Print

რეინკარნაციის არსი - ბიბლიის მიხედვით

მეორე ნაწილი

რას ამბობს ბიბლია რეინკარნაციის შესახებ

ბოლო ჟამად სახელდებულ დროის მონაკვეთში მისტერიულად სრულდება ყველაფერი ის, რაც ამ დრომდე [და ამ დროისთვის] დაიწერა:

 - „ყოველივე ეს [ანუ - უკვე მომხდარი] მოიწია მათზე, ხოლო დაიწერა ჩვენდა დასამოძღვრად, რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა აღსასრულს“ (1 კორ. 10,11)...

ამიტომ მოდით გავცეთ პასუხი კითხვაზე - ვინ ვართ ეს ჩვენ: „რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა აღსასრულს“...

წინასწარვე აღვნიშნავთ, რომ აქ მინიშნებაა - რეინკარნაციის, ანუ - სულის განმეორებითი ხორცშესხმის [დაბადების] საიდუმლოზე.

პასუხის გაცემა ბიბლიური მინიშნებით დავიწყოთ:

 

89-ე ფსალმუნში ვკითხულობთ  - „... უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი. კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის [აქ - უკვდავი სულის მიერ მოკვდავ (ხრწნად) სხეულში ყოფნის დროის გასვლის (ანუ სიკვდილის) შემდგომად, ამავე სულის ახალ მოკვდავ (ხრწნად) სხეულში დაბრუნებაზე, ანუ ხელახალ შობაზეა მინიშნება] და ეტყვი: დაბრუნდით [ანუ - ხელახლა იშვით] ძენო ადამისანნო“ [ფსალ. 89,2-3]...;

 

ეხლა ვნახოთ რას გვაუწყებს უკვდავი სულის ხელახალ განსხეულებაზე (შობაზე), ანუ რეინკარნაციაზე - უზენაესი, ეზრა წინასწარმეტყველის პირით:

„შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთადერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს.

დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი ქმნილება და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა.

[აი ამის შემდეგ უკვე რეინკარნაციის საიდუმლოს გახსნა იწყება:]

თავად ის რაც ინახავს [აქ - დედის სხეულის მატარებელი სული], და ისიც რაც ინახება [ანუ - ახალი სიცოცხლის მატარებელი სული], ორივენი  [ეს - სულები] შენახული იქნება  [გარდაცვალების შემდგომად], ხოლო შენახულს [ანუ მოკვდავ სხეულგაყრილ უკვდავ სულს] ოდესმე [როცა ღმერთი ინებებს] ხელახლა მიიღებს საშო [ანუ ხელახალ შობისთვის გაამზადებს სულს]...“ [3 ეზრა 8,7-9];

 

და ბოლოს მაცხოვრის სიტყვები გავიხსენოთ:

„ხოლო იესუმ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, რომელნიც გამომყევით მე, მეორედ შობისას [აქ - რეინკარნაციაზე მიგვენიშნება], როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე...“ [მათე 19,28].

 

ამდენად, ბიბლიური მინიშნებანი:

- „კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის“ [ფსალმუნი];

- „ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო“ [3 ეზრა] და

- „მეორედ შობისას“ [მათე]

მათთვის, ვისაც ყური სასმენლად აქვს, ცალსახად გვიდასტურებენ - უკვდავი სულის განმეორებით შობაზე, ანუ - რეინკარნაციაზე...

რეინკარნაციის არსის მართებული, ანუ - ბიბლიური კუთხით  გააზრების გარეშე, თავად ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე საუბარი ყოვლად ზედმეტი იქნება...

[გაგრძელება იქნება]