Print

1992 წლის 14 იანვრის მიმართვა ქართველი ერისადმი

მიმართვა

ქართველი ერისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!

იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულმა პუტჩმა უდიდესი უბედურება დაატეხა საქართველოს. პუტჩისტები ცდილობენ ხელისუფლების უზურპირებას, მთავრობის ჩამოყალიბებას, თუმცა მათი ყოველგვარი ქმედება უკანონოა და ანტიკონსტიტუციური.

ა.წ. 6 იანვარს მე, საქართველოს კანონიერმა პრეზიდენტმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დავტოვეთ უზენაესი საბჭოს შენობა, რათა აღარ გაგრძელებულიყო ნგრევა და სისხლისღვრა. თუმც ადგილის გამოცვლა ჩვენს მიერ არ ნიშნავს პოზიციის დათმობას. ჩვენ კვლავ წარმოვადგენთ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას, მე არ გამიკეთებია განცხადება გადადგომის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შექმნილმა ხუნტამ პირველსავე დღეს „შეაჩერა“ კონსტიტუცია და „დაითხოვა“ პარლამენტი, ამჟამად იგი ცდილობს დეპუტატების დანიშვნას და სესიის მოწვევას, რათა მიაღებინოს მას უკანონო გადაწყვეტილებანი. პარლამენტის მუშაობას შექმნილ სიტუაციაში არ ექნება არავითარი აზრი.

მოვუწოდებ დეპუტატებს: არ დაექვემდებარონ ხუნტის შანტაჟს, არ გამოცხადდნენ სესიაზე თუ შეკრებაზე, არ შეირცხვინონ თავი ერის წინაშე, და თუ ხუნტამ მაინც მოახერხა მათი ნაწილის შეკრება, ეს იქნება ცრუ სესია, რომლის არც ერთ გადაწყვეტილებას არ ექნება ძალა. ქართველი ერი არ უნდა დაემორჩილოს სისხლიან კრიმინალურ ხუნტას, უნდა ვამხილოთ მისი ყოველგვარი დანაშაული კრებებზე, მიტინგებზე, თავყრილობებზე. შევქმნათ წინააღმდეგობის შტაბი, საგაფიცვო კომიტეტები, სახალხო რაზმები.

პუტჩისტების რეჟიმს - ბოიკოტი და დაუმორჩილებლობა!

საქართველო გაიმარჯვებს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

14 იანვარი, 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №1, გვ. 1, 26 იანვარი, 1992 წ.].