Print

ღია მიმართვა - ქ-ნ ეკა ბესელიას

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ

საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

ქალბატონ ეკა ბესელიას

 

სიცრუე და ორპირობა, ანუ სირცხვილია

სირაქლემას პოზიციაზე დაყრდნობილ

ტყუილში ყოფნა

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ

საკითხთა კომიტეტის დასკვნის პასუხი

 

ქალბატონო ეკა!

თქვენი ხელმოწერით მიღებული დასკვნის [N5195/4-10; 21. 05. 2018 წ.] პასუხად უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

 

ჩვენს მიერ ა/წ 19 თებერვალს პარლამენტში ჩაბარებულ იქნა საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს კანონი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ [ჩაბ. N 2464].

როგორც მოგეხსენებათ, ა/წ 5 აპრილს გამართულ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდგომად, თქვენი წინადადებით - კომიტეტმა გადაწყვიტა საბოლოო პოზიციის დაფიქსირებამდე ცესკოსთვის ეთხოვა შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

17 აპრილს ცესკოს მიერ პარლამენტისათვის გამოგზავნილ პასუხში [N 01-02/568, 16/04/2018] , კერძოდ ვკითხულობთ:

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ

საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

ქალბატონ ეკა ბესელიას

 

ქალბატონო ეკა,

თქვენი მიმდინარე წლის 11 აპრილის №3764/4-10 წერილის (ცესკოში რეგ. №829) პასუხად, წარმოგიდგენთ მოსაზრებებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების ზვიადის გზა-უფლის სახელით მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ (შემდგომში - საარჩევნო კოდექსი) განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვების დაწყების უფლების მინიჭება განხორციელდება საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წლის დასაწყისიდან კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50- დღემდე. მოცემული სახით ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მიმდინარე წლისთვის ხელმოწერების შეგროვების დაწყება, მოგეხსენებათ, ვეღარ განხორციელდება 2018 წლის პირველი იანვრიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კანონში ცვლილებების განხორციელებაც საჭიროებს გარკვეულ პერიოდს.

ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის სრულიად განსხვავებული რეგულაციები. შესაბამისად, 2018 წლის ოქტომბრის თვეში გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იქნება ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდება საარჩევნო კოდექსის ამჟამად მოქმედი ნორმების მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია საარჩევნო კოდექსის ძირითად დებულებებში ისეთი შინაარსის ნორმების შემოტანა, რომელთა საჭიროებაც მიმდინარე წელს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ აღარ იქნება.

თუმცა, ამავდროულად, შესაძლებელია ერთჯერადად, საარჩევნო კოდექსის გარდამავალ დებულებებში, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გასამართი საპრეზინდენტო არჩევნებისთვის, კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით, პარტიებისა და ასევე, საინიციატივო ჯგუფებისთვის განისაზღვროს ცესკოს თავმჯდომარისათვის მიმართვის კონკრეტული საწყისი ვადა (მაგალითად - პირველი ივლისი)...

პატივისცემით,

თამარ ჟვანია

კომისიის თავმჯდომარე

 

ცესკოს წერილში გამოთქმული მოსაზრების გათვალისწინებით, ჩვენს მიერ მომზადებული შემხვედრი წინადადება, თქვენი კომიტეტის აპარატს, იმავე დღესვე ელ. ფოსტით გადმოვუგზავენე.

ჩვენი შეთავაზება ასეთი გახლდათ:

 

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.20122, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

მუხლი 1.

ამ კანონის 185-ე მუხლს: „გარდამავალი დებულებანი“, დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 18517 -ე მუხლი - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის დადგენა“:

„1. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, ამ კანონის ამოქმედებიდან, მაგრამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა, ამ კანონის 98- მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

2. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა, ამ კანონის 99- მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია“.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

 

ქალბატონო ეკა!

პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, პირდაპირ ეთერში გაშუქებულ, 2018 წ. 17 მაისს, ქუთაისში გამართულ იურიდილი კომიტეტის სხდომაზე, თქვენ არასრულად წარმოაჩინეთ ჩვენი საკითხი, როდესაც კომიტეტის წევრებს აცნობეთ ნახევარი სიმართლე, რომ თითქოს ცესკო თავის დასკვნაში არ უჭერდა მხარს ჩვენს მიერ მომზადებულ ცვლილებას, და, შესაბამისად, კომიტეტის წევრებს შესთავაზეთ მხარი არ დაეჭირათ ამ საკითხის საკანონმდებლო ინიციატივად წარდგენისათვის.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით [მხოლოდ ორი მომხრე], კომიტეტმა გაიზიარა თქვენი შეთავაზება და უარყო ჩვენი საკანონმდებლო წინადადება.

 

ქალბატონო ეკა!

ა, წ, 21 მაისს, თქვენი ხელმოწერის მქონე კომიტეტის დასკვნაში [წერ. N5195/4-10], თქვენ კვლავ ნახევარ სიმართლეზე დაყრდნობით აკეთებთ დასკვნას. და ეხლა უკვე საქართველოს პარლამენტის ბიუროს აწვდით ნახევარ სიმართლეზე აგებულ ცრუ ინფორმაციას.

კერძოდ, ამ დასკვნაში, მიმოხილვითი ნაწილის ბოლოს თქვენ ბრძანებთ:

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

ასლი: მიხეილ (გელა) სალუაშვილს,

თბილისი, მუხიანი,

1-ლი /., კორპ. 2, ბინა 95

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების ზვიადის გზა-უფლის სახელით მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N2464, 19.02.2018)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის 17 მაისის სხდომაზე განიხილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ზვიადის გზა- უფლის სახელით მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N2464, 19.02.2018)

...

კომიტეტში შემოვიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომლის მიხედვით, კომისიას მიზანშეუწონლად მიაჩნია საარჩევნო კოდექსის დებულებებში ისეთი შინაარსის ნორმების შეტანა, რომელიც დროებითი ნორმის შემოღებას გულისხმობს.

 

დასკვნა

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიზანშეუწონლად მიიჩნია მის საფუძველზე კანონპროექტის მომზადება“.

 

 

ქალბატონო ეკა!

თქვენ ხომ მშვენივრად იცით, თუ რა წერია ცესკოს მიერ გამოგზანილ პასუხში?

მაშ, რატომ იგდებთ თავს სირაქლემას პოზიციაში და რატომ ცრუობთ?

 

როგორც აღვნიშნეთ - 17 აპრილს ცესკოს მიერ თქვენთვის გამოგზავნილ პასუხში [N 01-02/568, 16/04/2018] , კერძოდ ვკითხულობთ:

„...მიზანშეუწონლად მიგვაჩნია საარჩევნო კოდექსის ძირითად დებულებებში ისეთი შინაარსის ნორმების შემოტანა, რომელთა საჭიროებაც მიმდინარე წელს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ აღარ იქნება.

თუმცა, ამავდროულად, შესაძლებელია ერთჯერადად, საარჩევნო კოდექსის გარდამავალ დებულებებში, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გასამართი საპრეზინდენტო არჩევნებისთვის, კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით, პარტიებისა და ასევე, საინიციატივო ჯგუფებისთვის განისაზღვროს ცესკოს თავმჯდომარისათვის მიმართვის კონკრეტული საწყისი ვადა (მაგალითად - პირველი ივლისი)...“.

 

ქალბატონო ეკა!

მინდა გკითხოთ: თქვენთვის, როგორც კვალიფიციური იურისტისთვის. - რა არის აქ გაუგებარი?

ან რა არის აქ ისეთი მიუღებელი, რამაც თქვენ ზემოთხსენებული პოზიციის დაკავებისაკენ გიბიძგათ?

ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია.

 

ჩემის მხრივ, მომიტევებია თქვენთვის სიცრუეზე აგებული შეცოდება... და გისურვებთ მონანიების მადლთან ზიარებას.

ამ გზავნილს კი, შოთა რუსთაველისეული სიბრძნის შეხსენებით დავამთავრებ:

„მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:

“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა” [769,3-4].

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

23 მაისი. 2018 წ,