Print

1991 წლის მარტის მიმართვა კავკასიის ხალხებისადმი

მიმართვა

კავკასიის ხალხებისადმი

კავკასია უნიკალური მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენია თავისი მრავალფეროვნებით, თავისთავადი კულტურებით, ერებს შორის ურთიერთობის მყარად ჩამოყალიბებული ტრადიციებით, განუმეორებელი ისტორიით, ლანდშაფტით, ფლორით და ფაუნით. სხვადასხვა წარმოშობისა და სხვადასხვა სარწმუნოების კავკასიელ ხალხებს შორის ეთნიკური სიძულვილი ე.წ. „ეთნოკონფლიქტები“ ამ ერთა თანაარსებობის მანძილზე უცხო იყო, სანამ კავკასია ცეცხლითა და მახვილით, ვერაგულად არ დაიპყრო იმპერიათა შორის უსასტიკესმა და უბოროტესმა - რუსეთის იმპერიამ. ცარიზმის მიერ გაკვალული გზა, რომელიც კავკასიის ხალხებს შორის მტრობის, უნდობლობის და ერთმანეთის სიძულვილის დანერგვას გულისხმობდა, „ღირსეულად“ განაგრძო მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, რომელმაც გარკვეულწილად თავის მიზანს მაინც მიაღწია.

კავკასიელი ხალხები ისე მოხერხებულად გადაჰკიდეს ერთმანეთს, რომ ამჟამად კავკასიაში მცხოვრებ თითმის ყოველ ხალხს იმპერიის მიერ თავსდატეხილი ყველა უბედურების მიზეზი მის გვერდით მცხოვრები სხვა ხალხი ჰგონია.

ცენტრი თავისუფლებისმოყვარე, ამაყ კავკასიელთა საზიანოდ იყენებს ე.წ. „ეთნოკონფლიქტებს“, აფერხებს კავკასიელთ სწრაფვას დამოუკიდებლობისა და ჭეშმარიტი სუვერენიტეტისაკენ. ამგვარი ბოროტი ხერხებით ერთმანეთს წაკიდებულ ხალხთა შორის ურთიერთობა უკვე სახიფათოდ არის დაძაბული. მათ შორის მტრობას თანდათან აღვივებენ, ზოგან სისხლიც იღვრება, ცენტრი კი მოსყიდული ინფორმაციის საშუალებებით მთელ მსოფლიოს „უმტკიცებს“, უჩვენოდ ეს „ველური და კაციჭამია“ კავკასიელები ერთმანეთს მოსპობენო, თანაც მსოფლიოს უმალავენ იმას, რომ კავკასიელ ხალხებს უძველესი კულტურული და ჰუმანური ტრადიციები გააჩნიათ და სურთ ისინი „ტუზემცებად“ გამოაცხადონ.

ძვირფასო კავკასიელებო!

დროა გონს მოვეგოთ! ნუ გავებმებით ცენტრის მიერ ჩვენს საზიანოდ დაგებულ მახეში! მოვიგონოთ ჩვენი დიდებული წინაპრების სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა! აღვადგინოთ ძმობა, ურთიერთპატივისცემა და ნდობა.

ნებისმიერი კავკასიელი ხალხის ბედი, ყველა კავკასიელის მშვიდობიან თანაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები ისევ ჩვენივე ერთსულოვნებით, კავკასიაშივე უნდა წყდებოდეს. ამისთვის აუცილებელია კავკასიელ ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინაცია, დიალოგი, რათა ერთობლივ იქნეს შემუშავებული ერთიანი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სახელით გიწვევთ კავკასიის ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ლიდერებს კავკასიის ხალხთა ფორუმის შესაქმნელად, რომელსაც მიზნად არ ექნება რაიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთეულის დაარსება, რომელსაც არ მართავენ ცენტრის აგენტები, კავკასიის გამყიდველები. ჩვენი მიზანი იქნება კავკასიის კონსოლიდაცია, მისი განთავისუფლება იმპერიის მარწუხებისაგან და დაფუძნება მსოფლიოს თავისუფალ ხალხთა ოჯახში. ეს ასევე აღადგენს ჩვენს გულწრფელ მეგობრობას რუს ხალხთან, რომელიც თვით არის ტოტალიტარიზმისა და კომუნიზმის მსხვერპლი.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, კავკასიის ხალხთა ფორუმის დამფუძნებელი სხდომის მოწყობის ადგილისა და ზუსტი თარიღის შესახებ დამატებით გაუწყებთ.

გაუმარჯოს კავკასიის ხალხთა ერთიან, ძმურ ოჯახს!

გაუმარჯოს ჩვენს ძმობას, ერთობასა და თვისუფლებას! გვფარავდეს ღმერთი!

პატივისცემითა და სიყვარულით

ზვიად გამსახურდია

„მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სპიკერი,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№57 (77), გვ. 1; 23 მარტი, 1991 წ.].