საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

განცხადება

ეროვნული გმირის -

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ზვიად გამსახურდიას

დაღუპვასთან დაკავშირებით

 

1993 წ. 31 დეკემბერს საქართველოში მოწამეობრივად აღესრულა ქართველი ხალხის ეროვნული გმირი - საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქი, კავკასიური მოძრაობის სულისჩამდგმელი, დისიდენტი, მეცნიერი და მწერალი ბატონი ზვიად გამსახურდია.

ბატონი ზვიად გამსახურდია სიყრმიდანვე ჩაება ქართველი ერის სულიერი აღორძინებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის უკომპრომისო ბრძოლაში, რამაც შესაძლებელი გახადა საუკუნოვანი ეროვნული ოცნების აღსრულება - დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ამ ფასდაუდებელი ღვაწლის პასუხად საქართველოს პირველი პრეზიდენტი გარემოცული იყო ხალხის უდიდესი ნდობითა და სიყვარულით.

რუსეთის ნეოიმპერიალისტური ძალებისა და კომუნისტურ-ნომენკლატურული ხუნტის მიერ 1992 წლის დამდეგს საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად იგნორირებული სახელმწიფო სუვერენიტეტისა და კანონიერების აღდგენის მიზნით, ხალხის მოთხოვნით 1993 წლის შემოდგომაზე სამშობლოში დაბრუნდა დევნილობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია.

ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის იმედი პრეზიდენტთან იყო გაიგივებული, საქართველოს თავისუფლების მტრებმა - რუსეთის ნეოიმპერიალისტური ძალების სპეცსამსახურებმა და მათმა ადგილობრივმა აგენტურამ, განახორციელა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მკვლელობა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თანაგრძნობას უცხადებს ბატონ ზვიად გამსახურდიას ოჯახს და სრულიად საქართველოს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დევნილობაში ერთგული რჩება ბრძოლის მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებისა და აგრძელებს მოღვაწეობას ქვეყანაში კანონიერების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის

უზენაესი საბჭო

გროზნო,

1994 წ. 2 აპრილი