საჭიროა ერთიანი შეტევა საყოველთაო მხილების გზით

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორის

მარიკა აბაიშვილის შეკითხვებს პასუხობს

ზვიად გამსახურდია

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა ქალბატონმა მარიკა აბაიშვილმა რამდენიმე კითხვით მიმართა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.

ხედავთ თუ არა რეალურ მოკავშირეებს და თანამოაზრეებს ევროპის ქვეყნებში (ან ამერიკაში) თავისუფალი, ღვთისმოსავი, ჭეშმარიტ ზნეობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის საქმეში (მხედველობაში არ მაქვს ოდენ დემოკრატიის ქომაგობა)?

ევროპის ქვეყნებშიც და ამერიკაშიც არიან ძალები, რომელნიც შესაძლოა დაგვეხმარონ საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში. დღემდე ისინი ხელფეხშებოჭილნი და პარალიზებულნი იყვნენ ბუშისა და მისი ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად. ამჟამად მეტი პერსპექტივაა, რომ დასავლეთში ხმა აღიმაღლონ ამ არნახული ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი გახდა ჩვენი ერი. ამისათვის აუცილებელია მეტი მამხილებელი მასალები იგზავნებოდეს დასავლეთში ყველა შესაძლებელი არხით, დაფიქსირდეს ყველა ბოროტმოქმედება და უკანონობა, რასაც სჩადიან საქართველოს მტრები.

დღეს საქართველოში მეფობს სრული განუკითხაობა. ყაჩაღობამ არნახული მასშტაბები მიიღო. ის ძალები, რომლებიც ასე თუ ისე მოწოდებულნი არიან ბანდიტიზმთან საბრძოლველად, ან პარალიზებულნი არიან, ან თავად გვევლინებიან ავაზაკებად.

ამ პრობლემის მოგვარების რა საშუალება გესახებათ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ?

საჭიროა ვამხილოთ და დოკუმენტურად დავასაბუთოთ, რომ დღეს საქართველოში არის არა მხოლოდ ანარქია, უკანონობა, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, არამედ ავაზაკების მმართველობა, ავაზაკების დიქტატურა. უნდა გაირღვეს საინფორმაციო ბლოკადა, რომელშიც მოგვაქციეს ბუშებმა, ბეიკერებმა, გენშერებმა და სხვებმა. მათი ზეგავლენა თანდათან სუსტდება. უნდა ვისარგებლოთ ამ გარემოებით. საბჭოთა ტოტალური სისტემა დამარცხდა მხილების შედეგად, სწორი ინფორმაციის გატანის შედეგად. მან სწორედ საინფორმაციო ომი წააგო დისიდენტებთან. ასევე დამარცხდა მისი ნაბოლარა, შევარდნაძის კრიმინალურ-ნომენკლატურული მაფია, მას უკვე დააცვდა ჭანგები. ახლა საჭიროა ერთიანი შეტევა საყოველთაო მხილების გზით. ამის გარეშე ვერასოდეს აღდგება კანონიერი ხელისუფლება. კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ კი უნდა მოხდეს ყველა ჯანსაღი ეროვნული ძალის კონსოლიდაცია მის გარშემო, რათა ვიხსნათ ერი დაღუპვისაგან.

მიმდინარე მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ სიკეთის წინააღმდეგ მიმართული ძალები (სუკი, კომპარტია, კომკავშირი, კრემლი და ა.შ.) ახერხებდნენ წლების მანძილზე მომხიბლავი ნიღბების მორგებას საკუთარი რეკრუტებისათვის. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა. დღეისათვის გამჟღავნებული ბინძური ადამიანების „ერისკაცობა“ სავსებით რეალურად გამოიყურებოდა სულ მცირე ხნის წინათაც კი და ბევრნიც მოვტყუვდით.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლის ქურქში გახვეული სუკის აგენტი გაცილებით უფრო საშიშია და გაცილებით მეტი ზიანის მომტანი, ვინემ გაცხადებული ჩეკისტი. ასეთივე სავალალო შედეგებამდე მივყავართ საქმისადმი უპასუხისმგებლო, ანგარებიან დამოკიდებულებას, იმისდა მიუხედავად, ამას სუკის აგენტი ამჟღავნებს, თუ უბრალოდ არამზადა. ასეთი მაგალითებიც ბევრი იყო ჩვენს შორის.

გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ასეთი ადამიანებისგან ჩვენ სრულად განვთავისუფლდით დღეს, მეტადრე კი, რომ სახვალიოდ კვლავაც არ შემოგვეჯარებიან ისინი.

დიდი ახსნა-განმარტებითი მუშაობაა საჭირო, რათა ფართო მასებს შევაგნებინოთ, თუ რაში მდგომარეობს დღეს სიკეთის წინააღმდეგ მიმართული ძალების ტაქტიკა. ეს არის უაღრესად დახვეწილი დემაგოგია. ახალი „დემოკრატიული“ და „ქრისტიანული“ ნიღბების მორგება. ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ცნობდა ხალხი. იყვნენ აშკარა აგენტები, კრემლისა და სუკის ღია ემისრები, მაგრამ უფრო საშიშნი იყვნენ და არიან „წყალქვეშა ნავები“ და „ტროას ცხენები“, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ხალხისა და საზოგადოების დაბნევაში, მოტყუებაში. საბჭოთა პერიოდში მათ „დისიდენტების“ სახელებიც კი ჰქონდათ, ან „ნეიტრალური“ ინტელიგენტების, „რეალისტების“ და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, არავინ იცოდა მათი ნამდვილი მისსია, როდესაც მე ვამხელდი ასეთ პიროვნებებს, თვით ჩვენს მომხრეებშიც კი გაისმოდა უკმაყოფილო ხმები: „აჭარბებს“, „აზვიადებს“, „ყველგან აგენტები ეჩვენება“. ახლა კი ვრწმუნდებით, რომ თურმე მეც არ მქონია სრული ინფორმაცია ყველას შესახებ, იმდენად ოსტატურად ინიღბებოდნენ ისინი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ კანონიერების აღდგენისთანავე ხელისუფლება და მთავრობა უპირველესად საკუთარი თავის მიმართ უნდა გახდეს ზედმიწევნით მომთხოვნი და ფხიზელი, რათა მომავალში არავითარი ძალაუფლება არ ჩაუვარდეს ხელში მათ, ვისთვისაც საკუთარი პატივი უფრო ღირებულია, ვიდრე საქმე.

ჩვენი თავისადმიც, ცხადია, უფრო მომთხოვნნი უნდა გავხდეთ, უფრო მკაცრნი; შეცდომებისაგან არც ჩვენ ვიყავით დაზღვეულნი, მაგრამ როგორც იტყვიან, „ზოგი ჭირი მარგებელია“.

დღეს უფრო მეტი ვიცით საკუთარი შეცდომების შესახებ, უფრო დაზღვეულნი ვართ შენიღბულთა ხრიკებისა და ფანდებისაგან. ჩვენ არ უნდა ვემსგავსოთ ბურბონებს, რომელთაც საფრანგეთის რევოლუციამ არც არაფერი შემატა და არც არაფერი ასწავლა.

1993 წლის 17 იანვარი.

[გაზ. „ქართული აზრი“, №1 (29), გვ. 2, 26 იანვარი, 1993 წ.].