Print

„ღია მიმართვა“ ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს

„სიცრუე და ორპირობა...“ ანუ

„ღია მიმართვა“ ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს

 

ქალბატონო ნინო!

საქართველოს საეთერო სივრცეში გადის თქვენი პარტიის უფასო სარეკლამო ვიდეო მიმართვა, სადაც თქვენი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად - საქართველოსთვის ე.წ. „უბლოკო კავშირის“ მიღწევას ასახელებთ.

ყველა საღად მოაზროვნე პირისათვის ნათელია, რომ - საქართველოსთვის „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ კურსის გამოცხადება, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისაკენ გადადგმული ერთადერთი სწორი გზასავალია.

უნდა მოგახსენოთ, რომ, ჩვენთვის, როგორც, ბოლო 20-22 წლის მანძილზე, ამ კურსის გატარების მომხრე პოლიტიკური გაერთიანებისათვის, დიახაც რომ ფასეულია საქართველოსთვის „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ კურსის გამზიარებელთა რიცხვის გაზრდა. როგორც იტყვიან - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

 

ქალბატონო ნინო!

მინდა მოკლე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ.

ჯერ კიდევ, 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „ზვიადის გზა - ხმა ერისა“, ერთადერთი საარჩევნო სუბიექტი გახლდათ, რომელიც საქართველოსთვის „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ მინიჭების მოთხოვნით გამოდიოდა.

თქვენ მაშინ „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ საარჩევნო სიის წევრი ბრძანდებოდით, და, თქვენ პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად, აქტიურად უჭერდით მხარს საქართველოს „ნატოში“ გაერთიანების მცდარ იდეას.

არჩევნების შედეგების ტოტალურად გაყალბების გზით ხელისუფლებაში მოკალათებულმა თქვენმა „დანაშაულებრივმა“ პოლიტიკურმა გუნდმა - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“, „ნატოში“ გაწევრიანების ცრუ დაპირებების გზაზე წაიყვანა საქართველო...


დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის შემქმნელი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, ერთ-ერთი ლიდერის რანგში, თქვენი ყოფნისას, კერძოდ ჯერ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, ხოლო შემდგომად საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს - თქვენ, და - თქვენმა „დანაშაულებრივმა“ პოლიტიკურმა გუნდმა, დაგეგმა და 2008 წლის 5 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ჩაატარა - საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტი. კითხვა განსაზღვრული იყო შემდეგნაირად:

„უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?"

ტოტალურად გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგები ასე გადანაწილდა:

დიახ - 1 355 328 [77 %]; არა- 404 943 [23 %]; სულ - 1 760 271 [100 %]

გამარჯვებული გუნდის სახელით გაკეთებულ განცხადებაში - თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, სიამაყით ამცნეთ საქართველოს მოსახლეობას - „ნატოში“ გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზაზე,  ე.წ. „რეფერენდუმში“, თქვენი და თქვენი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერი შედეგის დაფიქსირება.

ამდენად, უკვე მეორეჯერ, არჩევნების შედეგების ტოტალურად გაყალბების გზით ხელისუფლებაში მოკალათებულმა  თქვენმა „დანაშაულებრივმა“ პოლიტიკურმა გუნდმა - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ნატოში“ გაწევრიანების ცრუ დაპირებების გზაზე წაიყვანეთ საქართველო... რომლის სავალალო შედეგიც - 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოში განვითარებულ მოვლენებში განივთდა.

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისას,  [ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამისაგან განსხვავებით], თქვენ ისევ „ერთგულად“ ქადაგებდით, თქვენი პოლიტიკური გენეალოგიის ორი უმთავრესი ფესვის:

1. „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აღმოცენებულ მცდარ იდეას - „მხოლოდ ნატოში გაერთიანება უშველის საქართველოს“ [იხ. თქვენი საპრეზიდენტო პროგრამა: http://prezidenti.ge/?action=compare&;party_1_id=16&party_2_id=13&party_3_id=24&thematic_id=58&lang=geo]

 

ქალბატონო ნინო!

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ზემოთქმულს, რომ - ჩვენთვის, როგორც საქართველოსთვის „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ კურსის გატარების მომხრე პოლიტიკური გაერთიანებისათვის - „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, დიახაც რომ ფასეულია ამ თვალსაზრისის გამზიარებელთა რიცხვის გაზრდა.

მართალია, თქვენ ამისათვის თითქმის 20 წლიანი „ფიქრის დრო“ დაგჭირდათ, მაგრამ, როგორც იტყვიან, დიახაც - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. თუმცა არც მთლად ასეა საქმე. კერძოდ:

ქვეყნის სათავეში მყოფ როგორც - სახელისუფლო პოლიტიკურ გუნდს, ასევე მის ცალკეულ წარმომადგენელს, ქვეყნის ინტერესებისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარი უნდა ჰქონდეს;

სახელისუფლო ვერტიკალის ამა თუ იმ ადგილას მყოფი პოლიტიკოსისა თუ რიგითი ჩინოვნიკის მიერ „20 წლიანი ფიქრის დროის“ მოთხოვნა - თავხედური და დანაშაულის ტოლფასი „ფუფუნებაა“.

შესაბამისად, დღეს, როდესაც თქვენ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი თქვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, გარკვეულ პოლიტიკურ დაპირებებს გასცემთ, იქნებ კიდევ ერთხელ გადაგეხედათ თქვენი პოლიტიკური გენეალოგიისათვის, და თუ რაიმეს გამოსწორების სურვილი გაგიჩნდებათ, იქნებ საჯაროდ მოგეხადათ ბოდიში საქართველოს მოსახლეობისათვის.

თუმცა ნება თქვენია!..

 

ქალბატონო ნინო!

დასასრულს, მინდა შეგახსენოთ, რომ ღმერთსა და კაცს - უყვარს გულრწფელად მომნანიე, და შეუნდობს კიდეც მათ თავიანთ შეცოდებებს; ამიტომაც

- „ეს მოგწერეთ, ღმრთის ძის სახელით მორწმუნენო, რომ იცოდეთ, რომ ღმრთის ძისადმი რწმენით გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. და ისეთია ჩვენი კადნიერება მის მიმართ, რომ როცა მისი ნებისამებრ ვითხოვთ რასმე, შეისმენს ჩვენსას. და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ მივიღებთ ყველაფერს, რაც ვთხოვეთ მას.

თუ ვინმე ხედავს თავის ძმას რომელიც სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ითხოვოს და მისცემს მას სიცოცხლეს, ესე იგი მას, ვინც სცოდავს, მაგრამ არა მომაკვდინებელი ცოდვით. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მისთვის როდი ვამბობ, ითხოვოს-მეთქი. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ არის არა მომაკვდინებელი ცოდვა.

ვიცით რომ ღმრთისაგან ვართ, და რომ მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული.

ისიც ვიცით, რომ ძე ღმრთისა მოვიდა, და მოგვცა ჩვენ გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის მისი ძე იესუ ქრისტე. ეს არის  ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე“ [1 იოანე 5,13-20].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს სენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისმდე. ამენ!

 

საარჩევნო გაერთიანების

ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

22 ივლისი, 2016 წ.