Print

ქქართული სახელმწიფოს დამცირება არ უნდა დავუშვათ

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“] თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღ ი ა   წ ე რ ი ლ ი

 

საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბ-ნ გიორგი გახარიას!

 

ბატონო გიორგი!

წინასწარვე მინდა მოგახსენოთ, რომ აბსოლუტურად ვიზიარებთ ა.წ. 24 აპრილის კონფერენციაზე, თქვენს მიერ დაფიქსირებულ პოზიციას - უკრაინის სახელისუფლო ვერტიკალში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

არახალია თუ ვიტყვით რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ფასდება, ერთმანეთისადმი გამოხატული მხარდაჭერის ხარისხით.

 

საბჭოთა იმპერიის დაშლისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად ვთვლიდით [და ვთვლით] იმ ქვეყნებს, რომელთა მიერ ჩვენდამი გამოხატული მართებული დამოკიდებულება ორმხრივად მისაღებ ჩარჩოებში იყო [და არის] მოქცეული.

 

სწორედ ასევე, რუსეთის ფედერაციისადმი ჩვენი დამოკიდებულება ემყარება არა იმას, რომ ქართველ ხალხს ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვს რუსი ხალხისადმი.

არა! ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის ფედერაციის სახელისუფლო ვერტიკალის მიერ წარმოებული არამართებული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოსადმი.

ასეთივე დამოკიდებულება უნდა იქნეს დაფიქსირებული ჩვენთან ურთიერთობის სურვილის მქონე ყველა სახელმწიფოსადმი. კერძოდ,

 

მარტო იმის ძახილი, რომ მაგ. უკრაინა, ჩვენს წინაშე მსგავსი პრობლემების გამო, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია - არასახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია.

ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა ემყარებოდეს ერთმანეთის საშინაო საქმეებში არსებული პრობლემების სასიკეთოდ მოგვარების ურთიერთმისაღებ პოზიციას.

 

უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, საკუთარი სურვილით წარმართოს ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი.

 

აღნიშნულის პარალელურად, ქართულ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, სტრატეგიულ პარტნიორად მიჩნეული ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰკითხოს:

რატომ მიანიჭეს უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ქართული სასამართლო ხელისუფლება მძიმე დანაშაულში ედავებოდა?

რატომ დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად, როდესაც ქართველი ხალხი და ქართული მართლმსაჯულება სისხლის სამართლის დამნაშავედ მიიჩნევდა მას?

რატომ გვაყენებთ შეურაცყოფას - მხოლოდ იმიტომ, რომ „ძალა შეგწევთ ქადილისა?“

მაშინ თქვენს მიმართ რუსეთის საქციელის გამართლებაც შეიძლება, მას ხომ თქვენთან შედარებით უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს დაჩაგროს - ვისაც მოერევა?

და ბოლოს, სად ჩანს უკრაინის სახელმწიფოს ხელისუფალთა მხრიდან ჩვენი ქვეყნის პატივისცემა, როდესაც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აღმასრულებელი სახელისუფლო შტოში უპირებს დანიშვნას.

თუკი ეს უკანასკნელი საკითხი სწორედ ასე განხორციელდა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა:

„რა განსხვავებაა“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებასა [რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოყვა] და

უკრაინის სახელმწიფოს მიერ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების დამცირებისაკენ მიმართულ ქმედებას შორის?

რუსეთის ფედერაცია თავის საქციელს, ჩვენთვის მიუღებელ, მაგრამ მისთვის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირებს...

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია რა სტრატეგიულ მიზანს ისახავს უკრაინის სახელმწიფოს მიერ, საქართველოში ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა?

 

ბატონო გიორგი!

უკრაინის სახელმწიფოს მიერ მიხეილ სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა, მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფოს საშინაო საქმებში უხეშ ჩარევად, რაც დაუყოვნებლივ უნდა აისახოს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ ურთიერთობაში.

იმედს ვიტოვებთ, ქართულ სახელმწიფოს, თქვენი სახით პრემიერ მინისტრად ყავს პიროვნება, რომლისთვისაც მთავარი - სახელმწიფოს ღირსების სათანდო დონეზე დაცვაა.

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

2020 წლის 27 აპრილი