მერვე ნაწილი

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების

ორი ეტაპის არსისმიერი ასპექტები

 

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ სულიწმიდის, ანუ სიცოცხლის მომნიჭებელი თვისობრიობის მატარებელი, მხოლოდ ღმერთი (აქ - მამა) და უფალია (აქ – ძე).

ჯვარცმისას, განკაცებული უფალი ღმერთის მხოლოდ - ადამიანური, ანუ ძე კაცისას არსობრივი მხარის - ხრწნადი, მოკვდავი სხეულის სიკვდილი აღესრულა - „... ქრისტემ სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ეს სხეული-ფორმა არსებობის ახალ ეტაპზე აიყვანა... აღდგომილი ქრისტეს სხეული არის „სახე“ მომავალი სხეულებრიობის იდეალის გაგებით, რამდენადაც ამგვარი სხეულები უნდა მიიღოს მთელმა კაცობრიობამ მკვდართა აღდგომის შემდეგ...“ (ზვიად გამსახურდია, იქვე, გვ. 151).

ამაღლებისას, მაცხოვარი უკვდავი სულისა და სხეულის ერთებაში მყოფი, ანუ როგორც ითქვა უკვე მხოლოდ - ძე ღვთისას ბუნების მატარებელი გახლდათ. სწორედ ამდაგვარ არსში მყოფი გაცხადდება ბოლო ჟამის დასასრულს უფალი ღმერთი. ამ წამის დადგომამდე კი - „... თუ ვინმე გეტყვით თქვენ: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით“ -ო (მარკ. 13,21), გვაფრთხილებს მაცხოვარი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თითქოსდა სამი ეტაპი გამოიკვეთა:

I. პირველად ღმერთად მოსვლა-გაცხადების, ანუ როდესაც უფალი იესუ ქრისტე ორი ბუნების - ძე კაცისას და ძე ღვთისას - ერთ არსში მატარებელია;

II. ბოლო ჟამში აღსრულებული - მეორედ მოსვლა, როდესაც შობით მეორედ მოსული ძე კაცისა, მხოლოდ ერთი - ადამიანური ბუნების მქონებელია; და

III. ბოლო ჟამის დასასრულს - მეორედ ღმერთად გაცხადება, რასაც ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა და მისი _ უფალ იესუ ქრისტედ გამოჩინება ჰქვია.

პავლე მოციქულის პირით მოწვდილი ტექსტი, იგავური ფორმით გვანიშნებს ბოლო ჟამში ასაცხადებელ ორ ეტაპს - „ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან... უწინამც ვთქვი და ახლაც ვამბობ, ისევე როგორც ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამს, და შორიდან ვწერ ყველას, ვინც სცოდა უწინ და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როდესაც მოვალ“ (II კორ. 13,1-2).

კოდირებულად მოცემულ ტექსტში:

- „ჩემი მანდ ყოფნის ჟამი“, ეს - მეორედ მოსვლის, ანუ ბოლო ჟამში ძე კაცისას შობის არსის დამტევია;

- „უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან“, ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადებაზე გვანიშნებს; ხოლო

- „არავის დავინდობ, როდესაც მოვალ“, უკვე - განკითხვის დღის არსის გადმომცემი მინიშნებაა.

ეს უკანასკნელი, მაცხოვრისეული გაფრთხილებიდან იღებს სათავეს - „... ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ! ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი… განმეშოროს უსამართლობის ყველა მოქმედი~ (ლუკა 13,25; 27).

პავლე მოციქულის მინიშნებაზე დაყრდნობით, ბოლო ჟამი და მისი დასრულება - მეორე და მესამე მოსვლა-გაცხადებად შეიძლება სახელიდვას. ამ კუთხით:

- ბოლო ჟამი, მთელი თავისი ნიშნებით, ჩვენს თვალწინ მიედინება, ანუ - მეორედ მოსვლა უკვე მომხდარია: ძე კაცისა შობით უკვე მოსულია;

- წინ მოგველის „მესამედ მოსვლა“, ანუ ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, და მისი უფალ იესუ ქრისტეს არსით გაცხადება.

ყოველივე თქმულის შემდეგ, ზემოთ განხილული სამი ეტაპი, უკვე ასე შეიძლება დამისამართდეს:

- პირველი მოსვლა: უფალ იესუ ქრისტეს ორივე ბუნებით მოსვლა-გაცხადება;

- მეორედ მოსვლა: ბოლო ჟამში ძე კაცისას მეორედაც შობით მოსვლა; და

- „მესამედ მოსვლა“: მეორედ შობით უკვე მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა-გაცხადება.

დღევანდელი, ანუ ბოლო ჟამის მიმდინარეობითი ეტაპის გადმოსახედიდან:

პირველი მოსვლა - საუკუნეთა წინ განხორციელდა;

მეორედ მოსვლა - (ბოლო ჟამის მიმდინარეობისა გამო) უკვე მომხდარია, და

ველით, განსახილველი მოვლენის გვირგვინს - ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვას, ანუ მის - უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებას... დაილოცოს ეს დიადი წამი.

ვისაც ყური აქვს ისმინოს - „თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ (I კორ. 14,37-38). 

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!