Print

უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს 14. 07. 2016 წ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია წერილი

 

ქალბატონო თეა!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად:

 - „4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი.

71. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“ [მუხლი 46,4; 71].

როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სუბიექტების მიერ დამზადებული სააგიტაციო პლაკატების თვალსაჩინო ადგილებში გაკვრის სურვილი, ხშირად ხდება, ამ კუთხით, - უსამართლო და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზეზი.

უმეტესწილად ადგილი აქვს უბრალო - „დასწრების“ შემთხვევებს. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხდება, მათთვის ხელმისაწვდომი ადგილების მაქსიმალურად ათვისება, რის შემდეგაც სხვა საარჩევნო სუბიექტებისათვის კანონის დარღვევის გარეშე სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ყოველივე ზემოთქმული ხდება კიდეც სხვადასხვა სააგიტაციო პლაკატის - ჩამოხევის, დაზიანებისა თუ მასზე სხვა პლაკატის გადაკვრის მიზეზი.

ამ პრობლემის მოგვარების ერთგვარი მექანიზმი მოცემულია, მაგ. - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში [№16-38, 2014 წლის 5 დეკემბერი] „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„3. საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები დანართი 3­ით განსაზღვრულ ადგილებზე. სპეციალური სტენდების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.

4. წინამდებარე დადგენილების მე­3 პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)...“.

აქამდე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზედამხედველობის საქალაქო/რაიონული სამსახური, მიზეზთა გამო, არ ითვალისწინებს ზემოთქმულს, და ხელმძღვანელობს მხოლოდ - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-80 მუხლით გაწერილი რეგულაციით.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მოგმართავთ წინადადებით,

რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა უწყებათაშორისი კომისიამ: „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, რომელსაც არჩევნების  გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების პასუხისმგებლობა აკისრია,

ერთის მხრივ - საქართველოს სასამართლოებისა, და ზედამხედველობის საქალაქო/რაიონული სამსახურებისათვის, და

მეორეს მხრივ - არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებსათვის,

 შეიმუშაოს შემდეგი სახის რეკომენდაცია:

 

 

პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

უწყებათაშორისი კომისიის თავისუფალი და

სამართლიანი არჩევნებისთვის

რეკომენდაცია

 

არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის 46-ე მუხლით გარანტირებული თანაბარი პირობების უზრუნველყოფისათვის, კერძოდ საარჩევნო პლაკატებისათვის განკუთვნილი სტენდების მთელი ფართის მხოლოდ რომელიმე ერთი, ან რამოდენიმე საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ათვისების ფაქტის გამორიცხვის მიზნით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა, გაითვალისწინონ, რომ

1. საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსებულ სპეციალურ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას მხოლოდ 1 ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არა უმეტეს: - სიგრძე 60 სმ, და - სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).

2. ზედამხედველობის საქალაქო თუ რაიონულმა სამსახურებმა, და - საქართველოს სასამართლოებმა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მე-80 მუხლით გათვალისწინებული სანქციები გამოიყენონ მხოლოდ ამ რეკომენდაციის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დამრღვევი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიმართ.

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

14 ივლისი, 2016 წ.