თვე იგი მეორე - 1992 წ. თებერვალი

- ღია წერილი მის აღმატებულებას, რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს

- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ბატონ ჯეიმს ბეიკერს

- მიმართვა ქართველი ერისადმი

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

ღია წერილი

მის აღმატებულებას,

რუსეთის პრეზიდენტს

ბატონ ბორის ელცინს

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

აგერ უკვე მეორე თვეა, რაც საქართველოში შეიარაღებულმა ოპოზიციამ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედროთა მხარდაჭერით დაიწყო სამხედრო მოქმედება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. იღვრება სისხლი, ნადგურდება ქვეყანა, სუფევს ანარქია.

სამხედრო მოქმედების დაწყებამდე ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებდა საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების პოლიტიკას დემოკრატიის ნაკლებობის გამო და ამავდროულად ინტენსიურად იარაღდებოდა. ნათელი იყო, რომ ამიერკვკასიის სამხედრო ოლქის უშუალო დახმარების გარეშე „ოპოზიცია“ ვერ მოახერხებდა იმ მძლავრი ტექნიკისა და შეიარაღების შეძენას, რომელსაც დღეს ფლობს. კერძოდ, გასული წლის სექტემბერში, როცა ოპოზიციამ დაიწყო გამოსვლები ჩვენს წინაღმდეგ, მას ჰქონდა მხოლოდ სამი ბრონეტრანსპორტიორი და ერთი ჰაუბიცა, ამიტომ მათ მოქმედებას წარმატება არ მოჰყოლია. მოგვიანებით კი, გასული წლის დეკემბრიდან გამოჩნდა ათობით ტანკი, „ВМП“, ჰაუბიცები, ჭურვსასროლები, რაკეტები და სხვა. „ოპოზიცია“ დაუფარავად აცხადებს, რომ ყოველივე ამას მას აწვდის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებით. ცნობილია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას და პირადად თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. შესაძლოა ვინმეს გაჩენოდა წინააღმდეგობა, რომ ამგვარი განცხადება დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს, მაგრამ საყოველთაო გაკვირვებას იწვევს ოფიციალური რუსეთის დუმილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გასაკვირია აგრეთვე რუსეთის საინფორმაციო საშუალებების, პირველ რიგში კი ტელევიზიის პოზიცია. საქართველოს მოვლენების განხილვისას იგი დუმილს ამჯობინებს იმის თაობაზე, რომ საქართველოში დღეს სრული განუკითხაობა სუფევს და სამხედრო ხუნტის დანაშაულებრივი მოქმედება საფუძველს უყრის უსასტიკესი ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებას, რომლის შედარება მხოლოდღა გერმანულ ფაშიზმთან ან კამპუჩიაში პოლპოტის რეჟიმთან თუ შეიძლება. ეს რეჟიმი ყოველდღიურად ღვრის უდანაშაულო ადამიანთა სისხლს, ხვრეტს მშვიდობის მიტინგებს და დემონსტრაციებს. აზრის თავისუფლად გამოთქმისათვის აპატიმრებს ასობით ადამიანს. ამა წლის 2 თებერვალს ბოროტმოქმედთა მიერ დემონსტრაციის დროს მოკლული იქნა 20 ადამიანი, დაჭრილია დაახლოებით 200 კაცი. ნუთუ დემოკრატიული რუსეთი ვერ ხედავს ამას? ნუთუ თქვენ პირადად არ უნდა გამოგეთქვათ თქვენი პოზიცია საქართველოში სამხედრო გადატრიალებისა და იმ სისხლიანი ტერორის შესახებ, რომელიც მთელი ერის წინააღმდეგ მიმდინარეობს? ნუთუ ყოველივე ეს არ მოგაგონებთ მოსკოვის ГКЧП-ს მოვლენებს? დუმილი დანაშაულებრივი ხუნტის მოქმედებათა შესახებ ნიშნავს ტერორიზმის, ადამიანთა უფლებათა ხელყოფის, უკანონობის გამართლებას.

საგულისხმოა, რომ რუსეთის ტელევიზია საქართველოს მოვლენებზე საუბრისას, აღშფოთებული ქართველი მოსახლეობის მრავალათასიან მიტინგებს ზვიადისტების მიტინგებს უწოდებს, ხოლო კრიმინალურ ბანდებს კანონიერი ქურდის ჯაბა იოსელიანის მეთაურობით სამთავრობო ჯარებად ან სამართალდამცავ ორგანოებად იხსენიებს. საკითხავია, როდიდან სცნობს რუსეთი სამხედრო ხუნტას საქართველოს მთავრობად, და თუ ეს ასეა, თავის დროზე რატომ გაუწია იგივე რუსეთის ხელისუფლებამ წინააღმდეგობა ГКЧП-ს საბჭოთა კავშირის მთავრობად აღიარებას?

საქართველოს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი, მთავრობა და ხელისუფლება, რომელთანაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ოფიციალური ურთიერთობა. გავიხსენოთ, თუნდაც, ყაზბეგში ჩვენი შეხვედრა გასული წლის მარტის თვეში, სადაც ხელმოწერილ იქნა ოქმი გადაწყვეტილებაზე საქართველოსა და რუსეთს შორის ხელისუფლების შესახებ. რამ გაიძულათ მტრული პოზიცია დაგეკავებინათ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და თქვენი დუმილით მხარი დაგეჭირათ სისხლის სამართლის დამნაშავეთაგან შემდგარი ხუნტისათვის, რომელიც ძალადობის გზით ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და თავის თავის საქართველოს მთავრობად გამოცხადებას?

როგორც სჩანს, ასეთი ზომების მიღება საქართველოს მიმართ განპირობებულია იმით, რომ რუსეთმა ვერ მიიღო საქართველოსგან თანხმობა СНГ-ში შესვლასთან დაკავშირებით. იმას, რომ 1991 წლის 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი არ გამოცხადდა ალმა-ატაში სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე. 22 დეკემბერს მოჰყვა შეიარაღებული ბანდების მიერ პარლამენტის შენობის შტურმი თბილისში.

ნუთუ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკური ზემოქმედების ამგვარი მეთოდები გამართლებულია, მაშინ, როცა არსებობს ხალხი, ერთადერთი, ვინც უფლებამოსილია გადაწყვიტოს თავისი ბედი? ნუთუ მიგაჩნიათ, რომ ეს მეთოდები დემოკრატიულია? ხომ დღესავით ნათელია, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს ხელმეორე ოკუპაცია, რომელსაც ახორციელებს არა კომუნისტური, არამედ დემოკრატიული რუსეთი ფსევდოოპოზიციის დაქირავებული ბანდებისა და ყოფილი საბჭოთა ჯარების მეშვეობით.

არ არის შემთხვევითი, რომ მოსკოვის მიერ ინსპირირებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხუნტის უხმო თანხმობით ფაქტობრივად მოხდა საქართველოსგან ისტორიული შიდა ქართლის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) მოწყვეტა და მისი რუსეთის ტერიტორიად გამოცხადება. ნუთუ შეიძლება გამართლება ჰქონდეს რუსეთის მთავრობის ამგვარ მოქმედებას საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით?

ყოველივე ზემოთქმული იმითაც დასტურდება, რომ არსებობს დოკუმენტურად დაფიქსირებული ურყევი ფაქტები ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სპეციალისტების მონაწილეობის შესახებ სამხედრო ოპერაციებში კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ოპოზიციის“ ძალები როდესმე თავს დასხმოდნენ სამხედრო ოლქის საწყობებს და იქედან იარაღი ან ტექნიკა გაეტაცათ, არ ყოფილა. საკითხავია, საიდან მოგროვდა მეამბოხეთა ხელში ასეთი რაოდენობით იარაღი და სამხედრო ტექნიკა?

ზემოხსენებული ალიანსი იქიდანაც სჩანს, რომ მთელ მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მიესალმა საქართველოში სამხედრო გადატრიალებასა და ხუნტის მოსვლას ქვეყნის სათავეში იყო რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარე რ. ხაზბულატოვი, ხოლო რუსეთის მთავრობამ სოლიდური ფულადი დახმარება აღმოუჩინა ხუნტას მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა საქართველოს სახელით გამოთქვა თანხმობა თანამეგობრობაში შესვლაზე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს თვით უძლიერესი დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც კი არ მიუღია რუსეთისგან არავითარი მატერიალური დახმარება.

მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოში მომხდარ მოვლენებს ლოკალური მნიშვნელობა აქვს და მათი უარყოფითი გავლენა საქართველოს ფარგლებს არ გასცდება. სხვა რესპუბლიკებშიც შეიძლება გაჩნდეს დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც ასევე დაისახავენ მიზნად, სამხედრო ძალების მხარდაჭერით დაამხონ კანონიერი ხელისუფლება. საქართველოს სამწუხარო გამოცდილება გადამდები შეიძლება აღმოჩნდეს.

ასე რომ, თუკი ე.წ. ოპოზიციის მტკიცება რუსეთის ხელისუფლების თანამონაწილეობის შესახებ საქართველოს პუტჩში უსაფუძვლოა, მე მოგიწოდებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ასევე მოვუწოდებ რუსეთის პარლამენტსა და მთავრობას გამოთქვათ თქვენი პრინციპული პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. შესაფერისი შეფასება მისცეთ სამხედრო ხუნტის სისხლიან ქმედებას და მოვუწოდოთ გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციას, მსოფლიოს ხალხებსა და მთავრობებს გადაარჩინონ ქართველი ხალხი იმ საშინელ კატასტროფას, რომელიც მას ემუქრება სამხედრო გადატრიალების გამარჯვების შემთხვევაში, რომლის შედეგად გაუქმდება კონსტიტუციური წყობა და ქვეყანაში დამკვიდრდება სისხლიანი ტოტალიტარული რეჟიმი. მხოლოდ ასე შეიძლება იმის დამტკიცება, რომ რუსეთი რეალურად დემოკრატიულ ქვეყანას წარმოადგენს.

პრეზიდენტები მიდიან და მოდიან. სამხედრო ხუნტების მმართველობა ყოველთვის ხანმოკლეა, რამეთუ ისინი ხალხის რისხვას იმსახურებენ. კეთილი ურთიერთობები ერებს შორის გასაჭირის ჟამს ურთიერთდახმარებაზე იგება. ასე მესახება ჩვენი ერების მომავალი ურთიერთობა.

პატივისცემით

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

საქართველო.

1992 წლის 5 თებერვალი.

[გაზ. „ქართული აზრი“, №6, გვ. 2, 26 თებერვალი, 1992 წ.].

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს

ბატონ ჯეიმს ბეიკერს

როგორც ცნობილი გახდა, თქვენ აპირებთ საქართველოში ჩამობრძანებას ქართველი ხალხის სისხლიან ჯალათთან, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად. ედუარდ შევარდნაძე იყო იმ სამხედრო გადატრიალებისა და პუტჩის ორგანიზატორი, რომელმაც სისხლში ჩაახშო ქართველი ხალხის დემოკრატიული მონაპოვარი. ეს ავლენს თქვენს პირდაპირ ალიანსს დანაშაულებრივ ხუნტასთან, რომელიც ყოველდღიურად ღვრის უდანაშაულო ადამიანების სისხლს, ხვრიტავს მშვიდობიან მიტინგებს და დემონსტრანტებს, აპატიმრებს ასობით ადამიანს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, თრგუნავს პიროვნების თავისუფლებას. იმუქრება, რომ ადგილზე დახვრეტს ყველას, ვინც კანონიერი ხელისუფლების დასაცავ მიტინგში გაბედავს მონაწილეობის მიღებას.

ყოველივე ეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის დისკრედიტაციას, რომელიც თავის თავს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს. ხუნტასთან და მის ორგანიზატორებთან ურთიერთობით აშშ უგულვებელყოფს ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას და შედის საეჭვო ალიანსში დამნაშავეებსა და მაფიასთან.

ამგვარი მოქმედება ხელს უწყობს საქართველოში ტოტალიტარიზმისა და სახელმწიფო ტერორიზმის განვითარებას, რასაც ყოველთვის გმობდა ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა.

მე პროტესტს ვაცხადებ ამ ალიანსის წინააღმდეგ და ვითხოვ, რომ შემხვდეთ მე, საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს და კანონიერი მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომელნიც დღეს იდევნებიან თვითმარქვია ხელისუფლების მიერ.

გთხოვთ შემატყობინოთ პასუხი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

8 თებერვალი. 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №6, გვ. 2, 26 თებერვალი, 1992 წ.].

 

მიმართვა

ქართველი ერისადმი

დღეს, როდესაც საქართველო განსაცდელშია, როდესაც დგას ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი, ჩემს მოვალეობად ვრაცხ მოგმართოთ და გაგიზიაროთ ჩემი გულის ნადები.

უკანასკნელ წლებში ჩვენი ეროვნული მოძრაობის უდიდესმა წარმატებებმა განაპირობა ჩვენი კომუნისტური რეჟიმის უსისხლოდ დამხობა, თავისუფალ მრავალპარტიულ არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვება, დამოუკიდებლობის რეფერენდუმში გამარჯვება, თავად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს.

ქართველმა ერმა უდიდესი ნდობა გამომიცხადა მე 1991 წლის 26 მაისს, როდესაც ამირჩია პრეზიდენტად ხმათა დიდი უმრავლესობით, რითაც დამაკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე. სწორედ ეს პასუხიმსგებლობა მავალებს ვიყო პირუთვნელი, გულწრფელი, გადავხედო ახლო წარსულს და თვალი გავუსწორო მომავალს თქვენთან ერთად.

1989 წლიდან მოყოლებული იმპერიული ძალები და მათი მთავარი დასაყრდენი - ანტიეროვნული კომპარტია დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდნენ. მათი ყოველი ცდა ჩვენი მოძრაობის პარალიზებისა და ჩახშობის მარცხით მთავრდებოდა, ხოლო ჩვენთვის ყოველი მათი შემოტევა ახალი წინსვლის საწინდარი იყო. ამის მიზეზი კი გახლდათ იმჟამინდელი ერთიანობა ჩვენი მოძრაობისა, ერთიანი ტაქტიკა, ერთიანი სტრატეგია, რომელშიც პირველი ბზარი გაჩნდა 1989 წლის ზაფხულში. თავი იჩინა თავკერძობამ და ეგოიზმმა ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და დაჯგუფებების მხრივ, პირველობისათვის ბრძოლამ, ხოლო იმპერიულმა ძალებმა შეცვალეს ტაქტიკა ჩვენთან ბრძოლისა და გარედან შემოტევის ნაცვლად მთავარ მიზნად დაისახეს შიგნიდან გახრწნა, შიგნიდან აფეთქება ჩვენი მოძრაობისა, ფსევდოეროვნული, მაფიოზური ძალების კონცენტრირებით. ჩვენს გარშემო განწირულმა პარტოკრატიამ შექმნა ბანდიტურ-მაფიოზური დაჯგუფებები, რომლებსაც დაევალათ კორუფციის შემოტანა ჩვენს მოძრაობაში; აგრეთვე პირდაპირი ტერორისტული აქტების გზით - ლიკვიდაცია ეროვნული ძალებისა, ეროვნული მოძრაობის ლიდერებისა. ამოქმედდა მაფია, რომელიც აფინანსებდა და აძლიერებდა ამ ბანდებს, რათა მათ ბოლო მოეღოთ ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, მათ ეს ვერ განახორციელეს ოქტომბრის არჩევნების პერიოდში, ვინაიდან დაინახეს ერის არნახული კონსოლიდაცია ჩვენს გარშემო. ასე რომ, ხალხთა რისხვის შიშით, დამარცხებულმა პარტოკრატებმა ვეღარ განახორციელეს თავიანთი რევანში.

თუმც უნდა გვახსოვდეს, რომ იმ დღიდან, რაც არჩევნებში გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“, არ შეწყვეტილა მცდელობა დესტრუქციული ძალებისა, ჩვენი ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული, რაც მათ ვერ განახორციელეს, ვინაიდან „მრგვალ მაგიდაშიც“ ვინარჩუნებდით ერთიანობას და მტერი, მიუხედავად ათასგვარი ხრიკებისა, ვერ ახერხებდა ჩვენს დეზორგანიზებას და დამარცხებას.

პირველი ბზარი ჩვენს ერთიანობაში მაშინ გაჩნდა, როდესაც თავი იჩინა ღალატმა. როდესაც ყოფილ პარტოკრატებთან და მაფიასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ფსევდოოპოზიციამ შესძლო თანდათან გადაბირება „მრგვალი მაგიდის“ ჯერ ცალკეული წევრებისა, ხოლო შემდეგ - მთელი პარტიებისა და ორგანიზაციებისა. ამასთან, ძირითადი იერიში მოჰქონდათ ჩემზე, როგორც „დიქტატორზე“, „დემოკრატიის მტერზე“, რომელმაც, თურმე საქართველოში, დაამყარა ტოტალიტარული რეჟიმი. მოსკოვს გადახვეწილი საქართველოს მოღალატე პარტოკრატები შევარდნაძის მეთაურობით იმპერიულ ძალებთან ალიანსში, კარგად ახერხებდნენ დასავლეთის დეზორიენტირებას, რის შედეგადაც არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ დასავლეთშიც, უპრეცედენტო დეზინფორმაციის კამპანია გააჩაღეს ჩემს წინააღმდეგ.

მე არ მსურს იმის მტკიცება, თითქოს მე შეუმცდარი ვიყავი ჩემს ყოფილ ქმედებაში, ან არ მიმიძღვის არავითარი ბრალი, თუნდაც იმიტომ, რომ დროზე არ მივიღე მკაცრი ზომები ერის მტრებისა და მოღალატეების ასალაგმავად. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის უდიდესი სირთულეები, რასაც წავაწყდი კომუნისტების 70-წლიანი მმართველობით გაპარტახებული ქვეყნის მართვისას. მე ვერ ვპოვე თანამდგომნი და საკმარისი მხარდამჭერნი ჩემს ბრძოლაში. ამასთან, ე.წ. ოპოზიცია და მისი მოკავშირე პარტოკრატია ოსტატურად მოქმედებდნენ, რათა ჩემთვის არ მოეცათ მუშაობის საშუალება, ესარგებლათ ჩემი უნებლიე შეცდომებით და თავიანთი საბოტაჟისა და დესტრუქციული ქმედებების შედეგები ჩემთვის გადმოებრალებინათ. მაგალითად, 2 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედმა აგენტურამ და მტრებმა, რომელნიც ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდიდან ინარჩუნებდნენ იქ მტკიცე პოზიციებს, მიტინგზე მიიყვანეს შეიარაღებული მილიცია და დაარბიეს მიტინგი ჩემთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე (რისთვისაც შემდგომში გავანთავისუფლე ქალაქის მილიციის უფროსი ა. მიქაბერიძე და ერთ-ერთი თანამშრომელი დავაპატიმრებინე). შევაქმნევინე სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელმაც შეგნებულად არ იმუშავა, რათა არ გარკვეულიყო სიმართლე. მიუხედავად ამისა, დღემდე ამ ინციდენტს ჩემი მტრები უშუალოდ მე მიკავშირებენ და უცხოეთშიც ისე წარმოსახავენ საქმეს თითქოს ჩემი ბრძანებით დაარბიეს მიტინგი. იგივე ე.წ. დემოკრატები დღეს სდუმან სიგუას, იოსელიანისა და კიტოვანის ბანდების მიერ მიტინგების მრავალგზის დახვრეტაზე თბილისში და სხვა ქალაქებში, არავითარ შეფასებას არ აძლევენ ამას.

ყოველივე ამან გარკვეული დაბნეულობა შეიტანა ხალხის ნაწილში, ამას დაერთო მუსირება ე.წ. პოლიტპატიმრებისა, კრიტიკა ჩემი ეკონომიკური პოლიტიკისა და სხვა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარი დემაგოგიით მათ ვერ შესძლეს მოსახლეობის ძირითადი ნაწილის გადაბირება, რომელიც კვლავ ხელისუფლების ერთგული რჩებოდა, რაც კარგად დამტკიცდა პირველი პუტჩის დროს სექტემბერ-ოქტომბერში.

იმპერიულმა ძალებმა დაინახეს რა, რომ დეზინფორმაციით, კრიტიკით, მიტინგებით, დემონსტრაციით, ხულიგნური თავდასხმებით ვერას აღწევენ, გადაწყვიტეს პირდაპირი სამხედრო ჩარევის გზით მოეხდინათ გადატრიალება საქართველოში. თბილისის ზღვაზე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა დაბანაკების შემდეგ სისტემატურად ვღებულობდით ინფორმაციას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქთან მათი კავშირის შესახებ. სამხედროები ამარაგებდნენ ე.წ. ოპოზიციას არა მხოლოდ იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, არამედ სამხედრო სპეციალისტებით, სნაიპერებითაც, რომელნიც მრავალგზის დავაფიქსირეთ ვიდეოფირებზე (ყოველივე ეს ნათლად გამოჩნდა პუტჩისტების რეკლამირებისას ცენტრალური ტელევიზიით). თუმცა, უნდა ითქვას, რომ თვით ამგვარი სამხედრო პროვოკაციებითაც ვერას მიაღწევდნენ, ერის ჯეროვანი კონსოლიდაცია რომ დაენახათ ხელისუფლების გარშემო და ჩვენს რიგებში რომ არ ეპოვნათ ამდენი მოღალატე.

გავიხსენოთ ვილნიუსის მაგალითი, სადაც ხალხი 8 თვის განმავლობაში დღისით და ღამით იცავდა პარლამენტის შენობას, ამის გამო საბჭოთა არმიის ტანკებმა და „ომონმა“ იქ თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწიეს. ჩვენში კი, ბოლო ხანებში, აშკარა იყო, რომ დესტრუქციულმა ძალებმა მიაღწიეს თავის საწადელს. ე.წ. ოპოზიციის ბანდებს ხალხის სიმრავლე თუ მოიგერიებდა, ჩვენ კი ვერ ვაჩვენეთ მათ ჯეროვანი კონსოლიდაცია და ერთიანობა. საქართველოში მოხდა უპრეცედენტო რამ, რასაც არ გააჩნია ანალოგი მსოფლიო ისტორიაში. მაფიამ და დამნაშავეთა სამყარომ ხელთ იგდო ხელისუფლება. ერს აღარ ჰყავს მთავრობა, აღარ ჰყავს სამართალდამცავი ორგანოები, აღარ ჰყავს ეკლესია, აღარ ჰყავს საზოგადოება. თუ მთელი ქართველი ერი არ აღსდგა და არ დაირაზმა ამ საშინელი მოვლენის წინააღმდეგ, ჩვენ, როგორც ერს, არ აგვცდება საშინელი სირცხვილი მსოფლიოს ხალხთა წინაშე. ყოველივე ამას არ გვაპატიებს არც დღევანდელობა, არც მომავალი და, საერთოდ, ჩვენი მომავალი არსებობაც როგორც ერისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ზოგიერთს უჭირს იმპერიის ხედის დანახვა საქართველოში დატრიალებულ მოვლენებში. „იმპერია დაიშალა, იმპერია აღარ არსებობს“ - ამტკიცებენ ისინი, რაც უდიდესი ილუზიაა. იმპერია როდი დაიშალა... მოხდა მისი მოდერნიზაცია და თანამედროვე პირობებისათვის შეგუება. დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ დარჩა რუსეთის ფედერაცია, სინამდვილეში - იგივე რუსეთის იმპერია, რომელიც იგივე ხალხთა საპყრობილეა, თუმც დღეს დემოკრატიული ქვეყნის ნიღბით გამოდის. რუსეთის იმპერია ცდილობს შეინარჩუნოს არა მხოლოდ ფედერაციის შიგნით მყოფი ქვეყნები, არამედ მის გარეთ არსებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც და, უწინარეს ყოვლისა, საქართველო. ამ მიზნით მან შეაკოწიწა ე.წ. „თანამეგობრობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა“, სადაც რუსეთი ცდილობს თავისი დიქტატისა და პირველობის შენარჩუნებას.

საქართველოში პუტჩი და სამხედრო გადატრიალება, ეს იყო რევანში პარტოკრატიისა და მაფიოზური სტრუქტურებისა, რევანში მოსკოვის იმპერიალისტური ძალებისა, საქართველოს კვლავ ხელში ჩასაგდებად, ამ პუტჩისა და სამხედრო ხუნტის უკან მდგარი ყოფილი პარტოკრატია ცდილობს დაიბრუნოს ხელისუფლება და პრივილეგიები, ხოლო მეორეს მხრივ მოსკოვის შოვინისტურ-იმპერიალისტური ძალები ცდილობენ საქართველოს შენარჩუნებას რუსეთისათვის, როგორც გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი რეგიონისა, რაც მათ არაერთხელ შეახსენეს ალიხანიან-ბონერმა და შევარდნაძემ. შევარდნაძე თავის თავში განასახიერებს, როგორც ყოფილ პარტოკრატიას, ასევე რუსეთის დამპყრობელურ შოვინიზმს და ემსახურება ორივეს ინტერესებს საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ არის იგი დროშა ფსევდოოპოზიციისა და კომუნისტური მაფიისა.

შემთხვევითი როდია, რომ ნეობოლშევიკურმა პუტჩმა და სამხედრო გადატრიალებამ დღეს ხელისუფლებაში დააბრუნა უპირველეს ყოვლისა, შევარდნაძისეული პარტოკრატები, ცკ-სა და სუკ-ის თანამშრომლები, რაიკომის მდივნები, აღმასკომის თავმჯდომარეები და სხვა ყოფილი ფუნქციონერები, რომელნიც წარმოადგენენ მის დასაყრდენს. მათ მიიმხრეს ეროვნული მოძრაობის მერყევი, უპრინციპო და კორუმპირებული ნაწილი, რომლებიც დღეს მისი ლაქიის როლში გამოდიან და უქმნიან ფასადს საზოგადოების თვალში. ისინი ამზადებენ დღეს ნიადაგს შევარდნაძის კვლავ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის, რაც არასგზით არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა, რათა საქართველომ სამუდამოდ არ დაკარგოს დამოუკიდებლობა. ყოველივე ამას უნდა დაუპირისპირდეს ჭეშმარიტი ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, უნდა შეიქმნას გაერთიანებული ფრონტი წინააღმდეგობისა, რომელიც იქნება ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მამოძრავებელი ძალა, პარტოკრატებმა და მაფიოზებმა ვერ უნდა შექმნან ხელისუფლების სტრუქტურები, ვერ უნდა აამოქმედონ სამეურნეო სფერო; მუშა-მოსამსახურეებმა უნდა გამოაცხადონ საყოველთო გაფიცვა; გლეხობამ სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მათ და არ მისცეს საშუალება სოფლის ძარცვისა და განიავებისა; ინტელიგენციამ, ახალგაზრდობამ სიტყვით და საქმით უნდა ამხილოს ტერორისტული ხუნტა, უნდა გამოამზეუროს და აღწეროს მისი დანაშაულობები მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე, რისთვისაც საჭიროა ინტენსიური კავშირი დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებთან, უცხოელ ჟურნალისტებთნ და დიპლომატებთან; ობიექტური და დეტალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ რეპრესირებულთა შესახებ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერო, „აშშ ინტერნეიშნლი“, „ჰელსინკი უოტში“, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია მაინის ფრანკფურტში, ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისია და სხვანი. უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. ოპოზიციას მუდამ ჰყავდა დეზინფორმაციის მანქანა, რომლის მეშვეობითაც იგი ატყუებდა და თავგზას უბნევდა დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებს. ჩვენ ყოველივე ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და ობიექტურობა, უნდა ვამხილოთ ხუნტის ყველა დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ქართველი ერის წინაშე. ხუნტის ერთ-ერთი დანაშაული ის არის, რომ მან ომი გამოუცხადა ეროვნულ პარლამენტს, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია 1990 წლის 28 ოქტომბერს თავისუფალი მრავალპარტიული არჩევნებით. პარლამენტის წინააღმდეგ გამოცხადებული ტერორით ხუნტამ საქართველო ფაქტობრივად დატოვა რეალური საკანონმდებლო ხელისუფლების გარეშე. ამჟამად ხუნტა ქადაგებს ახალი არჩევნების მოწყობას, ახალი პარლამენტის არჩევას, რაც არასგზით არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა, საქმე ის გახლავთ, რომ ხუნტისა და მისი დამქაშების მიერ ჩატარებული არჩევნები იქნება უკანონო, არაკონსტიტუციური, ვინაიდან ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ე.ი. ისევ და ისევ - პარლამენტს, რომელიც დღეს ვეღარ იკრიბება, თუმც იურიდიულად ისევ არსებობს. გარდა ამისა, ხუნტა და მისი საკონსულტაციო საბჭო ამ არჩევნებს ჩაატარებენ ყოველგვარი წესების დარღვევით. მოხდება ტერორიზება არჩევნებისა, ფალსიფიცირება შედეგებისა, როგორც ამას ჰქონდა ადგილი ე.წ. „ეროვნული კონგრესის“ არჩევნებისას. ამიტომ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს დღეს ბოიკოტი ყოველგვარი არჩევნებისა, რათა თავიდან ავიცილოთ დანაშაულებრივი, უკანონო ხელისუფლების ლეგიტიმაცია. საერთოდ, ხუნტის ყოველგვარ ინიციატივასა და წამოწყებას ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა უნდა შეხვდეს ბოიკოტით. საქართველოში არ უნდა შეწყდეს მასობრივი გამოსვლები, მიტინგები, დემონსტრაციები, ყოველი სახის საპროტესტო მოძრაობა. სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდებით. მოქმედების სპეციფიკა და პროფილი უნდა განისაზღვროს თავად მაგიდის წევრების მიერ ჩემთან შეთანხმებით. მხოლოდ მთელი რესპუბლიკის სრული პარალიზება აიძულებს ხელისუფლებას გადადგეს.

სამხედრო ხუნტის ძალმომრეობისაგან საქართველოს იხსნის მხოლოდ სრული ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა, მთელი ერის მობილიზება დამპყრობელთა და მოღალატეთა აღსაგველად პირისაგან მიწისა!

დავდგეთ მტკიცედ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ღირსების დასაცავად!

საქართველო გაიმარჯვებს!

გვფარავდეს ღმერთი ჩვენს სამართლიან და უკომპრომისო ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

11 თებერვალი, 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №6, გვ. 1, 26 თებერვალი, 1992 წ.]