Print

N 5. „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“ [1992-2012 წ.წ. უკანონო აქტების გაუქმება] [2014 წლის 18 თებერვალი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ცივილიზებული მსოფლიო პრაქტიკის თვალსაზრისით - ნებისმიერი კანონის [მათ შორის არჩევნების შესახებ კანონის] მიღების უფლება აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს.

ვითვალისწინებთ რა საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ იანვრის მოვლენებიდან მოყოლებული სახელისუფლო სტრუქტურებში ანტიკონსტიტუციუ-რი გზით მოსული უკანონო ძალის - „სამხედრო საბჭოსა“ [ჯ. იოსელიანი და თ. კიტოვანი] და „დროებითი მთავრობის“ [თ. სიგუა], აგრეთვე - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების უარყოფით როლს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება-დამკვიდრებაში,

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“.

დანართი:

1. კანონპროექტი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 10 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 18 თებერვალი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა   This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის

მიერ მიღებული

სამართლებრივი აქტების შესახებ

 

თავი 1.

ზოგადი დებულება

მუხლი 1. ვადასტურებთ 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბ-ლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს მიღებული დადგენილების [„აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ“] კანონიერებას, კერძოდ:

„.... სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეები-სათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა...”.

მუხლი 2. ვადასტურებთ 2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილები [„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“] მართებულობას, კერძოდ:

...საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტუ-რების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....“

თავი 2.

ძირითადი დებულება

მუხლი 3. უკანონოდ და ბათილად გამოცხადდეს: 1992 – 2012 წლებში საქარ-თველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებ-ლობის აღდგენის აქტს“;

მუხლი 4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას - „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შემსწავლელი კომისია“,

 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე 8,11]

 

თავი 1. წინათქმა

საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული პრინციპების თანახმად ცალსახად არის დაგმობილი ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივი გზა, და აღიარებულია, რომ ხელისუფლებაში კანონიერად მოსვლისათვის აუცილებელია - არჩევნების იყოს: ნამდვილი, პერიოდული და დემოკრატიული.

სამართლებრივი თვალსაზრისით - სახელისუფლო მმართველი რგოლების ძალადობრივი გზით შეცვლა, კანონიერი სახელისუფლო სტრუქტურის ლეგიტიმურობაზე გავლენას ვერ ახდენს.

 

თავი 2.

მიღებული სამართლებრივი აქტების თაობაზე

2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წ. 11 მარტს მიღებულ დადგენილებაში ვკითხულობთ:

 

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების

სამართლებრივი შეფასების შესახებ

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე

მ. მაჭავარიანი

თბილისი, 2005 წლის 11 მარტი.

№1104–Iს

 

მაშასადამე, აღნიშნული დადგენილება, თავის მხრივ, აღიარებს: 1991-1992 წლების დეკემბერ იანვარში ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლას, და ადასტურებს - „...1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში“.

2005 წ. 11 მარტის დადგენილებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ თავის იურიდიულ ძალას ინარჩუნებს, ლეგიტიმური სახელისუფლო ორგანოს მიერ, აღნიშნულ ვადებში კანონიერად მიღებული ყოველი გადაწყვეტილება.

1991 - 1992 წ.წ. მოვლენების შედეგად, 1992 წ. 6 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლო შტოები - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი, იძულებული შეიქნენ დაეტოვებინათ საქართველო, და თავისი მოვალეობის შესრულება - ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიაში, დევნილობაში მყოფთ გაეგრძელებინათ.

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 108-ე და 113,1 მუხლზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1992 წ. 9 მარტის დადგენილებით, 1992 წ, 12-13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის მე-2 სესიის მორიგი სხდომა - ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 457-458].

დევნილობაში მყოფმა კანონიერმა სახელისუფლო შტომ, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო, საქართველოში შეიარაღებული გზით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგებიდან გამომდინარე არაერთი აუცილებელი გადაწყვეტილება თუ განცხადება.

საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ..) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“

[იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 472].

 

ამავე დღეს, ანუ 1992 წ. 13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში - „აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ“, კერძოდ ვკითხულობთ:

 

„...სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკაში, ხუნტის .. სამხედრო საბჭოს მიერ შექმნილი არაკანონიერი ორგანოები... უხეში ძალისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ მართონ სახელმწიფო. ამასთანავე, ისინი იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათი აზრით, სახელმწიფო კანონიერი ხელისუფლების აქტებისა და მართვის იურიდიული და ფაქტობრივი ძალის იგივეობას წარმოადგენს.

ხუნტის ასეთი ქმედება არაკანონიერი და მიუღებელია როგორც საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის აქტების თვალსაზრისით...

ხუნტა მიზნად ისახავს მისცეს ლეგიტიმური ხასიათი სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციას. ამისათვის ხუნტა ცდილობს შეიმუშაოს კანონი არჩევნების შესახებ... და დანიშნოს პარლამენტის არჩევნები.

მომქმედი კანონმდებლობის... და მსოფლიო პრაქტიკის თვალსაზრისით, არჩევნების შესახებ კანონის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონის) მიღების და არჩევნების თარიღის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, ანუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელიც არჩეულია 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპარტიული არჩევნებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. .. სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეებისათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა.

2. საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად

[იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 479-480].

 

1992 წ. 10 მარტს შექმნილი ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ მორიგი უკანონო გადაწყვეტილების მხილების მიზნით, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 113-ე მუხლის თანახმად, 1992 წლის აპრილში მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო სტრუქტურების მიერ დანიშნული სახელმწიფო ორგანოების არჩევნების შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

ვინაიდან სამხედრო ხუნტა, რომელიც თავის თავსსახელმწიფო საბჭოსუწოდებს და რომელმაც შეიარაღებული ძალადობის გზით მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ცდილობს დანაშაულებრივი რეჟიმის დაკანონებას არჩევნების ჩატარების გზით;

ვინაიდან არავის აქვს უფლება დანიშნოს არჩევნები ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გარდა;

ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, პირველი სესიის 13 მარტის სხდომაზე მიღებულ მიმართვაში მოუწოდა საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობას სამხედრო ხუნტის გადაწყვეტილებათა ბოიკოტისა და სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკაში ხელისუფლების უკანონო სტრუქტურების მიერ მიღებული საარჩევნო კანონი და ნებისმიერი აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ იურიდიული ძალის არმქონედ, არჩევნები - უკანონოდ, არჩევნების შედეგები - ბათილად.

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე“

[იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 481-482].

 

უკანონო ხელისუფალის მიერ 1992 წ. 11 ოქტომბერს ჩატარებული ე.წ. არჩევნების თაობაზე, 1992 წ. 14 ოქტომბერს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გამართულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის საგანგებო სესიაზე, მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკაში ანტიკონსტიტუციური არჩევნების ჩატარების შესახებ“, სადაც გაცხადებულ იქნა, რომ:

„1992 წ. 11 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკაში ე.წ. სახელმწიფო საბჭომ, რომელმაც შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია, ანტიხალხური რეჟიმის დაკანონების მიზნით ჩაიდინა ანტიკონსტიტუციური ქმედება და უწოდა მას „პარლამენტის არჩევნები“;

ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციით, რომელიც ყველა იურიდიული ნორმის დარღვევით გაუქმებულად გამოცხადდა, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელსაც თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია;

ვინაიდან, „დებულება არჩევნების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ჩატარდა არჩევნები, სრულად არ შეესაბამება ხუნტის მიერ აღდგენილ 1921 წლის კონსტიტუციას, უპრეცედენტოა თავისი ანტიდემოკრატიულობით [არ არის განსაზღვრული მინიმალური საარჩევნო ქვორუმი, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული კანდიდატთა წინააღმდეგ მიცემული ხმები, დაკანონებულია არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის მექანიზმი], ხოლო სპიკერის არჩევა საყოველთაო კენჭისყრით არ ახსოვს მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკას, და ნიშნავს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების კონცენტრაციას და აქედან გამომდინარე ერთი პიროვნების ხელში შეუზღუდავი ძალაუფლების მოქცევას;

ვინაიდან არჩევნების უალტერნატივობა, არსებითად აღადგენს არჩევნების კომუნისტურ პრაქტიკას;

ვინაიდან უკანონო რეჟიმის მიმართ არალოიალური პოლიტიკური ძალები, თავიანთი სურვილის შემთხვევაშიც, მოკლებულნი აღმოჩნდნენ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის საშუალებას, ხოლო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა ხუნტის ერთგული პირებით;

ვინაიდან არჩევნები საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში არ ჩატარებულა;

ვინაიდან არჩევნები ჩატარდა მასობრივი ტერორის, სამოქალაქო ომის, საგანგებო, ხოლო აფხაზეთში - საალყო მდგომარეობის პირობებში და არსებითად დაქვემდებარებული იყო მხოლოდ ხიშტების კონტროლს;

ვინაიდან ამომრჩევლებს არ მიეცათ თავიანთი ნების თავისუფალი გამოხატვის საშუალება, შანტაჟსა და მუქარას [დაწყებული სამსახურიდან დათხოვნით, დამთავრებული ფიზიკური განადგურების მოთხოვნით] მასობრივი ხასიათი ჰქონდა;

ვინაიდან, საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილის მოქმედება წარმოადგენდა ტენდენციურობისა და პროტექციონოზმის მაგალითს;

ვინაიდან არსებობს უტყუარი მონაცემები იმის შესახებ, რომ არჩევნების შედეგები მთლიანად ფალსიფიცირებული იყო,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ცნობილ იქნას არაკონსტიტუციურად, ხოლო შედეგები - ბათილად;

2. დადგენილება ძალაში შედის მიღების მომენტიდან“

[იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 487-488].

საქართველოს მოსახლეობის ჭეშმარიტი ნების გამომხატველი, საქართველოს კანონიერი სახელისუფლო შტოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული აქტებით, სამართლებრივად დადასტურებულ იქნა საქართველოში, 1992 წ. 11 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებით ჩამოყალიბებული, დე-ფაქტოდ არსებული მოძალადე ხელისუფალის უკანონობა, რომელიც თავისი ქმედების ათვლას - 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული სამხედრო შეიარაღებული გზით სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, 1992 წ. 2 იანვარს ჩამოყალიბებული ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“, ხოლო მოგვიანებით 1992 წ. 10 მარტს შექმნილი ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ საქმიანობიდან იღებს სათავეს.

 

თავი 3.

დასკვნის მაგიერ

ამდენად, 1992 წ. 6 იანვრიდან დევნილობაში მყოფმა, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რომლის ლეგიტიმაცია დადასტურებულ იქნა 2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტის დადგენილებით [„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“], 1992 წ. 23 მარტს მიღებული სამართლებრივი აქტით [„აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ“]დააკანონა, რომ:

ერთის მხრივ -3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ“; და

მეორეს მხრივ - „1. .. სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეებისათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა.

2. საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად”.

 

ყოველივე ზემოთქმული, ჩვენი აზრით, მყარი სამართლებრივი საფუძველია იმისათვის, რომ, წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე დაყრდნობით, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტმა, მიღებული კანონის სახით, განაცხადოს:

„მუხლი 3. უკანონოდ და ბათილად გამოცხადდეს: 1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

მუხლი 4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას - „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შემსწავლელი კომისია“.

 

თავი 4. კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე.

 

თავი 5. კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი],

ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა,

ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი, ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.