Print

2016 წ. 13 ოქტომბრის მიმართვა - ცესკოს

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

ქალბატონო თამარ!

2016 12 ოქტომბერს, ცესკოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული 2016 წ. 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების მონაცემების მორიგი ჩასწორების მიხედვით, ჩვენი, ანუ №28 საარჩევნო გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მონაცემების [მორიგი] ცვლილება გამოწვეულ იქნა, 2016 წ. 9-10 ოქტომბერს ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ [ვებ. გვერდზე ატვირთულ] - №07.04.02 და №69.79.06 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებული მონაცემების ცვლილების შედეგად.

ზემოთხსენებული ცვლილების 12 ოქტომბერს განხორციელების [ცესკოს ელ. გვერდზე ასახვის] გამო, ბუნებრივია ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვისარგებლოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის 1 და 2 პუნქტებით.

 

აღნიშნულის გამო, იმედს ვიტოვებთ, რომ ცესკო, ჩვენი განცხადების განხილვისას, არ დაეყრდნობა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

შესაბამისად, ვეყრდნობით რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-4 პუნქტით გაწერილ მოთხოვნას გთხოვთ ცესკოს განხილვის საგნად აქციოთ შემდეგი ორი საკითხი:


1. ცესკოს ვებ. გვერდზე ატვირთული №07.04.02 უბნის შემაჯამებელი ოქმის - №0258 შევსების დრო გახლავთ - 2016 წ. 9 ოქტომბრის: 01 სთ. და 50 წუთი [იხ. დანართი 1].

იქვე გამოქვეყნებულია, კრწანისის №07.04 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბ-ნ დავით ფეტვიაშვილის სახელზე, 2016 წ. 10 ოქტომბერს დაწერილი  №07.04.02 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის ქ-ნ - ირმა ყურუას ახსნა განმარტება, რომლის გატარების მონაცემებია: „0/406 13:40 10. 10. 2016“ [იხ. დანართი №2]. მასში კერძოდ ვკითხულობთ:

„მოგახსენებთ, რომ ა/წლის 9.10-ში ვეცნობოდი ცეესკოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ოქმებს. ჩვენი უბნის ოქმის დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ პროპორციულ ოქმში №27 სუბიექტისა და №28 სუბიექტის მონაცემები შემიტანია არასწორად. კერძოდ №27 აუბიექტის კუთვნილი ხმები მექანიკურად მივაწერე №28 სუბიექტს და პირიქით. ოქმში №27 და №28 სუბიექტები ერთმანეთის გვერდით მდებარეობს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იყო ძალიან დიდი აქტივობა, ოქმი ივსებოდა ღამის 2 საათზე, იყო ხალხმრავლობა, ხმაური და ამის გამო დაუშვი შეცდომა...“


ამდენად, ქ-ნი ირმა ყურუას „ახსნა განმარტების“ მთავარი საფუძველი, როგორც ვხედავთ არის მისი - „მახსოვრობა“, ანუ მას, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან [09.10.2016 – 01 სთ. და 50 წთ.], თითქმის ორი დღის შემდეგ [10.10.2016 – 13 სთ. 40 წთ.] გაახსენდა [აღმოაჩინა] რომ თურმე „მონაცემები“ არასწორად შეუტანია.


ქალბატონო თამარ!

არ ვიცი თქვენთვის როგორ, მაგრამ ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, მხოლოდ ქ-ნ ირმა ყურუას მახსოვრობაზე დაყრდნობით შედგენილი „ახსნა განმარტებითი“ ბარათის საფუძველზე უბნის შემაჯამებელ ოქმში ცვლილების შეტანა. მით უმეტეს, როდესაც №07.04.02 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ ოქმზე, არ არსებობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წარწერა [„შესწორებულია“].


ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რათა ცესკომ:

ან

ბათილად ცნოს №07.04.02 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ დაწერილი ე.წ. „ახსნა განმარტება“, ანუ ძალში დატოვოს ამ უბნის შემაჯამებელ ოქმზე დატანილი მონაცემები;

ან

მიიღოს გადაწყვეტილება №07.04.02 საარჩევნო უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლის თაობაზე.



2. ცესკოს ვებ. გვერდზე ატვირთული №69.79.06 უბნის შემაჯამებელი ოქმის - №3390 [იხ. დანართი 3], შევსების დრო გახლავთ - 2016 წ. 9 ოქტომბრის: 00 სთ. და 55 წუთი [იხ. დანართი 3 და 4].

ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებულია ამავე საუბნო კომისიის მიერ შევსებული „შესწორების ოქმი“ -ს [იხ. დანართი №5] შედგენის დროდ მითითებულია - 2016 წლის 9 ოქტომბრის: 00 სთ. და 51 წთ. [იხ. დანართი 5 და 6].

ე.ი. რა გამოდის: ჯერ შედგა „შესწორების ოქმი“ [00 სთ. და 51 წთ.] და შემდეგ, ანუ 00 სთ. და 55 წთ-ზე შეუდგენიათ - ძირითადო დოკუმენტი, რომელსაც ეს შესწორება ეხება?

ამ ორი დოკუმენტის შევსების დროითი მაჩვენებლებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ  ე.წ. „შესწორების ოქმი“ გაყალბებულად უნდა მივიჩნიოთ და მისი მონაცემები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.


აღნიშნულ მოთხოვნას ისიც ამყარებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:

„თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო...“


ცესკოს ელ. გვერდზე გამოქვეყნებულ, განსახილველ, №69.79.06 უბნის შემაჯამებელ ოქმს [№3390], არ აქვს კანონით გათვალისწინებული წარწერა „შესწორებულია“, რაც კიდევ ერთხელ გვაძლევს უფლებას ეჭვქვეშ დავაყენოთ ე.წ. „შესწორების ოქმის“ კანონიერების საკითხი.


ამდენად, მოგმართავთ თხოვნით, რათა აღნიშნული ორი დოკუმენტის შედგენის დროთა საეჭვოდ აცდენისა და შემაჯამებელ ოქმზე კანონით გათვალისწინებული წარწერის „შესწორებულია“-ს არ არსებობის გამო, ცესკომ:

ან

ბათილად ცნოს ე.წ. „შესწორების ოქმი“ და ძალში დატოვოს მასზე დატანილი მონაცემები;

ან

მიიღოს გადაწყვეტილება №69.79.06 საარჩევნო უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლის თაობაზე.


 ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დანართი:

1-6; სულ - 6 ფურცელი

პატივისცემით:

 

№28-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

13 ოქტომბერი, 2016 წ.