საქართველოს რეპუბლიკის პრეზიდენტის

ზვიად გამსახურდიას პასუხები

უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის

დეპუტატ გ. მარჯანიშვილის შეკითხვებზე


ბატონო პრეზიდენტო, როგორც თქვენთვის ცნობილია, ი. წერეთელმა საქართველოს ე.წ. პარლამენტში მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა. რა აზრისა ხართ მის ამგვარ მოთხოვნაზე?

როდესაც ვინმეს გადადგომას ითხოვ, ეს იმას ნიშნავს, რომ აღიარებ მის კანონიერ სტატუსს იმ თანამდებობაზე, რომელიც მას უკავია. ასე რომ, გადადგომის მოთხოვნა აღიარებაცაა. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უკანონო ფაქტობრივი ხელისუფლების გაუქმება და იმ პირების ჩამოშორება ხელისუფლებიდან, რომელთაც დღეს ქვეყნის ხელმძღვანელის პრეტენზია აქვთ. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. პარლამენტში მხოლოდ ორი კაცი ითხოვს შევარდნაძის გადადგომას, შესაძლოა, ეს წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვითაც მიმდინარეობდეს. შესაძლოა, შევარდნაძეს კიდეც აწყობდეს, რომ ისეთი არასტაბილური ქცევისა და აზროვნების კაცი, როგორიც არის წერეთელი, მოითხოვს მის გადადგომას, თანაც ვერავინ უსაყვედურებს, დემოკრატია არ არისო თქვენს ქვეყანაში, მაშინვე მიუთითებენ „ოპოზიციაზე“ წერეთლის სახით. მოსკოვიც მხოლოდ წერეთლის განცხადებებზე საუბრობს, იმაზე კი არას ამბობენ, ქართველი საზოგადოების ათასობით წარმომადგენელი რომ ითხოვს შევარდნაძის გადადგომას კოლექტიური წერილებით და მრავალათასიანი მიტინგებით.

წერეთელი თვლის, რომ წინა ხელისუფლებაც უკანონო იყო. როგორ შეაფასებდით მის ამ განცხადებას?

ამის მიზეზია მისი სრული უმეცრება როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე პოლიტოლოგიისა და უახლესი ისტორიის სფეროში. მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნები თურმე დანიშნა არალეგიტიმურმა ორგანომ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ. როგორც ცნობილია, მსოფლიო კოლონიალური სისტემის მსხვრევას მოჰყვა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღმოცენება. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, კანონიერად არ უნდა ვცნოთ, მაგალითად, ინდოეთის სახელმწიფო ხელისუფლება, რახან იქ არჩევნები დანიშნა ბრიტანეთის უკანონო კოლონიურმა ხელისუფლებამ, რაც მას აიძულა ეროვნულმა მოძრაობამ. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა, ასე მოხდა თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში. წერეთლის „ლოგიკით“ კანონიერად არ უნდა ვცნოთ არც ამ ქვეყნების ხელისუფლება. მთავარია, რამდენად სამართლიანად და პატიოსნად ტარდება არჩევნები, რამდენად სრულყოფილია საარჩევნო კანონი. მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ წარმოგზავნა დამკვირვებლები და სპეციალისტები ჩვენს არჩევნებზე და არც ერთ მათგანს არ დაბადებია ისეთი აზრები, როგორიც წერეთელს. იგი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რომ უფრო კომპეტენტურია ასეთ საკითხებში, ვიდრე მაგალითად, პროფესორი რიჩარდ პაიპსი, უდიდესი ამერიკელი პოლიტოლოგი, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა ჩვენს არჩევნებს. ასე რომ, წერეთელმა სჯობს ელემენტარულ გათვითცნობიერებაზე და თვითგანვითარებაზე იზრუნოს და პოლიტიკანობას საერთოდ დაანებოს თავი. საქართველო იყო რუსეთის კოლონია. ჩვენ უსისხლოდ ვაიძულეთ კოლონიური ხელისუფლება, გაეუქმებინა თავისი თავი, დავანიშნინეთ არჩევნები, ჩავატარეთ ეს არჩევნები დემოკრატიულად და გამოვაცხადეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ საქმეში კი წერეთელი მხოლოდ ხელისშემშლელის როლს ასრულებდა. აი, ეს ვერ მოუნელებია მას და სხვა ჰეროსტრატეებს. ამიტომ ცდილობენ ისინი სახელი გაუტეხონ 28 ოქტომბრის მონაპოვარს.

საქართველოში ეროვნულმა ყრილობამ იმიტომ დანიშნა 1918 წლის არჩევნები, რომ არავითარი ხელისუფლება არ არსებობდა, არც კანონიერი, არც უკანონო. ხოლო როდესაც ქვეყანაში რაიმე ხელისუფლება არსებობს, ჩვეულებრივ იგი ნიშნავს არჩევნებს. ასეა მსოფლიო პრაქტიკაში. საინტერესოა, რომ წერეთელი მენშევიკურ, სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას უფრო მეტ ნდობას უცხადებს, ვიდრე ეროვნულ ხელისუფლებას მეორე რესპუბლიკისას, თუმც თავს თვლის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარედ.

შევარდნაძე გერმანიაში მიემგზავრება. რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის?

საქართველოს ისტორია სავსეა სხვათა ქვეყნებისთვის თავგადადებული და საკუთარი ქვეყნის დამაქცევარი იანიჩარებით და მამლუქებით. ერთ-ერთი ასეთია შევარდნაძე, რომელმაც საქართველოს ნგრევისა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანა. ჩემთვის გასაგებია გერმანიის მთავრობის დამოკიდებულება მისადმი. იგი და გორბაჩოვი კარგად გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. მაგრამ მოარული აზრი იმის შესახებ, რომ მან „დაამთავრა „ცივი ომი“ და გააერთიანა გერმანია“, დაახლოებით იმას ჰგავს, ვინმემ ფელდმარშალ კეიტელს რომ მიაწეროს მეორე მსოფლიო ომის დამთავრება იმის გამო, რომ მან კაპიტულაციაზე მოაწერა ხელი. გორბაჩოვისა და შევარდნაძის კაპიტულაცია ცივ ომში მათი კეთილი ნების შედეგი კი არ იყო, არამედ მათი დამარცხებისა. ცივ ომში გაიმარჯვა რეიგანის მტკიცე პოლიტიკამ, სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივამ („ვარსკვლავეთის ომების“ პროგრამამ) და არა გორბაჩოვ-შევარდნაძის „დემოკრტიამ“. საბჭოთა კავშირში დაწყებული ლიბერალიზაციის ავტორიც რეიგანი იყო და არა ეს უკანასკნელნი. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ დისიდენტური მოძრაობის როლი. დასავლეთის პოლიტოლოგიაში არსებობს აზრი, რომ ამ კაპიტულაციის სანაცვლოდ დასავლეთის ხელისუფალნი გორბაჩოვსა და შევარდნაძეს მუდმივ პოლიტიკურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალაუფლების შენარჩუნებაში. ამგვარ ხელისუფალთა შორის უმთავრესნი არიან მაასტრიხტის მესვეურები, რომელნიც ეროვნულ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის განადგურებას და „ერთიანი ევროპის“ შექმნას ისახავენ მიზნად, თუმც ამ იდეამ უკვე კრახი განიცადა თანამედროვე ევროპაში. სწორედ ისინი ამყარებენ იმედს შევარდნაძეზე და ყოველნაირად ცდილობენ მის გადარჩენას. მაგრამ ვერავითარი მათი მედლები ვერ იხსნის შევარდნაძეს, მისი რეანიმაცია შეუძლებელია, იგი განწირულია, ვინაიდან დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს და ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეას.

რა აზრისა ხართ ქართველთა და აფხაზთა შორის კონფლიქტზე?

უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ქართველთა და აფხაზთა შორის კონფლიქტი ეხმარება შევარდნაძეს ძალაუფლების შენარჩუნებაში და წარმოადგენს მის ერთადერთ იმედს. ეს კარგად დამტკიცდა 18 ივნისის ე.წ. სესიაზე, სადაც გამოვიდა თ. ნადარეიშვილი და წაიკითხა ე.წ. „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭოს“ განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარე ომის წარმატებით დამთავრებისთვის ვითომდაც აუცილებელია შევარდნაძის შენარჩუნება ხელისუფლების სათავეში.

ამასთან, აფხაზეთში მებრძოლი ქართული შენაერთების მეთაურები ადასტურებენ, რომ სოხუმს სწორედ შევარდნაძის თვითმფრინავები ბომბავდნენ. ერთ-ერთი მათგანის ჩამოგდების შემდეგ ქართველმა პილოტმა კატაპულტირება მოახდინა ახალი ათონისკენ, სადაც ჩაბარდა აფხაზებს და თავი ამგვარად გადაირჩინა. ასე რომ, იგი სეპარატისტებთან კარგად არის შეხმატკბილებული. არის მრავალი სხვა ფაქტი, რომელიც მალე გამომზეურდება. დღეს შევარდნაძე იმუქრება „მესამე ომით“, როგორც იგი უწოდებს მოსალოდნელ სოციალურ აფეთქებას, ე.ი. არ მალავს, რომ ამ ომში იგი ტყვიას ესვრის შიმშილისა და გაჭირვებისაგან გაწამებულ საკუთარ ხალხს.

უჭერს თუ არა პრეზიდენტი კლინტონი მხარს შევარდნაძის ხელისუფლებას?

ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შევარდნაძის ხელისუფლებისადმი განსხვავებულია წინა ადმინისტრაციის პოლიტიკისაგან. მას საბოლოოდ არ წირავენ, მაგრამ ამას მაინც ვერ დაერქმევა მხარდაჭერა. კლინტონის გამოთქმები უფრო ფრთხილია და ორაზროვანი, ვიდრე მისი წინამორბედის, ბუშისა. მაგ. ა.წ. 16 ივნისს „ამერიკის ხმით“ ითქვა, რომ კლინტონი მხარს დაუჭერს შევარდნაძეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში იქნება სტაბილიზაცია და ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს მას. ეს კი იმას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე, რომ საქართველოში შევარდნაძე ვერ ახერხებს სტაბილიზაციას, ხალხი მას მხარს არ უჭერს და ამიტომ ამერიკის მხრივ იგი ამაოდ მოელის მხარდაჭერას. იმავე გადაცემაში წაკითხულ იქნა ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიის მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, უფრო ადრე ასეთივე მოხსენება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა. ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი.

რა აზრისა ხართ ე.წ. ევრაზიის დერეფანზე?

70 წლის განმავლობაში ის პარტია, რომელსაც ეკუთვნოდა შევარდნაძე, დაპირებებით კვებავდა ხალხს. არ არის გასაკვირი, რომ შევარდნაძე იგივე დემაგოგიას აგრძელებს დღეს საქართველოში, ამჯერად ჩინეთისა და ყაზახეთის მხრივ ვითომდაც მოსალოდნელ დახმარებაზე. რა დახმარებაც არ უნდა გაუწიონ საქართველოს უცხო ქვეყნებმა, ხალხს იგი არ მოხმარდება, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს ხელისუფლება, არ მოქმედებს კანონი და ყველაფერი მონოპოლიზებული აქვს მაფიას და კრიმინალურ სამყაროს. ვერავითარი „კორიდორი“ ვერ იმოქმედებს ქვეყანაში, სადაც ასეთი ანარქია და დესტაბილიზაციაა. გარდა ამისა, ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფო, რომელსაც ეცხოვროს მარტოოდენ გარედან შემოსული დახმარებებით. სანამ საქართველოში არ აღდგება კანონიერი ხელისუფლება და კანონიერება, მთელმა მსოფლიომაც რომ გამოუწოდოს დახმარების ხელი, ქვეყანას არაფერი ეშველება.

რაში ხედავთ გამოსავალს საქართველოსთვის?

ერთადერთი გამოსავალია საყოველთაო-სახალხო წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის გზით უკანონო ხელისუფლების გაუქმება და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. ამასთან უნდა გაგრძელდეს უცხოეთის ქვეყნების დეტალური ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

ქუდზე კაცი საქართველოს გადასარჩენად!

1993 წ. 19 ივნისი

[გაზ. „აღდგომა“, №21 (53), გვ. 1-2, 24 ივნისი, 1993 წ.].