Print

1991 წლის 12 ივნისის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

მიმართვა

საქართველოს მოსახლეობისადმი

თანამემამულენო! მოკლე ისტორიული პერიოდის მანძილზე ჩვენი სახელმწიფოს მკვიდრმა მოსახლეობამ სამჯერ გამოხატა თავისი ნება. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებმა, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა და 26 მაისის პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნებმა ცალსახად განსაზღვრა ჩვენი მისწრაფებანი. ეს არის და იქნება ყველაზე ძლიერი არგუმენტი კრემლთან მოლაპარაკებისათვის და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დიპლომატიური ცნობისათვის. მიუხედავად ასეთი ერთსულოვნებისა, საქართველოში დღეს კვლავ მერყევი ვითარებაა. იზრდება დამნაშავეობა, შიდა ქართლში იღვრება სისხლი. კვლავ ქვეითდება წარმოება. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იბრძოლოს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, გასაგებია, რომ მერყეობა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით ვერ იქნება გამოწვეული, ეს ე.წ. ცენტრის ძალისხმევის შედეგია. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ჩვენი სულიერი და ფიზიკური დაქსაქსულობა მისცემს ცენტრს საშუალებას, ბოლომდე განახორციელოს საკუთარი სტრატეგიული მიზნები საქართველოში. შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: ხალხი ერთსულოვნად გამოხატავს უალტერნატივო პოლიტიკურ ნებას, ქვეყანაში კი გრძელდება კომუნისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მოვლენები: კორუფცია, შრომისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება, საბოტაჟი, დამტაცებლობა, მაფიოზური კლანების თარეში.

გასაგებია, რომ ძველი სისტემის ნგრევისა და ახლის შენების დროს გარდაუვალია ასეთი მოვლენების ინტენსიფიკაცია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანოებმა ჯერჯერობით ვერ გამონახეს კრემლის ეკონომიკური მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე ოპტიმალური გზა. მაგრამ თანამემამულენო, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ამავე დროს დაპყრობილი ქვეყანაა. ჩვენ უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს სოციალური გაჭირვება თუ უსამართლობა ძველის რღვევის და ახლის შენების პროცესს დავაბრალოთ.

პოლიტიკური აქტიურობის პარალელურად უეჭველად იგრძნობა სოციალური და შემოქმედებითი პასიურობა. ეს კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ან კიდევ, მესამე სამყაროს ქვეყნების მსგავსად, ტვირთად დავაწვეთ მსოფლიო ეკონომიკას, რაც კიდევ უფრო სავალალო იქნება ჩვენთვის.

საქართველოში მრავალი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგენის ლოზუნგებმა თავდაპირველად ისინი შეაშინა, რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ, არსებული სტატუს-კვოს დარღვევის საშიშროებით, ხოლო მეორე მხრივ, შედეგი კრემლის „ინტერნაციონალისტური“ გაკვეთილებისა. საბედნიეროდ, არაქართველმა მოსახლეობამ სწორად შეაფასა მიმდინარე პროცესების ხასიათი და მიზნები და განუდგა საბჭოთა იმპერიალიზმს. ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულმა ტოლერანტობამ და რელიგიურმა შემწყნარებლობამ უკვალოდ არ ჩაიარა, სხვა ეროვნების წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა მათი კულტურული თუ სოციალური თვითმყოფადობის შენარჩუნების გაცილებით უფრო ძლიერი გარანტი იქნება, ვიდრე საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც დიდი იმპერიის ერთ-ერთ გეოგრაფიულ პროვინციას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ენა, კულტურა, ხალხის კეთილდღეობა, ნაკლებად აწუხებთ ცხინვალის და ჯავის რაიონებში თავმოყრილ ექსტრემისტებს.

ზოგ-ზოგმა პოლიტიკურმა ამბიციებმა დიდი სისხლისღვრა გამოიწვია, რაც თანაბრად სტკენს გულს ყველას, ვისთვისაც თანასწორუფლებიანობა და კეთილმეზობლობა ლიტონი სიტყვები არ არის. კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით გადაჭრის მიზნით საქართველოს უზენაესი საბჭოს ინიციატივით შეიქმნა და თვეზე მეტია კონფლიქტის რაიონებში მუშაობს საპარლამენტთაშორისო კომისია, რომელმაც დასახა სტაბილიზაციის გზები. გამოინახა ოს მოსახლეობასთან შეხების წერტილები. გაირკვა, რომ ისინიც არანაკლებ შეწუხებული არიან გაჭიანურებული საომარი მდგომარეობით.

საპარლამენტთაშორისო კომისიამ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზად დასახა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. ვასრულებ რა კომისიის თხოვნას, ვადასტურებ, რომ ყველა, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს მართლწესრიგის დამცველ ორგანოებს, განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იარაღის უკანონო ტარებისათვის. იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარება და უკანონო შეიარაღებული ფორმირების განიარაღება იქნება გარანტია ძმათა შორის სისხლისღვრის შეწყვეტისა, ოს ხალხთან ტრადიციული მეგობრობისა და მშვიდობის აღდგენისა, საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოების დაწყებისა, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა მთელს რეგიონში.

გარდა ამისა, დასრულების ფაზაშია საქართველოს მოქალაქეობის კანონი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეობის მინიჭებას ყველასათვის, ვინც მუდმივად არის ჩაწერილი საქართველოს რესპუბლიკაში.

თანამემამულენო! საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და შფოთიან ხანაში ყველა ჩვენგანის ვალია გამოიჩინოს ეროვნული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავაღწევთ თავს იმპერიის მარწუხებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. დაე, იყოს ჩვენი დევიზი სამოქალაქო თანხმობა, ურთიერთგაგება და მშვიდობა!

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

12 ივნისი, 1991 წელი

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№116 (136), გვ. 1, 14 ივნისი, 1991 წ.].