Print

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - ირაკლი კობახიძეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია მიმართვა:

საქართველოს კონსტიტუციაში

2017 წ. 13 ოქტომბერსა და 2018 წ. 23 მარტს

ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომად წარმოშობილი საკონსტიტუციო ხარვეზის

გამოსწორების მექანიზმი

 

ბატონო ირაკლი!

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ,

ერთის მხრივ - 2017 წ. 13 ოქტომბერსა, და

მეორეს მხრივ - 2018 წ. 23 მარტს

მიღებული ცვლილებების შემდგომად ფორმირებულ საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში, მიზეზთა გამო, კვლავ ფიქსირდება საკონსტიტუციო ხარვეზი. კერძოდ

კონსტიტუციურ ტექსტში გამორჩენილია - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომად საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციების შექმნის განმსაზღვრელი ჩანაწერი.

შესაბამისად, დღეისათვის მიღებული საქართველოს კონსტიტუციის რედაქტირებული ტექსტის ამ სახით ამოქმედების შემთხვევაში - 2020 წლის პარლამენტში შეუძლებელი იქნება, საპარლამენტო ფრაქციების შექმნა, ანუ სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება.

 

როგორც მოგეხსენებათ, ამ თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული ტექსტი ადგენს სამი სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის საქმიანობის მარეგულირებელ შემდეგ წესს:

 

2016 წლის 8 ოქტომბრის მოწვევის

პარლამენტთან მიმართებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდება არანაკლებ ექვსი პარლამენტის წევრი. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“

[იხ.საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ [საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.10.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016012); მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი]

ამდენად, აქ - მკვეთრად არის განსაზღვრული ფრაქციების შექმნის წესი.

 

2024 წლის მოწვევის

პარლამენტთან მიმართებაში ვკითხულობთ:

„პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით“

[იხ.საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ [საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.10.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016012); მუხლი 41,3].

როგორც ვხედავთ, აქაც - მკვეთრად არის განსაზღვრული ფრაქციების შექმნის წესი.

 

ზემოთქმულისაგან განსხვავებით, 2020 წლის მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 მარტს შეტანილი ცვლილების შედეგად მიღებულ კონსტიტუციის ტექსტში, ამ მხრივ დაშვებულია - ხარვეზი. კერძოდ:

 

მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში, 2020 წლის მოწვევის

პარლამენტთან მიმართებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.“.

 

კომენტარი:

როგორც ვხედავთ, კანონპროექტში არაფერია ნათქვამი:

- არც: ფრაქციის შექმნის წესზე [რამდენი ფრაქციის შექმნის უფლება აქვთ:

1) 3%-იანი საარჩევნო ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიებს; და

2) მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს]; და

- არც: საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ საკონსტიტუციო ხარვეზის გამოსწორების ჩვენეულ თვალსაზრისს.

 

საკონსტიტუციო ხარვეზის

გამოსწორების მექანიზმი

1. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, გთავაზობთ, რომ განსახილველ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „მე-91“ პუნქტი:

„91. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეულ პარლამენტში:

ა) ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

ბ) ერთ პარტიულ სიაში მყოფმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

გ) პარლამენტის წევრს, თუ მისი წარმდგენი პარტიული სიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება აქვს იყოს მხოლოდ ამ პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით შექმნილი ფრაქციის წევრი.

დ) საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.’’.

 

2. დღეისათვის მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 102-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებათა განხორციელების წესიდან გამომდინარე:

- არაუგვიანეს - 2018 წლის 1 მაისისა, უნდა მოხდეს - საქართველოს პარლამენტში 102-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მომზადებული „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წარდგენილი კანონპროექტის გამოქვეყნება [მუხლი 102,2];

- კონსტიტუციით განსაზღვრული ერთთვიანი განხილვის ვადის ამოწურვის შემდეგ:

ერთის მხრივ - 2018 წლის ივნისის თვის პირველი ნახევრისა [არაუგვიანეს 29 ივნისისა -თვის ბოლო პარასკევი - იხ. მუხლი 61,1]; და

მეორეს მხრივ, სამთვიანი ინტერვალის გათვალისწინებით, ანუ - 2018 წლის სექტემბრის პირველი ნახევრისა [არაუგვიანეს 2018 წლის ოქტომბერში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნებისა]

მოხდეს მუხლი 102,3-ით გათვალისწინებული პროცედურის საბოლოო დასრულება.

 

ბატონო ირაკლი!

ვიზიარებთ რა - ზემოთქმული საკითხის დარეგულირებისათვის საჭირო ორმხრივი კონსულტაციის გამართვის აუცილებლობას, მზად ვართ თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ფორმატში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

 

პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2018 წ. 26 მარტი

 

წერილის ჩაბ. N4629

26. 03. 2018 წ.