თვე იგი მესამე - 1992 წ. მარტი

- განცხადება შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

- ბათუმის უნივერსიტეტის თანამშრომლებს!

- თბილისი ედუარდ შევარდნაძეს!

- მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

- რუსეთის ტელევიზია ბატონ ეგორ იაკოვლევს

- მიმართვა სტუდენტი ახალგაზრდობისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

განცხადება

შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

ა.წ. 7 მარტს სამხედრო საბჭოს მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე. ამით საბოლოოდ ფარდა აეხადა იმ ალიანსს, რომელიც არსებობს დანაშაულებრივ ხუნტასა და იმპერიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის.

სავსებით ნათელია, რომ საქართველოში დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიაში და ქართველთა გენოციდში მას ლომის წილი უდევს. იგი გახლავთ ინსპირატორი იმ სისხლიანი პუტჩისა და გადატრიალებისა, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა.

საქართველოში მისი ჩამოსვლა იმპერიის ცენტრის შემდგომი ინსტრუქციების განხორციელებას ისახავს მიზნად, რაშიც მას დიდად დაეხმარება ყოფილი კომუნისტური პარტოკრატია და მაფია, კრიმინალური სამყარო, ყოველი ჯურის მოღალატენი და საქართველოს მტრები. მიზანი ასეთია:

საქართველოს ხელახალი ანექსია იმპერიის საოკუპაციო ჯარების დახმარებით, საქართველოში ტერორისტული, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება, ეროვნული მოძრაობის განადგურება, მთელი ძალაუფლების მოქცევა ისევ პარტოკრატიისა და მაფიის ხელში, საქართველოს კვლავ დაბრუნება რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაში, მისი შეყვანა ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ცხადია აგრეთვე რომ „დემოკრატ“ შევარდნაძეს განზრახული აქ საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია, ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი.

ამავე დროს შევარდნაძე აცხადებს, რომ იბრძოლებს ეროვნულ უფლებებზე, თითქოს საქართველოში ოდესმე ილახებოდა მათი ინტერესები. ასეთი განცხადებები ნიშნავს მისი ანტიეროვნული, ანტიქართული, ფსევდოინტერნაციონალური პოლიტიკის აღდგენას, რომელიც მუდამ ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული და ემსახურებოდა იმპერიის გეგმის განხორციელებას: ქართველი ერის ასიმილაციას და მისი ტერიტორიის დანაწილებას მეზობელ ქვეყნებს შორის.

იმპერიულმა ძალებმა, რომელთაც ზღვა სისხლი დაღვარეს თბილისის ქუჩებში დემოკრატიის სახელით, ახლა ახალი „ქველმოქმედნი“ მოგვივლინეს პოპოვისა და შევარდნაძის სახით, რათა ამით ხაზი გაუსვან თავიანთ „მზრუნველობას“ საქართველოზე. შევარდნაძის დაპირებანი უცხოეთის ბიზნესმენთა ხელით საქართველოს აყვავების შესახებ არ უნდა ვირწმუნოთ, ვინაიდან არც ერთი ბიზნესმენი არ დააბანდებს თავის კაპიტალს იქ, სადაც სუფევს კრიმინალური ანარქია, არ არსებობს კონსტიტუციური, კანონიერი, სტაბილური ხელისუფლება, არ არსებობს არავითარი გარანტია ინვესტიციებისა და ადამიანების უფლებების დაცვისა. გარდა ამისა, პოპოვებმა და შევარდნაძეებმა უნდა უწყოდნენ, რომ შეუძლებელია ქართველი ხალხის მოსყიდვა მატერიალური კეთილდღეობის დაპირებით, იგი არ უღალატებს პრინციპს და ბოლომდე იბრძოლებს თავისი დამოუკიდებლობისათვის, ჭეშმარიტი დემოკრატიისათვის, კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის.

საქართველო უნდა დაირაზმოს იმპერიის ცენტრიდან მომდინარე ახალი საფრთხის წინაშე, უნდა გაგრძელდეს ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, საოკუპაციო ჯარის მოკავშირე ხუნტის მიერ გამოცხადებული სამხედრო ბეგარისა და მობილიზაციის ბოიკოტი (ახალგაზრდობამ უნდა იმსახუროს მხოლოდ პრეზიდენტისა და პარლამენტის ერთგულ ეროვნულ გვარდიაში), უნდა გაგრძელდეს ყოველგვარი საპროტესტო აქციები და გამოსვლები, სანამ იმპერიის სატრაპი, სისხლიანი ტირანი და იუდა არ დატოვებს საქართველოს მიწა-წყალს, არ გაუქმდება მისი კრიმინალური ხუნტა და არ აღსდგება კონსტიტუციური, კანონიერი ხელისუფლება.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წ. 12 მარტი

[გაზ. „ქართული აზრი“, №9, გვ. 1, 20 მარტი, 1992 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დადგენილებები

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 108-ე და 113,1 მუხლზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1992 წ. 9 მარტის დადგენილებით, 1992 წ, 12-13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის მე-2 სესიის მორიგი სხდომა - ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა

[იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 457-458].

დევნილობაში მყოფმა კანონიერმა სახელისუფლო შტომ, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო, საქართველოში შეიარაღებული გზით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგებიდან გამომდინარე არაერთი აუცილებელი გადაწყვეტილება თუ განცხადება. კერძოდ:

საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დადგენილება

„1991 წლის 22 დეკემბერს

რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების

პოლიტიკური შეფასების შესახებ“

...იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ა.შ.) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დროებითი თავმჯდომარე

მ. კიკნაძე

1992 წ 13 მარტი

[გაზ. „ქართული აზრი“, №14, გვ. 1, 10 აპრილი, 1992 წ.].

(იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

მეორე ნაწილი, თბ. 1996 წ., გვ. 470-472).

 

ამავე დღეს, ანუ 1992 წ. 13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში - „აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ“, კერძოდ ვკითხულობთ:

„...სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკაში, ხუნტის .. სამხედრო საბჭოს მიერ შექმნილი არაკანონიერი ორგანოები... უხეში ძალისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ მართონ სახელმწიფო. ამასთანავე, ისინი იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათი აზრით, სახელმწიფო კანონიერი ხელისუფლების აქტებისა და მართვის იურიდიული და ფაქტობრივი ძალის იგივეობას წარმოადგენს.

ხუნტის ასეთი ქმედება არაკანონიერი და მიუღებელია როგორც საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის აქტების თვალსაზრისით...

ხუნტა მიზნად ისახავს მისცეს ლეგიტიმური ხასიათი სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციას. ამისათვის ხუნტა ცდილობს შეიმუშაოს კანონი არჩევნების შესახებ... და დანიშნოს პარლამენტის არჩევნები.

მომქმედი კანონმდებლობის... და მსოფლიო პრაქტიკის თვალსაზრისით, არჩევნების შესახებ კანონის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონის) მიღების და არჩევნების თარიღის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, ანუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელიც არჩეულია 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპარტიული არჩევნებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. .. სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეებისათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა.

2. საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად

[იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია“,

ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 479-480].

 

ამბავი ლენინისა, წითელი გენერლისა და

დისიდენტ გამსახურდიასი

დღევანდელი ოფიციალური ხუნტისტური პრესის თვალიერებისას მრავალ კურიოზს და ურცხვობას წააწყდებით, რისი მხილებაც დიდ დროს წაგვართმევდა. მე მინდა გამოვყო ერთი სასაცილო ვერსია, რაც ხუნტისტებს ხელზე დაუხვევიათ და სერიოზულად უმტკიცებენ ქართველ ერს. დახეთ დისიდენტი გამსახურდია ლენინელი გამხდარა და წითელ გენერალ დუდაევთან ერთად ლენინის ბიუსტის ფონზე ატარებსო პრესკონფერეციებს.

მე, რასაკვირველია, სერიოზულად ვერ ვიმსჯელებ ასეთ კომიკურ განცხადებაზე და ვერ წარმოვიდგენ, რომ დღეს საქართველოში არსებობს ადამიანი, ვინც ირწმუნებს ვერსიას, რომლისაც მის ავტორებსაც კი არ სჯერათ. მაგრამ ურიგო არ იქნება ხალხმა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ.

როდესაც გროზნოში 18 თებერვალს გაიმართა ჩვენი პრეს-კონფერენცია, გაჭირდა შესაფერისი დარბაზის პოვნა, ვინაიდან მოზღვავდა უამრავი მსურველი მასზე დასასწრებად. ერთადერთი კარგი დარბაზი ყოფილ დიაგნოსტიკურ ცენტრში აღმოჩნდა, რომელსაც დღეს არემონტებენ და მალე სამთავრობო შენობად აქცევენ. ცენტრალურ დარბაზში დგას უშველებელი ბიუსტი ლენინისა, იმდენად მასიურ პედესტალზე, რომ მის მონგრევას რამოდენიმე დღის სოლიდური სამუშაოები დასჭირდება. ნაჩქარევმა მონგრევამ კი შეიძლება გამოიწვიოს დარბაზის სერიოზული დაზიანება. ასე, რომ არჩევანის დრო არ იყო და ჩვენ დავსხედით ამ დარბაზში.

პრესკონფერენციის დაწყებისთანავე დარბაზიდან ისმოდა შეკითხვები, რამდენად შეესაბამება ორი ანტიკომუნისტი პრეზიდენტის ჯდომა ლენინის ბიუსტთან - მათ მსოფლმხედველობასო. ჯოჰარ დუდაევი დიდი იუმორის მქონე კაცია და დიდხანს აცინებდა დარბაზს იმ შესაძლო რეაქციაზე, რაც მოჰყვებოდა ამ ფაქტს ჩვენი მტრების ბანაკში. თან ამბობდა. - მაგ უბედურებს ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტები შემოელიათ და მოდით ეს ერთხელ მაინც გავახაროთო.

მე კი მივუგე შეკითხვის დამსმელს: ჩვენ იდეებს ვებრძვით, რამეთუ იდეები ბიუსტზე უფრო საშიშად მიგვაჩნია, ბიუსტები ჩვენ ვერას დაგვაკლებენ მეთქი. ასე ნახევრად ხუმრობით ჩავატარეთ ჩვენი განმარტებითი საუბარი.

ხუნტის მესვეურთა რეაქცია ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა. დისიდენტი გამსახურდიას „გაკომუნისტების” შესახებ იმათ დასცეს დაფდაფი, ვინც კომუნისტური პარტოკრატია აღადგინა დღეს საქართველოში და ვისაც ლენინის ბიუსტი მთელი ცხოვრების მანძილზე, არამარტო ყოველ ქუჩაზე და ყოველ საკუჭნაოში ედგა, არამედ გულშიც და სულშიც ატარებდა, ჭეშმარიტად, მათ შეეძლოთ ემღერათ ლენინისათვის! „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ……” ასეთნი კი დღეს ლენინელობას სწამებენ კაცს, რომელმაც სსრკ-ში პირველმა მოანგრია ლენინის ძეგლები ჯერ თბილისსა და ბათუმში, მერე მთელს საქართველოში, რომელმაც კომპარტია აკრძალა და კომკავშირი გააუქმა, რაც დღეს გახდა ძირითადი მიზეზი მის წინააღმდეგ პუტჩისა და აჯანყების მოწყობისა. ბარაქალა, თქვენს სიმართლის მოყვარულობას პუტჩისტებო!

ზვიად გამსახურდია

1992 წ. მარტი

[გაზ. „ქართული აზრი“|№10, გვ. 1, 28 მარტი, 1992 წ.].

 

 

თბილისი

ედუარდ შევარდნაძეს!

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის დაწვისთვის თქვენ ქართველი ერი მოგთხოვთ პასუხს, ისევე როგორც ყველაფრისათვის, რაც ჩაიდინეთ.

როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, თქვენ ფარისევლურად განაცხადეთ, რომ სახელმწიფო აღადგენს მუზეუმს. მე კატეგორიულად მოვითხოვ თქვენგან, ხელი არ მიაკაროთ შენობას, იგი უნდა იდგეს დამწვარი და გადაბუგული, როგორც თქვენი ვანდალიზმისა და ბარბაროსობის კიდევ ერთი ძეგლი, გადამწვარ თბილისთან ერთად.

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 19 მარტი

[გაზ. „ქართული აზრი“, №11, გვ.1, 31 მარტი, 1992 წ.].

 

 

მიმართვა

საქართველოს მოსახლეობისადმი

თანამემამულენო, ძმანო და დანო!

ქართველმა ერმა ბრძოლით მოიპოვა თავისუფლება, თავი დააღწია ბოროტების იმპერიას და შექმნა სახელმწიფო, სადაც თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების გზით დაამკვიდრა კონსტიტუციური, კანონიერი თავისუფლება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მოდერნიზებული იმპერია განაგრძობს არსებობას და ცდილობს ხელყოს ყოველივე ის, რასაც მივაღწიეთ წლების მანძილზე თავდაუზოგავ ბრძოლაში. იგი ინარჩუნებს საოკუპაციო ჯარებს ჩვენს ტერიტორიაზე, მათი მხარდაჭერით ცდილობს განამტკიცოს თავისი მარიონეტული კრიმინალური ხუნტა, რათა საქართველოს არ ეღირსოს სრული და ჭეშმარიტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რაშიც რუსეთს ეხმარება დასავლეთის ზოგი სახელმწიფო, რომელიც სცნობს ამ ხუნტას და მიაჩნია იგი ჭეშმარიტ მთავრობად. ყოველივე ამან მოიტანა დემოკრატიის მოსპობა, ტერორი, არნახული ეკონომიკური სიდუხჭირე. ამის გამო ქართველმა ერმა, საქართველოს მოსახლეობამ ახალი ძალით უნდა გაშალოს განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის მიზანი იქნება ხუნტის დამხობა და საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა, აგრეთვე კანონიერი კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება.

ეს ყოველივე, შესაძლოა, განხორციელდეს წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის შექმნით, სრული ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობით, საყოველთაო გაფიცვით.

აუცილებელია შეიქმნას ცენტრალური საგაფიცვო კომიტეტი, რომელშიც შევლენ ინტელიგენციის, ახალგაზრდობის წარმომადგენლები. მთავარ საგაფიცვო კომიტეტს უნდა ჰქონდეს ფილიალები მთელს თბილისში, მთელ საქართველოში, რათა დროულად მომზადდეს და განხორციელდეს საყოველთაო გაფიცვა, რომელიც უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოში არ აღდგება კონსტიტუციური კანონიერი ხელისუფლება და ჩვენს ტერიტორიას არ დასტოვებენ რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის საოკუპაციო ჯარები. უნდა შეიქმნას საგაფიცვო ფონდი მოსახლეობის შემოწირულობებისაგან, რომელიც დაეხმარება გაფიცულთა ოჯახებს. უნდა გაიფიცოს ყველა საწარმო, ყველა დაწესებულება, ყველა სკოლა, ყველა უმაღლესი სასწავლებელი, ყველაფერი - გარდა ტრანსპორტისა, კავშირგაბმულობისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისა და პურის საცხობებისა, პარალელურად მთელ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში უნდა გაგრძელდეს მიტინგები, დემონსტრაციები, შიმშილობები, ყოველგვარი საპროტესტო აქციები წარმოება-დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში. ჩატარებული კრებებისა და მიტინგების რეზოლუციები უნდა გაეგზავნოს ყველა ინსტანციას, პრესას, რადიოს, ტელევიზიას; უნდა გაიგზავნოს მოსკოვის უცხოურ სააგენტოებსა და საელჩოებში და საზღვარგარეთ. ყველა აქცია, ყველა გამოსვლა დაფიქსირებული უნდა იყოს ვიდეოფირზე. პარალელურად საპროტესტო წერილები და ტელეგრამები უნდა გაეგზავნოს ხუნტას და მოსკოვის მთავრობას. უნდა შედგეს პეტიციები, მასობრივი პეტიციები მასობრივი ხელმოწერებით გაეროს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე. არავითარი დანდობა შტრეიკბრეხერებსა და მოღალატეებს!

დავირაზმოთ, დავდგეთ მტკიცედ და ერთიანი ძალისხმევით ვიხსნათ საქართველო, ვიხსნათ ჩვენი მომავალი!

ძირს რუსეთის მოდერნიზებული იმპერია და მისი აგენტურა საქართველოში.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 24 მარტი

[გაზ. „ქართული აზრი“, №10, გვ. 1, 28 მარტი, 1992 წ.].

 

რუსეთის ტელევიზია

ბატონ ეგორ იაკოვლევს

უკანასკნელ დღეებში მთელი მსოფლიო გახდა მოწმე გაშიშვლებული სიცრუისა და დეზინფორმაციისა, რომელსაც ახორციელებს თქვენი ტელევიზია ჩემს წინააღმდეგ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების და პარლამენტის წინააღმდეგ. მახინჯდება ფაქტები, იმალება ჭეშმარიტება. რეკლამა უკეთდება შევარდნაძის სისხლიანი ხუნტის საქმიანობას, კრიმინალური ძალების თარეშს, რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ უწოდებენ სამთავრობო ჯარებს. იჩქმალება თბილისში იანვრის და თებერვლის აღშფოთებულ მოქალაქეთა მშვიდობიანი მიტინგებისა და დემონსტრაციების დახვრეტის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვიდეომასალები ყოველივე ამის შესახებ გამოგზავნილი გქონდათ, ნაჩვენები იყო მხოლოდ ჩემი ინტერვიუს რამდენიმე უმნიშვნელო ფრაგმენტი ამოღებული კონტექსტიდან, დეზინფორმაციული კომენტარებით. თქვენი კომენტატორების უნამუსობამ კულმინაციურ ზღვარს მიაღწია როდესაც 25 მარტს 18 სთ და 30 წთ-ზე გამოცხადდა, თითქოს მე ინტერვიუში, რომელიც ჩემგან აიღო საავტორო ტელევიზიამ, მეთქვას, საქართველოში აუცილებლად სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ მე ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე. ეს მტკნარი სიცრუეა. გათვალისწინებული იყო, რომ ინტერვიუ გაეროში 23 მარტს გასულიყო, მაგრამ, თქვენი სურვილით სიუჟეტი ამოაგდეს პროგრამიდან.

რატომ გეშინიათ სიმართლის, თქვენ, დემოკრატიის მებაირახტრეებო?

რატომ უხშობთ პირს მათ, ვინც სიმართლეს ამბობს იმ უზნეობაზე, რაც საქართველოში ხდება თქვენი კოლეგა შევარდნაძის წყალობით? 25 მარტს მთელი გადაცემა რომ მიუძღვენით შევარდნაძეს, რატომ არ უჩვენეთ მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი, რომელიც სწორედ იმ დღეს გაიმართა მწერალთა კავშირის წინ თბილისში?

ასეთ დემოკრატიას ფაშიზმის სუნი ასდის, რაც სიკეთეს არავის მოუტანს. როგორც მე გადმომცეს, თქვენ ეჭვის ქვეშ დაგიყენებიათ ჩემს მიერ ნახსენები ფაქტი, რომ ხუნტას საქართველოში პუტჩის დროს ეხმარებოდნენ სამხედროები ამიერკავკასიის სამხედრო ნაწილიდან. იგივე ფაქტი ა.წ. 15 თებერვალს თქვენი ტელევიზიიდან განაცხადა ამიერკავკასიის სამხედრო ნაწილის წარმომადგენელმა. ხოლო 18 თებერვალს ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს თვითმარქვია თავდაცვის მინისტრმა შარაშენიძემ. ნუთუ ისინიც თავისი თავის მტრები არიან?

თქვენი ტელევიზია შეუპოვრად მიწოდებს მე ექს-პრეზიდენტს, რაც უპატივცემულობა და ღვარძლიანი დაცინვაა. პრეზიდენტი ხდება ექსპრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც გადის პენსიაზე, როცა კანონიერად გადაირჩევენ, ან მისი განთავისუფლება მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური ორგანოს, თუნდაც პარლამენტის მიერ. პრეზიდენტი შეიცვლის ადგილსამყოფელს თუ არ შეიცვლის, ის რჩება პრეზიდენტად და არანაირ ხუნტას ან რუსეთის ტელევიზიას არა აქვს უფლება მას შეეხოს.

ასეთი ანბანური ჭეშმარიტება საჭიროა იცოდეთ.

მე კატეგორიულად მოვითხოვ, აჩვენოთ სრულად ის ინტერვიუ, რომელიც აიღო ჩემგან საავტორო ტელევიზიისათვის ცნობილმა ჟურნალისტმა ცვეტკოვმა.

მოვითხოვ აგრეთვე: ნუ დაამახინჯებთ ჩემს სიტყვას და ჩემზე ნუ გაავრცელებთ ბოროტ ჭორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები მივმართო სასამართლოს.

მოვითხოვ ეს წერილი წაკითხულ იქნას ტელევიზიით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზ. გამსახურდია

25 მარტი 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №16, გვ. 1, 14 აპრილი, 1992 წ.].

 

 

მიმართვა

სტუდენტი ახალგაზრდობისადმი

ძვირფასო სტუდენტებო!

დიდად მოხარული ვარ, რომ შემართებით იბრძვით საქართველოში სამართლიანობის აღდგენისათვის. საქართველოს თავისი მრავალტანჯული ისტორიის მანძილზე მრავალი ბარბაროსული იმპერია ებრძოდა, მაგრამ განგებით გადავრჩით. ასევე იქნება დღესაც. ბნელეთის მოციქულები თავის საწადელს ვერ მიაღწევენ. მთავარია, არ დავყაროთ ფარ-ხმალი, ვამხილოთ ბოროტება, არ შევუშინდეთ განსაცდელს. დაირაზმეთ და დარაზმეთ ერი ქვეყნის დამაქცევართა წინააღმდეგ. ჩვენი გზაა - ეროვნული დაუმორჩილებლობა, ძალადობისა და უსამართლობის მხილება.

სამართალი გაიმარჯვებს!

პატივისცემით

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

1992 წლის მარტი

[გაზ. „ქართული აზრი“, №12, გვ. 1, 8 აპრილი, 1992 წ.].