Print

1991 წ. 27 თებერვალი

. ზვიად გამსახურდია:

„ჩვენ უღმერთობის, რბევისა და ტერორის გზას ვერ დავადგებით“

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს

ზვიად გამსახურდიას ესაუბრება

„ოგონიოკის“ საკუთარი

კორესპონდენტი გევორქ მარტიროსიანი

ახლა, როცა გარდაქმნის პროცესში გარკვეული გამოცდილება, მათ შორის საპარლამენტო გამოცდილება შევიძინეთ, ნათელი გახდა, ჯერ კიდევ რამდენი რამ არ გვცოდნია. არ ვიცით არც თანამოსაუბრის მოსმენა, ისე რომ არ გავაწყვეტინოთ და ჩავუფიქრდეთ მის პოზიციას. ეს ჩვენთვის არავის უსწავლებია. ბევრს დღემდე არ სურს ასეთი რამის სწავლა და დავკანკალებთ იმ დაკრისტალებულ აზრს, რომ ლოგიკით კი არა, ყვირილით ვაჯობოთ ოპონენტს.

საქართველოში ოდითგანვე პატივში იყო პაექრობის ცოდნა. ბობოქარი ეროვნული ტემპერამენტის მიუხედავად, კამათის კულტურას, თანამოსაუბრის პატივისცემას მუდამ უნერგავდნენ, უფრთხილდებოდნენ ტრადიციებს, გამოჩენილ და ყოვლისმცოდნე მხცოვანთა ავტორიტეტს. ერთ-ერთი ასეთი საყოველთაოდ აღიარებული ბრძენთაგანი, რომელიც ინახავდა და ავითარებდა ეროვნულ სულს, იყო დიდი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. ბევრი ყოფილა მის სტუმართმოყვარე თბილისურ სახლში - თბილისის შუაგულში - მოვლილ, დახუნძლულ ხეხილს შორის ჯიხვი ძოვდა, დღეს ბრინჯაოში ჩასმული კონსტანტინე გამსახურდია პატარა კვარცხლბეკიდან შფოთიან თბილისს გადასცქერის, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გახდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, მისი ძე ზვიადი.

მოდით, მოვუსმინოთ ქართველ თავმჯდომარეს. ვიცით, ყველაფერში არ დაეთანხმებით. ჩვენც „ოგონიოკში“ ყველანი არ ვეთანხმებით. ქართულ მრავალფეროვან საზოგადოებაში მას ერთგვარად არ უყურებენ. მაგრამ ხალხის რჩეულ ხელმძღვანელს პატივისცემით უნდა მოვუსმინოთ. ხომ ვუსმენდით, უკაცრავად არ ვიყოთ, ალქსნისსა და პეტრუშენკოს, რომელთა დირექტიულ თავდაჯერებას სხვაგვარად იცავენ და სრულიად სხვაგვარი თვისებისაა.

გამსახურდია პიროვნებაა და ჩვენ მოხარული ვიქნებით მასთან საუბრის განგრძობისა ხალხის სვე-ბედისათვის პასუხისმგებლობის დონეზე. სხვაგვარი დონე დღეს შეუძლებელია. არც თვითონ მალავს რაოდენ დიდი პრობლემები დგას მის რესპუბლიკაში სოხუმიდან ცხინვალამდე თბილისის გავლით - ყველას ვერც ჩამოთვლი, და არავინ არ ამტკიცებს, თითქოს გამსახურდიას მიეგნოს ამ შფოთიანი მრავალფეროვნების გადაწყვეტისათვის.

მაგრამ ეძებს.

იგი მოღვაწეობას იწყებს პასუხსაგებ და ძალზე ძნელ ხანაში, რასაც ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. მიუხედავად მისი - ხშირად თავდაჯერებული ლაპარაკისა, რომელსაც, გვწამს, ჯერ კიდევ შეარბილებს სხვისი და საკუთარი ტკივილი. მოდით, მოვუსმინოთ და გავიხსენოთ, რომ საჭიროა აზრთა გაზიარება, რომ კამათის ცოდნა სჭირდება მთელ ჩვენს ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული საზოგადოების აშენება განიზრახა. მოდით, გვეშინოდეს ამ „ჩვენებისა“, რომლებიც უპირატესად მაშინ არიან მართალნი, როდესაც ხელთ ცეცხლსასროლი იარაღი უპყრიათ.

ამ ინტერვიუს რომ გთავაზობთ, ჩვენ ამით განვაგრძობთ საუბრების სერიას განახლებული ხანის პოლიტიკურ ლიდერებთან, ჩვენი ჩაფიქრებული ქვეყნის ხალხებთან, რომლებიც ფხიზლდებიან.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების არჩევნების მანძილზე პირველად მოეწყო მრავალპარტიულ საფუძველზე, არც ისე დიდი ხნის წინათ დამთავრდა, და რესპუბლიკა ჯერაც არ დამცხრალა ცხარე დისკუსიების შემდეგ. ცხადია, ზოგს არჩევნების შედეგმა სასოწარუკვეთა, ზოგისათვის გამოცხადება იყო, მაგრამ ბევრისათვის ეს ნიშნავდა გამარჯვებას, რომელიც მოსილი იყო იმედის შარავანდედით.

პოლიტიკური ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ დამაჯერებელი წარმატება, რომელმაც პარლამენტის მანდატების თითქმის მესამედი - 250-დან 155 ადგილი მოიპოვა, მის წარმომადგენლებს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის.

საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია ზვიად გამსახურდია - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ლიდერი. ახალი პარლამენტის წინაშე მისი პირველი გამოსვლა ასეთ სიტყვებს შეიცავს:

„დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ წინაპართა სარწმუნოებრივი და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის ვიბრძოდით და ვიბრძვით, რამეთუ უფალმა საქართველოს დიადი მისია დააკისრა. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის მარადიულ წყვდიადს. ჩვენს მართალ საქმეს ღმერთი მფარველობს, და ამიტომ გავიმარჯვეთ. ქართველი ხალხი უღმერთობის, რბევა-თარეშისა და ტერორის გზას ვერ დაადგება. ქართველი ერის გზა - ეს არის გზა გულმოწყალებისა, გზა ვაჟკაცობისა, გზა სიყვარულისა, გზა იესოსი აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე...

ჩვენთან არს ღმერთი! ამინ“

ამაღელვებელი სიტყვები! კეთილშობილური მიზნები! და, რაღა თქმა უნდა, ქართველი ერი ღირსია ამისა.

მაგრამ რამდენად ძნელი იქნება „სარწმუნოებრივი და ეროვნული იდეალების აღორძინების“ გზა? როგორ დააღწევს თავს ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ზნეობრივ კრიზისს? რით მოკირწყლავს ახალი ტაძრის გზას?

როგორ შეკრავს ეროვნული თანხმობის ერთ მუშტად ოპოზიციური პარტიების აზრთა მრავალფეროვნებას?

კითხვები, კითხვები, კითხვები... ეს კითხვები დღეს აწუხებთ არა მარტო ამ რესპუბლიკის მოქალაქეებს, არამედ უშუალოდ მეზობლებსაც - სომხეთსა და აზერბაიჯანს, მთელი ჩვენი ქვეყნის ხალხებს.

ზვიად გამსახურდია სულ ცოტა ხნის წინათ ჩაუდგა სათავეში ქართულ პარლამენტს, მაგრამ ცენტრალური გამოცემიდან ჩემი კოლეგებისათვის უკვე კარგად არის ნაცნობი მისი ჯიუტი „არა“ ინტერვიუს მიცემაზე. ამჟამად ბატონმა ზვიადმა „ჰო“ ბრძანა და განმიმარტა, „ოგონიოკს“ უარს ვერ ვეტყვიო, ისევე, როგორც სომეხ ჟურნალისტს, თან თავაზიანად დასძინა: ჯერჯერობით არ მახსოვს, პრესაში ვინმეს ობიექტურად ჩამოეყალიბებინოს ჩემი პოლიტიკური შეხედულებანიო.

- ბატონო ზვიად, ქართული პარლამენტი დიდად მაკვირვებს თავისი შრომისუნარიანობით: სულ რამდენიმე დღეში დამტკიცდა უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიებისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობანი, დამატებითი ცვლილებანი შეიტანეს კონსტიტუციაში. არის ისეთი ცვლილებებიც სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლებიც, კერძოდ, აუქმებს პასუხისმგებლობას საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურის თავიდან აცილებისათვის.

საქართველოს სახელწოდება შეეცვალა - საქართველოს რესპუბლიკა, აქვს ახალი გერბი, ახალი სახელმწიფო დროშა, ახალი ჰიმნი... წინანდელი ოფიციალური დღესასწაულების გაუქმებაც კი მოასწარით და სანაცვლოდ ტრადიციულ-ქრისტიანული დღეობები აღადგინეთ. ამასთანავე, თქვენ შეწყვიტეთ რესპუბლიკების სუვერენიტეტების პარადი - საქართველოს დღემდე არ გამოუცხადებია დამოუკიდებლობის დეკლარაცია. რატომ? იქნებ დოკუმენტი ჯერ მხოლოდ მზადდება, ან იქნებ სხვა მოსაზრებანი გაქვთ?

- რა თქმა უნდა, სხვა მოსაზრებანი გვაქვს. ჩვენ არ გვსურს დამოუკიდებლობის მარტოოდენ ფარატინა ქაღალდი, ჩვენ ფაქტობრივი დამოუკიდებლობა გვინდა. გარდა ამისა, თავს ვარიდებთ იურიდიულ ტავტოლოგიას, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობა მრავალი წლის წინათ - 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.

1921 წელს საქართველო ძალით გაასაბჭოეს, მაგრამ უსასტიკესი კომუნისტური დიქტატურის პირობებშიც კი მის მთავრობას ხელი არ მოუწერია კაპიტულაციაზე. რესპუბლიკა ფაქტობრივად ანექსირებული იყო, მაგრამ იურიდიულად დღემდე შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა, რაც სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძველია.

ჩვენმა პარლამენტმა მიიღო კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომლის დროსაც საქართველოში სათანადო რეფორმები განხორციელდა ფაქტობრივი სახელმწიფო სუვერენიტეტის გზაზე. ამ პერიოდში ვაპირებთ საძირკველი ჩავუყაროთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას - ჩამოვაყალიბოთ ახალი პოლიტიკური სტრუქტურები, მივიღოთ უმნიშვნელოვანესი კანონები: დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობის. მიწის, პრივატიზაციის კანონები. განზრახული გვაქვს სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაცია, ეროვნული არმიის, მილიციის შექმნა და ა.შ. სწორედ ასეთად მესახება საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის გზა.

- რამდენ ხანს გასტანს გარდამავალი პერიოდი?

- რაღა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყოველივე დასახული, რაც შეიძლება მალე მოხდეს, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, ცენტრის პოლიტიკაზე, დასავლეთის ქვეყნების პოზიციაზე, საბჭოთა კავშირში სტაბილურობაზე. და, რაღა თქმა უნდა, თვით საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე. ახალი პარლამენტის ქმედითუნარიანობაზე... მაგრამ დაყოვნებას არ ვაპირებთ.

- შენარჩუნებული იქნება თუ არა გარდამავალ პერიოდში საბჭოთა კავშირის ძირითადი კანონის უზენაესობა?

- არა. ჩვენ ფაქტობრივად უკვე შევაჩერეთ საქართველოს ტერიტორიაზე საკავშირო კონსტიტუციის მოქმედება. გარდამავალ პერიოდში იგი მთლიანად შეიცვლება ეროვნული კონსტიტუციით, რომელშიც განისაზღვრება საქართველოში დამოუკიდებლი სახელმწიფოებრიობის სრული აღდგენის სამართლებრივი მექანიზმი.

- სადღეისოდ ყველაზე მეტად რა გაწუხებთ, როგორც საქართველოს პარლამენტის მეთაურს?

- ჩვენში მშვიდობიანი დემოკრატიული რევოლუცია მოხდა. ხელისუფლება უსისხლოდ შეიცვალა. ფაქტობრივად შეიცვალა წყობილება, შეიცვალნენ კადრები. მაგრამ მხოლოდ გარეშე თვალს ჰგონია, თითქოს ყველაფერი უზადოდ მიმდინარეობდეს. ვაი, რომ სრულიადაც არ არის ასე.

თავისას შვრება დესტრუქციული ძალების წინააღმდეგობა, რომელსაც მე პოლიტიკურ მაფიას ვუწოდებდი. კომპარტია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მაფიისა. ჩვენ მას არც კი ვთვლით პარტიად, არამედ ჩვენს მიწა-წყალზე უცხო სახელმწიფოს აგენტურად მიგვაჩნია. უბრალოდ, ჩვენს პარლამენტში არიან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები, და იძულებული ვართ ამას შევურიგდეთ, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია - უნდა აღიკვეთოს ანტიდემოკრატიული გამოვლინებანი. დიახ, შემწყნარებელნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ პარტიის ცნობას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანია მისი გაუქმება.

- მაგრამ დამეთანხმებით, რომ კომუნისტები, განსაკუთრებით სოფლად, ჯერ კიდევ დიდ როლს ასრულებენ?

- ესენი უკვე პოლიტიკური გვამები არიან. რესპუბლიკის რაიონები მხარს უჭერენ ახალ, დემოკრატიულ ხელისუფლებას, გვემორჩილებიან. დროთა განმავლობაში საბოლოოდ განვამტკიცებთ ეროვნული მოძრაობის გამარჯვებას მთელ საქართველოში. ამაში ხელს შეგვიწყობს მრავალპარტიულ საფუძველზე მოწყობილი მუნიციპალური არჩევნები და, ცხადია, გაბედული ბრძოლაც ანარქიასთან და დამნაშავეობასთან, რომელიც რესპუბლიკას მოედო. ლაგამაწყვეტილი დამნაშავეობა და უკანონობა ხელს აძლევთ ჩვენი ხელისუფლების მტერთ, ეს არის მათი კოზირი...

- ფრიად კატეგორიული პასუხია, ნება მიბოძეთ დავაზუსტო: კომპარტიისადმი თქვენი დამოკიდებულება თანაბრად ვრცელდება როგორც მის რიგით წევრებზე, ისე ხელმძღვანელებზე?

- არა, როგორ გითხრათ, რიგითი კომუნისტები - ესენი არიან მოტყუებული ადამიანები, რომელთა ნაწილი საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში გაჭირვებამ შეიყვანა, მე მხედველობაში მყავდნენ პარტიული ფუნქციონერები, რომლებიც დღემდე განაგრძობენ თავიანთ დანაშულებრივ საქმიანობას.

- ჰო, მაგრამ, საქართველოს კომპარტიის უკანასკნელმა ყრილობამ მიიღო რამდენიმე რადიკალური გადაწყვეტილება, რომელიც ახლობელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისათვის?

- ვერ დაგეთანხმებით, რადგან საქმით სულ სხვანაირი ვითარებაა. ყრილობის გადაწყვეტილებაში მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციებია, მე ვიტყოდი, ჭეშმარიტ ზრახვათა ნიღაბია. კომპარტიის პარტიული აპარატი ვერა და ვერ შელევია ძველი წყობის აღდგენის აზრს.

- ითანამშრომლებთ კომპარტიასთან?

- იცით, რა, თუ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას არ ვცნობთ, მაშასადამე, არც თანამშრომლობას ვაპირებთ.

- და მაინც, დემოკრატიული საზოგადოების აშენების საუკეთესო გზა ეროვნული თანხმობის გზაა.

- საფუძველი არა მაქვს სადავო გავხადო ეგ აზრი, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ შორს არის ეროვნული თანხმობა. მაგრამ არის კიდევ ე.წ. ეროვნული კონგრესი - კომუნისტური პარტიის შენიღბული ნაწილი, იგი პარლამენტგარეშე ოპოზიციის სახით გვევლინება. თანაც, ეროვნულ კონგრესს ბანდიტური უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი ჰყავს. ჰოდა, რა გამოდის, თუ კონგრესის იდეები ვერ იმარჯვებენ, რომლებიც პოპულარულნი არ არიან ხალხში, მაშინ ავტომატები უნდა აკაკანდნენ? ვერაფერს იტყვი, მაგარი საბუთია!

- უზენაესი საბჭოს შენობაში ავტომატებით შეიარაღებული ახალგაზრდები მხვდებოდნენ. ნუთუ ქართული პარლამენტის მეთაურს და უზენაეს საბჭოს ასეთი დაცვა სჭირდებათ?

- რა თქმა უნდა, საქართველოში დღეს უამრავი, პარლამენტისადმი მტრულად განწყობილი შეიარაღებული ჯგუფებია, ისინი ყოველგვარ პროვოკაციას იკადრებენ.

- მერედა რა კონტრღონისძიებას მიმართავთ?

- ჯერჯერობით ვთხოვთ ნებაყოფლობით ჩააბარონ უკანონო იარაღი, დაშალონ ყველა შეიარაღებული ჯგუფი და პატიოსან შრომას დაუბრუნდნენ. ამ ჯგუფებში ხომ უპირატესად სისხლის სამართლის დამნაშავენი და ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც მათს გავლენაში მოექცნენ. ეს კიდევ უფრო საშიშია. გესმით? სიტყვით დემოკრატიის, საქართველოს განახლების მხარეზე არიან, საქმით კი ძარცვა-გლეჯვას ეწევიან და მოსახლეობას აშინებენ. აი, ასეთ ბანდებს მფარველობს ეგრეთ წოდებული ეროვნული კონგრესი. ყოველივე ეს დიდ შფოთს იწვევს საქართველოში და აბრკოლებს ჩვენს პოლიტიკას. ხელს უშლის უზენაესი საბჭოს ახალი კანონპროექტების ხორცშესხმას. ხელს უშლის საქართველოში ვითარების სტაბილიზაციას და ეროვნული განთავისუფლების პროცესის განვითარებას.

 

საქართველოს, ალბათ, პირველი ადგილი უჭირავს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქმედი პარტიების რიცხვით - 120-ზე მეტი! გასაკვირი არ იქნება, გზა რომ დაგებნეს ნაირნაირი პოლიტიკური შეხედულებების, კონცეფციების ამ უღრან ტყეში, რომლებიც საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს ეხება, მაგრამ ამჯერად, ჩვენ ის პარტიები გვაინტერესებს, რომლებიც „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკში შედიან. ეს ბლოკი და ეროვნული კონგრესი ერთმანეთს უპირისპირდებიან. სამწუხაროდ, პარტიული ბრძოლა ხშირად სცდება დაშვებულის ფარგლებს: პრესაში, საჯარო გამოსვლებში, გაისმის სრულიად არაპარლამენტური გამოთქმები, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს აბრალებენ ყველა ამქვეყნიურ ცოდვას. კონფრონტაცია ხშირად ძალზე მწვავდება...

გამართულმა არჩევნებმა ვითარება ვერ შეანელა, უფრო მეტიც, უზენაესი საბჭოს და კონგრესის ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ ამ ბლოკების მომხრეთა შორის უშუალო შეტაკების საფრთხე შეიქმნა.

სრულიად საქართველოს კათალიკოსმა ილია მეორემ არჩევნების დღეს ბრძანა, რომ ამიერიდან ყოველ ძმათამკვლელს, მოკლულის დანაშაულის მიუხედავად, ეკლესია ქართველი ერის მტრად შერაცხავს.

მაინც, რაში ვერ შეთანხმდნენ პოლიტიკური ოპონენტები?

„მრგვალი მაგიდა“ თავის მოწინააღმდეგეებს ბრალად სდებს ეროვნული კონგრესის არჩევნების ფალსიფიკაციას, ამტკიცებს, რომ ამ არჩევნებში რესპუბლიკის მოსახლეობის 2 პროცენტსაც კი არ მიუღია მონაწილეობა და, მაშასადამე, აღნიშნავს გამსახურდია, „თვითმარქვია კონგრესი არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს“.

„მრგვალი მაგიდა“ აერთიანებს 10-მდე პარტიას, მათ შორის წმინდა ილია მართლის საზოგადოებას - მასობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც მთელ საქართველოში ფართოდ განშტოებული სტრუქტურა აქვს და რომლის თავმჯდომარეა ზვიად გამსახურდია.

ეროვნულ კონგრესში ორმოცამდე პარტიაა. მისი ლიდერები ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია შესაბამისად წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას.

აშკარაა, რომ რესპუბლიკის პოლიტიკური კლიმატი მრავალი თვალსაზრისით დამოკიდებული იქნება მმართველი პარტიისა და ეროვნული კონგრესის დაპირებაზე. გამსახურდიას და მისი ოპონენტების - ჭანტურიასა და წერეთლის სიბრძნეზე.

დემოკრატიულ გარდაქმნებს, რომელთა მოწმენიც ჩვენ ვართ, შეიძლება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მწვავე კონფრონტაცია და, სამწუხაროდ, სისხლისღვრაც კი მოჰყვეს. მაგრამ, მართალი გითხრათ, დღეს ყურს ჭრის სიტყვები „ხალხის მტრები“, მის ნაცვლად გვინდა ვხედავდეთ შეხედულებათა დაახლოების და თანამშრომლობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ამას იმიტომაც ვამბობთ, რომ თბილისში ყოფნის დროს შევიტყვე, უზენაესი საბჭოს და ეროვნული კონგრესის წარმომადგენლები პირველად, მართლია, ჯერჯერობით არაოფიციალურად, უკვე შეხვედრიან ერთმანეთს.

ოპტიმიზმს გვმატებს გამსახურდიას ამასწინანდელი განცხადებაც: „ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ძალასთან, რომელიც რაღაც მცირეოდენ სიკეთეს მაინც გააკეთებს საქართველოსათვის და მივესალმებით ყოველგვარ ინიციატივას, რომელიც სასარგებლო იქნება საქართველოსათვის, მის ინტერესებს მოემსახურება, იმის მიუხედავად, თუ ვისი იქნება ეს ინიციატივა“.

იქნებ ყინული დაიძრა და შესაძლებელი გახდა თანხმობა?

 

- ბატონო ზვიად, საქართველოს დღევანდელ სიძნელეებზე რომ გეკითხებოდით, მართალი გითხრათ, მოველოდი, რომ უწინარესად ეროვნულ უმცირესობათა პრობლემებზე მეტყოდით რამეს.

- ჩემი აზრით, ის არც ისე არსებითია, რადგან მოგონილი პრობლემაა. მაგრამ ყველაზე მეტ აურზაურს ტეხს ცენტრი, რათა ჩვენში ეროვნებათშორისი კონფლიქტები გამოიწვიოს.

ამასთანავე, ამ საკითხის სიძნელეთა გამარტივებასაც არ ვაპირებ. საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფოა და აქ მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს, ცხადია, ერთგვაროვნად არ აღიქვამენ.

მაგალითად, ახლა ყველანი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტზე ლაპარაკობენ. ეს უკანონო ტერიტორიული წარმონაქმნი ბოლშვიკებმა ოდინდელ ქართულ მიწა-წყალზე შექმნეს 1922 წელს. საბჭოთა ხელისუფლების წლების მანძილზე აქ არაქართველი მოსახლეობის ეთნოკრატია დამკვიდრდა. გამოვიდა, რომ ქართველები საკუთარ მიწა-წყალზე ეროვნულ უმცირესობად იქცნენ. მათი უფლებები ილახება, ისინი დისკრიმინაციას და შევიწროებას განიცდიან, რომელიც აპარტეიდსაც კი ჰგავს. თანაც, ეს ხდება არა სადღაც, არამედ თვით საქართველოში, გესმით?

ბოლოს უარესიც კი მოხდა. ოლქში არაკონსტიტუციური არჩევნები მოაწყვეს და სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადეს. როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯი, საქართველოსაგან გამოყოფა?

ყოველივე ეს იმდენად ეწინააღმდეგება ჩვენი რესპუბლიკის კანონებს და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციასაც, რომ ამაზე სერიოზულად ლაპარაკიც კი არ შეიძლება. მაგრამ ამასთანავე თვალს ვერ დავხუჭავთ იმ საფრთხეზეც, რომელსაც შეიცავს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების „ადამონ ნიხასის“ ნაბიჯები. ისინი განზრახ თესავენ ერთაშორის შუღლს. წამქეზებლურ მოწოდებებს აქვეყნებენ და მკვიდრ ქართულ მოსახლეობასთან ოსთა უშუალო შეტაკებისაკენ მიჰყავთ საქმე.

შარშანდელი წლის მიწურულს სამხრეთ ოსეთში - ქალაქ ცხინვალსა და ჯავის რაიონში, საგანგებო წესები შემოიღეს, გაჩაღებულმა ეროვნებათშორისმა კონფლიქტმა ბარიკადების საპირისპირო მხარეებზე გაიყვანა ქართველები და ოსები. დღემდე გაისმის სროლა, იღვრება სისხლი, იღუპება ხალხი. უსუსურ პოლიტიკას, როგორც ყოველთვის, ამაოდ მკურნალობენ იარაღით, უნდობლობის, მტრობისა და სიძულვილის უფსკრული ყოველდღიურად ღრმავდება.

ღმერთო მაღალო! კიდევ რამდენი ტანჯვა-ვაება გაქვს ჩვენთვის შემონახული?! ნუთუ არ კმარა დედების ცრემლი? დაობლებული ბავშვები, ჩამქრალი კერები? ნუთუ იმდენად ჩავეფლეთ ამ წყეულ სისასტიკის ჭაობში, რომ საშველი აღარ არის?

არის! ეს გახლავთ კავკასიელ ხალხთა მრავალსაუკუნოვანი სიბრძნე, ეს გახლავთ მოხუცთა ჭაღარა და დედების თალხი თავშალი, ეს არის გონება ადამიანებისა, რომლებმაც ახალი სახლი უნდა ააგონ, მაგრამ ისე ააგონ, რომ შენი სახლის სახურავმა არ დააბნელოს მეზობლის სახლი.

საქართველოში დღეს თითქმის ხუთმილიონ-ნახევარი კაცი ცხოვრობს, აქედან 3,787 ათასი ქართველია, 487 ათასი - სომეხი, 341 ათასი - რუსი, 308 ათასი - აზერბაიჯანელი, 164 ათასი - ოსი, 86 ათასი - აფხაზი და კიდევ ასობით სხვა ერი და ეროვნება. საქართველო მათთვის მშობლიური სახლი გახდა, თავისი მზით გაათბო, თავისი წყაროთი დაარწყულა, თავისი პურით გამოზარდა. ნუთუ ეს მიწა-წყალი, რომელიც ყოველთა აქ მცხოვრებთა სამშობლო გახდა, განხეთქილების, რიტორიული დავისა და სამართლებრივი პაექრობის მიწა-წყლად იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ მოსწონს მეორეს მიღებული კანონი, მეორენი კი მზად არიან მიიღონ პირველთა უფლებების შემლახველი კანონი?

დიახ, დღეს ქართველებსა და ოსებს წინააღმდეგობანი ჰყოფს, დიახ, ყოველი მხარე გამონახავს არგუმენტებს თავის სასარგებლოდ... მაგრამ ამ წინააღმდეგობათა დაძლევას ხომ იარაღის ძალა და სისხლი კი არა, ფხიზელი და კეთილი სული სჭირდება, მეზობლის დანგრეული სახლის ქვებით ნაგები სახლი მკვიდრი ვერ იქნება.

- პარლამენტის მეთაურად თქვენი არჩევის შემდეგ თუ შეხვედრიხართ ავტონომიური წარმონაქმნების ხელმძღვანელებს?

- მხოლოდ აჭარის ხელმძღვანელობას. დანარჩენი ორი ავტონომიის ხელმძღვანელი, შეიძლება ითქვას, გაურბის ამ შეხვედრას. თუმცა, აფხაზეთში მდგომარეობა შედარებით მოგვარდა. მხოლოდ სამხრეთ ოსეთშია შფოთი.

- საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში ავტონომიური წარმონაქმნების უფლებებისა და უფლებამოსილების გაფართოების საჭიროებაზე გაუთავებელი დისკუსიის ფონზე მწვავე დისონანსად გაისმა თქვენი სიტყვები იმის თობაზე, რომ თუ ოსები და აფხაზები თავიანთ პრეტენზიებს არ მოიშლიან, შეიძლება დაკარგონ არსებული ავტონომიები, რას გულისხმობთ ამ სიტყვებში?

- ზუსტად ასეთ რამეს: თუ საქართველოში რომელიმე ავტონომიური წარმონაქმნი უეცრად თავს ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადებს და საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას სცდის, ჩვენი პარლამენტი საერთოდ გააუქმებს ამ ავტონომიას. მაშ რა ვქნათ? ყოველი სახელმწიფო ასე მოიქცეოდა.

- თქვენ გიცნობენ, როგორც ადამიანის უფლებათა აქტიურ დამცველს, საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარეს. თქვენი ნათქვამი ხომ არ ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს? უფლებებს, რომლებსაც თქვენ იცავდით, რომლებისთვისაც მთელი ამ წლების მანძილზე იბრძოდით?

- ნუ ეძებთ აქ წინააღმდეგობებს, რომლებიც არ არის და არც შეიძლება იყოს. იმაზე ლაპარაკი, თითქოს ირღვეოდეს, ან შესაძლოა მომავალში დაირღვეს საქართველოში ადამიანის უფლებები, ყოვლად უნიადაგოა.

ჩვენში საუკენეთა მანძილზე მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და თუ დღეს იძულებული ვართ ვილაპარაკოთ ერთაშორის კონფლიქტებზე, სხვადასხვა ხალხის ურთიერთობაში გაზრდილ ნერვიულობაზე, მაშინ აუცილებლად უნდა დავსძინოთ, რესპუბლიკაში დემოკრატიული გარდაქმნები, სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა აქ არაფერ შუაშია.

ეთნოკრიზისი, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირს მოედო, უშუალო შედეგია ტოტალიტარული რეჟიმისა, მახინჯი ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ათწლეულობის მანძილზე ნერგავდნენ კომუნისტური იდეოლოგიის მოძღვარნი.

და როცა მტკიცედ გადავწყვიტეთ ქართული მოსახლეობის ინტერესები, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, სადაც ქართველნი უმცირესობას შეადგენენ და, უკვე მოგახსენეთ, სადაც მათ ჩაგრავენ ოსი ნაციონალისტები, როდესაც გადავწყვიტეთ არავის დავანაწევრებინოთ ჩვენი რესპუბლიკა, ნუ დავარქმევთ ამას ადამიანის უფლებათა შელახვას. ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხში შეესაბამება ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას.

მასობრივი ინფორმაციის გარკვეული საშუალებანი ფრიად თვითნებურად განმარტავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამიტომ ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო: ჩვენი დამოკიდებულება არაქართველი მოსახლეობისადმი ყოველთვის მეგობრული იყო. ამ პრინციპიდან გადახვევას არ ვაპირებთ. მომავალი კანონი ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ, რომელსაც ჩვენი პარლამენტი მიიღებს, ამის საუკეთესო დასტური იქნება. ხოლო ჭორები, რომლებსაც ჩვენი მოშურნენი ავრცელებენ საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა შევიწროების შესახებ, ეს იმის უხეში ცდაა, რომ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი შექმნან რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მის უზენაეს საბჭოზე, დააბრკოლონ ჩვენი დამოუკიდებლობის განვითარება.

- რამდენიმე წელია ამიერკავკასია ჩვენი ქვეყნის ცხელ წერტილად ითვლება. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა უკვე ბევრი შეიწირა, მაგრამ ყარაბაღის პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. ახლა კი, აი, სროლა ისმის საქართველოში. აქ ეროვნებათშორისი ურთიერთობის ბარომეტრი ქარიშხალს უჩვენებს. რა იქნება შემდგომში? კონფრონტაცია თუ თანამშრომლობა?

- აუცილებლად თანამშრომლობა! საჭიროა კონფრონტაციის კერების ნეიტრალიზაცია. სამწუხაროდ, ამის გაკეთება იოლი არ არის, მაგრამ მისწრაფება კი საჭიროა. ამიერკავკასიის ხალხებმა მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ.

- საქართველოს მწვანეთა პარტია საერთო-კავკასიური სახლის შექმნის მომხრეა. ამ იდეას მხარს უჭერენ რეგიონში მოსახლე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. თქვენ რას იტყოდით ამ იდეაზე?

- იცით რა, ეს წმინდა წყლის დემაგოგიაა. ჯერ საკუთარი სახლი უნდა იქონიოთ, საერთო სახლზე მერე იფიქრო. როცა რეგიონების ხალხები ნამდვილად თავისუფალნი გახდებიან, როცა რესპუბლიკები ჭეშმარიტ სუვერენიტეტს შეიძენენ, აი, მაშინ შეიძლება სერიოზული ფიქრი კავკასიის სახლზე. მაგალითად, ევროპას შეუძლია ამგვარი ლაპარაკი, რადგან იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აერთიანებს, ჩვენ კი ჯერ კიდევ შორს ვართ ამისგან. მე მგონია, ამგვარი ლაპარაკი ლაყბობაა.

- არჩევნებისწინა ბრძოლის დროს ცალკეული პარტიები ამბობდნენ, ახალმა პარლამენტმა საქართველოს უნდა დაუბრუნოსო ზოგიერთი ტერიტორია, რომელიც მან 1921 წელს დაკარგა ანექსიის შედეგად. როგორც ისინი ამბობენ, ეს ტერიტორიები ამჟამად ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და რუსეთის შემადგენლობაშია. რა აზრისაა საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნაზე?

- ასეთი საკითხი მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა შეიძლება აღძრას, მაგრამ რამდენადაც ჩვენი უზენაესი საბჭო გარდამავალი პერიოდის ხელისუფლების უზენაესი ორგანოა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ვერ იქნება, ამ საკითხს უახლოეს ხანს პარლამენტი არ განიხილავს.

- ყოველგვარი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე საქართველოს პარლამენტს კონფლიქტი მოუვიდა ცენტრთან. მხედველობაში მაქვს უზენაესი საბჭოს დამოკიდებულება ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნა და მოსკოვის შესაბამისი რეაქცია, თუ შეიძლება, განგვიმარტეთ ამ საკითხში უზენაესი საბჭოს პოზიცია?

- დიახ, ჩვენმა პარლამენტმა თავის პირველ სესიაზე მართლაც უყოყმანოდ გამოთქვა თავისი აზრი სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე, საქართველო მას ხელს არ მოაწერს არავითარი პირობით.

საბჭოთა კავშირის პრეზიდენტისადმი ჩემს განცხადებაში აღვნიშნე, რომ ამჟამად საქართველოს უზენაესი საბჭო უარს ამბობს განიხილოს და ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ვინაიდან ახალ ეტაპზე რესპუბლიკა სრული სახელმწიფო დამოუკიდებლობის გზაზე გარდამავალი პერიოდის მხოლოდ დასაწყისშია. ეს კი ახლანდელ უზენაეს საბჭოს უფლებას არ აძლევს რაიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი ვალდებულებანი იკისროს.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულ დამოუკიდებლობას მოიპოვებს, როცა თავისი ბედ-იღბლის ნამდვილი პატრონი გახდება სახელმწიფო ცხოვრების პოლიტიკურ და სხვა სფეროებში და საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი იქნება, მხოლოდ მაშინ მიანიჭებს ქართველი ხალხი რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს იმის უფლებას, რომ სხვა ქვეყნებთან რაიმე ხელშკრულებას მოაწეროს ხელი. ხელშეკრულებას, რომელიც სახელმწიფოთა კავშირის ამა თუ იმ ფორმას დაადგენს.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის რეაქციას საქართველოს პარლამენტისაგან რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი ორი ხელმძღვანელის დანიშვნაზე, რეაქცია კი ნეგატიური გახლდათ, აქაც ყველაფერი ნათელია. ორივე ეს უწყება ყოველთვის იმპერიის მთავარი ბერკეტი იყო. ახლა კი ორივე ნამდვილად ეროვნული გახდა და ცენტრს აღარ ექვემდებარება. ჩვენ გორბაჩოვს ვუპასუხეთ, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ ეწინააღმდეგება არც ჩვენს და არც საკავშირო კონსტიტუციას, ამიტომ არ ვიზიარებთ მის თვალსაზრისს და ბრძოლას განვაგრძობთ.

შეგიძლიათ, თუ თქვენ გსურთ, ამას კონფლიქტი უწოდოთ, მაგრამ ჩემთვის ნათელია ერთი რამ: ცენტრი ვერ ურიგდება ჩვენს დამოუკიდებელ ეროვნულ პოლიტიკას და სისტემატიურად შეგვახსენებს თავის დიქტატს ხან ბრძანებებით, ხან განკარგულებებით, რომლებსაც ჩვენ არ ვასრულებთ.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ცენტრისადმი ურჩობის ნიშნად ნებისმიერ ჟამს განვახორციელოთ მთელ საქართველოში ეროვნული ურჩობა. ჩვენი ხელისუფლება შეურიგებელი ოპოზიციაა ცენტრის მიმართ. ეს არის ჩვენი გზა და მას არ გადავუხვევთ.

- მაშასადამე, ახლა საქართველოს სუკი აღარ ექვემდებარება საბჭოთა კავშირის სუკს?

- დიახ, მათი კავშირი დაირღვა. შეიძლება ითქვას გავიყარენით.

- მინდა კვლავ დავუბრუნდეთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საბჭოთა კავშირთან წყვეტს ყოველგვარ კავშირს, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს?

- ეკონომიკურს - არა იმიტომ, რომ ეკონომიკური ურთიერთობა შესაძლებელია ყველა სახელმწიფოსთან. ჩვენ თანასწორუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობა გვექნება რუსეთთან, უზბეკეთთანაც, სომხეთთან, აზერბაიჯანთანაც - ყველასთან.

საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსები აქვს, ჩვენ შეგვიძლია სარფიანად ვივაჭროთ დაინტერესებულ მხარეებთან. საქართველოს ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა დანარჩენი სამყაროსაგან რესპუბლიკის ხელოვნური იზოლაციის უშუალო შედეგია, იზოლაციისა, რომელშიც თავისი ნებით არ აღმოჩენილა. მაგრამ მწამს, რომ ახლა ვითარება შეიცვლება. ჩვენ მოვიპოვეთ ის თავისუფლება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებელი ეკონომიკა იქონიოს.

- დიახ, ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მთელი ჩვენი ქვეყანა მოიცვა, საქართველოშიც აშკარაა. მე ვნახე გრძელი რიგები რძის პროდუქტებზე. თბილისის მაღაზიების ცარიელი დახლები, ბაზრის სიძვირე... მართალი გითხრათ, როგორ არ უხდება ყოველივე ეს ყოველთვის ხელგაშლილ, ბარაქიან, პურმარილიან თბილისს. შემთხვევით არ ვამბობ ამას. ხომ არ შიშობთ, რომ თუ ხელს არ მოაწერთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება?..

- გაუარესება, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ბლოკადის ნიშნებიც კი არის მოსკოვის მხრიდან. ჩვენ ვცდილობთ კონტრღონისძიებებს მივმართოთ. ცოტ-ცოტა რაღაცას ვახერხებთ...

დღეს საქართველო მტკიცე უარს ამბობს სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. რესპუბლიკის მთავრობა საგანგებო ღონისძიებებს ამუშავებს სურსათ-სანოვაგით, სათბობით, პირველი საჭიროების საქონლით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად. არაფერი არ უთხრის ძირს ახალი ხელისუფლებისადმი ხალხის რწმენას ისე, როგორც მერყევი ეკონომიკური მდგომარეობა, მომარაგების შეფერხება, რძის, ხორცისა და სხვა გასტრონომიული კრიზისები. აქ არ ესმით და გულმოდგინედ მუშაობენ. ჯერჯერობით კი, როგორც იძულებითი ღონისძიება, საქართველოში თითქმის ორჯერ გაძვირდა თამბაქო, ჩაი, სამარკო კონიაკები... როგორც ჩანს, ეს ნუსხა საბოლოო არ უნდა იყოს.

- როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს ახალ ხელმძღვნელობას საბჭოთა არმიასთან?

როგორც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ პატრიკეევის ქართული ტელევიზიით გამოსვლიდან ჩანს, თქვენს რესპუბლიკაში არმია და ხალხი დაპირისპირებულნი არიან.

- ჩვენ ვცდილობთ, არ გავამწვავოთ არმიასთან ურთიერთობა. ვცდილობთ, საგანგებო წესების შემოღების საბაბი არ მივცეთ.

- და განა ეს შესაძლებელია რესპუბლიკის პარლამენტის წინასწარი თანხმობის გარეშე?

- საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს შეუძლია რესპუბლიკებში საგანგებო წესები ისე შემოიღოს, რომ ადგილობრივ ხელმძღვანელობას არ შეუთანხმოს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩვენში აქამდე არ მივა საქმე.

- თქვენ გინდათ თქვენი ეროვნული არმია იყოლიოთ. თანაც იგი საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება, კადრებს კი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები მოამზადებენ. ასე ბრძანეთ თქვენ ინტერვიუში ერთ ამერიკელ ჟურნალისტთან, მაგრამ თუ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოდის, მაშინ საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ადრე თუ გვიან თქვენთვის უცხოელები გახდებიან.

- ისინი ახლაც უცხოელები არიან.

- და მაინც, მოიწვევთ თუ არა მათ საკუთარი სამხედრო კადრების მოსამზადებლად?

- რატომაც არა? შევთავაზეთ კიდეც, და ისინიც ამაყობენ ამით. მაგრამ ვნახოთ, პრაქტიკულად როგორ მოხერხდება.

- შეიძლება საქართველოში სამოქალაქო ომი მოხდეს?

- ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არის. შემდგომში არ ვიცი, ვნახოთ, რას იზამს ცენტრი, მაგრამ მაინცდამაინც არა მგონია...

- ბატონო ზვიად, შესაძლებელია თუ არა საქართველოში მონარქიზმის აღორძინება?

- შესაძლებელია კონსტიტუციური მონარქიზმი და არა აბსოლუტური მონარქია. კონსტიტუციური მონარქიის დროს მოქმედებს პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და ასე შემდეგ.

- მერედა, სტალინიზმი?

- არა.

- მაგრამ ხომ არის რესპუბლიკაში საზოგადოება „სტალინი“?

- მერე რა? საქართველომ ბოლომდე იგემა სტალინური რეჟიმის „მშვენიერებანი“ და ტოტალიტარიზმი ვეღარ დაბრუნდება. სტალინს რესპუბლიკაში არც ისე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, როგორც ზოგჯერ ამას პრესა ამტკიცებს. საზოგადოება „სტალინს“ რომელიც თქვენ მოიხსენიეთ, მონაწილეობაც კი არ მიუღია საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში - იგი გამორიცხეს იმ პარტიათა სიიდან, რომლებიც დაშვებულნი იყვნენ პარლამენტის მანდატებისათვის ბრძოლაში.

- როგორ გგონიათ, რატომ არის, რომ სუვერენიტეტგამოცხადებული რესპუბლიკების ბევრი დემოკრატიული ლიდერი, ახალ ორიენტაციაზე დამდგარი აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები ჰუმანიტარული მეცნიერების წარმომადგენლები არიან?

- მოულოდნელი კითხვაა! თუმცა მე ამას ასე ავხსნიდი: საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში მორალური მთლიანობა, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა ერთგულება ჰუმანიტარებმა შეინარჩუნეს. ხალხი მათ მეტად ენდობა, ავტორიტეტად მიაჩნია. ხალხს მოსწყინდა გამყიდველი სახელმწიფო კაცები, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ ინდივიდუალობასაც და ზნეობრივ ძალასაც. მას მოსწყურდა თავისი ინტერესების რეალური დამცველნი და მათ ჰუმანიტართა წრეში პოულობს. შეიძლება ეს საწყენი იყოს ტექნოკრატებისათვის, მაგრამ ასეა.

- მოდით, ცოტა თქვენზეც ვილაპარაკოთ, ბევრი დეპეშა მიიღეთ საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ?

- ბევრი.

- შევარდნაძემ თუ მოგილოცათ?

დიახ, მომილოცა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო მისი მოლოცვა.

- ამ ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ოპოზიციის ლიდერები, ხელისუფლების სათავეში რომ მოექცევიან, რამდენადმე ანელებენ თავიანთ მიტინგურ რადიკალიზმს. თქვენ როგორ მოიქცევით?

- მე მგონია, რომ ჩემი პოლიტიკის შეცვლა არაფრად არ მჭირდება. იგი ძველებური სულისკვეთებით გაგრძელდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი გამკაცრდება კიდეც.

- რაო, სრულიად არ გაწუხებთ თქვენი პოლიტიკური იმიჯი? გულახდილად გეტყვით, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ამა თუ იმ ინტერვიუში თქვენ თითქოს განზრახ იხვეჭთ მკაცრი, შეურიგებელი პოლიტიკოსის სახელს?

- მე, უბრალოდ, ჩემი ხალხის ინტერესების ერთგული ვრჩები. მომიტევეთ ეს მაღალფარდოვანი სტილი... სიმკაცრე და სხვა ამგვარი დახასიათებანი კი, ზოგჯერ არცთუ საამო, რომლებსაც მე მომაწერენ, ჩემთვის სრულიად არაფერს არ ნიშნავს.

- თქვენ იმასაც გსაყვედურობენ, მეტისმეტი მკაცრიაო ჟურნალისტებთან?

- არა ყველასთან... პოლიტიკოსის ნათქვამის მცდარ განმარტებას, განსაკუთრებით ჩვენს დღეებში, შეიძლება მოულოდნელი, თვით კატასტროფული შედეგებიც კი მოჰყვეს. მდარე და უსინდისო ჟურნალისტიკას მეც გადავჩეხებივარ. რისკს აღარ ვაპირებ.

- თქვენ ქართულად გითარგმნიათ შექსპირი და დ.ს. ელიოტი. ალბათ, ახლა თქვენი საქმიანობის ეს მხარე დიდი ხნით შეწყდება?

- ძნელი სათქმელია. დუხჭირი დრო დაგვიდგა. გარიჟრაჟიდან ღამის პირველ საათამდე ვმუშაობთ. ამას წინათ ვფიქრობდი, რომ დამოუკიდებლობისა და ნამდვილი სუვერენიტეტის გზაზე ყველაზე ძნელი, ალბათ, ახალი კანონების შემუშავება და თვით საკუთარი არმიის შექმნაც კი არ არის... ნამდვილი დამოუკიდებლობის გზა, ჩემი აზრით, ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის რესტავრაციით, მრავალი თვალსაზრისით უკვე დაკარგული ეროვნული სიამაყის, ეროვნული ღირსების აღორძინებით უნდა დაიწყოს, ეს, ალბათ, უფრო ძნელია, ვიდრე მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხის გადაწყვეტა, ასე შეგვიძლია ვთქვათ, უამისოდ საერთოდ ვერ გადავწყვეტთ ვერც ერთ დიდ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ამოცანას.

- ბატონო ზვიად, კრიტიკოსები, ღვთის მადლით, გყოფნით. მაგრამ ვიცი, რომ თქვენთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო და არის მამათქვენი - კონსტანტინე გამსახურდია, დიდი მოაზროვნე და დიდი მწერალი. გულახდილად მიბრძანეთ, მოიწონებდა თქვენს შეხედულებებს და თქვენს ბრძოლას?

- დიახ. იგი ჩემი სულიერი მამაც იყო. მე მგონია ოდნავადაც არ დამირღვევია მამაჩემის მცნებანი. არაფრით არ შემილახავს მისი ხსოვნა. იგი მოიწონებდა ჩემს მოქმედებას.

თბილისი. „ოგონიოკი“. №9. 1991 წ. თებერვალი“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№39 (59), გვ. 1-2; 27 თებერვალი,1991 წ.].