Print

1992 წ. 11 თებერვალი მიმართვა ქართველი ერისადმი

მიმართვა

ქართველი ერისადმი

დღეს, როდესაც საქართველო განსაცდელშია, როდესაც დგას ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი, ჩემს მოვალეობად ვრაცხ მოგმართოთ და გაგიზიაროთ ჩემი გულის ნადები.

უკანასკნელ წლებში ჩვენი ეროვნული მოძრაობის უდიდესმა წარმატებებმა განაპირობა ჩვენი კომუნისტური რეჟიმის უსისხლოდ დამხობა, თავისუფალ მრავალპარტიულ არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვება, დამოუკიდებლობის რეფერენდუმში გამარჯვება, თავად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს.

ქართველმა ერმა უდიდესი ნდობა გამომიცხადა მე 1991 წლის 26 მაისს, როდესაც ამირჩია პრეზიდენტად ხმათა დიდი უმრავლესობით, რითაც დამაკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე. სწორედ ეს პასუხიმსგებლობა მავალებს ვიყო პირუთვნელი, გულწრფელი, გადავხედო ახლო წარსულს და თვალი გავუსწორო მომავალს თქვენთან ერთად.

1989 წლიდან მოყოლებული იმპერიული ძალები და მათი მთავარი დასაყრდენი - ანტიეროვნული კომპარტია დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდნენ. მათი ყოველი ცდა ჩვენი მოძრაობის პარალიზებისა და ჩახშობის მარცხით მთავრდებოდა, ხოლო ჩვენთვის ყოველი მათი შემოტევა ახალი წინსვლის საწინდარი იყო. ამის მიზეზი კი გახლდათ იმჟამინდელი ერთიანობა ჩვენი მოძრაობისა, ერთიანი ტაქტიკა, ერთიანი სტრატეგია, რომელშიც პირველი ბზარი გაჩნდა 1989 წლის ზაფხულში. თავი იჩინა თავკერძობამ და ეგოიზმმა ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და დაჯგუფებების მხრივ, პირველობისათვის ბრძოლამ, ხოლო იმპერიულმა ძალებმა შეცვალეს ტაქტიკა ჩვენთან ბრძოლისა და გარედან შემოტევის ნაცვლად მთავარ მიზნად დაისახეს შიგნიდან გახრწნა, შიგნიდან აფეთქება ჩვენი მოძრაობისა, ფსევდოეროვნული, მაფიოზური ძალების კონცენტრირებით. ჩვენს გარშემო განწირულმა პარტოკრატიამ შექმნა ბანდიტურ-მაფიოზური დაჯგუფებები, რომლებსაც დაევალათ კორუფციის შემოტანა ჩვენს მოძრაობაში; აგრეთვე პირდაპირი ტერორისტული აქტების გზით - ლიკვიდაცია ეროვნული ძალებისა, ეროვნული მოძრაობის ლიდერებისა. ამოქმედდა მაფია, რომელიც აფინანსებდა და აძლიერებდა ამ ბანდებს, რათა მათ ბოლო მოეღოთ ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, მათ ეს ვერ განახორციელეს ოქტომბრის არჩევნების პერიოდში, ვინაიდან დაინახეს ერის არნახული კონსოლიდაცია ჩვენს გარშემო. ასე რომ, ხალხთა რისხვის შიშით, დამარცხებულმა პარტოკრატებმა ვეღარ განახორციელეს თავიანთი რევანში.

თუმც უნდა გვახსოვდეს, რომ იმ დღიდან, რაც არჩევნებში გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“, არ შეწყვეტილა მცდელობა დესტრუქციული ძალებისა, ჩვენი ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული, რაც მათ ვერ განახორციელეს, ვინაიდან „მრგვალ მაგიდაშიც“ ვინარჩუნებდით ერთიანობას და მტერი, მიუხედავად ათასგვარი ხრიკებისა, ვერ ახერხებდა ჩვენს დეზორგანიზებას და დამარცხებას.

პირველი ბზარი ჩვენს ერთიანობაში მაშინ გაჩნდა, როდესაც თავი იჩინა ღალატმა. როდესაც ყოფილ პარტოკრატებთან და მაფიასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ფსევდოოპოზიციამ შესძლო თანდათან გადაბირება „მრგვალი მაგიდის“ ჯერ ცალკეული წევრებისა, ხოლო შემდეგ - მთელი პარტიებისა და ორგანიზაციებისა. ამასთან, ძირითადი იერიში მოჰქონდათ ჩემზე, როგორც „დიქტატორზე“, „დემოკრატიის მტერზე“, რომელმაც, თურმე საქართველოში, დაამყარა ტოტალიტარული რეჟიმი. მოსკოვს გადახვეწილი საქართველოს მოღალატე პარტოკრატები შევარდნაძის მეთაურობით იმპერიულ ძალებთან ალიანსში, კარგად ახერხებდნენ დასავლეთის დეზორიენტირებას, რის შედეგადაც არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ დასავლეთშიც, უპრეცედენტო დეზინფორმაციის კამპანია გააჩაღეს ჩემს წინააღმდეგ.

მე არ მსურს იმის მტკიცება, თითქოს მე შეუმცდარი ვიყავი ჩემს ყოფილ ქმედებაში, ან არ მიმიძღვის არავითარი ბრალი, თუნდაც იმიტომ, რომ დროზე არ მივიღე მკაცრი ზომები ერის მტრებისა და მოღალატეების ასალაგმავად. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის უდიდესი სირთულეები, რასაც წავაწყდი კომუნისტების 70-წლიანი მმართველობით გაპარტახებული ქვეყნის მართვისას. მე ვერ ვპოვე თანამდგომნი და საკმარისი მხარდამჭერნი ჩემს ბრძოლაში. ამასთან, ე.წ. ოპოზიცია და მისი მოკავშირე პარტოკრატია ოსტატურად მოქმედებდნენ, რათა ჩემთვის არ მოეცათ მუშაობის საშუალება, ესარგებლათ ჩემი უნებლიე შეცდომებით და თავიანთი საბოტაჟისა და დესტრუქციული ქმედებების შედეგები ჩემთვის გადმოებრალებინათ. მაგალითად, 2 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედმა აგენტურამ და მტრებმა, რომელნიც ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდიდან ინარჩუნებდნენ იქ მტკიცე პოზიციებს, მიტინგზე მიიყვანეს შეიარაღებული მილიცია და დაარბიეს მიტინგი ჩემთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე (რისთვისაც შემდგომში გავანთავისუფლე ქალაქის მილიციის უფროსი ა. მიქაბერიძე და ერთ-ერთი თანამშრომელი დავაპატიმრებინე). შევაქმნევინე სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელმაც შეგნებულად არ იმუშავა, რათა არ გარკვეულიყო სიმართლე. მიუხედავად ამისა, დღემდე ამ ინციდენტს ჩემი მტრები უშუალოდ მე მიკავშირებენ და უცხოეთშიც ისე წარმოსახავენ საქმეს თითქოს ჩემი ბრძანებით დაარბიეს მიტინგი. იგივე ე.წ. დემოკრატები დღეს სდუმან სიგუას, იოსელიანისა და კიტოვანის ბანდების მიერ მიტინგების მრავალგზის დახვრეტაზე თბილისში და სხვა ქალაქებში, არავითარ შეფასებას არ აძლევენ ამას.

ყოველივე ამან გარკვეული დაბნეულობა შეიტანა ხალხის ნაწილში, ამას დაერთო მუსირება ე.წ. პოლიტპატიმრებისა, კრიტიკა ჩემი ეკონომიკური პოლიტიკისა და სხვა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარი დემაგოგიით მათ ვერ შესძლეს მოსახლეობის ძირითადი ნაწილის გადაბირება, რომელიც კვლავ ხელისუფლების ერთგული რჩებოდა, რაც კარგად დამტკიცდა პირველი პუტჩის დროს სექტემბერ-ოქტომბერში.

იმპერიულმა ძალებმა დაინახეს რა, რომ დეზინფორმაციით, კრიტიკით, მიტინგებით, დემონსტრაციით, ხულიგნური თავდასხმებით ვერას აღწევენ, გადაწყვიტეს პირდაპირი სამხედრო ჩარევის გზით მოეხდინათ გადატრიალება საქართველოში. თბილისის ზღვაზე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა დაბანაკების შემდეგ სისტემატურად ვღებულობდით ინფორმაციას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქთან მათი კავშირის შესახებ. სამხედროები ამარაგებდნენ ე.წ. ოპოზიციას არა მხოლოდ იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით, არამედ სამხედრო სპეციალისტებით, სნაიპერებითაც, რომელნიც მრავალგზის დავაფიქსირეთ ვიდეოფირებზე (ყოველივე ეს ნათლად გამოჩნდა პუტჩისტების რეკლამირებისას ცენტრალური ტელევიზიით). თუმცა, უნდა ითქვას, რომ თვით ამგვარი სამხედრო პროვოკაციებითაც ვერას მიაღწევდნენ, ერის ჯეროვანი კონსოლიდაცია რომ დაენახათ ხელისუფლების გარშემო და ჩვენს რიგებში რომ არ ეპოვნათ ამდენი მოღალატე.

გავიხსენოთ ვილნიუსის მაგალითი, სადაც ხალხი 8 თვის განმავლობაში დღისით და ღამით იცავდა პარლამენტის შენობას, ამის გამო საბჭოთა არმიის ტანკებმა და „ომონმა“ იქ თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწიეს. ჩვენში კი, ბოლო ხანებში, აშკარა იყო, რომ დესტრუქციულმა ძალებმა მიაღწიეს თავის საწადელს. ე.წ. ოპოზიციის ბანდებს ხალხის სიმრავლე თუ მოიგერიებდა, ჩვენ კი ვერ ვაჩვენეთ მათ ჯეროვანი კონსოლიდაცია და ერთიანობა. საქართველოში მოხდა უპრეცედენტო რამ, რასაც არ გააჩნია ანალოგი მსოფლიო ისტორიაში. მაფიამ და დამნაშავეთა სამყარომ ხელთ იგდო ხელისუფლება. ერს აღარ ჰყავს მთავრობა, აღარ ჰყავს სამართალდამცავი ორგანოები, აღარ ჰყავს ეკლესია, აღარ ჰყავს საზოგადოება. თუ მთელი ქართველი ერი არ აღსდგა და არ დაირაზმა ამ საშინელი მოვლენის წინააღმდეგ, ჩვენ, როგორც ერს, არ აგვცდება საშინელი სირცხვილი მსოფლიოს ხალხთა წინაშე. ყოველივე ამას არ გვაპატიებს არც დღევანდელობა, არც მომავალი და, საერთოდ, ჩვენი მომავალი არსებობაც როგორც ერისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ზოგიერთს უჭირს იმპერიის ხედის დანახვა საქართველოში დატრიალებულ მოვლენებში. „იმპერია დაიშალა, იმპერია აღარ არსებობს“ - ამტკიცებენ ისინი, რაც უდიდესი ილუზიაა. იმპერია როდი დაიშალა... მოხდა მისი მოდერნიზაცია და თანამედროვე პირობებისათვის შეგუება. დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ დარჩა რუსეთის ფედერაცია, სინამდვილეში - იგივე რუსეთის იმპერია, რომელიც იგივე ხალხთა საპყრობილეა, თუმც დღეს დემოკრატიული ქვეყნის ნიღბით გამოდის. რუსეთის იმპერია ცდილობს შეინარჩუნოს არა მხოლოდ ფედერაციის შიგნით მყოფი ქვეყნები, არამედ მის გარეთ არსებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც და, უწინარეს ყოვლისა, საქართველო. ამ მიზნით მან შეაკოწიწა ე.წ. „თანამეგობრობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა“, სადაც რუსეთი ცდილობს თავისი დიქტატისა და პირველობის შენარჩუნებას.

საქართველოში პუტჩი და სამხედრო გადატრიალება, ეს იყო რევანში პარტოკრატიისა და მაფიოზური სტრუქტურებისა, რევანში მოსკოვის იმპერიალისტური ძალებისა, საქართველოს კვლავ ხელში ჩასაგდებად, ამ პუტჩისა და სამხედრო ხუნტის უკან მდგარი ყოფილი პარტოკრატია ცდილობს დაიბრუნოს ხელისუფლება და პრივილეგიები, ხოლო მეორეს მხრივ მოსკოვის შოვინისტურ-იმპერიალისტური ძალები ცდილობენ საქართველოს შენარჩუნებას რუსეთისათვის, როგორც გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი რეგიონისა, რაც მათ არაერთხელ შეახსენეს ალიხანიან-ბონერმა და შევარდნაძემ. შევარდნაძე თავის თავში განასახიერებს, როგორც ყოფილ პარტოკრატიას, ასევე რუსეთის დამპყრობელურ შოვინიზმს და ემსახურება ორივეს ინტერესებს საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ არის იგი დროშა ფსევდოოპოზიციისა და კომუნისტური მაფიისა.

შემთხვევითი როდია, რომ ნეობოლშევიკურმა პუტჩმა და სამხედრო გადატრიალებამ დღეს ხელისუფლებაში დააბრუნა უპირველეს ყოვლისა, შევარდნაძისეული პარტოკრატები, ცკ-სა და სუკ-ის თანამშრომლები, რაიკომის მდივნები, აღმასკომის თავმჯდომარეები და სხვა ყოფილი ფუნქციონერები, რომელნიც წარმოადგენენ მის დასაყრდენს. მათ მიიმხრეს ეროვნული მოძრაობის მერყევი, უპრინციპო და კორუმპირებული ნაწილი, რომლებიც დღეს მისი ლაქიის როლში გამოდიან და უქმნიან ფასადს საზოგადოების თვალში. ისინი ამზადებენ დღეს ნიადაგს შევარდნაძის კვლავ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის, რაც არასგზით არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა, რათა საქართველომ სამუდამოდ არ დაკარგოს დამოუკიდებლობა. ყოველივე ამას უნდა დაუპირისპირდეს ჭეშმარიტი ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, უნდა შეიქმნას გაერთიანებული ფრონტი წინააღმდეგობისა, რომელიც იქნება ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მამოძრავებელი ძალა, პარტოკრატებმა და მაფიოზებმა ვერ უნდა შექმნან ხელისუფლების სტრუქტურები, ვერ უნდა აამოქმედონ სამეურნეო სფერო; მუშა-მოსამსახურეებმა უნდა გამოაცხადონ საყოველთო გაფიცვა; გლეხობამ სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მათ და არ მისცეს საშუალება სოფლის ძარცვისა და განიავებისა; ინტელიგენციამ, ახალგაზრდობამ სიტყვით და საქმით უნდა ამხილოს ტერორისტული ხუნტა, უნდა გამოამზეუროს და აღწეროს მისი დანაშაულობები მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე, რისთვისაც საჭიროა ინტენსიური კავშირი დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებთან, უცხოელ ჟურნალისტებთნ და დიპლომატებთან; ობიექტური და დეტალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ რეპრესირებულთა შესახებ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერო, „აშშ ინტერნეიშნლი“, „ჰელსინკი უოტში“, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია მაინის ფრანკფურტში, ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისია და სხვანი. უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. ოპოზიციას მუდამ ჰყავდა დეზინფორმაციის მანქანა, რომლის მეშვეობითაც იგი ატყუებდა და თავგზას უბნევდა დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებს. ჩვენ ყოველივე ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და ობიექტურობა, უნდა ვამხილოთ ხუნტის ყველა დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ქართველი ერის წინაშე. ხუნტის ერთ-ერთი დანაშაული ის არის, რომ მან ომი გამოუცხადა ეროვნულ პარლამენტს, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია 1990 წლის 28 ოქტომბერს თავისუფალი მრავალპარტიული არჩევნებით. პარლამენტის წინააღმდეგ გამოცხადებული ტერორით ხუნტამ საქართველო ფაქტობრივად დატოვა რეალური საკანონმდებლო ხელისუფლების გარეშე. ამჟამად ხუნტა ქადაგებს ახალი არჩევნების მოწყობას, ახალი პარლამენტის არჩევას, რაც არასგზით არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა, საქმე ის გახლავთ, რომ ხუნტისა და მისი დამქაშების მიერ ჩატარებული არჩევნები იქნება უკანონო, არაკონსტიტუციური, ვინაიდან ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ე.ი. ისევ და ისევ - პარლამენტს, რომელიც დღეს ვეღარ იკრიბება, თუმც იურიდიულად ისევ არსებობს. გარდა ამისა, ხუნტა და მისი საკონსულტაციო საბჭო ამ არჩევნებს ჩაატარებენ ყოველგვარი წესების დარღვევით. მოხდება ტერორიზება არჩევნებისა, ფალსიფიცირება შედეგებისა, როგორც ამას ჰქონდა ადგილი ე.წ. „ეროვნული კონგრესის“ არჩევნებისას. ამიტომ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს დღეს ბოიკოტი ყოველგვარი არჩევნებისა, რათა თავიდან ავიცილოთ დანაშაულებრივი, უკანონო ხელისუფლების ლეგიტიმაცია. საერთოდ, ხუნტის ყოველგვარ ინიციატივასა და წამოწყებას ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა უნდა შეხვდეს ბოიკოტით. საქართველოში არ უნდა შეწყდეს მასობრივი გამოსვლები, მიტინგები, დემონსტრაციები, ყოველი სახის საპროტესტო მოძრაობა. სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდებით. მოქმედების სპეციფიკა და პროფილი უნდა განისაზღვროს თავად მაგიდის წევრების მიერ ჩემთან შეთანხმებით. მხოლოდ მთელი რესპუბლიკის სრული პარალიზება აიძულებს ხელისუფლებას გადადგეს.

სამხედრო ხუნტის ძალმომრეობისაგან საქართველოს იხსნის მხოლოდ სრული ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა, მთელი ერის მობილიზება დამპყრობელთა და მოღალატეთა აღსაგველად პირისაგან მიწისა!

დავდგეთ მტკიცედ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ღირსების დასაცავად!

საქართველო გაიმარჯვებს!

გვფარავდეს ღმერთი ჩვენს სამართლიან და უკომპრომისო ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

11 თებერვალი, 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №6, გვ. 1, 26 თებერვალი, 1992 წ.]