საქართველოს თავისი გზა აქვს

რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნი ზვიად გამსახურდია პასუხობს

გაზეთ „გრუზია-სპექტრის“ მთავარი რედაქტორის შეკითხვებს

პრეზიდენტი: როგორც მოგეხსენებათ, 14 ნოემბერს ნოვო-ოგარიოვოში შეიკრიბნენ ექვსი საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელები და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. მათ გადაწყვიტეს შექმნან სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი. სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი სავსებით გამართლებული თანამედროვე ერთიანობაშია. მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა დამოუკიდებელ, ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირთან, არამედ ეს არის ცდა შეიქმნას ახალი უნიტარული სახელმწიფო. თუ ღრმად ჩავუკვირდებით ამ ე.წ. კავშირის თავისებურებას, უდავოდ მივალთ კითხვამდე: შეიძლება თუ არა ერთ სახელმწიფოში სხვადასხვა სახელმწიფოს არსებობა? პირადად ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. ერთი მხრივ, ეს არის აშკარად უნიტარული სახელმწიფო, ვინაიდან მას ჰყავს ერთი მთავრობა, ერთი პარლამენტი, აქვს ერთიანი შეიარაღებული ძალები. ამავე დროს ეს ვითომ არის სხვადასხვა, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები, რომლებსაც ჰყავთ თავთავიანთი პარლამენტები, მთავრობები, შეიარაღებული ძალები და ა.შ. ნუთუ არ დაარწმუნა შვიდი ათეული წლის პრაქტიკამ ეს რესპუბლიკები, რომ ეს არის აბსურდი? თუ მათ სურთ ურთიერთკავშირი, რა თქმა უნდა, ეს შეუძლიათ განახორციელონ, მაგრამ როგორ ფიქრობენ ისინი შექმნან ერთიანი სახელმწიფო და ამავე დროს დარჩნენ ფაქტიურად სუვერენულნი, ანუ დამოუკიდებელნი? ისტორიამ სავსებით დაამტკიცა, რომ ასეთი „ფოკუსი“ არ გამოდის. აქედან გამომდინარე, ეს იქნება არა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი, არამედ იმპერია, რომელიც გააერთიანებს ფაქტიურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ისინი ჯერ უნდა ცნონ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, შემდეგ აწარმოონ მათთან მოლაპარაკებები.


შეკითხვა: ექვსმა რესპუბლიკამ თავისი ინიციატივით მოინდომა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, თუ ცენტრმა შექმნა ეს ალიანსი?

პრეზიდენტი: რამდენიმე ხნის წინ მიხეილ გორბაჩობმა, ალბათ, როგორც სხვებს, მე გამომიგზავნა ტელეგრამა, რომელშიც მთხოვა ჩავსულიყავი ნოვო-ოგარიოვოში და შევერთებოდი მათ გადაწყვეტილებას. მე მას წერილით ვუპასუხე, რომ თუ ჩვენ მართლა სუვერენული სახელმწიფოები ვართ, ოფიციალურად გვცანით ასეთებად და მხოლოდ ამის შემდეგ ვთვლი-მეთქი შესაძლებლად ვილაპარაკოთ ნებისმიერ ხელშეკრულებაზე - პოლიტიკურზე, ეკონომიკურზე ან სხვა სახის კავშირ-ურთიერთობაზე, ვინაიდან თუ სახელმწიფო სახელმწიფოს არ ცნობს, მათ შორის არავითარ კავშირზე და ალიანსზე არ შეიძლება ლაპარაკი. ცენტრი ჩვენ არ გვცნობს, აქედან გამომდინარე, იგი ჩვენ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირში კი არ გვეპატიჟება, არამედ კვლავ იმპერიაში, სადაც სიტყვა „სუვერენული“ ისეთივე სიყალბეა, როგორი ყალბიც იყო უწინ. ასე რომ, ნოვო-ოგარიოვოში შეკოწიწებული სახელმწიფო იგივეა, რაც იყო აქამდე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ მას ერქვა სსრკ, ახლა კი ეწოდება სსკ - სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი. აქ მე მინდა გაგახსენოთ საბჭოთ კავშირის ჰიმნი, რომლის პირველი სიტყვები ასეთი იყო: „Союз нерушимый, республик свободных“. გამოდის, რომ ჩვენ ყველანი მაშინაც ვიყავით თავისუფალი რესპუბლიკები, მაშ რაღა საჭიროა ახალი თავისუფალი ანუ სუვერენული რესპუბლიკების კავშირი? ასე რომ, ამ „ახალი სახელმწიფოს შექმნა“ არის მხოლოდ სიტყვების ეკვილიბრისტიკა და არა სხვა რამ.

ჩვენ ვერ მოვტყუვდებით ასეთი იაფფასიანი სიტყვების თამაშით. ჩვენ გაცილებით ღრმად ვუყურებთ ჩვენი ერის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებასა და მომავალს, ვიდრე ისინი, ვინც ან თავს იტყუებს, ან სხვას ატყუებს. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ იგი ასეთ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს. აი, ასეთი პასუხი გავუგზავნე მე გორბაჩოვს, იმის მაგივრად, რომ მისი მოპატიჟება მიმეღო და ნოვო-ოგარიოვოში ჩავსულიყავი.


შეკითხვა: მეორე მხრივ, ბატონო პრეზიდენტო, ნოვო-ოგარიოვოში დადებულმა ხელშეკრულებამ ალბათ, დაგვაახლოვა იმ მიზანთან, რისკენაც საქართველო მიილტვის - რადგან იქ შეიქმნა ახალი სახელმწიფო. მაშასადამე, ჩვენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ავტომატურად დავრჩით მის გარეთ, ანუ გავინაღდეთ დამოუკიდებლობა. სწორ ანალიზს ვაკეთებ თუ ვცდები?

პრეზიდენტი: პრინციპში ასეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სახელმწიფო, მე მგონი, მაინც არ მოგვიტანს დე-ფაქტო და დე-იურე აღიარებას. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანში. პირიქით - ეს ალიანსი გამოიწვევს ჩვენს მიმართ დისკრიმინაციას და გამოუცხადებელ ომს, როგორც აქამდე იყო, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკადის სახით. ფაქტიურად ამ „ახალმა სახელმწიფომ“ ჩვენ გამოგვაცხადა მტრად, არა მარტო საქართველო, არამედ ყველა ის რესპუბლიკა, რომლებმაც ხელი არ მოაწერა ამ ხელშეკრულებას. განსაკუთრებით ისინი, ვინც არც ეკონომიკურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ზოგმა მოაწერა. მაგალითად, სომხეთი ამ „სუვერენულ რესპუბლიკათა სახელმწიფოში“ არ შევიდა, მაგრამ ეკონომიკურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აქედან გამომდინარე სომხეთი, მათი შეხედულებით, ნაკლები მტერია, ჩვენ კი ისეთი რესპუბლიკა ვართ, რომელთანაც „სხვაგვარი ლაპარაკია“ საჭირო, გაცილებით მტრული.


შეკითხვა: თქვენ ახსენეთ სომხეთი. რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრეზიდენტი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა. გაზეთმა „იზვესტიამ“ გამკილავი ტონით აუწყა მსოფლიოს, რომ თითქოს ეს შეხვედრა სომხეთის მარცხით დამთავრდა - ამერიკამ არ ცნო მისი დამოუკიდებლობა. განა ასე ადვილად ხდება ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობა? საქმე ხომ მაინც წაიწია წინ?

პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობა უბრალოდ არ ხდება. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. აღიარების გაძნელების საქმეში დიდი „წვლილი“ მიუძღვის მოსკოვს, ცენტრს, სამწუხაროდ, ასეა აწყობილი საქმე ჯერჯერობით, რომ დასავლეთის ქვეყნები შეჰყურებენ მოსკოვს, თუ როდის გვცნობს იგი დამოუკიდებლად. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, სომხეთი რომ ახლავე არ ცნო შეერთებულმა შტატებმა. ასე იქნება საქართველოს მიმართაც, ამიტომ არ მივდივარ ვაშინგტონში. მე იქ ჩავალ მაშინ, როცა დავინახავ, რომ დასავლეთი დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს და არ შესცქერის მოსკოვს.


შეკითხვა: ჩვენი ოპოზიცია ლაპარაკობს, საქართველოს დასავლეთი არ ცნობს იმის გამოო, რომ ჩვენში...

პრეზიდენტი: დიქტატურააო, არა?


დიახ.

პრეზიდენტი: დასავლეთი არ ცნობს უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, მაშ იქაც დიქტატურა ყოფილა. არა, ეს არ არის სიმართლე. დასავლეთი არ ცნობს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას იმიტომ, რომ ეს არ უნდა მოსკოვს, კრემლს.


შეკითხვა: მაგრამ დასავლეთმა უკვე დაიწყო ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ცნობა. რატომ?

პრეზიდენტი: ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა საკითხებში მათ მოილაპარაკეს და შეთანხმებას მიაღწიეს. დანარჩენი რესპუბლიკების შესახებ კი მათ შორის სხვანაირი მოლაპარაკებაა. ესე იგი საქმე გვაქვს მოლაპარაკებასთან დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ასე რომ, ჩვენს რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობის მიზეზით ვითომდა ჩვენი არცნობა აბსურდული და პოლიტიკურად უმეცრულია.


შეკითხვა: არ შეიძლება არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა როგორც დასავლეთის, ისე კრემლის მიერ ძნელად მისაღწევი ამოცანაა. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის სირთულე ბევრს ღრმად გაცნობიერებული არა აქვს. გზა ნაბიჯ-ნაბიჯ არის გასავლელი, საჭიროა იმ თოკების სათითაოდ გადაჭრა, რომლებითაც მიბმული ვართ საბჭოთა იმპერიაზე. ორი დღის წინ თქვენი ბრძანებულების კომენტარისათვის - საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ტექნიკის შესახებ - მივმართე ამიერკავკასიის ჯარების სარდალს პატრიკეევს. მან მიპასუხა, ეს საკითხი პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე პრაქტიკულიო, მისი გადაწყვეტა არც იოლად, არც მალე არ მოხდებაო. თქვენც ასე თვლით?

პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, ამ ბრძანებულების რეალიზაცია ხელის ერთი აქნევით არ მოხდება, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მოსკოვის თავდაცვის სამინისტრო არ იჩენს ესოდენ შეურიგებელ პოზიციას მის მიმართ, შესაძლოა, ეს ტაქტიკური სვლაა, მაგრამ იგი მოლაპარაკებაზეც კი გვიწვევს. ვფიქრობ, მივაღწევთ დადებით შედეგებს.


შეკითხვა: შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ რესპუბლიკის მთავარი პოლიტიკური პრობლემები სწორი გზით მიდის?

პრეზიდენტი: დიახ, შეიძლება ასე ჩავთვალოთ, რომ არ იყოს შიდა ქართლის მოვლენები. შიდა ქართლში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, უფრო და უფრო აგრესიული ხდება საბჭოთა შინაგანი ჯარი. ისინი ოს ექსტრემისტებთან ერთად დაუნდობლად არბევენ ჩვენს სოფლებს. მოსახლეობა უდიდეს ტანჯვას განიცდის, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს და გვაღელვებს.


შეკითხვა: მოსკოვის პრესას და ტელეგადაცემებს თუ დავუჯერებთ ჩვენ, ქართველებს მოსალოცად გვქონია საქმე. მათ მთელ საბჭოთა იმპერიასა და მსოფლიოს აუწყეს “სენსაცია“: ქართველებმა ჯერ არნახული სამხედრო იარაღი გამოიგონეს, რომლითაც შიდა ქართლის სოფლებიდან კავკასიონის მთაგრეხილზე გადავლით პირდაპირ ვლადიკავკაზს უშენენ უცნაურ ყუმბარებსო. ხომ არ გაანდობდით ამ არნახული იარაღის მონაცემებს მსოფლიოს?

პრეზიდენტი: სხვათა შორის, როცა ჩემთან ჩამოვიდნენ პროგრამა „ვრემიას“ კორესპონდენტები, მე მათ მივესალმე, როგორც მეზღაპრეებს. არ ვიცი, ეს ეწყინათ თუ არა, მაგრამ მხოლოდ მე და თქვენ კი არა, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მოსკოვის პრესა და ტელეარხები ბარონ მიუნჰაუზენზე უფრო უკეთეს ზღაპრებს თხზავენ. აბა, ის, რაც თქვენ ახლა ახსენეთ, ზღაპარი არ არის? თანაც ბოროტი ზღაპარი?


შეკითხვა: კიდევ ხომ არაფრის თქმა გნებავთ, ბატონო პრეზიდენტო?

პრეზიდენტი: სათქმელს და საფიქრალს რა დალევს ამ ურთულეს პერიოდში... მაგრამ არის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მტკივნეულია. ეს არის ოპოზიციის დესტრუქციული მოქმედება. გულწრფელად გეტყვით, მე ვერაფრით ვერ გამიგია ამ ადამიანთა ფსიქოლოგია. მტრობა, როგორც ასეთი, ადამიანებში არსებობს. მაგრამ საკუთარი სამშობლოს მტრობა? მშობლიური ხალხისათვის ცხოვრების გართულება? სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევაში ხელის შეშლა? იმის მაგივრად, რომ მთელმა ერმა თავი დავდოთ შიდა ქართლში მდგომარეობის აღდგენისათვის, თვითმარქვია „პატრიოტულმა“ ჯგუფებმა იარაღი დაიტაცეს და თავად გახდნენ კრიმინალური სიტუაციის შემქმნელები. რა ვქნათ, იარაღით შევუტიოთ მათ, როცა ყველას ერთი საერთო მტერი გვყავს?! ხალხი ერთ მუშტად უნდა შეიკრას ამ მდგომარეობიდან გამოსვლისათვის. აი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს!


[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№233 (253), გვ. 1, 27 ნოემბერი, 1991 წ.].