Print

1991 წლის მარტის მიმართვა ბალყარელ ხალხს

ბალყარელ ხალხს

ძვირფასო დებო და ძმებო!

ბალყარელთა და ქართველთა ძმობას, კეთილმეზობლობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას, მრავალსაუკუნოვანი საამაყო ისტორია აქვს. წარმომავლობით და რელიგიურ სხვაობას ხელი ოდნავადაც არ შეუშლია ჩვენი ხალხების მეგობრობისათვის. წინაპართა წინდახედულობისა და სიბრძნის შესანიშნავი მაგალითია ბალყარელ და ქართველ მთიელთა შორის ძმადნაფიცობის მტკიცე და ურღვევი ტრადიციის შექმნა, რომელმაც ჩვენ დრომდეც მოაღწია. ეს ტრადიცია ხელს გვიწყობდა გაგვეზიარებინა ერთმანეთის ჭირიც და ლხინიც. სწორედ ამიტომ მადლიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი ბრძენი წინაპრებისა, უნდა გვახსოვდეს და პატივს მივაგებდეთ დიდი ბალყარელი პოეტის ყაისინ ყულიევისა და მის ქართველ ძმადნაფიცთა მეგობრობასაც, ჩვენი ორი ხალხის სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელთა უანგარო ურთიერთობასაც. დღეს ცენტრის დიქტატის ქვეშ მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გააფთრებულ ანტიქართულ კამპანიას ეწევიან და ყოველგვარი ხერხებით ცდილობენ ერთმანეთს გადაამტერონ კავკასიაში მცხოვრები ხალხები. საგანგებო ყურადღებას უთმობენ მეორე მსოფლიო ომის დროს რეპრესირებულ ხალხებს, რომელთაც შთააგონებენ, თითქოს მათი უბედურების დროს სტალინისა და ბერიას წყალობით ქართველ ხალხს არავითარი შევიწროება არ განეცადოს. თითქოს ქართველებს დეპორტირებულ ხალხთა ხარჯზე პირობებიც კი გაეუმჯობესებინოთ. ამგვარი „მტკიცების“ აბსურდულობა ნათელია ყველასათვის, ვინც იცის, რომ ქართველმა ხალხმა არაერთგზის გამოსცადა საკუთარ თვზე საბჭოთა წყობილების „ჰუმანურობა“. უამრავი ქართველი შეეწირა რეპრესიებს 1921-24 წლებში კოლექტივიზაციის დროს, 30-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1949-51 წლებში, 1956 წელს, 1989 წლის 9 აპრილს. პროვოკაციები „ეთნოკონფლიქტების“ სახელწოდებით ამჟამადაც ეწყობა ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონში, რასაც უკვე შეეწირა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება სტალინსა და ბერიას, ისინი მათ მსგავს „ქართველებთან“ ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის უპირველესი მტრები იყვნენ. ამიტომ ქართველი ხალხისთვის გასაგები და ძალზე მტკივნეულია ბალყარეთის ხალხის ღრმა მწუხარება იმ ადამიანთა უაზრო განადგურების გამო, რომელთა მთელი „დანაშაული“ ის იყო, რომ ისინი ბალყარელები იყვნენ. კაცობრიობის ისტორიას ძნელად თუ ახსოვს იმგვარი სიმხეცე, ბოროტება და გენოციდი, როგორიც 1944 წლის 8 მარტს დაატყდა თავს თქვენს გამრჯე და მშვიდობისმოყვარე ხალხს.

ნებისმიერ პატიოსან კაცს შესძრავს ის ცინიზმი, რომელიც თუნდაც რეპრესიის მოწყობის დღეთა დანიშვნისას შეინიშნებოდა: 1943 წლის 7 ნოემბერს „დიდი“ ოქტომბრის დღესასწაულის დღეს, სამშობლოდან მასობრივად გაასახლეს ყარაჩელი ხალხი; 1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა არმიის დღეს მამა-პაპათა მიწები უკვე ჩეჩნებსა და ინგუშებს დაატოვებინეს, ხოლო იმავე 1944 წლის 8 მარტს ქალთა დღეს, ყველა ბალყარელ ქალს, მთელ ხალხთან ერთად სისხლის ცრემლები ადინეს და ისე მიატოვებინეს საყვარელი მამული. კაცთმოძულეობისა და შემზარავი ცინიზმის აღიარება იყო ბალყარეთის შესახებ დაწერილი პატაკები, რომლებშიც პარტიასა და ხელისუფლებას მოახსენებდნენ, რომ გასახლების წინ მიღებულ იქნა ზომები, რათა საგრძნობლად შემცირებულიყო ეშელონების რაოდენობა. რა ზომებზეც იყო აქ საუბარი, ეს ბალყარელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის (ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს - ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს, მოხუცებს, სნეულებს, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდებს...). გენოციდის ამ შემზარავი აქციების მომწყობნი და უშუალო შემსრულებლები დიდი ზარ-ზეიმით დააჯილდოვეს სხვადასხვა ხარისხის ჩინ-მედლებით.

ძვირფასო ბალყარელო დებო და ძმებო!

მთელი ქართველი ხალხი ღრმა მწუხარებით იხრის ქედს 1944 წლის 18 მარტს უდანაშაულოდ დახოცილი ბალყარელების ხსოვნის წინაშე. დაე მთელ მსოფლიოში ნურასოდეს ნუ განმეორებულიყოს ეს ტრაგედია, რომელიც თქვენმა მშრომელმა, მშვიდობისა და თვისუფლების მოყვარე ხალხმა განიცადა.

მარადიული იყოს დაღუპულთა ხსოვნა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№45 (65), გვ. 1; 7 მარტი, 1991 წ.].