შეხვედრა უცხოელ ჟურნალისტებთან


10 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიიღო უცხოელ ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი და ესაუბრა მათ. პრესის საზღვარგარეთელ ჟურნალისტთა შორის იყვნენ გაზეთ „ვაშინგტონ-პოსტის“ კორესპონდენტი დევიდ რემნიკი, სი-ენ-ენის გადამღები ჯგუფი ჯილ დოგერტის მეთურობით, სი-ბი-ესის გადამღები ჯგუფი ევროპის ქვეყნებში მთავარი კორესპონდენტის თომას ფენტონის ხელმძღვნელობით, იაპონიის გაზეთ „იომიურის“ მოსკოველი კორესპონდენტი კომოტი აკირა და სხვები.


ძირითადი საკითხები, რომელიც აინტერესებდა მასობრივი ინფორმაციის საზღვარგარეთის საშუალებათა ყველა წარმომადგენელს, შეეხებოდა საქართველოს რესპუბლიკის დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, უწინარეს ყოვლისა, აქციებს, რომელსაც ოპოზიცია აწყობს.


- საბედნიეროდ, - განაცხადა ზვიად გამსახურდიამ, - ოპოზიცია მცირე ჯგუფია, და სრულიადაც არ წარმოადგენს მთელ ქართველ ხალხს. თავისი ნება ქართველმა ხალხმა გამოხატა ერთსულოვნად, როცა აირჩია კანონიერი ხელისუფლება, და ყოველდღიურად ამას გამოხატავს პარლამენტის შენობის წინ ამ დღეებში მიმდინარე მიტინგებზე.


კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მიიღოს მკაცრი ზომები ოპოზიციის მიმართ, გამსახურდიამ, თავის მხრივ, საზღარგარეთელ კორესპონდენტს დაუსვა კითხვა: რას იზამდნენ მათი სახელმწიფოების მთავრობები იმის საპასუხოდ, თუ შეეცდებოდნენ უკანონოდ ხელთ ეგდოთ შენობები ქალაქის ცენტრში, გადაეკეტათ მოძრაობა, მოეხდინათ ვითარების დესტაბილიზაცია? მაგრამ მაინც, არ ვაპირებთ გავუმართოთ კამათი იმათ, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს სულაც არ არის ნამდვილი პოლიტიკური ოპოზიცია. ეს არის პირთა ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა, რადაც უნდა დაუჯდეს, სახელი გაუტეხოს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას. ამ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა, ხელთ აძლევთ შევარდნაძის, იგორ იაკოვლევის და მათ მსგავსთა „ჰომო სოვეტიკუსი“, რომლებიც ახდენენ მსოფლიო საზოგადოებრიობის დეზორიენტაციას საბოლოო დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საქართველოს რეალურ მოვლენათა შეფასებაში.


კითხვაზე, დაიხურა თუ არა ოპოზიციური გამოცემები, პრეზიდენტმა უპასუხა, ამგვარი ფაქტები არ ყოფილა. გამოდის „დრონი“, „საქართველო“, „დედამიწა“ და სხვები. საქართველოს ტელევიზია ეკრანს უთმობს ოპოზიციონერებს. 19-21 აგვისტოს პუტჩისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ პრეზიდენტმა თქვა, რომ მეორე დღესვე მან მოუწოდა საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელებს მხარი დაუჭირონ რესპუბლიკათა კანონიერ მთავრობებს პუტჩისტთა მიერ ხელისუფლების არაკონსტიტუციურად ხელში ჩაგდების პირობებში.


შეეხო რა გვარდიას, პრეზიდენტმა მილიციის დაქვემდებარებაში მისი გადაცემა შეაფასა სტრატეგიულ ხერხად პუტჩის პირობებში და თქვა, რომ გვარდიის მეტი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს კანონიერ მთავრობას, და მოტყუებულ ყმაწვილთა ის მცირე ნაწილი, რომელიც შავნაბადაზე იყო, თავის ყაზარმებს უბრუნდება.


დასასრულ ზვიად გამსახურდიამ კორესპონდენტებს განუცხადა, რომ იგი სთხოვდა ამერიკელ კონგრესმენებს, ახლა კი სთხოვს მათ - ნუ დარჩებიან გარეშე მეთვალყურეთა როლში, გამოგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები, ჟურნალისტები, რათა ზერელედ კი არა, ღრმად ჩასწვდნენ მიმდინარე მოვლენებს, მისცენ მათ პოლიტიკური შეფასება, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

საქინფორმი


[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№176 (196), გვ. 1, 11 სექტემბერი, 1991 წ.].