Print

1991 წლის 4 მარტის მიმართვა შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი

მიმართვა

შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი

ჩვენი ხალხისადმი ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა და ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია. დღეს, მთელ მსოფლიოს აღელვებს ქ. ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველი, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა. სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და ძალისხმევა ჩვენ ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღება, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ, ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

მეორე პრობლემა ქ. ცხინვალში კანონიერი ხელისუფლების შექმნაა. არ იქნება დაშვებული ე.წ. საოლქო უკანონო სტრუქტურების არსებობა. ცხინვალი გადაიქცევა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ, ეს უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით იმ პირობით, რომ ცხინვალში დაბრუნდება ყველა ლტოლვილი, ქართველები და ოსები თანასწორი უფლებებით ისარგებლებენ, გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე.

ამჟამად, მთელ საქართველოში იქმნება ხელისუფლების ახალი სტრუქტურები - პრეფექტურა და მუნიციპალიტეტი, რომლებიც უნდა შეიქმნას ცხინვალშიც. ეს იხსნის ქალაქს ანარქიისაგან, შიმშილისაგან, კრიმინალური ელემენტების თარეშისაგან. ცხინვალში უნდა დაინიშნოს პრეფექტი, რომელსაც ექნება როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. აგრეთვე, უნდა ჩატარდეს მუნიციპალური არჩევნები, სადაც არჩეული იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ ხალხის ნდობით. ამოუდექით მხარში პარლამენტს ამ საქმეში. ეს საშუალებას მოგვცემს უახლოეს მომავალში აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა.

ეს აგრეთვე დაგვეხმარება სტიქიური ბლოკადის შედეგების დაძლევაში, რაც წარმოიშვა გაფიცვების, პროტესტების, არასტაბილური მდგომარეობის შედეგად ტვირთის ტრანსპორტირების შეუძლებლობის, დივერსიების, ტერორისა და დამნაშავე ელემენტების თარეშის გამო. მოუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზვიად გამსახურდია

თბილისი. 1991 წლის 4 მარტი“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№44 (64), გვ. 1; 6 მარტი. 1991 წ.].