Print

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს - ეკა ბესელიას

საქართველოს პარლამენტის

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს

ქალბატონ ეკა ბესელიას!

 

ღია მიმართვა

[პასუხის პასუხი]

 

ქალბატონო ეკა!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ N1620 [05. 02. 2018] საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით თქვენგან მიღებული „დასკვნის“ თაობაზე [N3261/4-10, 22.03.18], უნდა მოგახსენოთ შემდეგი“

თქვენგან წარმოდგენილი „დაკვნა“ შემდეგ - ორ არგუმენტს ემყარება:

 

1. თქვენ გვწერთ:

„საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო.

რაც შეეხება კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ამ კანონის 35-ე და 36-ე მუხლებით დადგენილია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის პირობები. კერძოდ, პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“.

 

კომენტარი:

ჩვენთვის გაუგებარია - რამ გადაგაწყვეტიათ მოტანილი ჩანაწერის ჩვენი წინადადების საპასუხოდ გამოგზავნა?

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება [N1620, 05.02.18] - არსად არ ითვალისწინებს - პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას.

შესაბამისად, რასაც ჩვენ გთავაზობთ, მისი არგაზიარების არგუმენტად იმაზე მითითება, რასაც ჩვენ არ ვითხოვთ - რბილად რომ ვთქვათ - არ ეკადრება ისეთ მაღალ ორგანოს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ჰქვია.

 

2. თქვენ გვწერთ:

„წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც დადგენილია, რომ - საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.

 

კომენტარი:

ზემოთქმულის მსგავსად, აქაც - შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე. კერძოდ:

ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, ერთ-ერთ საკითხად გთავაზობთ, რომ დღეს მოქმედ კანონში შევიდეს ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს - დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირებს, რომლებსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში [2004 – 2012 წ.წ.], ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ, დღეს მოქმედი კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა [მოქმედი კანონით უკვე გათვალისწინებული - საბჭოთა რეჟიმის დროს მოქმედი კომპარტიის წევრთა მსგავსად] - დაუწესდეთ გარკვეული სახის თანამდებობრივი შეზღუდვები.

ამ შეთავაზების კანონში შეტანის შემთხვევაში, იგი იქცევა - მოქმედი კანონმდებლობის იმ ნორმად, რომელიც, არათუ შეეწინააღმდეგება, არამედ სრულად ჩაჯდება დღეს მოქმედი - საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნით გასათვალისწინებელ საკანონმდებლო ნუსხაში.

 

ქალბატონო ეკა!

როგორც ვხედავთ, თქვენს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი „დასკვნა“, მხოლოდ ამ ორი არგუმენტით ეხმიანება ჩვენი საკანონმდებლო წინადადების საკითხს.

შესაბამისად:

ვაღიარებთ რა თქვენს მაღალ პროფესიონალიზმს, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი კეთილსინდისიერება და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლპბით დამოკიდებულების მრავალწლიანი გამოცდილება, დაგეხმარებათ მიიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული საკითხის თქვენდამი რწმუნებულ კომიტეტზე ხელახალი განხილვის თაობაზე.

 

მინაწერი:

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

რამეთუ, მაცხოვარი ბრძანებს:

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

თბილისი, 25 მარტი 2018 წ.