Print

N 57. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [პარტიების დაფინანსების საკითხისათვი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო არჩილ!

მიგვაჩნია რა, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს, კანონიდან გამომდინარე, გარანტირებული უნდა ჰქონდეს თანაბარი საარჩევნო პირობები, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 105-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.  

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 5 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 8 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2019 წლის 7 აგვისტო,

წერ. ჩაბ. N 1- 15031/19;

07. 08. 2019 წ.

ელ. ფოსტა This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „რ1“ და „უ1“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი - ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპარლამენტო პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია საპარლამენტო პარტია.“;

„უ1) საპარლამენტო პარტია - პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.“;

 

2. 43-ე მუხლის პირველი და პირველი1 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნებში მონაწილე საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საპარლამენტო პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე).

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შესაბამის საარჩევნო ოლქებსა და საარჩევნო უბნებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ იმ საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტებზე, რომელთა მიერ წარდგენილი კანდიდატებიც მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში.“;

 

3. 48-ე მუხლის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საარჩევნო სუბიექტები, აგრეთვე პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.“;

 

4. 50 - მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტელე - ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;

 

5. 51 - მუხლის მე-2, მე-5; მე-6, მე-61, მე-62 და მე-12 პუნქტებში განხორციელებულია სარედაქციო ცვლილება, ანუ აქედან ამოღებულია საარჩევნო სუბიექტისათვის განკუთვნილი ცნება - კვალიფიციური“;

 

6. 51-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

 

7. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისათვის, მათ შორის ფასიანი სარეკლამო დროის შეძენის მიზნით, შესაბამის საარჩევნო ფონდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების გარდა სხვა ფულადი სახსრების გამოყენება.“;

 

8. 54-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

9. მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო დაფინანსების მიზნით გამოყოფილია ხუთი მილიონი ლარი, რომელიც თანაბრად ნაწილდება, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე.

2. შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ფონდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრის ჩარიცხვა უნდა მოხდეს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის მეორე დღეს.“.

 

10. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი 12 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38- მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“;

 

11. 129-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57- დღისა. განცხადების მიღებისთანავე მას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელიც არ არის საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50- დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი 12 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 38- მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 113- მუხლით დადგენილი წესით.“;

 

12. 142-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი 12 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38- მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში ამოწმებს. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“.

 

13. კანონის 1858-ე და 18510-ე მუხლებში ტერმინი „კვალიფიციური“ შეიცვალოს ტერმინით „საპარლამენტო“’.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

1. წინათქმა

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია ახლებურად დარეგულირდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების წესი.

ჯანსაღი კონკურენციის ძირეული პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე უარი უნდა ითქვას პოლიტიკური გაერთიანებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მანკიერ პრაქტიკაზე.

პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა მოქმედებდნენ ქვეყნის მოსახლეობის რეალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები. შესაბამისად, მათი დაფინანსებაც უნდა ხდებოდეს, მხოლოდ, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების კონკრეტული პროგრამის მხარდაჭერის მიზნით. მოსახლეობის მხრიდან გაღებული მატერიალური თუ არამატერიალური სახსრების მეშვეობით.

მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მიერ 2008 წლიდან საკანონმდებლო სივრცეში დამკვიდრებული ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობა“, ხელს უწყობს, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მითვისებასა და გაფლანგვას.

ცალკეულ გამონაკლისთა პარალელურად, სხვადასხვა მიზნით შექმნილ საარჩევნო ბლოკში ყოფნის გზით, ე.წ. „ძირითადი პარტიის“ სატელიტი პოლიტიკური გაერთიანებები, კვალიფიციური პარტიის სატატუსის მიღების შემდეგ ხდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მიმღები სუბიექტები [იხ.[საქართველოს ორგანული კანონი ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, მუხლი 30,2-3; 5-6].

ცესკოს ელ. გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, წელიწადის მანძილზე ე.წ. კვალიფიციური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 11 -12 მილიონი ლარის დაფინანსებას იღებენ.

 

2. განსახორციელებელი ცვლილებები

ქვეყანაში არსებული შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში სასურველი იქნება ცვლილებები განხორციელდეს როგორც - საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მესამე თავში - „პარტიის ქონება და ფინანსები, პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი“.

ამ შემთხვევაში გასატარებელი საკანონმდებლო რეგულაციის კონკრეტული გადაჭრის გზა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი პარტიის მიერ 2017 წლის 9 ნოემბერს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში [წერილის ჩაბ. №21580, 09. 11. 2017 წ.].

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის თითოეული მუხლი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტებისათვის მაქსიმალურად თანაბარ პირობები იყოს უზრუნველყოფილი. შემოთავაზებული რეგულაციების თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

უნდა გაუქმდეს ცნება - „კვალიფიციური პარტია“. პარტიათა ერთგვარი კლასიფიკაციის თვალსაზრისით შემოთავაზებულია ცნება - „საპარლამენტო პარტია“, რომლის ქვეშაც მოიაზრება პარტია რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-2 მუხლში [„ტერმინთა განმარტება“], „რ1“ [კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი] და „უ1“ [კვალიფიციური პარტია ] პუნქტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი - ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპარლამენტო პარტია.“;

„უ1) საპარლამენტო პარტია - პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.“;

 

2. კანონის 43-ე მუხლის [“ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება“] პირველ და პირველ1 პუნქტებში ტერმინი „კვალიფიციური“ ჩანაცვლებულია ტერმინით „საპარლამენტო“;

 

3. 48-ე მუხლის მე-6 მუხლიდან ამოღებული უნდა იქნეს ტერმინი „კვალიფიციური“;

5. „კვალიფიციური პარტიის“ ცნების გაუქმებისა გამო, 50 - მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი: „(როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის)“, და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტელე - ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს.“;

6. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ – „მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა“-ში, შემოთავაზებული ცვლილებები ძირითადად გამოწვეულია „კვალიფიციური პარტიის“ ცნების გაუქმებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ახალი რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით მე-2, მე-5; მე-6, მე-61, მე-62 და მე-12 პუნქტებიდან ამოღებულია საარჩევნო სუბიექტისათვის განკუთვნილი ცნება - „კვალიფიციური“; ხოლო: 51-ე მუხლის მე-7, მე-8, მე9, მე-10 და მე-11 პუნქტები უნდა გაუქმდეს;

7. 54-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებთან დაკავშირებული ცვლილება გამომდინარეობს სარჩევნო სუბიექტების დაფინანსების ქვემოთ წარმოდგენილი ახალი წესიდან;

 

8. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება, მათთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრული 60 დღიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ასანაზღაურებლად გამიზნული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების მეშვეობით.

შესაბამისად, დღეისათვის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 54,8 პუნქტით განსაზღვრული რეგულაცია, თავის დანიშნულებას კარგავს, ამიტომაც იგი გაუქმებულ უნდა იქნეს;

 

9. კანონის „მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ სრულიად ახლებური შინაარსით უნდა ჩამოყალიბდეს. კერძოდ:

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, რომ, თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, გამოყოფილი უნდა იქნეს წინასწარ დადგენილი კონკრეთული თანხა, ჩვენი შემოთავაზებით, მაგალითად - ხუთი მილიონის ოდენობის ფულადი თანხა.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში, ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე დღეს.

საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებს, კანონით განსაზღვრული 60 დღიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ასანაზღაურებლად, უფლება ექნებათ გამოიყენონ მხოლოდ ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრები.

საარჩევნო სუბიექტებს, ამ კანონით უზრუნველყოფილ უფასო სარეკლამო საეთერო დროსთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებით, სურვილისამებრ, შეიძინონ - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო; და ა.შ.

10, „კვალიფიციური პარტიის“ ცნების გაუქმებიდან გამომდინარე ცვლილებას ექვემდებარება 113-ე მუხლის მე-9 და 142-ე მუხლის მე-2 პუნქტები. მათი ახალი რედაქცია ასეთი სახით იქნება ასახული:

ჩვენი აზრით, საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებული პარტიის მიერ გამოხატულ პოზიციაზე...

შესაბამისად, საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად, მოქმედი კოდექსის 113-ე და 142 მუხლების 1-ლი პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა უნდა გავრცელდეს, არა მარტო საპარლამენტო ორგანოში წარმომადგენლის მქონე პარტიებისთვის, არამედ არჩევნების დანიშვნის დროისათვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებებზე.

აღნიშნული პოზიციის გასაზიარებლად საჭირო პოლიტიკური ნების არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი პარტიის მიერ საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად, დღეს დადგენილი 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვების ნაცვლად, უმჯობესი იქნება მაქსიმალურ ოდენობად [ზედა ზღვრად] განისაზღვროს ერთი საპარლამენტო მანდატის მისაღებად საკმარისი ამომრჩეველთა ოდენობა, ანუ: 11-12 ათასი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსახილველი მუხლების ახალი რედაქცია ასეთ სახეს მიიღებს:

„პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი 12 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“.

 

11. 129-ე მუხლის მე-4 პუნქტის, აგრეთვე 1858-ე და 18510-ე მუხლების ახლებური რედაქცია გამოწვეულია ტერმინ „კვალიფიციურის“, ტერმინ „საპარლამენტოთი“ ჩანაცვლებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრული ცვლილებათა პაკეტი;

1. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებისათვის, პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად თანაბრად გამოყოფილი უფასო საეთერო დრო; და

2. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანაბარი ოდენობის ფულადი სახსრების ხარჯვის უფლების განსაზღვრა

მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანისათვის თანაბარ პირობებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილებს მართებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

 

3. ბოლოთქმის მაგიერ

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - „1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. [მუხლი 36,1].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი],

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.