Print

1991 წლის 27 მარტის მიმართვა ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას

მიმართვა

ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას

ძვირფასო თანამემამულენო! დებო და ძმებო!

ჩვენი საქართველოსათვის ამ საჭირბოროტო მომენტში, როცა 31 მარტს ქართველმა ხალხმა რესპუბლიკაში მცხოვრებ სხვა ხალხებთან ერთად უნდა მოახდინოს არჩევანი - სურს თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღგენა დამოუკიდებლობის შესახებ 1918 წლის 26 მაისი აქტის საფუძველზე, მოგმართვთ თქვენ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში მცხოვრებ ჩემს ძვირფას და პატივცემულ, მთელ საქართველოში უნიკალური შრომისმოყვარეობით ცნობილ თანამოქალაქეებს - მიწათმოქმედებს, მეკარტოფილეებს, მეცხოველეებს, ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებიც ჯავახეთის მაღალი მთის უმძიმეს პირობებში ოფლის ღვრით, თავდადებული შრომით ამრავლებთ ჩვენი რესპუბლიკის სიმდიდრეს.

რეფერენდუმში სიტყვა „დიახ“ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ მოიპოვოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აქედან გამომდინარე ყველა შედეგითურთ. „დიახ“ - ნიშნავს მივცეთ ხმა ყველა მოქალაქის თანასწორ მოქალაქეობრივ უფლებებს ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად. რეფერენდუმში თუ იტყვით - „დიახ“ - ამით ამრავლებთ იმ გარანტიების ძალას, რომ თქვენ, თქვენი შვილები და თქვენი შვილიშვილები იცხოვრებთ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში, ტოტალიტარული სახელმწიფოსაგან განსხვავებით, თქვენთვის გარანტირებული იქნება გაცილებით მეტი თავისუფლება და უსაფრთხოება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. მე, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, დარწმუნებული ვარ: თქვენ განაცხადებთ, რომ მზად ხართ ქართველ ხალხთან ერთად დაიცვათ საქართველოს დემოკრატია და დამოუკიდებლობა. დღეს წინანდელზე მეტად არის საჭირო ჩვენი ხალხებისათვის დამახასიათებელი ერთიანობა, მოთმინება და გონივრული ნაბიჯები ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მხოლოდ ჩვენ, ერთად თუ გამოვავლენთ სოლიდარობას, სურვილს, გავუგოთ ერთმანეთს დიალოგის გზით, შევძლებთ ავაშენოთ ჩვენი დემოკრატიული დამოუკიდებელი საქართველო.

ვიცი, რომ ზოგიერთები ცდილობენ შეარყიონ ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ისიც ვიცი, რომ გამოჩნდა თქვენს შორის რამდენიმე კაცი, რომლებიც ჩემს მიერ გამოთქმულ აზრს სავსებით დამახინჯებულად განმარტავენ. დიახ, ვთქვი, რომ ის, ვინც მონაწილეობას არ მიიღებს 31 მარტის რეფერენდუმში, ამით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეობის უფლებას. ეს, ჩემო ძვირფასებო, ვაჭრობა როდია. მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში მოქალაქეობას იღებენ მაშინ, როცა არის ურთიერთვალდებულებებისადმი მზადყოფნა: პოტენციური მოქალაქისა - სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფოსი - მოქალაქის წინაშე. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეობის მიღება გულისხმობს ქვეყნის ენისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემას. ეს ის ბალანსია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოქალაქეობა ფორმალური არ იყოს. თანასწორობა უფლებებში შეუძლებელია მოვალეობებში თანასწორობის გარეშე.

მაწუხებს, რომ „უცხოელებზე“ ვლაპარაკობთ. ამას სომხები თავიანთი მისამართით აღიქვამენ. არავითარ შემთხვევაში. ეს სხვებს ეხება, იმათ, ვინც უკანონოდ დასახლდა ჩვენს მიწებზე, უკანონოდ შეიძინა სახლები, თანაც რაღაც გაუგებარი პრეტენზიები აქვს.

ვიცი, რომ არის პრობლემები პრეფექტების დანიშვნასთან დაკავშირებითაც. ეს პრობლემები, გარწმუნებთ, ადვილად გადაიჭრება. მათ დანიშვნის დროს, ვიმეორებ, ვითვალისწინებდით მშრომელთა სურვილს. მაგრამ თქვენ ხომ ჯერ კიდევ არ მიგიციათ საშუალება, რომ მათ თავიც გამოიჩინონ საქმეში. როცა წინათ სომეხს ნიშნავდნენ რომელიმე ქალაქის მეთაურად საქართველოში, სადაც ქართული მოსახლეობა ჭარბობდა, განა ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა? მთავარია, რომ ეს ხელმძღვანელები იყვნენ კომპეტენტური, წმინდა, პატიოსანი ადამიანები. ვფიქრობ, ყველა ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ისე, როგორც ხალხს უნდა, შეხვედრების, დიალოგების, ჭეშმარიტების ძიების გზით. ვიმეორებ, ისე იქნება, როგორც ხალხს სურს.

31 მარტს წყდება საქართველოს, ისევე, როგორც მოძმე სომხეთის მომავლის საკითხი, რომელიც სექტემბერში ჩაატარებს რეფერენდუმს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შესახებ.

ყოველი ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს - საქართველოს ბედს. თუ იქნება დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო, სოციალურად დაცული იქნება ჩვენი მრავალეროვანი ოჯახის თითოეული წევრი, დაცული იქნებიან ჩვენი ოჯახები, ჩვენი ოჯახები და შვილიშვილები. მარტში თუ ვიტყვით - „დიახ“, თავისუფალ საქართველოს, - ნიშნავს, რომ სექტემბერში გაცილებით უფრო გაუადვილდება - სომხეთს. ორი დემოკრატიული დამოუკიდებელი რესპუბლიკა - საქართველო და სომხეთი - უნდა იყოს! მაშასადამე იქნება მშვიდობისა და სამოქალაქო თანხმობის გარანტიები. თუ ვერ დავიცავთ - ისე იქნება, როგორც განვლილი 70 წლის მანძილზე იყო - სრული უბედურება და გაჭირვება, კვლავაც იქნება მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების მასობრივი დამცირება.

მოგიწოდებთ ყველა თქვენგანს - 31 მარტს გააერთიანოთ რიგები და ხმა მისცეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. როგორც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან არის ცნობილი, საქართველოში მცხოვრები სომხები გაჭირვების ჟამს მუდამ იარაღით ხელში ქართველებთან ერთად იცავდნენ ჩვენს ქვეყანას. ახლა თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხარს დაგვიჭერთ - საქართველო და სომხეთი - ეს ორი ქრისტიანული პატარა კუნძული კავკასიაში - ერთად ესწრაფვიან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დაე აღსრულდეს ჩვენს წინაპართა მრავალსაუკუნოვანი ოცნება ჩვენი სახელმწიფოების თავისუფლების შესახებ.

დიდი პატივისცემით

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

1991 წლის 27 მარტი“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№61 (81), გვ. 1; 30 მარტი, 1991 წ.].