Print

2016 წ. 28 ივლისის მიმართვა ე.წ. "კვალიფიციური" პარტიების ნაწილს

მიმართვა პოლიტიკურ პარტიათა ნაწილს, ანუ

„არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ არა ყოველთვის

 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მაფორმირებელი საარჩევნო ბლოკის „ქართული ოცნების“ დაშლის შემდეგ, ბლოკში შემავალმა პარტიებმა, 2016 წ. 8 ოქტომბრის სპარლამენტო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის თაობაზე „იძულებით“ მიღებული გადწყვეტილების გამო, „გამოსავლის“ ძიება დაიწყეს.

აღნიშნული „ძიების“ შედეგად, მათ ცვლილება შეიტანეს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის შემდეგაც, უფასო საეთერო სარეკლამო დროის გამოყენების უფლება, მანამდე არსებული 5 კვალიფიციური სუბიექტის გარდა, კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში მყოფ კიდევ 6 პარტიას მიეცა.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი - 2016 წლის 12 ივლისს მოაწერა, და იგი, იმავე დღის მიწურულს, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

მანამდე არსებული უფასო საეთერო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა, ყოველ საათში 5 წუთი იგივე დარჩა. შესაბამისად, ამ უფლებით უკვე მოსარგებლე 5 პარტიას, მათთვის განკუთვნილი დრო შეუმცირდათ. მთლიანობაში 5 წუთი 11 კვალიფიციურ პარტიაზე გადანაწილდა, რამაც თითოეულისათვის - 27 წამი შეადგინა.

2016 წლის 20 ივლისს, კვალიფიციურ პარტიათა ერთმა ნაწილმა [1. პ/გ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი; 2. პ/გ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - წარმომადგენელი ნოდარ მელაშვილი; და 3. პ/გ „საქართველოს ლეიბორისტული პარტია - წარმომადგენელი თამარ ზურაშვილი], საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს „კონსტიტუციური სარჩელი“, შემდეგი მოთხოვნით:

„1. შეჩერდეს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე  მუხლის მე-5 პუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ნორმა ეხება წინასაარჩევნო კამპანიის დროს უფასო სარეკლამო დროით სარგებლობას, რომელიც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიებისთვის ამომრჩველთა ნების ფორმირების კუთხით, სადავო ნორმის მოქმედება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგების განსაზღვრის კუთხით.

ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არის განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის ეტაპია და დროის მონაკვეთს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ დაჩქარებული წესით იქნას განხილული წინამდებარე სარჩელი“.  

 

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, რამოდენიმე კითხვით გვინდა მივმართოთ, „საკონსტიტუციო სარჩელის“ წარმდგენ ე.წ. „კვალიფიციურ“ პოლიტიკურ პარტიებს:

1. იცნობთ თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რომელიც ასეთი რედაქციისაა:

ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა ეხება არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას“;

2. თქვენს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, „საკონსტიტუციო სარჩელის“ შეტანის დროისათვის [2016 წ. 20 ივლისი], თქვენთვის ცნობილი იყო თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების 2016 წ. 8 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2016 წ. 3 ივნისს მიღებული განკარგულება [№03/03/02], პრემიერ მინისტრის მხრიდან განხორციელებული კონტრასიგნაციის შემდეგ, 2016 წლის 7 ივნისიდან შევიდა ძალაში; ხოლო წინასაარჩევნო კამპანია, ამ ბრძანებულების გამოქვეყნებიდან, ანუ 2016 წ. 8 ივნისიდან დაიწყო?

3. გამოიანგარიშეთ თუ არა, რომ ზემოთხსენებული კანონის მოთხოვნა - „...ამ პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არა უგვიანეს 30 დღისა...“, 2016 წლის 8 ივნისიდან უკუათვლით აღებულ - 2016 წლის 9 მაისზე მოდის?

 

გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, ჩვენ ვერ გავკადნიერდებით და ვერ დავასკვნით, თუ როგორია თქვენი ცალსახა პასუხი ზემოთაღნიშნულ კითხვებთან მიმართებაში, საქართველოს ამომრჩეველ;ლთა ინტერესების გათვალისწინებით ორ კითხვას კიდევ დაგისვავთ:

1. თუ ყოველივე ზემოთქმული თქვენთვის ცნობილი იყო, მაშინ რა მიზნით შეგქონდათ ხსენებული „საკონსტიტუციო სარჩელი“ 2016 წლის 20 ივლისს?

ხოლო

2. თუ ყოველივე ზემოთქმული თქვენთვის სრულიად უცნობი, ანდა ნაწილობრივაა ცნობილი, მაშინ - ხომ არ ჯობია თქვენი „კვალიფიკაცია“ და „საქმის კვალიფიციურად კეთების უნარი“, პოლიტიკისაგან განსხვავებულ სფეროში გამოიყენოთ, და ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლო შედეგები, საზოგადოების დღევანდელობასა თუ მომავალს იოტისოდენა საფრთხესაც არ შეუქმნის?

თუმცა არჩევანი თქვენზეა... ოღონდ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ - ყველას და ყოველს დაუდგება თავისი ჟამი!..

დასასრულს, საქართველოს მოსახლეობის გონიერი ნაწილის გასაგონად გვინდა განვაცხადოთ:  

„არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ არა ყოველთვის!.. ამიტომ, საარჩევნო ყუთებთან მისვლამდე, ყველანი კარგად დავფიქრდეთ, თუ - ვის შეიძლება ანდოთ ქვეყნის მართვის ბერკეტები.

და ერთიც, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ბიბლიური შეგონება - „რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“ [ეკლ. 8,11].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთმა ყველას მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

28 ივლისი, 2016 წ.