯ ბუშთან ჩემს მომავალ შეხვედრაზე ვაშინგტონში. მალე გაირკვევა, საბოლოოდ რა პოზიციას დაადგება ჩვენს საკითხში ამერიკის ადმინისტრაცია. ამერიკის კონგრესი ძალზე მეგობრულად არის საქართველოს მიმართ განწყობილი, ხშირად იხილავენ ჩვენს საკითხს, მალე კონგრესმენთა დელეგაციაც გვეწვევა.

- მატერიალურად თუ დაგეხმარნენ?

- არც ისე საგრძნობლად, მაგრამ გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს.

- მსოფლიოში ორი სისტემაა - კაპიტალისტური და სოციალისტური. რომელს აძლევთ უპირატესობას?

- ჩვენი მიზანია ავაღორძინოთ კაპიტალისტური წყობილება, ოღონდ სახელმწიფოს გარკვეული კონტროლის შენარჩუნებით.

- ნატოს წევრობას თუ ფიქრობთ?

- ჯერ ეს არ გადაგვიწყვეტია. მომავალი გვიჩვენებს.

- როგორ დაიცავს საქართველო თავს?

- ფორმირების პროცესშია ქართული ჯარი. ჩვენ გვინდა სამხედრო მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ მეზობელ ქვეყნებთან.

- საბჭოთა არმიაში თუ მსახურობენ ქართველები?

- ჩვენი კანონით გავაუქმეთ საკავშირო კანონი, რომელიც აუცილებელს ხდიდა საბჭოთა არმიაში ქართველი ჭაბუკების გაწვევას. ისინი ახლა ქართულ გვარდიაში იხდიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

- თქვენს საუბარში ახსენეთ რეგიონალური კონფლიქტები. აჭარაზე მინდა გკითხოთ. ათასგვარი ჭორები და ხმებია დარხეული. აქ 400 ათასი მაჰმადიანი ცხოვრობს. თითქოს მათ უკრძალავენ მუსულმანურ სარწმუნოებას, ბავშვებისათვის მუსულმანური სახელების დარქმევას, ქართულად არა აქვთ ყურანი, შევიწროვებულებივით არიან. დემოკრატიული რეჟიმის პირობებში აპირებთ თუ არა ამ მხრივ მაჰმადიანთა მხარდაჭერას?

- სწორი ინფორმაცია არა გქონიათ. ჯერ ერთი, რაოდენობაც ძლიერ გაბერილია, თანაც ხნიერი ადამიანები მისდევენ უმეტესად ამ სარწმუნოებას. მათთვის გარანტირებულია ყველა უფლება, აქვთ მეჩეთები. არავინ დევნის, არავინ უშლის რწმენას, ძალიან ბევრს ჰქვია აჭარაში მუსულმანური სახელი, არსებობს მაჰმადიანთა საზოგადოება და ა.შ. კარგი პირადი ურთიერთობა მაქვს ბათუმის ყადისთან. ყურანი ქართულად არსებობს და მათთვის მისაწვდომია. მუსულმანთა შევიწროება კომუნისტების დროს შეიძლება იყო, ახლა აღარ! მაგრამ ჩვენ აგრეთვე წინააღმდეგი ვართ ქრისტიანთა შევიწროებისა მუსულმანთა მხრივ.

- თურქეთის პრეზიდენტმა ბატონმა თურგუთ ოზალმა წამოაყენა შავიზღვისპირეთის სახელმწიფოთა ეკონომიკური კავშირის წინადადება, ჯერჯერობით თეორიულად, საქართველოც ფიგურირებს ამ წინადადებაში.

- ჩვენ მოგვწონს ეს და აქტიურ მონაწილეობასაც მივიღებთ წინადადების შემუშავებაში. მით უმეტეს, რომ ახლა ძალზე მწვავედ დგას შავი ზღვის ეკოლოგიის პრობლემა, საერთოდ გვინდა თურქეთში წარმომადგენლობის გახსნა. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ბევრ ქვეყანას სურს ჩვენთან მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული თანამეგობრობა, მაგრამ ჯერჯერობით მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებიან.

- და ბოლოს, ხომ არ მიმართავდით თურქ ხალხს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი?

- თურქეთის ხალხს მინდა ვუსურვო ყოველივე საუკეთესო, და გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სანიმუშო კეთილმეზობლური ურთიერთობა დამყარდება. იმედი გვაქვს თურქი ხალხი დაგვეხმარება, რომ თქვენმა სახელმწიფომ დიპლომატიურად ცნოს საქართველოს რესპუბლიკა.

- ბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსათვის, რომელიც ჩვენი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდება. გისურვებთ ბედნიერებას და მშვიდობას პირადად თქვენ და თქვენს სამშობლოს.

ინტერვიუ იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით

პუბლიკაცია მოამზადა ზაზა დარასელმა

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№112 (132), 7 ივნისი, 1991 წ.].