Print

უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს 18. 07. 2016 წ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია წერილი

 

ქალბატონო თეა!

საარჩენო კამპანიის დროს, უკვე გაკრული საარჩევნო პლაკატის ჩამოხსნის, დაზიანებისა თუ ჩამოხევის განმხორციელებელი პირის გამოვლენა საკმაო სიძნელეს წარმოადგენს.

ამისაგან განსხვავებით, ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი საარჩევნო პლაკატის, მეორე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პლაკატზე გადაკვრის [დაგარვის] ფაქტის დაფიქსირების დროს, ადვილად დგინდება კანონის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტი.

ასეთ შემთხვევათა დროს ასამოქმედებელ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლში „წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა“, ვკითხულობთ:

„1. ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით“.

როგორც მოგეხსენებათ საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნებისათვის განკუთვნილი სააგიტაციო მასალის, კერძოდ საარჩევნო პლაკატების დაბეჭვდა და, კანონით განსაზღვრულ, სხვადასხვა ადგილებში გაკვრა - გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

საარჩევნო სუბიექტებს, მათი საარჩევნო პლაკატების დაფარვით [მათზე გადაკვრით] საკამოდ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი ადგებათ.

შესაბამისად, სამართლიანი იქნება, თუკი საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ამავე კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების დროს, საჯარიმო ფულადი გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის პარალელურად, მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით, წილობრივად გადაირიცხება იმ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში, რომლის საარჩევნო პლაკატების გადაფარვაც მოხდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოგმართავთ წინადადებით, რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა უწყებათაშორისი კომისიამ: „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, რომელსაც არჩევნების  გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების პასუხისმგებლობა აკისრია,

ერთის მხრივ - საქართველოს სასამართლოებისა, და ზედამხედველობის საქალაქო/რაიონული სამსახურებისათვის - სამოქმედოდ, ხოლო

მეორეს მხრივ - არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების - ინფორმირების მიზნით,

 შეიმუშაოს შემდეგი სახის რეკომენდაცია:

პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

უწყებათაშორისი კომისიის თავისუფალი და

სამართლიანი არჩევნებისთვის

რეკომენდაცია

არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 46-ე მუხლით გარანტირებული თანაბარი პირობების უზრუნველყოფისათვის:

1. საქართველოს სასამართლოებმა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის მოთხოვნათა დამრღვევი საარჩევნო სუბიექტების მიმართ საჯარიმო სანქციების განმსაზღვრელ „სასამართლო განჩინებაში“ მიუთითონ, რომ - საარჩევნო სუბიექტებმა, მათ მიმართ წარმოშობილი საჯარიმო ვალდებულების დადგენის შემდეგ, ამ კანონის მე-80 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ერთი ნახევარი ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორე ნახევარი დაზარალებული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში;

2. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა, გაითვალისწინონ, რომ: საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ამავე კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების დროს, საჯარიმო ფულადი გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის პარალელურად, მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით, წილობრივად გადაირიცხება იმ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში, რომლის საარჩევნო პლაკატების გადაფარვაც მოხდა.

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

18 ივლისი, 2016 წ.