მეექვსე ნაწილი

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების

ორი ეტაპის არსისმიერი ასპექტები

 

გაცხადებამდელ დროში, ერთბუნოვანი ძე კაცისას ცხოვრების სხვადასხვა კუთხის ამსახველი აუარებელი ნიშანია დაცული წმიდა წერილებში (იხ. იობი 33,13-14; ზაქ. 3,1-5; III ეზრა 13,52; მათე 20,20-23; 24,36; მარკ. 10,35-40; 13,32; საქ. 3,21; I კორ. 15,23; გალ. 4,1-2 და სხვა), რომელთა შესახებაც ჩვენ მრავალჯერ გვისაუბრია (იხ. მაგ.: „ბიბლიური კანონზომიერება თუ ბიბლიური „შეუთავსებლობა?!“, გაზ. „დედანი ენის სასწაული“, № 2(31), 2001 წ., გვ. 5-12).

ბოლო ჟამში (გ)ახსნილ საკითხთა მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ზოგადი მცნება - „ღმერთის მეორედ მოსვლა“, ორ პირობით მონაკვეთად შეიძლება წარმოვაჩინოთ:

- პირველი მონაკვეთი: მთელ ბოლო ჟამს მოიცავს;

- მეორე  „მონაკვეთი“ კი, უშუალოდ ის დიადი წამია, რასაც - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება ჰქვია.

ამ კუთხით, ბოლო ჟამი - „მოსვლა-გაცხადებისეული“ ეტაპების გაერთმთლიანებული დროის მონაკვეთია, რომელიც  - ძე კაცისას შობით იწყება, და მისი - უფალ იესუ ღმერთად გაცხადებით მთავრდება. ამ ორ მონაკვეთს შორის ხდება სწორედ წინასწარმოსწავებულ ნიშანთა აღსრულებაც და გამოვლინებაც (ანუ მათი დამოწმება).

ბიბლიური მინიშნებებით, ზემოთქმული ასე გვიკონკრეტდება:

- შობაზე: „ხოლო იესუმ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომელნიც გამომყევით მე, მეორედ შობისას...“ (მათე 19,28);

- ბოლო ჟამის მიმდინარეობაზე: „... ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება“ (III ეზრა 13,52);

- გაცხადებაზე: „და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; და მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალით და დიდებით მრავლით“ (მათე 24,30).

ვფიქრობთ, ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ შობიდან-გაცხადებამდელი, და თავად - გაცხადებისეული „დროის მინაკვეთი“, თავისი არსობრივი მნიშვნელობით, ურთიერთ განსხვავებულია.

უფალ იესუ ქრისტეს პირველად განკაცებისას, მისი ორი ბუნების (ძე ღვთისა და ძე კაცისა) ერთ არსში განივთებისა გამო, მთელ იმ პროცესს შეიძლება - განკაცებული უფალი ღმერთის პირველი მოსვლა-გაცხადება ვუწოდოთ.

„მეორედ მოსვლა“ ოდნავ განსხვავებულია. აქ, ღვთის პირველსახება, მამის ხატად და მსგავსად ქმნილი უფალი იესუ ქრისტე, ჯერ - შობით მოსული ძე კაცისას სახით მოდის, და ვიდრე გაცხადებამდე, მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელია. აღნიშნულისა გამო, უფალი ღმერთის, ბოლო ჟამში, ძე კაცისას სახით ხელახალ შობას, შეგვიძლია ვუწოდოთ მისი - მეორედ (ოღონდ ჯერ მხოლოდ ერთი - ადამიანური ბანებით) მოსვლა;

ბოლო ჟამად სახელდებული დროის დასასრულს, ანუ შობით მეორედ უკვე მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვას, უკვე - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება ჰქვია.

მაშასადამე გამოიკვეთა, განსახილველი დიადი მოვლენის ორი სახელდება:

- მეორედ მოსვლა, რაც თავის თავში მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას დაბადებიდან-გაცხადებამდელი დროის მონაკვეთს მოიცავს; და

- უფალი იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება, რაც თავის თავში მეორედ უკვე მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვისეული ცნების არსობრივი მხარის მომცველია.

პირველად მოსვლა-გაცხადებისაგან განსხვავებით, როდესაც ორივე ბუნების ერთდროულად მატარებელი უფალი იესუ ქრისტე, მიზეზთა გამო, თავის თავზე ამოწმებდა, მეორედ მოსულ ძე კაცისას, თავის თავზე დამოწმება აღარ სჭირდება.

დიახ, ერთი, ანუ მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელი და შესაბამისად - მეორედ უკვე მოსული ძე კაცისა, თავის თავზე არ დაამოწმებს, რამეთუ ბოლო ჟამად სახელდებული დროის გვირგვინი, არა - შობა, და ამ გზით ასრულებული მეორედ მოსვლა, არამედ - ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, ანუ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება და განკითხვის დღის ჩატარებაა.

ბიბლიაში ვკითხულობთ - „დამანახვა მან იესუ მღვდელმთავარი (აქ – მეორედ მოსული ძე კაცისას კოდირებული სახება), უფლის ანგელოზის (კოდია) წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად. უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი (კოდია) ამოირჩია!...“ (ზაქ. 3,1-2).

ბოლო ჟამად სახელდებულ დროში (და მანამდეც) ეშმაკის მიერ ცდუნებული მრავალი ცრუქრისტე წარმოჩინდება, რომლებიც არად ჩააგდებენ ღმერთის მიერ პავლე მოციქულის პირით გადმოცემულ შეგონებას - „... ვინც იქადის, უფლით იქადოდეს. რადგან ღირსეულია არა ის, ვინც თავის თავს იქებს, არამედ ის, ვისაც აქებს უფალი“ (II კორ. 10,17-18).

ამათთაგან განსხვავებით, ზემოთ უკვე დამოწმებული ძე კაცისა და ისინნი, ვინც მას ახლავან (იხ. III ეზრა 13,52),  თავიანთი ქმედებით განსხვავებულნი არიან - „რადგანაც ჩვენ ვერა ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ თვითმაქებართ, თავიანთი თავით რომ ზომავენ საკუთარ თავს, და უგულისხმონნი, თავიანთსავე თავს ედრებიან“ (II კორ. 10,12).

ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ განსახილველი კუთხით: „მეორედ მოსვლა“ და „უფალი ღმერთის გაცხადება“, ისეთივე განსხვავებული არსის მატარებელი ცნებებია, როგორც - ძე კაცისა და უფალი იესუ ქრისტე.

პირველად მოსვლა-გაცხადებისას განკაცებული უფალი, ორივე ბუნების ერთ არსში განივთებისა გამო, ერთდროულად იყო - ძე კაცისაც და ქრისტეც, ანუ ძე ღვთისაც;

განსახილველი მოვლენის მიმდინარეობისას - ერთი, ანუ მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელი - ძე კაცისა, იმავდროულად - არ არის ძე ღვთისა, ანუ - ქრისტე, რაც თავისთავად - ღვთაებრივი ძალმოსილებით აღჭურვილი უფალი ღმერთის არსობრივი მხარის დამტევი ცნებაა.

[გაგრძელება იქნება]