Print

1991 წლის აგვისტოს მიმართვა სამაჩაბლოს მოსახლეობისადმი

მიმართვა

სამაჩაბლოს მოსახლეობისადმი

თანამემამულენო!

საქართველოს ყველა ღრმა და მწარე ჭრილობა შიდა ქართლშია გახსნილი. მართალია აღსდგა ისტორიული კანონზომიერება, გავაუქმეთ ძალადობით შეკოწიწებული ოლქი, ცხინვალის რაიონი გორს დავუბრუნეთ, ყორნისის რაიონი - ქარელს, მაგრამ აღნიშნულ რეგიონში პრობლემები ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს ჩვენს მობილიზებას და არა მხოლოდ მორალურ თანადგომას.

ჩვენი დაულხინებელი ყოფა სტიქიამ კიდევ უფრო დაამძიმა. ოცდაცხრა აპრილის მიწისძვრამ, იმერეთზე და რაჭაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შიდა ქართლში ასეულობით ბინა დაანგრია და დააზიანა, ხოლო თხუთმეტი ივნისის ნგრევამ - ათასობით ჭერი დააქცია.

არც ოთხ ივლისს დაგვინდო სტიქიამ, კიდევ ერთხელ მოგვივლინა განსაცდელი, წინა მიწისძვრებს გადარჩენილი საბოლოოდ გაანადგურა.

რაც ყველაზე სავალალოა, დაიღუპნენ ადამიანები.

სვერი, ქემერტი, ძარწემი, კეხვი, ქურთა, ხეითი, ქვემო აჩაბეთი, ჭარები, ქსუისი, დისევი, აწრისხევი, ბელოთი, საცხენეთი, ჯოჯიანთ უბანი, ვანათი... აი, არასრული სია იმ სოფლებისა, რომელთა ნაწილი მიწასთან არის გასწორებული...

მე ციფრსაც მოგახსენებთ, მარტო გორსა და გორის რაიონში, რა თქმა უნდა, იგულისხმება შემოერთებული ცხინვალის რაიონიც, 4000-ზე მეტი სახლი თავიდანაა ასაშენებელი და შესაკეთებელი.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული შველას მოითხოვს. მეგობრებო, არ შეიძლება საჩხერელი და კეხველი კაცის სატკივარი სხვადასხვაგვარად გვაწუხებდეს, მაგრამ შიდა ქართლის გასაჭირი მაინც სხვაა და ამის მიზეზი ყველამ კარგად ვიცით.

აქაურობას ჩვენ ვაცხადებთ აღმშენებლობითი პროგრამის ნომერ პირველ ობიექტად. მართლია, ყურადღებას არ ვაკლებთ სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, განსაკუთრებით სამაჩაბლოს ღია ცის ქვეშ დარჩენილ მოსახლეობას, პროგრამის განსახორციელებლად ვეებერთელა სამშენებლო კომპლექსია დასაქმებული, მაგრამ ეს არ კმარა, საჭიროა რესპუბლიკის ქალაქებმა და რაიონებმა, ცალკეულმა ორგანიზაციებმა გამონახონ საშუალება და ამოუდგნენ მშენებლებს მხარში.

მეგობრებო, ქუდზე კაცის დრო დაგვიდგა, დაზამთრებამდე ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არც ერთი ოჯახი ღია ცის ქვეშ არ დაგვრჩეს, ახლა გულგრილობა, მხოლოდ სიტყვით ქადილი და გულხელდაკრეფა ღალატის ტოლფასია.

ჩვენ პირნათელნი უნდა ვიყოთ გაუთავებელი ომით, წყალდიდობით, მიწისძვრით შეწუხებული ქართველობის წინაშე, ვინც ამდენი თავსდამტყდარი უბედურების მიუხედავად, მაინც არ მიატოვა მამა-პაპური კერა.

ისინი გმირები არიან, მეგობრებო, გმირობას კი დანახვა და დაფასება უნდა, რასაც, ალბათ, ჩვენი საერთო ძალისხმევით გავაკეთებთ კიდეც.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თანდათან, მტკივნეულ პრობლემად იქცა: გორში, თბილისში, სხვა ქალაქებსა და რაიონებში თავმოყრილია ლტოლვილების დიდი ჯგუფი.

რა თქმა უნდა, ისინი თავისი ნებით არ აყრილან, დაარბიეს, სახლები დაუწვეს, შეურაცხყვეს, გამოაქციეს... მათთვის არავის არაფერი დაუყვედრებია. მთელი საქართველო მათი სამშობლოა, მაგრამ მაინც მძიმეა დიდხანს სხვის კარზე მყოფი ადამიანის ხვედრი... მე არ მინდა ამ ხვედრს შეეჩვიოს ქართველი კაცი, თორემ ჩვენი შრომა წყალშ ჩაიყრება.

ამიტომ, ვფიქრობ, ლტოლვილებად მხოლოდ ქალაქ ცხინვალისა და სოფელ გუჯაბაურის მოსახლეობა უნდა მივიჩნიოთ, ისიც მხოლოდ ქალები და ბავშვები, დანარჩენები კი დროა დაუბრუნდნენ თავ-თავის სოფლებს.

თანამემამულენო, სამაჩაბლოს ქართული სოფლებიდან ლტოლვილებო, მიხედეთ თქვენს ფუძეს, თორემ, როგორც არაერთხელ მომხდარა, ისევ მოვა გადამთიელი და ჩვენ კუთვნილს დაეპატრონება.

ღმერთმა ხომ იცის, აღარაფერი დაგვრჩა დასაკარგავ-გასაცემი, ამიტომ, სამაჩაბლოში დაბრუნებული თითოეული ოჯახი საქართველოსათვის მტკიცე ციხე-სიმაგრის ტოლფასია.

ცხინვალელო მამაკაცებო: დაბეჯითებით გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ქართული სოფლების აღდგენა-აღორძინებაში, მამა-პაპეული მიწა-წყლის დაცვაში. ხოლო ის, ვინც ამას არ გააკეთებს, მოღალატედ შეირაცხება.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ბედი დღეს შიდა ქართლში წყდება.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№153 (173), გვ. 1, 6 აგვისტო, 1991 წ.].