Print

"გონიერი" ამომრჩევლისათვის გასაგონად

უცოდინარობა თუ ამომრჩეველთა განზრახ შეცდომაში შეყვანა, ანუ

არის თუ არა მათიი ადგილი პარლამენტში?!

ბიბლიის მიხედვით სახელდებული, მიმდინარე ბოლო ჟამის „მხილებისეული ეტაპის“ სულისკვეთებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ - პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდებასთან დაკავშირებით, საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”, მიერ სასამართლოში შეტანილ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციიის მიხედვით - „..საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან...“ [მუხლი 49,1]. იქვე ვკითხულობთ, რომ

„პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც. იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე...“ [მუხლი 50,2].

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი,“ კონსტიტუციით განსაზღვრულ მოთხოვნას ასე არეგულირებს - „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას“ [მუხლი 125,4-5].

როგორც ცნობილია, მიმდინარე არჩევნეში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათ მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ასე განისაზღვრება:

1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მიიღო – 856 638 ამომრჩევლის ხმა. მეორეს მხრივ, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემის მიხედვით - ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობაა - 1 759 632.

შესაბამისად:  856 638 x 77 : 1 759 632 = 37,49; და, მათ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა იქნება: მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი, ანუ - 37;

2. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო – 477 053 ამომრჩევლის ხმა, ამიტომ: 477 053 x 77 : 1 759 632 = 20,88; და მათ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა იქნება - 20;

3. საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” მიიღო - 88 097 ამომრჩევლის ხმა. ამიტომ: 88 097 x 77 : 1 759 632 = 3,86; ანუ მათ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა იქნება - 3.

ამ წესით განაწილებული მანდატების ჯამი შეადგენს - [37+20+3=] 60, ანუ გაუნაწილებელი დარჩა - [77-60=] 17 მანდატი.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მიხედვით - ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა“ [მუხლი 89,1].

როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით - „...იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე...“ [მუხლი 50,2].

ამ მოთხოვნას, საარჩევნო კოდექსი ასე არეგულირებს - „თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ“ [მუხლი 125,6].

სწორედ ამიტომ, საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”, ფრაქციის შესაქმნელად დამატებით კიდევ - 3 მანდატი მიიღო.

გაუნაწილებელი [17 – 3 = 14] მანდატების თაობაზე საარჩევნო კოდექსში ვკითხულობთ - „თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურების შემდეგ კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა." [მუხლი 125,8]. ასეთი კი, როგორც ვნახეთ, მხოლოდ ორი საარჩევნო სუბიექტია.

სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამატებით მიიღეს 7-7 სადეპუტატო მანდატი.

საბოლოო ჯამში, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით:

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 44 მანდატი;

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27; ხოლო

„პატრიოტთა ალიანსმა“ – 6 სადეპუტატო მანდატი.

ზემოთქმულის ფონზე, ვფიქრობთ მკითხველისათვის ნათელი უნდა იყოს, თუ რამდენად უსაფუძვლოა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ სასამართლოში შეტანილი მოთხოვნა, მათთვის დამატებითი მანდატების გამოყოფის თაობაზე.

აქვე იბადება კითხვა, თუ რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე - უცოდინარობასთან თუ ამომრჩევლის განზრახ შეცდომაში შეყვანასთან?

თუ „პატრიოტთა ალიანსი“ - ზოგადად, და განსაკუთრებით, სადეპუტატო მანდატების მომპოვებელი წევრები, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ გაერკვნენ, ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ელემენტარულ მოთხოვნებში, მაშინ, როგორღა შეძლებენ ისინი გაერკვნენ ქვეყნისათვის საჭირო უმნიშვნელოვანესი პროცესების ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნისა თუ დახვეწის საკითხებში?

მეორეს მხრივ, თუ მათ ყველაფერი ზემოთქმული იციან, მაგრამ, ამომრჩეველთა თვალში მებრძოლის სახელის მოპოვების მიზნით, „ღია კარის მტვრევის“ ტაქტიკას ირჩევენ, მაშინ მკითხველმა თავად განსაზღვროს რამდენად ზნეობრივია მათი ასეთი საქციელი.

ნებისმიერ შემთხვევაში, წინამდებარე თხრობის დასასრულს, ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს უფლება გვაქვს დავსვათ რიტორიკული შეკითხვა - არის კი მათი პარლამენტში?!

თავშივე აღნიშნული - ბოლო ჟამის ე.წ. „მხილებისეული ეტაპის“ მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანი გახლდათ - პრობლემის არსი გადმოგვეცა, გადაწყვეტილების მიღება საპარლამენტო პარტია „პატრიოტთა ალიანსისათვის“ მიგვინდვია.

გვინდა შევთხოვოთ ღმერთს - ყველას მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი