Print

1992 წლის 24 მარტის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

მიმართვა

საქართველოს მოსახლეობისადმი

თანამემამულენო, ძმანო და დანო!

ქართველმა ერმა ბრძოლით მოიპოვა თავისუფლება, თავი დააღწია ბოროტების იმპერიას და შექმნა სახელმწიფო, სადაც თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების გზით დაამკვიდრა კონსტიტუციური, კანონიერი თავისუფლება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მოდერნიზებული იმპერია განაგრძობს არსებობას და ცდილობს ხელყოს ყოველივე ის, რასაც მივაღწიეთ წლების მანძილზე თავდაუზოგავ ბრძოლაში. იგი ინარჩუნებს საოკუპაციო ჯარებს ჩვენს ტერიტორიაზე, მათი მხარდაჭერით ცდილობს განამტკიცოს თავისი მარიონეტული კრიმინალური ხუნტა, რათა საქართველოს არ ეღირსოს სრული და ჭეშმარიტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რაშიც რუსეთს ეხმარება დასავლეთის ზოგი სახელმწიფო, რომელიც სცნობს ამ ხუნტას და მიაჩნია იგი ჭეშმარიტ მთავრობად. ყოველივე ამან მოიტანა დემოკრატიის მოსპობა, ტერორი, არნახული ეკონომიკური სიდუხჭირე. ამის გამო ქართველმა ერმა, საქართველოს მოსახლეობამ ახალი ძალით უნდა გაშალოს განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის მიზანი იქნება ხუნტის დამხობა და საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა, აგრეთვე კანონიერი კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება.

ეს ყოველივე, შესაძლოა, განხორციელდეს წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის შექმნით, სრული ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობით, საყოველთაო გაფიცვით.

აუცილებელია შეიქმნას ცენტრალური საგაფიცვო კომიტეტი, რომელშიც შევლენ ინტელიგენციის, ახალგაზრდობის წარმომადგენლები. მთავარ საგაფიცვო კომიტეტს უნდა ჰქონდეს ფილიალები მთელს თბილისში, მთელ საქართველოში, რათა დროულად მომზადდეს და განხორციელდეს საყოველთაო გაფიცვა, რომელიც უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოში არ აღდგება კონსტიტუციური კანონიერი ხელისუფლება და ჩვენს ტერიტორიას არ დასტოვებენ რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის საოკუპაციო ჯარები. უნდა შეიქმნას საგაფიცვო ფონდი მოსახლეობის შემოწირულობებისაგან, რომელიც დაეხმარება გაფიცულთა ოჯახებს. უნდა გაიფიცოს ყველა საწარმო, ყველა დაწესებულება, ყველა სკოლა, ყველა უმაღლესი სასწავლებელი, ყველაფერი - გარდა ტრანსპორტისა, კავშირგაბმულობისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისა და პურის საცხობებისა, პარალელურად მთელ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში უნდა გაგრძელდეს მიტინგები, დემონსტრაციები, შიმშილობები, ყოველგვარი საპროტესტო აქციები წარმოება-დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში. ჩატარებული კრებებისა და მიტინგების რეზოლუციები უნდა გაეგზავნოს ყველა ინსტანციას, პრესას, რადიოს, ტელევიზიას; უნდა გაიგზავნოს მოსკოვის უცხოურ სააგენტოებსა და საელჩოებში და საზღვარგარეთ. ყველა აქცია, ყველა გამოსვლა დაფიქსირებული უნდა იყოს ვიდეოფირზე. პარალელურად საპროტესტო წერილები და ტელეგრამები უნდა გაეგზავნოს ხუნტას და მოსკოვის მთავრობას. უნდა შედგეს პეტიციები, მასობრივი პეტიციები მასობრივი ხელმოწერებით გაეროს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე. არავითარი დანდობა შტრეიკბრეხერებსა და მოღალატეებს!

დავირაზმოთ, დავდგეთ მტკიცედ და ერთიანი ძალისხმევით ვიხსნათ საქართველო, ვიხსნათ ჩვენი მომავალი!

ძირს რუსეთის მოდერნიზებული იმპერია და მისი აგენტურა საქართველოში.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 24 მარტი

[გაზ. „ქართული აზრი“, №10, გვ. 1, 28 მარტი, 1992 წ.].