Print

1991 წლის 9 მაისის მიმართვა ჩერქეზ (ადიღეელ) ხალხებს

მიმართვა

ჩერქეზ (ადიღეელ) ხალხებს

ძვირფასო ჩერქეზო დებო და ძმებო!

21 მაისი ტრაგიკული თარიღია თქვენს ისტორიაში, მთელი კავკასიის ისტორიაში. სწორედ 1864 წლის 21 მაისს დასრულდა რუსეთის იმპერიის მრავალწლიანი ომი კავკასიის ხალხთა დასამორჩილებლად. ამ დღეს დაკარგა ჩერქეზეთმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

რუსეთ-კავკასიის ომმა მრავალი ათასი ჩერქეზისა და კავკასიის სხვა ხალხთა წარმომადგენლების სიცოცხლე შეიწირა. ბედმა მრავალტანჯულ ჩერქეზებს კიდევ ერთი მწარე განსაცდელი მოუმზადა. მაშინდელი მსოფლიოს ორი პირსისხლიანი იმპერიის - რუსეთისა და ოტომანთა იმპერიების - გარიგების შედეგად, ასეულ ათასობით ჩერქეზს მუჰაჯირთა მწარე ბედი არგუნეს, კავკასიის მშობლიური მიწა-წყალი დაატოვებინეს და იძულებული გახადეს მაშინდელი თურქეთის სხვადასხვა კუთხეში გადასახლებულიყვნენ, ნაწილი კი დარჩა კავკასიაში და რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხთა მძიმე ხვედრი გაიზიარა. ამ დროიდან, საუკუნეზე მეტია, რაც ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში ცხოვრობენ ჩერქეზები, რომელთაც დღემდე არ გაჰქრობიათ ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე.

ქართველი ხალხი დიდი გულისტკივილით შეხვდა თავისუფლებისმოყვარე ჩერქეზ ხალხთა ტრაგედიას. მე-19 საუკუნის გამოჩენილმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გამოხატეს ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა კეთილშობილი და მამაცი ჩერქეზების მიმართ მათი მშობლიური მხარიდან გასახლების გამო.

ჩვენს დროს ჩერქეზმა მწერალმა, საქართველოს მკვიდრმა მ. ლოხვიცკიმ (აჯუკ-გირეიმ) თავისი შესანიშნავი რომანით „მეხთატეხა“, რომლის მეორე ნაწილიც ახლახან გამოვიდა თბილისში, კიდევ ერთხელ მწვავედ განგვაცდევინა ჩერქეზთა ტრაგედია.

ქართველი და ჩერქეზი ხალხების ურთიერთობას გულწრფელი პატივისცემა ახასიათებს. ქართველის წარმოდგენაში ჩერქეზი მუდამ იყო და არის რაინდული ბუნების ადამიანი, ჭეშმარიტი კავკასიელის საუკეთესო თვისებებით დამშვენებული პიროვნება.

უნდა აღინიშნოს ჩვენი საუკუნის გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა და მწერალთა დიდი დაინტერესება ჩერქეზული ენებით და კულტურით, ისტორიითა და ფოლკლორით.

დღეს ჩვენ, ქართველები, ვისაც ჩერქეზებთან გენეტიკური ნათესაობა და საერთო კავკასიური შეგნება გვაერთიანებს, პატივს მივაგებთ სამშობლოს თავისუფლებისათვის დაცემულ ჩერქეზთა ხსოვნას. გვწამს, რომ კავკასიის უძველეს მკვიდრთა - სინდების, კერკეტებისა და მეოტების - შთამომავალი ჩერქეზები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ კავკასიისა და მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში.

გვჯერა, რომ ქართველთა და ჩერქეზთა ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ეს კი მთელი კავკასიის ერთიანობისა და წარმატებების მტკიცე გარანტია იქნება.

ძვირფასო ჩერქეზებო!

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი სამშობლოს უკეთესი მომავლისაკენ თქვენს მისწრაფებაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

თბილისი. 1991 წლის 9 მაისი.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№91 (111), გვ. 1, 10 მაისი, 1991 წ. ].