Print

1990 წ. 7 დეკემბერი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის

ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ

ამერიკელი ჟურნალისტის ედმუნდ სტივენსისადმი

 

- 1990 წლის 25 მარტს დანიშნული არჩევნების წინ მოეწყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენცია, რომელზეც თქვენ მოუწოდეთ ხალხს, გამოეცხადებინა ბოიკოტი არჩევნების, საქართველოს უზენაესი საბჭოს, ოპოზიციური ეროვნული სათათბიროს შექმნისადმი, ხოლო არჩევნების შემთხვევაში უზენაეს საბჭოს თვითლიკვიდაცია უნდა გამოეცხადებინა (ცნობა ამის შესახებ გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“ გამოქვეყნდა 1990 წლის 13 მარტს). ახლა თქვენ არა თუ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ თავმჯდომარე ბრძანდებით სწორედ იმ უზენაესი საბჭოსი, რომლის ლიკვიდაციასაც მოუწოდებდით სულ რამდენიმე თვის წინ. მით უმეტეს, იმავე კონფერენციის გადაწყვეტილებით გამოცხადდა, რომ ეროვნული მოძრაობიდან უნდა გაირიცხონ საზოგადოებრივი გაერთიანებანი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში.

- 1990 წლის 25 მარტს დანიშნული ერთპარტიული არჩევნები ანტიდემოკრატიულ პრინციპებს ემყარებოდა და ვერ გახდებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი. სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ ჩვენ ბოიკოტი ამ არჩევნებს. მაგრამ, როდესაც „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ძალისხმევისა და აქციების მეოხებით მიიღეს არჩევნების ახალი კანონი, შესაძლებელი გახდა გამართულიყო თავისუფალი, მრავალპარტიული, და არა საბჭოური არჩევნები, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა ამ არჩევნებში და ღირსეულადაც გავიმარჯვეთ. ასე რომ, ახლა მე ვთავმჯდომარეობ არა „იმ უზენაეს საბჭოს, რომლის ლიკვიდაციასაც მოვუწოდებდი“, არამედ ახალ მრავალპარტიულ უზენაეს საბჭოს, რომელიც უკვე აღარ არის საბჭოური სტრუქტურა და რომელსაც ღირსეულად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ პარლამენტს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებმა, წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, გაიარა საბჭოთა კონსტიტუციის რეგლამენტის გარეშე - სხვადასხვა პარტიები რეგისტრაციაში გაატარეს არა მმართველმა საბჭოთა ორგანოებმა, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მეთვალყურეებად მოწვეული გვყავდნენ საზღვრგარეთელი ექსპერტები. ასეთ პირობებეში ჩაიარა თავისუფალმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნების ერთადერთ გამომხატველად მოგვევლინა.

- თქვენმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგებმა - ჭანტურიამ და წერეთელმა - გამართეს ეროვნული კონგრესის არჩევნები. როგორ წარიმართება, თქვენი აზრით, ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლების არსებითად ორ სტრუქტურას შორის? მით უმეტეს, რომ თქვენც და თქვენს ოპონენტებსაც განზრახული გაქვთ მოაწყოთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები.

გაზეთში ხშირად წერენ „მრგვალი მაგიდის“ ლიდერებსა და ეროვნული კონგრესის მომხრეებს შორის წამოჭრილ კონფლიქტზე, თანაც თურმე სიტყვიერი შეხლა-შემოხლიდან საქმე მიდიოდა ძალის გამოყენებამდე, მათ შორის, შეიარაღებულ კონფლიქტებამდე. როგორ გესახებთ თქვენ ეროვნულ კონგრესთან შემდგომი თანაარსებობა?

და კიდევ, საქართველოს მომავალი, როგორც თქვენი წინასაარჩევნო პროგრამიდან სჩანს, თქვენ გესახებათ სრულ თავისთავადობად და დამოუკიდებლობად. მიუხედავად ამისა, ეროვნულ კონგრესში შემავალი თქვენი ოპონენტები არაორაზროვნად აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ისრაელის მსგავს გასამხედროებულ სახელმწიფოს შექმნას და ნატოს ბლოკში შესვლას. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხში?

- რაც შეეხებათ ჩემს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, მათ არ გაუმართავთ არავითარი ნამდვილი არჩევნები. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რომლებშიც საქართველოს მოსახლეობის ორ პროცენტსაც არ მიუღია მონაწილეობა. მათ არ გამოუქვეყნებიათ დეტალური მონაცემები რაიონებისა და უბნების მიხედვით, ისინი არ შეუმოწმებიათ საზღვარგარეთელ ექსპერტებს, ასე რომ, თვითმარქვია „ეროვნული კონგრესი“ არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს და მით უმეტეს, არ არის „ხელისუფლების სტრუქტურა“ როგორც თქვენ მოიხსენიეთ. ისინი მფარველობენ რაიონებში მოკალათებულ შეიარაღებულ ბანდებს, რომლებიც ტერორში ამყოფებენ და ძარცვავენ მოსახლეობას - აი, მთელი მათი „მოღვაწეობა“ და კონფლიქტები მათთან, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ნიადაზე მოგვდის. შემდგომი „თანაარსებობა“ აგრეთვე, დამოკიდებულია იმაზე, განუდგებიან თუ არა ისინი კრიმინალურ მაფიას, რომელიც ამდენ ავკაცობას სჩადის საქართველოში.

ჩვენთვის მიუღებელია კონგრესის პოლიტიკური „იდეები“, რომლებიც მოგვიწოდებს გამოვაცხადოთ საქართველო კოლონიურ ქვეყანად - მიუღებელია, რადგან მიგვაჩნია, რომ კოლონიურ ქვეყანას იურიდიულად ჩამორთმეული აქვს უფლება, მოაწყოს თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნები, სადაც გამარჯვება მოიპოვეს დემოკრატიულმა და ეროვნულმა ძალებმა.

ეგრეთ წოდებულ ეროვნულ კონგრესს კი არა აქვს ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ იგი მიგვაჩნია ფიქციად, რომელსაც აკლია პოლიტიკური მოწიფულობა და კომპეტენტურობა. ამასვე მოწმობს მათი დამოკიდებულება ნატოს ბლოკში საქართველოს შესვლის საკითხისადმი - ეს იმ დროს, როდესაც ევროპაში მიმდინარეობს ინტეგრაციის პროგრესული პროცესები. შენდება ევროპის საერთო სახლი და ყველანი ესწრაფვიან სრულიად ევროპის სამხედრო უსაფრთხოების მიღწევას.

- რა ტიპის სახელმწიფოებრიობა აშენდება საქართველოში და როგორი იქნება მართვა-გამგეობის ფორმა? თქვენს ბოლოდროინდელ გამოსვლებში ეს საკითხი სხვადასხვგვარად არის გაშუქებული.

- საქართველოში ავაშენებთ პარლამენტურ, დემოკრატიულ რესპუბლიკას, მე მუდამ ვიცავდი ყველა ამ იდეას ყველა ჩემს გამოსვლაში.

- მრგვალი მაგიდის მომხრენი იყვნენ საქართველოდან „საოკუპაციო ჯარების“ გაყვანისა და საკუთარი არმიის შექმნის პოლიტიკის ინიციატორები და გამტარებლები. როგორია თვენი პოზიცია ამ საკითხში ამჟამად და საერთოდ, როგორ გესახებათ ურთიერთობა საქართველოში განლაგებულ საჯარისო ქვეგანაყოფებთან?

საკუთარი შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო ჯარების, საბაჟოს შექმნის შემთხვევაში რა წყაროებიდან დააფინანსებთ ამ პროგრამებს, სად მოამზადებთ კადრებს?

- საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო ჯარების ყოფნის მართლზომიერება უნდა გადაწყვიტოს საერთაშორისო სამართალმა, ისეთმა ინსტანციებმა, როგორიც არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო და სხვა. მას შემდეგ, რაც საქართველო მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას და შექმნის თავის ეროვნულ არმიას. იქამდე კი საქართველოში მყოფმა ჯარის ნაწილებმა უნდა შეცვალონ სტატუსი და გახდნენ უცხოეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები.

ჩვენ ვგმობთ მათთან ფიზიკური ბრძოლის ყოველგვარ ავანტიურისტულ იდეას, ვინაიდან ეს უდიდეს საფრთხეს უქადის საქართველოს. საქართველოს ახალი ეროვნული არმია დაფინანსდება რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. კადრებს მოამზადებენ ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები, როგორც ეს ყველა სხვა ქვეყანაში ხდება ხოლმე.

- თქვენი ინტერვიუებიდან გამომდინარეობს, რომ განზრახული გაქვთ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რეორგანიზაცია. რა მიმართულებით წარიმართება და რა ფუნქციები უნდა შეასრულონ უშიშროების ორგანოებმა, სად მოამზადებთ ამ ორგანოების თანამშრომლებს, თუ თქვენ უარყოფთ კავშირთან შესაძლო ურთიერთობას?

- ჩვენ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რეორგანიზაციას წარვმართავთ ეროვნული ორიენტაციის გზით და კადრებსაც ასევე ჩვენი სპეციალისტები მოამზადებენ.

- ჩვენი აზრით, თქვენს გამოსვლებში ეროვნულ საკითხზე არის წინააღმდეგობანი. მაგალითდ, 1988 წლის 1 ნოემბერს მწერალთა კავშირში გამართულ კრებაზე თქვენ განაცხადეთ: ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს გადასცეს აღმოსავლეთი საქართველო აზერბაიჯანს და იქვე დააყენეთ საკითხი, რომ საჭიროა გასახლებულ იქნენ აზერბაიჯანელები მიწა-წყლიდან, რომელიც მათ უკანონოდ დაიკავეს.

1988 წლის 11 ნოემბერს კინოს სახლთან გამართულ მიტინგზე გამოსვლისას თქვენ ბრძანეთ: ოსებს განვუმარტავთ, რომ „თუ მათ არ სურთ ჩვენთან მშვიდობიანად იცხოვრონ, მაშინ საქართველოდან წავიდნენო“.

1989 წლის 6 დეკემბერს სურათების გალერეასთან გამართულ მიტინგზე თქვენ მოუწოდებდით აჭარელ სეპარატისტთა ალაგმვას.

მესხეთელი თურქების საკითხზე ქართველი ერის მიმართვაში ჰელსინკის კავშირის სახელით ითქვა, რომ თქვენ არ დაუშვებთ საქართველოში არც ერთი ეთნიკური თურქის ან თურქული ეროვნული ცნობიერების მქონე მოქალაქის ჩასახლებას. უფრო მეტიც, იგი (ქართველი ხალხი) იბრძოლებს ასეთების თურქეთში რეპატრიაციისათვის.

მაგრამ ოფიციალური პრესისათვის გაკეთებულ სხვა განცხადებაში თქვენ ბრძანებთ, რომ ქართველი ხალხისათვის უცხოა ეთნიკური სიძულვილი, ლაპარაკობთ ჰელსინკის შეთანხმების სულისკვეთებისადმი ერთგულებაზე. თავად თქვენ დიდი ხანია ბრძანდებით საქართველოში შექმნილი ჰელსინკის ჯგუფის ლიდერი. როგორ განმარტავდით თქვენს ესოდენ პოლარულ გამონათქვამებს?

- ჩემს გამონათქვამებში ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. როდესაც აზერბაიჯანიდან, ოსეთიდან ჩამოსახლებულთა გარკვეული ნაწილი და სხვა გადამთიელები აგრესიულად იქცევიან, ფეხქვეშ თელავენ მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უფლებებს, დისკრიმინაციას უწევენ მას, აგრეთვე, როდესაც ისინი ცდილობენ, ხელყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, მოქალაქეთა სიცოცხლე, მაშინ ყოველივე ამას ჩვენ მივიჩნევთ აგრესიისა და დისკრიმინაციის აქტად.

საკუთარ მიწა-წყალზე ქართველი მოსახლეობის შევიწროება ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმით შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო დანაშაული. კანონის პატივისცემა მოეთხოვებათ არა მარტო აზერბაიჯანელებს არამედ ყველა სხვა ერის წარმომადგენლებსაც. უკანონოდ დაკავებული მიწები უნდა გაათავისუფლოს ყველამ, მათ შორის ქართველებმაც. მაგრამ საქართველოში უნგრევენ უკანონოდ აშენებულ სახლებს ქართველებს, ხოლო არაქართველი მოსახლეობის სახლებს თითს არ აკარებენ. ჩვენ ასეთი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ, რაც შეეხებათ ნაირნაირ სეპარატისტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინაიდან სეპარატისტთა პრეტენზიები - ნაწილ-ნაწილ დააქუცმაცონ საქართველო - ყოვლად უკანონოა.

რაც შეეხება ჰელსინკის შეთანხმებას. იგი როდი მოუწოდებს სახელმწიფოებს, ხელაღებით შეუშვან თავიანთ ტერიტორიაზე ასიათასობით გადამთიელი მუდმივი დასახლებისათვის. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეობის კანონი, საქართველოს ასეთი კანონი ჯერ არა აქვს. ამიტომ ჩვენ, ამ კანონის მიღებამდე ვერ ჩამოვუშვებთ უცხოტომელებს. თანაც ესოდენ დიდი ოდენობით, ჩვენს პატარა, მცირემიწიან ქვეყანაში, სადაც უამისოდაც მოსახლეობის 35 პროცენტს უცხოელები შეადგენენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ კვლავ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სამართლით, რომელსაც ემყარება ჰელსინკის შეთანხმებაც. ჰელსინკის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს ასევე აქვთ კანონები, რომლებიც ზღუდავენ ემიგრანტების, მეტადრე მუშახელის უსაზღვრო მოზღვავებას მათს ქვეყანაში.

- ჯერ კიდევ წინა რეჟიმის დროს დატოვეს საქართველო დაღესტნელებმა, მიდიან ბერძნები, ახლა ვისი ჯერია? არსებობს კი იმის გარანტია, რომ განახლებულ საქართველოში მშვიდობა დაისადგურებს სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს შორის?

- როდესაც გარედან ჩარევა შეწყდება, საქართველოში ყველა ეთნიკური პრობლემა თანდათან მოგვარდება. ამის დასტურია საქართველოს ისტორია. ჩვენში ოდითგან, მრავალი საუკუნის მანძილზე ტრადიციულად დამკვიდრდა სხვადასხვა ეთნიკურ წარმომადგენელთა მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი თანაცხოვრება. რაც შეეხება მიგრაციას, იგი მუდამჟამს ხდება ნებისმიერ სახელმწიფოში. ხელს ხომ არ შევუშლით ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ნებით მიემგზავრებიან ისტორიულ სამშობლოში?

- თუ საიდუმლო არ არის, რა საკანონმდებლო აქტების განხილვას აპირებს ახლად არჩეული პარლამენტი რესპუბლიკაში ეროვნებათშორისი ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

- დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი იქნება სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის ჭეშმარიტი გარანტი.

- ხომ არ გამოიწვევს აჭარის ავტონომიის გაუქმება მოსაზღვრე თურქეთის ურთიერთდამოკიდებულების გართულებას? აჭარლები ხომ სხვა რელიგიას მისდევენ. გარდა ამისა, თურქეთში, როგორც ცნობილია, 2 მილიონამდე წარმოშობით ქართველი ცხოვრობს.

- შინაური პრობლემების სამართლებრივი გადაწყვეტა ქართველი ერის პრეროგატივაა. აქვე უნდა დავძინო, რომ სხვა რელიგიის აღმსარებელნი აჭარელთა უმრავლესობას არ შეადგენენ. ჩვენ გავაუქმებთ აჭარის ავტონომიას მხოლოდ აჭარელთა თანხმობით. ე.ი. რეფერენდუმის გზით. რაც შეეხებათ თურქეთში მცხოვრებ ქართველებს, მათ სურთ იხილონ ერთიანი და არა ავტონომიებად დაქუცმაცებული საქართველო, საქართველოში ქართველთა ავტონომიას არავინ არ იწონებს, აჭარის კომუნისტური მაფიის გარდა.

- ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვით სქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის საზღვარგარეთ ცხოვრობს. განახორციელებს თუ არა ახლად არჩეული საქართველოს პარლამენტი ღონისძიებებს მათი სამშობლოში დაბრუნებისათვის, ხოლო თუ განახორციელებს, ხომ არ გამოიწვევს ეს ახალ გართულებებს რესპუბლიკაში მცხოვრებ სხვა ეროვნების პირებთან დაკავშირებით? საქართველოს ხომ არც თუ ისე დიდი მიწის მარაგი აქვს.

- ქართველ ემიგრანტთა საქართველოში დაბრუნება არაფერს ავნებს სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების ცხოვრების პირობებს, გარდა ამისა, ჩვენი ემიგრაცია ერთობ მცირერიცხოვანია და მათგან მხოლოდ ნაწილს სურს დაბრუნდეს სამშობლოში.

- ცალკეულ პუბლიკაციებში გამოსჭვივის აზრი, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს იმ ტერიტორიების ნაწილი, რომლებიც წინათ მას ეკუთვნოდა და ამჟამად სხვა რესპუბლიკების: სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის შემადგენლობაში შედის. რა ტერიტორიებზეა ლაპარაკი? და როგორ აპირებს საქართველოს ახალი მთავრობა ამ უაღრესად რთული საკითხის მოგვარებას?

- მმართველობის ამ სტადიაზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა არ განიხილავს ამ საკითხებს.

- საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევის შემდეგ თქვენ გამოაცხადეთ სამწლიანი გარდამავალი პერიოდი. რა რეფორმების განხორციელებას აპირებთ ამ პერიოდში და რა იქნება შემდეგ?

- ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად აღმოვფხვრათ საქართველოს ანექსიის შედეგები. მთლიანად შევაჩეროთ სსრ კავშირის კონსტიტუციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, მოვამზადოთ ახალი საკანონმდებლო აქტები და ეკონომიკური საფუძვლები საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად, შევქმნათ საქართველოს ახალი კონსტიტუცია.

- ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ჩამოტანილ ნედლეულს ემყარება. სურსათის, ნავთობპროდუქტების, საწვავ-საპოხი მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებიდან შემოჰქონდა საქართველოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენ გამოაცხადეთ კავშირისაგან სრული დამოუკიდებლობის კურსი, ეტყობა, გაქვთ რაღაცის იმედი, არა? საიდან შემოიტანთ ნედლეულს მრეწველობისათვის, როგორ გადაწყვეტთ სასურსათო პროგრამას?

- საქართველოს საკმარისად აქვს ბუნებრივი რესურსები იმ დეფიციტის შესავსებად, რომელსაც იგი სხვა დარგებში განიცდის.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკა საკავშირო ეკონომიკაზეა დამოკიდებული, იმის შედეგია, რომ საქართველო ტუსაღია ხალხთა საპყრობილის - საბჭოთა იმპერიისა, იგი იზოლირებულია დანარჩენ მსოფლიოსაგან, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც. სამრეწველო ნედლეულის საკითხს, სურსათის საკითხს მოევლება, როდესაც საქართველო თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადავა და გახდება მსოფლიო ბაზრის სრულუფლებიანი წევრი, სადაც იგი გაიტანს თავის რესურსებსა და მდიდარ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. განავითარებს ტურიზმს და დაეპატრონება თავის შესანიშნავ კურორტებს.

- მრგვალი მაგიდის წინასაარჩევნო პლატფორმის ეკონომიკურ ნაწილში ლაპარაკია იმაზე, რომ კავშირისაგან უნდა მიიღოთ საქართველოს ეროვნული კუთვნილების ის ნაწილი, რომელიც მრგვალი მაგიდის აზრით, გაიტანეს საქართველოდან საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში. როგორ აპირებს საქართველოს ახალი პარლამენტი შეაფასოს გაზიდული კუთვნილების ოდენობა და კონკრეტულად ვის უნდა წაუყენოს სარჩელი. მთლიანად კავშირს თუ სახელდობრ რუსეთს?

- საფინასო და ეკონომიკურ ექსპერტებს საკმარისად აქვთ საიმისო ხერხები, თუ როგორ შეაფასონ საქართველოს მრავალი წლის კოლონიური ძარცვის შედეგად ე.წ. ცენტრისათვის წასაყენებელი მოთხოვნების ოდენობა.

- ჯერ კიდევ ამ პოსტზე არჩევამდე თქვენს გამოსვლებში გაისმოდა მოწოდებები, რომ საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებანი მიღებული უნდა იქნეს რეფერენდუმის გზით. რჩება თუ არა ეს ძალაში, როგორ აპირებთ ამის განხორციელებას და რა საკითხებზე მოეწყობა რეფერენდუმი.

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონებმა რეფერენდუმის ძალა შეიძინა, რეფერენდუმის სპეციალურ კანონს ჩვენი პარლამენტი შემოიღებს.

- თქვენი მრავალი გამოსვლიდან ნათლად სჩნს, რომ თქვენ საქართველო რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მსხვერპლად მიგაჩნიათ, და ამაში ძნელია არ დაგეთანხმოთ, ამავე დროს კავშირის ხალხებს ყველაზე მეტი ტანჯვა-ვაება მოუტანა ეროვნებით ქართველმა სტალინმა. მიუხედავად ამისა, ბევრი ქართველი თაყვანს სცემს მისი როგორც დიდი მოღვაწის ხსოვნას, როგორია თქვენი კანონმდებლობა სტალინის მიმართ და როგორ განმარტავდით საქართველოში არსებულ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას „ხალხთა მამამთავრისადმი“?

- არ არის გამართლებული, ხაზგასმით აღინიშნოს სტალინის პიროვნებაში მისი ქართველობა. სტალინი ბოლშევიკურმა ტოტალიტარიზმმა წარმოშვა, და როდესაც იგი დიქტატორად და ტირანად იქცა, მასში უკვე ქართული აღარაფერი იყო, როგორც ამას აღნიშნავს მისი ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა. მართლია მან დიდი ტანჯვა-ვაება მოუტანა კავშირის ხალხებს, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება დაატეხა თავის „მშობლიურ“ საქართველოს, იმიტომ, რომ მუდამ ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი ინტერნაციონალიზმი. მის ხსოვნას პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური შეგნების დაბალ დონეზე იმყოფებიან. ეს დაამტკიცა ჩვენმა არჩევნებმაც, როდესაც არავინ არ დაუჭირა მხარი საზოგადოება „სტალინის“ პრეტენზიას, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, და როდესაც კანონის შესაბამისად იგი ამოირიცხა არჩევნების მონაწილე პარტიების სიიდან.

- საინტერესოა, ერთგვარი პარალელის სახით, გავიგოთ თქვენი აზრი გორბაჩოვზე, რომლის რეფორმებმაც, არსებითად გაუხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის გზა.

- საქართველოს დამოუკიდებლობის გზა გაუხსნეს დასავლეთის იმ პროგრესულმა და აღმშენებელმა ძალებმა, რომლებიც ახორციელებდნენ და ახორციელებენ ტოტალიტარული იმპერიის პოლიტიკურ დემონტაჟს, პროცესს, რომელშიც გორბაჩოვი ნებით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა ჩათრეული. ვისურვებდი, რომ მისი საქმენი უფრო მეტად შეეფერებოდეს მის სიტყვიერ განცხადებებსა და პროგრამებს.

დასასრულ, ვუსურვებ მსოფლიოს ხალხებს საყოველთაო, ჭეშმარიტად ადამიანურ ბედნიერებას. ვისურვებდი, რომ ისინი კიდევ უფრო მეტი გაგებით მოჰკიდებოდნენ სსრ კავშირის ჩაგრულ ხალხებს, რომლებიც დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის იბრძვიან“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№2, გვ. 1,4; 7 დეკემბერი, 1990 წ.].