„ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური მეთოდით ვიბრძვით“

ინტერვიუ რადიოსადგურ „თავისუფლების“ კორესპონდენტთან

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ევროპის ქვეყნებში

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ მიმართეთ გერმანიის ხელისუფლებას ვიზის გაცემის თაობაზე, რაზეც უარი გეთქვათ. ამას მოჰყვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, თითქოს თქვენ გერმანიის მთავრობისათვის არ მიგიმართავთ. შედგება თუ არა თქვენი ვიზიტი ამ ქვეყანაში?

ჰელსინკში ჩემს ჩამოსვლამდე ჩემი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ საელჩოს აქ, ჰელსინკში და მიიღეს დასტური, რომ ვიზასთან დაკავშირებით არ იქნებოდა არანაირი დაბრკოლება და მე შემეძლო მიუნხენში ჩასვლა. ჩემთვის ბილეთიც კი იყო აღებული. ჩემი აქ ჩამოსვლისთანავე კვლავ გაეგზავნა შეკითხვა საელჩოს, მაგრამ მათგან უარი მივიღეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების შემდეგ ჩვენ უკვე წერილობით მივმართეთ მათ და პირადად გადავეცით ყველა დოკუმენტი, რაც საჭირო იყო. მიუხედავად ამისა, საელჩოდან ცინიკური პასუხი მივიღეთ, რომ მაინც უარს გვეტყვიან. რატომ უფრთხიან ისინი ღია განცხადებას ჩემთვის უარის თქმის შესახებ? ძალიან მაკვირვებს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის ამგვარი მოქმედება.

იქნებ ადგილი აქვს გაუგებრობას, გააგზავნეს თუ არა თქვენმა წარმომადგენლებმა წერილობითი შეკითხვა ვიზის თაობაზე?

დღეს გადავეცით ყველა მასალები, მიუხედავად ამისა, უარი მივიღეთ.

თქვენ გაქვთ ოფიციალური უარი?

ოფიციალური უარი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი მივიღებთ, ყველგან გავავრცელებთ, რათა ყველასთვის ყოველივე ნათელი იყოს.

ბატონო პრეზიდენტო, რა არის თქვენი უცხოეთში მოგზაურობის მიზანი - იგი კერძო ხასიათისაა თუ პოლიტიკური? ვის შეხვდით ოფიციალურ პირთაგან, ან ვისთან აპირებთ შეხვედრას?

ჩვენი მიზანია მოვინახულოთ დასავლეთის ქვეყნები, რათა შევხედოთ ადამიანებს, მოვუთხროთ ჩვენსა და საქართველოს შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და რა გადაგვხდა თავს. აი, ეს გახლავთ ძირითადი მიზანი. მე გახლდით ფინეთის პარლამენტში, რომლის მოწვევითაც ვიმყოფებით აქ. ალბათ იცით, რომ აქ არის საპარლამენტო ჯგუფი, რომელსაც ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფი ეწოდება. შევხვდი მათ. სამართალდამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მსურდა შეხვედრა, რამეთუ ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა. აი, ამ საკითხებზე მსურდა საუბარი.

აგერ უკვე წელიწადი სრულდება, რაც თქვენ ემიგრაციაში იმყოფებით. როგორ მოეწყვეთ გროზნოში?

კარგად, გმადლობთ, საქმე ისაა, რომ მე არასწორად მიწოდებენ ყოფილ პრეზიდენტს. მე ვარ კანონიერი პრეზიდენტი დევნილობაში. ასე რომ, ამასთან დაკავშირებითაც მინდოდა გამეფანტა ყოველგვარი გაუგებრობა.

- ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს მძიმე დღეები უდგას: ომი აფხაზეთში, გადაუჭრელი ოსური საკითხი, პრაქტიკულად მოშლილი ეკონომიკა. რა თქმა უნდა, თქვენ მოწინააღმდეგე ხართ ახლანდელი მთავრობისა, მაგრამ, საინტერესოა, როგორია თქვენი გეგმა კრიზისიდან გამოსვლისა?

- ერთადერთი გამოსავალია უკანონო ე.წ. მთავრობის გადადგომა და ასევე უკანონოდ ფორმირებული ე.წ. პარლამენტის დაშლა. ის არჩევნები, რომლებიც ჩატარდა, იყო ფალსიფიცირებული და ანტიკონსტიტუციური. ეს იყო ნამდვილი კომუნისტური არჩევნები, ყოველივე მომდინარეობს ხელისუფლების სწორედ ამ უკანონო ორგანოებისაგან, ასე რომ ერთადერთი გამოსავალია ამჟამინდელი ე.წ. ხელისუფლების და პარლამენტის სრული შემადგენლობით გადადგომა და ხელისუფლების კანონიერი სტრუქტურების აღდგენა.

- საქართველოში, და არა მარტო იქ, ბევრი ლაპარაკობს თქვენსა და ამჟამინდელ მთავრობას შორის კონფრონტაციის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ. თვლიან რა, რომ ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს არა ავტომატით ხელში, არამედ საპარლამენტო ტრიბუნაზე. მზად ხართ თუ არა ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და პოლიტიკური ბრძოლა წარმართოთ საპარლამენტო ხერხებით?

- საქმე ისაა, რომ სხვა ხერხებს მე არ ვცნობ და არც ვეწევი სხვაგვარ ბრძოლას. მე არ ვაწარმოებ არავითარ შეიარაღებულ ბრძოლას და მას წარვმართავ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით. სწორედ ეს არ სურთ მათ და ჩემი და კანონიერი ხელისუფლების მომხრეებს უმკლავდებიან იარაღით, ტერორით, მასობრივი რეპრესიებით. ასე რომ, ამაში მათ უნდა დასდოთ ბრალი. მე არ ვარღვევ პოლიტიკური, საპარლამენტო ბრძოლის კანონებს.

- წარმოიდგინეთ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლებისგან მოგივიდათ წინადადება, რომ ფაქტიურად, ფიზიკურად დაბრუნდეთ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოთ პოლიტიკურ ბრძოლაში. მიიღებდით თუ არა ამგვარ წინადადებას?

- შეიძლება, მაგრამ გააჩნია, როგორი გარანტიები და პირობები იქნება.

- წარმოიდგინეთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ კვლავ მოხვედით ხელისუფლების სათავეში, რას არ გააკეთებდით ისე, როგორც ადრე გააკეთეთ. გაგიჩნდათ თუ არა ახალი შეხედულებები ამა თუ იმ პრობლემაზე და შესაბამისად, მათი გადაჭრის გზებზე?

- რა თქმა უნდა, მე არ მინდა ვთქვა, რომ არ მქონდა შეცდომები. შეუმცდარი არავინაა, მით უმეტეს ისეთ უმძიმეს სიტუაციაში, როგორიც საქართველოშია. შეცდომები იყო. განსაკუთრებით საკადრო პოლიტიკაში. ალბათ ჩემი გარემოცვიდან ყველა არ იყო ღირსეული, მაგრამ დღეს ახდენენ ყოველივე ამის ზედმეტად უტრირებას. მე ბრალს მდებენ უმთავრესად იმაში, რომ იყო მეტისმეტად არასრულყოფილი კადრები და თითქოს, მათი წყალობით შეირყა ჩემი რეპუტაცია. კადრების უმეტესი ნაწილი ნორმალური იყო და შესაფერისი. თუმცა, ალბათ, ზოგიერთი მინისტრი ჩემი გარემოცვიდან მართლაც უღირსი იყო. სწორედ ამას იყენებენ ჩემდამი მტრულად განწყობილი ძალები.

- ბატონო პრეზიდენტო, როგორია თქვენი უახლოესი მომავლის გეგმები?

- პოლიტიკური, მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლა სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენისათვის, კატასტროფის წინაშე მდგარი ქართველი ერის გადარჩენისათვის...

[გაზ. „აღდგომა“, №31, გვ. 1-2, 20 დეკემბერი, 1992 წ.].