Print

ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ დაარსების საკითხისათვის

ზვიად გამსახურდიას სახელობის

„თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“

დაარსების საკითხისათვის

დამდგარი ბოლო ჟამის თაობაზე, ბიბლიასა და სხვა წყაროებზე ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ჩვენს მიერ მომზადებულ მასალასთან ზიარებულმა მკითხველმა იცის თუ რაოდენ განსაკუთრებული ადგილი უკავია, მათში არსებულ, ბოლო ჟამში მოღვაწე ზვიად გამსახურდიას ფენომენთან დაკავშირებულ კოდირებულ  მინიშნებებს.

აღნიშნულის გარდა, ყველასათვის ცნობილია თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ზვიად გამსახურდიას, ერთის მხრივ - თეოლოგიური საკითხების კვლევა ძიების საქმეში, და მეორეს მხრივ საქართველოში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

ზვიად გამსახურდია თანაბრად წარმატებით მოღვაწეობდა, როგორც - ლიტერატურულ, სამეცნიერო, მთარგმნელობით და პედაგოგიურ სფეროში, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველისა და ეროვნული სულისკვეთების გამოღვიძებაზე ორიენტირებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის პოზიციაზე.

ადრეული ასაკიდან დაწყებული - დისიდენტური საქმიანობიდან მოყოლებული, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე განვლილ ცხოვრების გზაზე, ზვიად გამსახურდიას მთავარ ორიენტირს, საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე საქართველოს სულიერი მისია წარმოადგენდა.

ზვიად გამსახურდიასთვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს სულიერი მისიის ერთ-ერთ უმძლავრეს შემადგენელს წარმოადგენდა.

სამშობლოდან დევნილი ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა:

„...სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფვოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს...“-ო

[იხ. „ნაროდნაია პრავდა“ №41, 1992 წელი, სანკტ-პეტერბურგი; - გაზ. „აღდგომა“, №20, გვ. 1-2, 4 დეკემბერი, 1992 წ.].

ღმერთის განგებულებით, ზვიად გამსახურდიას პიროვნებაში ორგანულად იყო შერწყმული - ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანის, თეოლოგიური სფეროს დიდი მკვლევარისა და უბადლო პოლიტიკური ალღოს მქონე პირისათვის დამახასიათებელი ყველა უმთავრესი ნიშანსვეტი.

  საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის მწვერვალზე მდგარი ზვიად გამსახურდია ბრძანებდა

- „საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას.

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის გარეშე. ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც. სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან.

დღევანდელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნული პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას, ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით...“

[იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№ 114 (134), გვ. 1, 11 ივნისი, 1991 წ.].  

მოწამეობრივ აღსასრულამდე რამოდენიმე თვით ადრე მიცემულ ინტერვიუში, ზვიად გამსახურდიამ, მსოფლიო გლობალიზაციის მორევიდან თავის დაღწევისა და ღვთაებრივი მისიის მქონე ქართველი ერის გადარჩენის კონცეფცია ასე ჩამოაყალიბა:

ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. ეს კი ჩვენი ბრძოლის უმთავრესი მიზანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა. ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა!“

[იხ. გაზ. „სამანი“, მარტი 1993 წ.].

წინამდებარე წერილის ძირითადი თემატიკის გაცნობამდე, ჩვენი სათქმელისათვის ერთგვარი ფონის მომზადების მიზნით მოხმობილი ზემოთქმული თვალთახედვის მკითხველისადმი წარდგენის შემდეგ, ერისა და ბერის გასაგონად ვაცხადებთ, რომ:

2018 წლის 31 მარტს, „ლაზარეს აღდგინების შაბათსა“ და საქართველოს დედა ეკლესიის მიერ დადგენილ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის“ ხსენების დღეს, ზვიად გამსახურდიას დაბადების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლეს“ ლასკარის ღია სხდომაზე მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, საქართველოში დაარსდა:

ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემია“.

იქვე გადაწყდა, რომ გარკვეული საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ პირველი ღია შეკრება გაიმართოს - 2018 წ. 26 მაისს.

თხრობის დასასრულს წარმოგიდგენთ - ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ დებულებას.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი