„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მომავალი გუნდის განაცხადი:

სამხედრო ნეიტრალიტეტი:

საქართველოს ერთიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარანტი

 

უფლისმიერი სიმართლის მძებნელს,

მფარველ ანგელოზს კარნახისთვის სმენად მომზირალს,

უზენაესი მოუვლენს მშველელს

და გააბრწყინებს ივერიას ჯერეთ მომტირალს...

 

ქარტეხილებში მოჭენაობს თეთრ რაშზე მჯდომი,

მოახლოებულ განკითხვის დღის რეკენ ზარები,

უზენაესთან მიახლების თუკი ვართ მდომნი,

ფართე შარასკენ არ გვირბოდეს უნდა თვალები...

 

 

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის

გამოცხადებასთან დაკავშირებით

 

წინათქმა

ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ქვეყნის - საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფოს, გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი სამშობლო ყოველთვის წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს.

ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის მუხლჩაუხრელი ბრძოლისა და პოლიტიკური განჭვრეტილობის შედეგად, მეტ-ნაკლები წარმატებით ხერხდებოდა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი კურსის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება.

საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის წინაშე, მთელი სიცხადით დადგა საკითხი - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფომ, რომ:

ერთის მხრივ - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და

მეორეს მხრივ ცალსახად თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში პასუხის მოძიებამდე, მცირე ისტორიული რაკურსი გვინდა შემოგთავაზოთ.

1917 წ. 19-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ - საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა [ბოლშევიკების გამოკლებით, რომლებმაც საბჭოს ბოიკოტი გამოუცხადეს] და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა კრებაზე, გამოცხადდა ე.წ. „ეროვნული საჭოს“ შექმნა, რომლის თავმჯდომარედაც სოციალ-დემოკრატი ნოე ჟორდანია იქნა არჩეული.

რუსეთის იმპერიაში 117 წლიანი ტყვეობის შემდეგ, კერძოდ 1918 წ. 26 მაისს, „ეროვნული საბჭოს“ მიერ მიღებულ იქნა - „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან „დამფუძნებელი კრების“ შეკრებამდე, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამენტად წოდებული „საქართველოს ეროვნული საბჭო“, რომელსაც კარლო ჩხეიძე თავმჯდომარეობდა.

1919 წლის 14-15 თებერვალს, საყოველთაო, ფარული, თანაბარი და პირდაპირი კენჭისყრით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე არჩეულმა - „დამფუძნებლმა კრებამ“, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისადმი თავისი პოზიცია ასე დააფიქსირა:

„საქართველოს დამფუძნებელი კრება, — არჩეული პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, - თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წ. 26-ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ. თბილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს: 

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი:

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:

1. ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.

6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.

7. დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.“.

ამდენად, ჯერ - „ეროვნულმა კრებამ“, ხოლო მოგვიანებით „დამფუძნებელმა კრებამ“, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეთი ფორმულირებით დააფიქსირა: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ქართველი ხალხის ნების რეალიზება ვერ მოხერხდა. საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვლის დასაწყისიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, „საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ“ ფაქტობრივი არსებობა შეწყვიტა... 1921 წ. 25 თებერვალს „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნა გამოცხადდა, რომელიც, მოგვიანებით [1922 წლის დეკემბრიდან], რუსეთის სახეცვლილ იმპერიაში - „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში“ იქნა შეყვანილი.

1990 წ. 28 ოქტომბერს „საქართველოს სსრ“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მმართველი კომუნისტური პარტიის დამარცხების გზით ქვეყნის სათავეში, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, რუსეთის საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 70 წლისთავზე, 1991 წ. 31 მარტს საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატარა.

რეფერენდუმზე მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე - სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

საქართველოში დაფიქსირებული - 3. 657. 477 ამომრჩევლიდან, რეფერნდუმში მონაწილეობა მიიღო - 3. 302. 700, ანუ - 90,3%; კითხვას დადებითად უპასუხა არჩევნებში მონაწილეთა - 98,9 %-მა, რაც რეფერენდუმში მონაწილეთა - 89,3%-ს შეადგენს.

კანონიერი ხელისუფლების დროს მომქმედ - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ [1978 წ. 15 აპრილის რედაქცია] შესავალში, კერძოდ ვკითხულობთ:

 „...1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წ. 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგი გახდა დამატებითი სამართლებრივი და ზნეობრივი საფუძველი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისა, რითაც მთელ მსოფლიოს ეცნობა ქართველი ერისა და მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის ერთსულოვანი ნება“ [იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 26 ნოემბერი, 1991 წ.].

ეს „ერთულოვანი ნება“ კი, როგორც ზემოთაც ითქვა, „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ ასეა ფორმულირებული - „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

სამწუხაროდ, 1991 წ. 22 დეკემბერს დაწყებულმა, რუსეთის იმპერიული ნების განმხორციელებელი, ქვეყნის - გარე და შიდა ძალების დანაშაულებრივმა ურთიერთკოორდინირებულმა ქმედებამ, ქვეყნის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესის გამრუდება გამოიწვია.

საქართველოში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის სათავეში მოსულმა დამნაშავე სახელისუფლო სტრუქტურის: 1992 წ. 2 იანვარს ჩამოყალიბებული  - „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“, და 1992 წ. 10 მარტს შექმნილი, „სახელმწიფო საბჭოს“ სამართალმემკვიდრის, 1992 წ. 11 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებით დაკომპლექტებული „საქართველოს პარლამენტის“ მიერ, 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუცის“ პრეამბულაში ვკითხულობთ:

„საქართველოს მოქალაქენი... ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და  საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას“.

კონსტიტუციის პირველივე მუხლი, კი გვამცნობს - „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“ [მუხლი 1,1].

და ბოლოს, მოკლედ შევეხებით 2008 წ. 5 იანვრის პლებისციტის თემას.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით - 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები მასიური გაყალბებით ჩატარდა.

როგორც ვიცით, 2008 წ. 5 იანვარს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად დაინიშნა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტი.

რეფერენდუმის კითხვა განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?“

მოდით ვნახოთ, რა ოფიციალური შედეგი გამოაქვეყნა საქართველოს ცესკომ, პლებისციტთან მიმართებაში.

„...საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2008 წლის 15 იანვრის სხდომაზე შეაჯამა 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტის (ნატოში შესვლის თაობაზე) შედეგები და დაადგინა:

1. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა: 3 527 964  [100%];

2. პლებისციტის მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 1 982 318  [56,19%];

3. ბათილად ცნობილ საპლებისციტო ბიულეტენთა რაოდენობა: 222 047;

4. მიცემულ ხმათა რაოდენობა: „დიახ” - 1 355 328   [77,0%,], „არა” - 404 943   [23%]...“.

მაშასადამე, მთლიანობაში ასეთი სურათი გვაქვს:

2008 წლის 5 იანვარს ჩატარებულ პლებისციტში (ნატოში შესვლის თაობაზე): ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან: 3 527 964  [100%]:

1. მონაწილეობა არ მიიღო - 1 545 646 [43,81%] ამომრჩეველმა;

2. დადებითი პასუხი გასცა - 1 355 328 [38,42%] ამომრჩეველმა;

3. უარყოფითი პასუხი გასცა - [404 943 – 11,48%] ამომრჩეველმა;

4. ბათილად იქნა ცნობილი - [222 047 – 6,29%] ამომრჩევლის ბიულეტენი

 

თუ ერთგვარად შევაჯერებთ ზემოთქმულს, მთლიანობაში ასეთი სურათი იხატება:

 

1. ქვეყანაში დღეს მომქმედი 1995 წ. 24 აგვისტოს „საქართველოს კონსტიტუცია“, ეფუძნება: ერთის მხრივ 1918-1921 წლების „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ უმაღლეს იურიდიულ დოკუმენტს - 1921 წ. 21 თებერვალს მიღებულ კონსტიტუციას; და მეორეს მხრივ 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

 

2. 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა - 98, 3%-მა, თანხმობა განაცხდა, რომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“ მომხდარიყო 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე;

3. 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ საქართველოს მოსახლეობის ნება ასეა ფორმულირებული - „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

4. აღნიშნულის საპირისპიროდ არსებობს, მხოლოდ  2008 წ. 5 იანვარს, მასიური გაყალბებით ჩატარებული პლებისციტი, რომლის საფუძველზეც - საქართველოში დაფიქსირებულ საერთო ამომრჩეველთა 61,58%-ის, ანუ  - 2 172 636 ამომრჩევლის ნების გაუთვალისწინებლად, მ. სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა, დაეყრდნო რა, საერთო ამომრჩევლის, მხოლოდ - 38,41%-ს, ანუ - 1 355 328 ამომრჩევლის მიერ გამოხატულ პოზიციას, განაცხადა, რომ თითქოს - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას.

 

მაშასადამე, დღეისათვის მომქმედი იურიდიული ძალის მქონე სამივე დოკუმენტი:

- 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“;

-1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგ-ები, და 1991 წ. 9 აპრილს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის“ თაობაზე მიღებული დადგენილება; და

- 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუცია“,

პირდაპირ თუ ირიბად იღებს ვალდებულებას, დაეყრდნოს და გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება, რომ - „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტ-რალური სახელმწიფოა“.

 

 

ნეიტრალიტეტის არსობრივი საკითხები

ჩვენეული თვალსაზრისის შემოთავაზებამდე, მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს.

ზოგადად,  ტერმინი - „ნეიტრალიტეტი (გერმ. ნეუტრალიტატ, ლათ. ნეუტერ - არც ერთი, არც მეორე), საერთაშორისო სამართალში — ომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა“-ს ნიშნავს.

თავის მხრივ, ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას, ომის პერიოდში ნეიტალური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის. ესენია:

- არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;

- არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთანები);

- არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა: ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).

თავისთავად ცხადია, რომ ნეიტრალიტეტის ცნება, ზოგადად, დაკავშირებულია ომის მდგომარეობასთან. საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ყველაზე უფრო გავრცელებულია ე.წ. ევენტუალური ანუ კაზუალური ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს ამა თუ იმ კონკრეტულ ომში.

მაგალითად, ცივი ომის ათწლეულებში ასეთ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ შვედეთი და ფინეთი. უნდა ითქვას, რომ რომელიმე ომში ევენტუალურად ნეიტრალური სახელმწიფო სრულიად არ არის ვალდებული ასევე ნეიტრალური იყოს ნებისმიერ სხვა ომშიც.

სართაშორისო სამართალში - ევენტუალური ნეიტრალიტეტის გარდა, მოქმედებს სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტიც (ასეთებია: მალტა, ავსტრია და შვეიცარია).

თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში იგი ესმით, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი, რომლის თანახმადაც ეს სახელმწიფო უკვე მშვიდობიანობის დროს მოვალეა არ იკისროს ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ომის შემთხვევაში იძულებულს გახდიდა ხელი აეღო თავის ნეიტრალიტეტზე ან საფრთხეში ჩაეგდო იგი.

მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო:

ა) არ უნდა შედიოდეს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში;

ბ) არ უნდა აძლევდეს თავის ტერიტორიას უცხოური ჯარებისა და სამხედრო ბაზებისთვის;

გ) მუდმივად ნეიტრალურ სახელმწიფოს ასევე ეკრძალება უცხო სახელმწიფოს მიმართ პროტექტორატის დაწესება, თუ კი ამ უკანასკნელს მუდმივი ნეიტრალიტე-ტის სტატუსი არ გააჩნია.

დ) მუდმივი ნეიტრალიტეტი შეიძლება იყოს გარანტირებული რომელიმე სხვა (მაგალითად დიდი) სახელმწიფოების მიერ ან არგარანტირებული.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ზემოთ ნახსენები სამივე მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოს ეს სტატუსი გარანტირებულია სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით.

სართაშორისო სამართალში თავისი შინაარსით ცნობილია ნეიტრალიტეტის ორი ფორმა:  - აბსოლუტური და - კვალიფიციური.

აბსოლუტური ითვალისწინებს ნეიტრალური სახელმწიფოს აბსოლუტურ მიუკერძოებლობას (მაგალითად შვეიცარია, რომელიც გაეროს წევრიც კი არ არის),

 ხოლო - კვალიფიციური, წარმოადგენს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფეხმოკიდებული კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის განვითარების შედეგს, როდესაც მისაღებია გარკვეულ პირობებში (ვთქვათ სამართლიანი ან თავდაცვითი ომის წარმოებისას), რომელიმე მეომარი მხარისთვის გარკვვეული შეღავათების გაწევა.

ამის მაგალითია ავსტრია, რომელიც მუდმივი ნეიტრალიტეტის მიუხედავად გაეროს წევრი სახელმწიფოა და მოვალეა აღნიშნული ორგანიზაციის წესდების თანახმად რომელიმე ქვეყნის ან რეჟიმის მიმართ გამოცხადებულ სანქციებში იღებდეს მონაწილეობას.

დღესდღეობით შვეიცარია კვლავ მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის მქონე სახელმწიფოა და აბსოლუტური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებს,  შვედეთი და ფინეთი ცივი ომის პერიოდში და დღესაც ევენტუალური ნეიტრალიტეტის პოზიციაზე დგანან.

 

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცების გარანტი - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტი

„ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.

ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე,

ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.

იმედს ნუ დაამყარებ მთავრებზე, ადამის ძეზე,

რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული,

დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.

ნეტარ არს ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა,

 ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე,

რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია;

რომელიც იცავს ჭეშმარიტებას უკუნისამდე“

[ფსალმ. 145,1-6]

ყოველივე ზემოთქმულ;იდან გამომდინარე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით -უფალია ჩვენი სიმართლე“, საქართველოს მოსახლეობის ნება,ზე დაყრდნობით უფლებამოსილია განაცხადოს, რომ:

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა უნდა დააფიქსიროს ნეიტრალიტე-ტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

 ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს პარლამენტის მიერ ისეთი კანონის მიღების შეთავაზებას ითვალისწინებს, რომლის მიზანია:

დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად [მუხლი 1].

საკანონმდებლო წინადადების მესამე-მერვე მუხლების ფორმულირება, ძირითადად ეყრდნობა, ჯერ კიდევ - 1907 წელს მიღებულ ჰააგის კონვენციებისა და სხვა დოკუმენტების სულისკვეთებას, რომელთა მიხედვით:

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია ხელშეუხებელია და არ შეიძლება გადაიქცეს საომარ მოქმედებათა ცენტრად;

- მეომარ მხარეებს ეკრძალებათ მისი გავლით ჯარების, იარაღისა და სხვა სამხედრო ქონების ტრანსპორტების გადაყვანა და ა.შ.

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე იკრძალება მეომარი მხარეებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სამხედრო ფორმირებებისა და მოხალისეთა დასაქირავებელი დაწესებულებების შექმნა;

- ნეიტრალურ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალი უფლებას აძლევს შეიარაღებული ძალის მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.

საკანონმდებლო წინადადების მეთერთმეტე თავში - „გარდამავალი დებულებები“, დეტალურადაა გაწერილი, წინამდებარე კანონის ძალაში შესვლის შემდგომად გადასადგმელი ნაბიჯები. კერძოდ:

საქართველოს მთავრობამ [საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე], საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაეროს უშიშროების საბჭოში გადაგზავნის შემდეგ, სპეციალური წინადადებებით უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ხუთივე მუდმივ წევრ სახელმწიფოს, რათა თითოეულ მათგანთან [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება, მათი მხრიდან  - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტორად დადგომის თაობაზე.

დიახ, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელსეკრულების საფუძველზე, უნდა გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში.

საკანონმდებლო წინადადების გარდამავალ დებულებებში მოცემულია საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეულ ვადაში აღსასრულებლად განსაზღვრული დავალება - მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინადადების მომზადება, რათა თითოეულ მათგანთან - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მათ მიერ მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის გამიზნული, საკანონმდებლო დონის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხის საბოლოო ფორმულირება ასეთი სახისაა:

 

საკანონმდებლო წინადადება

საქართველოს კანონი

„საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“

მუხლი 1.

კანონის მიზანია დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდება-რეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად.

მუხლი 2.

საქართველო არის მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო.

მუხლი 3.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველო არ შეიძლება იყოს რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი.

მუხლი 4.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია მეორე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგება.

მუხლი 5.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორ-ტირება.

მუხლი 6.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოში აკრძალულია სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნა.

მუხლი 7.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ შეიძლება ჩართული იქნენ სამხედრო დაპირის-პირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში.

მუხლი 8.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისთვის მინიჭებული უფლება - შეიარაღებული ძალების მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.

მუხლი 9.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოს უფლება აქვს თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში, რათა თავადვე გახდეს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების აქტიური ხელშემწყობი ქვეყანა.

მუხლი 10.   

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

დაევალოს საქართველოს მთავრობას,  რომ:

1 ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში მოახდინოს საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ინფორმირებულობა;

2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი განკუთვნილი სპეციალური მიმართვის გაგზავნა, რათა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა წინაშე დაისვას საკითხი, მათი მხრიდან, საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტე-ტის - გარანტორებად დადგომის თაობაზე;

3. ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მოამზადოს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინადადება, რათა - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

 

დასასრულს დავსძენთ, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტისადმი გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფოს [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] მხრიდან დეკლარირებული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მყარ საფუძვლად იქცევა“.

 

 

ნატო

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.

ოფიც. ენებია - ინგლისური და ფრანგული. ნატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'Atlantique Nord, OTAN)

დღეისათვის ნატოში შემდეგი 28 წევრი ქვეყანაა გაერთიანებული - ალბანეთი [2009 წ.], აშშ [1949 წ.], ბელგია [1949 წ.], ბულგარეთი [2004 წ.], გერმანია [1955 წ.], დანია [1949 წ.], დიდი ბრიტანეთი [1949 წ.], ესპანეთი [1982 წ.], ესტონეთი [2004 წ.], თურქეთი [1952 წ.], ისლანდია [1949 წ.], იტალია [1949 წ.], კანადა [1949 წ.], ლატვია [2004 წ.], ლიტვა [2004 წ.], ლუქსემბურგი [1949 წ.], ნიდერლანდები [1949 წ.], ნორვეგია [1949 წ.], პოლონეთი [1999 წ.], პორტუგალია [1949 წ.], რუმინეთი [2004 წ.], საბერძნეთი [1952 წ.], საფრანგეთი [1949-1966 წ. წ.; 2009 წ.], სლოვაკეთი [2004 წ.], სლოვენია [2004 წ.], უნგრეთი [1999 წ.], ჩეხეთი [1999 წ.], ხორვატია [2009 წ.].

შენიშვნა: 1. 1966 წლის ივლისიდან საფრანგეთმა დატოვა ალიანსის სამხედრო ორგანიზაცია, თუმცა გააგრძელა მონაწილეობა პოლიტიკურ სტრუქტურებში. 2009 წლიდან საფრანგეთი დაბრუნდა ალიანსის ყველა სტრუქტურაში;

2. საბერძნეთი  1974 წლიდან 1980 წლამდე საბერძნეთი არ იღებდა მონაწილეობას ალიანსის სხვა წევრთან - თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო.

3. ესპანეთი, მიუხედავად წევრობისა, არ იღებს მონაწილეობას ალიანსის სამხედრო ორგანიზაციაში.

ნატო არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.

ნატო-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლით არის გათვალისწინებული:

„ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ, ან რამდენიმე მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ და არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით ისინი დახმარებას გაუწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს, რათა შეინარჩუნონ ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნებისმიერი ამგვარი სახის შეიარაღებული თავდასხმის და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ღონისძიებები დასრულდება მაშინ, როცა უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის იქნება მიმართული.“.

 

საარჩევნო გაერთიანების:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

სპიკერი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) 

სალუაშვილი