Print

1990 წ. 13 ნოემბერი

1990 წ. ნოემბერი

 

ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან  

საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შემდეგ

 

„არჩევნებით ძირითადად კმაყოფილი ვარ. უნდა ითქვას, რომ უწინარეს ყოვლისა, გაგვახარა ჩვენი ერის ასეთმა პოლიტიკურმა სიმწიფემ და დარაზმულობამ. მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგენი მიმართავდნენ ყოვლად უღირს ხერხებს, უხეშად არღვევდნენ და ახლაც არღვევენ კანონს. ყოველნაირად ცდილობდნენ ხელოვნური ზემოქმედება მოეხდინათ არჩევნებზე, აშინებდნენ არაქართულ მოსახლეობას „მრგვალი მაგიდით“. და ამას ჩადიოდნენ არა მარტო კომუნისტები, არამედ სხვა ბლოკების წარმომადგენლებიც, რომლებიც ხალხში დადიოდნენ და ავრცელებდნენ ხმას, თითქოს 11 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებული იყვენენ „მრგვალ მაგიდასთან“ და პირადად ჩემთან, რათა ჩვენ ისინი გაგვეყვანა პარლამენტში. ეწეოდნენ ისეთ დეზინფორმაციას, რომ ჩვენ მეგობრები და მოკავშირენი ვართ. ხოლო არაქართველ მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ „მრგვალი მაგიდა“ გაასახლებდა მათ საქართველოდან, მოუწყობდა მათ გენოციდს და სხვა.

აი, ასეთი ორპირობა ახასიათებდა, სამწუხაროდ, ზოგიერთს და ეს ძალიან გვაწუხებს ჩვენ, იმიტომ რომ მომავალში ამ ადამიანებთან ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ამა თუ იმ ფორმით და წინასწარ ამ ფაქტების გამო, ერთგვარად გულგატეხილნი ვართ.

რაც შეეხება გამარჯვებას პირველ ეტაპზე, მას საბოლოოდ მაინც არ ვთვლით. საბოლოო იქნება, თუ ადგილების ორ მესამედს ჩვენ მოვიპოვებთ. იმიტომ, რომ მომავალში ჩვენ მოგველის დიდი ბრძოლები, ცენტრთან დიდი დაპირისპირება და თუ პარლამენტში არ იქნა ერთიანობა, საეჭვოა, რომ რეალურ წარმატებას მივაღწიოთ.

უნდა მოხდეს არსებული კონსტიტუციის დემონტაჟი, თანდათანობით უნდა შეიქმნას გარდმავალი ეტაპის ძირითადი კანონი, უნდა დავუპირისპირდეთ საბჭოურ კონსტიტუციას და ცენტრის კონსტიტუციურ აგრესიას. ამისათვის კი საჭიროა ძალთა დიდი კონსოლიდაცია და დიდი უმრავლესობის მოპოვება „მრგვალი მაგიდისთვის“. ამიტომ ჩვენ არავისთან არავითარი შეთანხმება არ გვქონია, არავითარ კომპრომისზე არ მივდივართ და საქართველოს საკეთილდღეოდ ვიბრძვით გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად.

არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს გადასინჯვა იმ დარღვევებისა, რომელთაც ზოგიერთ ოლქში ჰქონდა ადგილი და თუ ეს დადასტურდება, იქ ხელახალი არჩევნები ჩატარდება. ასე მაგალითად, დიდი დარღვევებით ჩატარდა არჩევნები წილკანში, გარდაბანში, ხობში, თბილისის ზოგიერთ ოლქებში. სამწუხაროდ, კომუნისტი ყველგან კომუნისტია. ზოგიერთი ბლოკი, ნებით თუ უნებლიეთ, გვეწინააღმდეგებოდა ჩვენ და ამით კომპარტიის წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდნენ დაახლოებით ერთი და იგივე ტაქტიკით.

სესიის თობაზეც მოგახსენებთ. სესია მომზადებულია, დღის წესრიგი მზად არის. იქნება გარკვეული დადგენილებები კონსტიტუციაში შესწორებასთან დაკავშირებით, რომ შევიმუშაოთ გარდამავალი ეტაპის ძირითადი კანონი. ეს იქნება სესიის მთავარი მიზანი, მერე იქნება პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა, ახალი მთავრობის შედგენა... სესია გარძელდება ორ დღეს. იქნება პირდაპირი ტრანსლაცია.

ზვიად გამსახურდია -

საქართველოს ჰელსინკის კავშირისა და

წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე,

საარჩევნო ბლოკი

„მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.

[იხ. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, №125 (11611), 2 გვ.

1990 წ.13 ნოემბერი].