თავისუფლების ერთი წელი...

შეხვედრა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან


მთავრობის სასახლესთან გამართული ხალხმრავალი მიტინგის შემდეგ, რომელიც ქართველი ხალხის უდიდეს გამარჯვებას - საბჭოთა სინამდვილეში პირველი მრავალპარტიული არჩევენების წლისთავს მიეძღვნა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია შეხვდა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს.

დღეს, განაცხადა მან, - უმნიშვნელოვანესი დღეა ქართველი ერის ისტორიაში და არა მარტო მის, არამედ მთელი ყოფილი საბჭოთა ხალხების ისტორიაში. დიახ, 9 აპრილმა და 28 ოქტომბერმა დასაბამი მისცეს არა მარტო საქართველოს, არამედ ყოფილ იმპერიაში შემავალი რესპუბლიკების, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას. სამწუხაროდ, დღეს ამ ფაქტის დანახვა არ სურთ ზოგიერთებს - არც საქართველოში და არც მის გარეთ. მაგრამ, სიმართლე სწორედ ის შუბია, რომელიც ხალთაში არ დაიმალება.

28 ოქტომბერზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა მოუტანა ამ დღემ დამონებულ ხალხებს. საბჭოთა კავშირის სინამდვილეში, ჩვენში გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევას. მართალია, დღეს საქართველო დიდ გაჭირვებას განიცდის, მაგრამ ჩვენ და ჩვენი მოძრაობა მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე, საბოლოო გამარჯვებამდე.

იმპერიული ძალები ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ ჩვენზე. შეიძლება ითქვას, ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებულია ნამდვილი ინფორმაციული ომი. ამიტომ დღევანდელ შეხვედრას ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ.

შემდეგ ბატონმა ზვიად გამსახურდიამ უპასუხა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას საბჭოთა კავშირის ვალების გადახდაში, პრეზიდენტმა უპასუხა: რა თქმა უნდა, თუ ქონება, და რაც მთავარია, ოქროს მარაგი თანაბრად იქნება გაყოფილი. ამ საკითხზე ახლახან გამოქვეყნდა უკრაინის მემორანდუმი და საქართველო მთლიანად უჭერს მას მხარს. საერთოდ კი, - თქვა მან, - მე კრემლის ოპოზიციად ვრჩები და ვერავითარი მუქარა ვერ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას - ვიბრძოლოთ საბოლოო გამარჯვებამდე. ქართველი ხალხი მიჩვეულია სიძნელეებს და ამჟამადაც შეძლებს გადალახოს ისინი.

კითხვაზე, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ასამბლეის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი გმობს ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის მცდელობას სამაჩაბლოს მიერთების თაობაზე, გაგზავნილია სათანადო პროტესტი. რაც შეეხება ბატონ ბორის ელცინთან ურთიერთობას, იგი ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ ამჟამად სამაჩაბლოს პრობლემასთან დაკავშირებით რამდენადმე გაურკვეველია მისი პოზიცია.

ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენი საბჭოთა ჯარისკაცია ამჟამად დისლოცირებული საქართველოში - მათი რიცხვი 200 ათას კაცს აღემატება. დაისვა საკითხი მათი საქართველოდან გაყვანის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკება საბჭოთა კავშირთან არაა დაწყებული, ამასთანავე საფუძველი ჩაეყარა საკუთარი რესპუბლიკური არმიის შექმნას.

პრეზიდენტმა ილაპარაკა დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. დღეს ჩვენზე უფრო თვით მოსკოვს უჭირს. საერთოდ კი, დასძინა მან - მსოფლიოში არც ერთ პარლამენტს არ ძალუძს ერთ წელიწადში გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, მით უმეტეს, რომ ეს იმ ქვეყნის პრობლემაა, რომელსაც მიუხედავად მიღწეული თავისუფლებისა, ჯერ კიდევ ვერ გავემიჯნეთ მთლიანად. კრიზისიდან გამოსვლას კი ჩვენ შევძლებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საბოლოოდ გამოვეყოფით ყოფილ საბჭოთა კავშირს, მოვიპოვებთ ჭეშმარიტ თავისუფლებას.


- რა მოუტანა თავისუფლების ერთმა წელიწადმა საქართველოს?

ამ კითხვაზე პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა: - ჩვენში გაუქმდა კომპარტიის რეჟიმი, შეწყდა ქართველი ჭაბუკების რუსეთის არმიაში გაგზავნა, ქართული მიწების გაყიდვა-განიავება. ბოლო მოეღო ქართული ენის დევნას და ჩაგვრას, ალბათ, შეცდომებიც არაერთი დავუშვით, - თქვა პრეზიდენტმა, მაგრამ ვინც უნდა ყოფილიყო ჩვენს პირობებში, უთუოდ ვერ ასცდებოდა ამას. ბევრს აინტერესებდა საქართველოს დამოუკიდებლობა ჩეჩნეთ-ინგუშეთის პრობლემებისადმი: - ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ იდეას და არავითარ შემთხვევაში არავითარი სახით არ ჩავერევით კონფლიქტში.


- მიიღებდით თუ არა მონაწილეობას ცენტრალური ტელევიზიის გადაცემაში ვინ არის ვინ?

- რატომაც არა?! - მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას არ დაუშვებს ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელობა.


ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ბევრ სხვა კითხვაზეც გასცა პასუხი: ისინი ეხებოდა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ ასპექტებს.


დაძაბულობა დარბაზში ერთგვარად განმუხტა კითხვამ: რა გუნებაზე ბრძანდებით დღეს, ბატონო პრეზიდენტო?

- ძალიან კარგზე, - უპასუხა მან. საქმეები უკეთ მიგვდის, სულ მოკლე ხანში გვცნობს კიდევ რამდენიმე ქვეყანა. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა - შინაური და გარეშე მტრების მცდელობისა, უფრო მკვეთრად იკვეთება საქართველოს მომავალი გამარჯვებებიც.

საქინფორმი


[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№211 (231), გვ. 1, 30 ოქტომბერი, 1991 წ.].