Print

ღია მიმართვა ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს

 ღია მიმართვა ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს

 

ქალბატონო სალომე!

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალებისა და ამ საკითხის ირგვლივ ა/წ 18 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი, ბადებს ეჭვს, რომ იგი ძალიან ზედაპირულად უნდა იცნობდეს „საქართველოს კონსტიტუციას“. კერძოდ:

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით [მუხლი 52. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები], მხოლოდ პრეზიდენტი - „ვ) შეიწყალებს მსჯავრდებულებს“;

ამ უფლების განხორციელების დროს პრეზიდენტმა შეიძლება შექმნას, ე.წ. მრჩეველთა [ან სხვა სახელდების, მაგრამ ამავე ფუნქციის მქონე] ჯგუფი; მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა.

შესაბამისად, პრეზიდენტის ყოველგვარი განცხადება, ამ საკითხთან მიმართებით ცვლილებათა განხორციელებამდე, ე.წ. მორატორიუმის მიღების თაობაზე, სალომე ზურაბიშვილის, რბილად რომ ვთქვათ - არაკომპეტენტურობის გადაფარვის მცდელობაა მხოლოდ, ვინაიდან იგი მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაშია შესაძლებელი.

კონსტიტუციაში კი, შესაძლო ცვლილების მექანიზმთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერია დაფიქსირებული:

„3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.

4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი“ [მუხლი 77,3-4].

წაკითხულის სათანადო გააზრების კომპეტენციის მქონე ნებისმიერი პირისათვის, ნათელი უნდა იყოს - ხსენებული პოზიციის პრაქტიკული განხორციელების შეუძლებლობა.


ქალბატონო სალომე - მოგიწოდებთ:

ან თავად გამონახეთ დრო, და სათანადოდ შეისწავლეთ - საქართველოს კონსტიტუცია; ან

ან, საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში აიყვანეთ შესაბამისი უნარის მქონე - კონსტიტუციონალისტი იურისტი.

 

ქრისტესმიერი სიყვარულით

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2019 წ. 18 სექტემბერი